Rubric: Sport

Journal Number 10




თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა, ახლა პატივი გვეცით ჩვენ!

Author : Ilia Nikolaishvili 

„იმ დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც სამყაროსგან შევიძინე, თუ მორალისა და ვალდებულებების შესახებ რამე დანამდვილებით ვიცი, ყველაფერი ფეხბურთის დამსახურებაა. ის მცირედი, რაც მორალის შესახებ გამეგება, საფეხბურთო მოედნებსა და თეატრის სცენებზე ვისწავლე - ფეხბურთის მოედანი და თეატრის სცენა იყო ჩემი ნამდვილი უნივერსიტეტი.“ - ალბერ კამიუს ამ ინტერვიუს შემდეგ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა - და მაინც, რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, ფეხბურთი თუ თეატრი? ულაპარაკოდ, ფეხ­ბურთი - მიუგო კამიუმ.

დღეს ქართული ფეხბურთის წიაღში არსებულ მორალურ დილემებზე მინდა გესაუბროთ. სტატიის ციტატით დაწყებას თავს არიდებენ ხოლმე, მაგრამ როცა საქმე მორალსა და ფეხბურთს ეხება, როგორ შეიძლება არ გაგახსენდეს ალბერ კამიუ - ნიჭიერი მეკარე და უდიდესი ადამიანი?

კამიუ ამბობდა, რომ ფეხბურთმა ისეთი ცხოვრებისეული გაკვეთილები მისცა, რო­გორებიც სხვაგან არსად მიუღია. ის ფიქრობდა, რომ ფეხბურთი პოლიტიკისა და სოციალური ცხოვრების ფარისევლური წესე­ბისგან განსხვავებით ძალიან მარ­ტივ და ცხად მორალურ კანონებზე დგას - სამართლიანობაზე, გუნდისა და თანა­გუნდელის ერთგულებაზე, რაც მთავარია, სოლიდარობასა და პასუხისმგებლობის აღე­ბის უნარზე.

კამიუს ფეხბურთში არ არსებობს ღმერთი, არ არსებობს იდეოლოგიური მანიპულაცია, მაგრამ არსებობს ერთგვარი სიზიფეს მითი, რომ ლოდი ყოველ ჯერზე დანიშნულების ადგილზეა მისატანი. ეს კი შეუძლებელია თა­ნაგუნდელის მიმართ თანაგრძნობის, სოლი­დარობის, გვერდში დგომისა და პატივისცემის გარეშე.

მოდი, ის სასტიკი დღეები გავიხსენოთ, როცა გასული წლის გაზაფხულზე თბილისის ცენტრალურ გამზირზე საქართველოს რუსე­თიზაციის წინააღმდეგ გამოსულ ახალ­გაზრდებს ქართულგვარებიანი რუსული ხე­ლი­სუფლება დაუნდობელი ძალითა და სისასტიკით უსწორდებოდა, სცემდა, ასახი­ჩრებდა, ფიზიკურად და მორალურად ძალა­დობდა უდანაშაულო, მართალ ადამიანებზე.

როცა ქვეყანაში ასეთი უსამართლობა, ამხელა მასშტაბის რუსული ბოროტება მეფდება, ნებისმიერ ნორმალურ მოქალაქეს უჩნდება თანაგრძნობის, სოლიდარობის გაცემისა და მიღების სურვილი. იმ დღეებში ამგვარი თანადგომის უკვდავი მაგალითები ვნახეთ უშუალოდ ნაცემი, რეპრესირებული ადამიანების წიაღში. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ხელისუფლების სიმხეცის და ამოცანის სირთულის გათვალისწინებით, თა­ვისუფლების მოყვარული ადამიანები ფართო ეროვნულ სოლიდარობას ელოდნენ საზო­გადოების სხვადასხვა ფენისგან, სხვადასხვა სფეროდან. განსაკუთრებით თანაგდომას ელ­ოდნენ ქართველი ფეხბურთელებისგან, რომლებმაც სულ რაღაც ორი კვირით ადრე საქართველოსთვის უპრეცედენტო წარმატებას მიაღწიეს. ელოდნენ იმიტომ, რომ ხალხს, ეგრეთ წოდებულ „მეთორმეტე მოთამაშეს“, ამ წარმატებაში არცთუ მცირე წვლილი ჰქონდა შეტანილი. ინტერვიუებში ეროვნული ნაკრების პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელმა თქვა, რომ ხალხისგან მიღებული მუხტის გარეშე ის გამარჯვება შეუძლებელი იქნე­ბოდა. გულშემატკივრის თანადგომის ფასი გადამწყვეტი პენალტის გამტანმა ნიკა კვე­კვესკირმა აღწერა საუკეთესოდ. გაიხსენა, როგორ შევიდა მის სხეულში ხალხის ენერგია და რამხელა წვლილი მიუძღვის გულშემატკივარს მისი ისტორიული პენალტის გატანაში.

როცა ფეხბურთელების ხმა უკვე აუტანლად აგვიანებდა, ხალხს პირველი მხარდაჭერა გიორგი ქოჩორაშვილმა გამოუცხადა. მარ­თა­ლია, არა ცხადი, მკაფიო და რიხიანი სიტყვით, მხოლოდ და მხოლოდ ბანალური „ინსტაგრამსთორით“, რომელზეც ბავშვი და ევროკავშირის დროშა იყო გამოსახული, მაგრამ ხალხიც და ხელისუფლებაც მიხვდა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ტალღის აგორების დასაწყისი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ხელისუფლებამ მთელ თავის ბოროტებას მოუხმო, მთელი თავისი საზიზღრობა მოიმარ­ჯვა და ეროვნულ ნაკრებში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ერის გამაერთიანებლად იქნა გამოცხადებული, უბინძურესი პოლიტიკური მანიპულაციით კრემლის ლაბორატორიებში შემუშავებული ბინძური ნარატივი შეიტანა. მთელი სახელმწიფო დაირაზმა იმ ძალიან სუსტი „ინსტაგრამ სთორის“ ავტორის, გიორგი ქოჩორაშვილის, გასაშავებლად. ნეობოლშევიკ კახა კალაძეს (რომლის ტანზე ბალენსიაგას და მარჯიელას თანამედროვე დიზაინის შარვლებიც ბერიას დროინდელი ჩეკისტი თბილისის დინამოელი ჭიჭიკო ფაჩულიას გალიფედ მოჩანს) ამ სამარცხვინო საქმისთვის ხელის მოკიდებას ვინ დაასწრებდა? სწორედ, მან იკისრა ის ბინძური საქმე, როცა მის კოლეგას, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, მამის პოლიტიკური საქმიანობის გამო „პოლიტიკურად ანგაჟირებული“ და „ნაცი“ უწოდა, რაც რუსულ-ქოცურ პროპაგანდაში სისხლისმსმელის სინონიმია.

აი, ეს ფაქტი გახდა პირველი მორალური დილემა ეროვნულ ნაკრებში იმ დიდი გამარჯვების შემდეგ. დილემა, რომელიც ცხადი, ღირსეული და მორალურად წელში გამართული პასუხის ნაცვლად სირცხვილით დასრულდა. იმ ბინძურ იდეოლოგიურ მა­ნიპულაციას, რომელსაც, ალბერ კამიუს აზრით, ფეხბურთში არაფერი ესაქმება, ნაკრების ფეხბურთელებმა სოლიდარობის, თანადგომის, სიზიფეს ტვირთის განაწილების ნაცვლად სირაქლემის პოზით უპასუხეს. როცა გვეგონა, რომ ნეობოლშევიკი კალაძის წარმოუდგენელ სიბინძურეს „ჩვენი ბიჭების“ უმწვავესი სტატუსები მოჰყვებოდა, აბსოლუტურად სა­პირისპირო მოხდა - გიორგი ქოჩორაშვილმა ის „ინსტაგრამსთორიც“ წაშალა. ეს იყო „ოქროს ბიჭებად“ შერაცხული ფეხბურთელების პირ­ველი მორალური დაცემა, სირცხვილი. ერთი კაცის გარდა, ყველამ წყალი ჩაიგუბა პირში. ოღონდ, ის ერთი კაცი, სოლომონ კვირკველია, პირიქით, ყველაზე პატარა კაცი აღმოჩნდა, რომელმაც სირაქლემის პოზაში ყოფნის სირცხვილიც არ იკმარა და კალაძეს საჯაროდ გამოუცხადა  მხარდაჭერა. ამით ქართული ფეხბურთის თუ არა, ადამიანობის სანაგვეზე ნამდვილად მოისროლა საკუთარი თავი.

რუსული ძალადობრივი რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საზოგადოებაში არ შედგეს ისეთი ღირებულებების გარ­შემო კონსოლიდაცია, როგორებიცაა თავის­უფლება, დამოუკიდებლობა, თანასწორობა, დემოკრატია. იმ დიდმა საფეხბურთო გა­მარჯვებამ რამდენიმე საათში ისე გააერთიანა ხალხი, როგორი ერთობაც ეროვნული მოძ­რაობის გარიჟრაჟის შემდეგ არ გვინახავს. ეს ერთობა რეჟიმისთვის მომაკვდინებელი საფრთხე აღმოჩნდა.

მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში საფეხბურთო წარმატება არ ნიშნავს არ­სებული პოლიტიკური რეალობის აუცილებელ შეცვლას, მაგრამ „ოცნების“ მსგავსი რეჟი­მებისთვის თუნდაც ფეხბურთის მიზეზით გაერთიანებული ერი რეალური საფრთხეა. ამ ბედნიერებაში ისე აღარ ისმის პროპაგანდის, მორალური რელატივიზმის ხმა, როგორც დიქტატურისთვისაა საჭირო.  სწორედ ამიტომ დაიწყო რეჟიმმა ძალადობა. ამიტომ დასჭირდა მას ჯერ კიდევ 2012 წელს მორგებული ნიღბის ჩამოხსნა და ღიად რუსულ გზაზე დადგომა.

ევროინტეგრაციის ახალი შესაძლებლო­ბების კონტექსტში ერის დაახლოება, პოლა­რიზაციის შესუსტება პოლიტიკურ პროცესებზე რუსული გავლენის მნიშვნელოვან შესუსტებას გამოიწვევდა და კრემლის ქართველი ემის­რები მიზნობრივ ესკალაციაზე წავიდნენ. თავისუფალი სამყაროსკენ სვლას წერტილი უნდა დასმოდა. ისე, მოხდა, რომ ისტორიის ამ მონაკვეთში ფეხბურთს მნიშვნელოვანი როლი აღმოაჩნდა. ამიტომ მოუწყო რე­ჟიმ­მა საშინელი მორალური გამოცდა ეროვ­ნულ ნაკრებს, რომელიც ვერც ერთმა ფეხ­ბურთელმა ვერ ჩააბარა. მორალური თვალ­საზრისით, გიორგი ქოჩორაშვილისთვის საჯარო მხარდაჭერის გამოუცხადებლობა ამ თაობის ნაკრების პირველი დაცემა იყო, რასაც მომდევნო თვეებში კიდევ უფრო დიდი სიმხდალე, ზედაპირულობა, უგულობა და ახლა უკვე საკუთარი გულშემატკივრისთვის ზურგის შექცევა მოჰყვა. ნაკრების ფეხბურთელებმა ამ თამაშის ღვთაებრივ სამყაროში არსებული ყველაზე მთავარი წესი,  გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს შორის ნაცვალგების წესი დაარღვიეს.

2004 წელს სამსახურეობრივი მივლინებით „პარი სენ-ჟერმენისა“ და „სენტ-ეტიენის“ შეხვედრის რეპორტაჟის მოსამზადებლად პარიზში ჩავედი. პსჟ-ს გულშემატკივრებს თავიანთი კლუბის ფეხბურთელებისთვის უზარმაზარი ბანერი ჰქონდათ გამოფენილი: LE SOUTIEN VOUS L’AVEZ, ALORS RESPECTEZ NOUS - თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა, ახლა პატივი გვეცით ჩვენ. დამაინტერესა, რას გულისხმობდნენ, მხარდაჭერის სანაცვლოდ, ფეხბურთელების მხრიდან მათ პატივისცემაში. ფრანგ კოლეგას ვკითხე, დავუშვათ პარი სენ-ჟერმენმა, ფანების მხარდაჭერის მიუხედავად, თამაში წააგო, ეს უპატივცემულობად იქნება აღქმული? კონკრეტულად რას გულისხმობენ-მეთქი? პატივისცემაში იგულისხმება თავდა­დებით თამაში, კლუბის ღირებულებების ერთგულება და ქომაგის მხარდაჭერა, თუ მათ ვინმე უსამართლოდ მოექცევაო.

აი, ეს არის საფეხბურთო სამყაროს მთა­ვარი წესი - ნაცვალგება ფეხბურთელებსა  და გულშემატკივრებს შორის. როცა შენ გჭირდება თანადგომა, მე შენ გვერდით ვარ, მაგრამ შენ მე პატივი უნდა მცე. ფეხბურთის ისტორიაში უამრავი დიადი მაგალითია, როცა მოთამაშე­ებმა სიტყვით და საქმით დაიცვეს ძალადობის მსხვერპლი გულშემატკივრები. თუნდაც, ზვონიმირ ბობანის ისტორია რად ღირს, როცა ზაგრების „დინამოს“ და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ქომაგებს შორის ატეხილი ჩხუბის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა სერბ პოლიციელებს „დინამოს“ გულშემატკივრების დასაცავად. სერბული პოლიცია მხარეების დაშორების და ჩხუბის აღკვეთის ნაცვლად ხორვატ გულშემატკივრებს დაერია და ცემა დაუწყო.  ბობანი უდიდესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ უკვდავი ლეგენდა და გმირი სწორედ იმ საღამოს გახდა, როცა საკუთარი გულშემატკივრის დასაცავად ფიზიკურად იბრ­ძოლა.

2017 წელს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთის კონსტიტუციის დარღვევით დამოუ­კიდებლობა უკანონოდ გამოაცხადა. ამ დემარშს ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეებსა და ესპანეთის პოლიციის სპეც­დანიშნულების რაზმებს შორის მძიმე შეტაკებები მოჰყვა. პოლიციამ თვალხი­ლულად გადამეტებული ძალა გამოიყენა და ხალხი სასტიკად დაარბია (თუმცა ეს სისასტიკე ივანიშვილის რეჟიმის მეთოდებთან შე­დარებით ჰუმანური აქტია). მაშინ ამ სი­სასტიკისა და ძალადობის წინააღმდეგ მთელი საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ ფეხზე დადგა. არ დარჩა არცერთი ფეხბურთელი, რომელმაც არაორაზროვანი ტექსტით არ მოითხოვა ძალადობის შეწყვეტა, რომელმაც ხალხის ცემაზე პასუხისმგებლობა ესპანეთის ხელისუფლებას არ დააკისრა. „ბარსას“ ზო­გიერთი კატალონიელი ვარსკვლავი გი­ნებასაც არ მოერიდა. ეთნიკურად ესპანელი ანდრეს ინიესტა, რომელიც სულაც არ არის კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე, ყოველგვარი პოლიტიკური მოსაზრებების მიღმა ერთ-ერთი პირველი დაუდგა საკუთარ გულშემატკივარს გვერდით. თვით ლეო მესისაც კი მოუწია ხმის ამოღება, რომელსაც, ფეხბურთის გარდა, საჯაროდ მანამდე არასოდეს არაფერზე ულაპარაკია. „ბარსას“ ყველა ვარსკვლავი ამბობდა მთავარ სათქმელს - კატალონიის მოედანზე სცემენ უდანაშაულო ადამიანებს, სცემენ ჩვენს ფანებს, ჩვენს ხალხს „ბარსას“ მაისურებში, ხალხს, რომელსაც ხვალ „კამპ ნოუზე“ უნდა შევხვდეთ. ჩვენი ხალხის ცემის უფლებას არავის მივცემთ, ან ძალადობა შეწყვიტეთ, ან ბარსას ბაზაზეც მოდით და ჩვენც გვცემეთო. აი, ასეთი არის ფეხბურთის, ამ დიადი თამაშის სამყარო!

მაგრამ რა ვნახეთ ჩვენ, როცა „ოცნების“ რუსული „ომონი“ უდანაშაულო ადამიანებს ასისხლიანებდა? ვნახეთ დაწერილი და მალევე წაშლილი მხდალი ტექსტები, ვნახეთ კიდევ უფრო მხდალი სთორები ინსტაგრამზე, რასაც წაშლაც არ სჭირდება, 24 საათში თავისით ქრება უკვალოდ. ვნახეთ ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას, სამარცხვინო დუმილი. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს მან, ეს სირცხვილი რომ ჩამოირეცხოს? ვნახეთ რუსული რეჟიმის საარჩევნო კლიპში მონაწილეობისთვის და­ქირავებული 4 ფეხბურთელი. ვნახეთ, რომ ამხელა ნაკრებში ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა, რომელიც თანამედროვე სერგო ორჯონიკიძისგან ფულის აღებაზე უარს იტყოდა.

მთელი ნაკრები უყურებდა, როგორ ასი­სხლიანებდნენ მათ მაისურებიან ქომაგებს ჯალათები, ყოველ დღე უყურებენ, თუ როგორ მოსწყვიტა რუსმა ოლიგარქმა მათი ქვეყანა თავისუფალ სამყაროს, როგორ დაამხო მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, როგორ ვეფლობით რუსული ტორფის ჭაობში, მაგრამ სრულიად გამაოგნებელად ერთი - ერთი! - კაციც კი არ არის მათ შორის, რომელიც იტყვის არას!

სამწუხაროდ, გულშემატკივარიც სცოდავს. არ არსებობს უპირობო გულშემატკივრობა. გამაოგნებელია, როცა ვალს იღებ, შენს გუნდს გერმანიაში მიჰყვები და სახლში დაბრუნებულს შენი კერპები ზურგს გაქცევენ, არ გიმჩნევენ, მხარში არ გიდგანან მაშინ, როცა შენი ქვეყნის თავისუფლების დაცვისთვის სისხლში გაბანავებენ და თანადგომა ყველაზე მეტად გჭირდება.

ცალკე სამყაროა სპორტული მედია, რომე­ლსაც არასდროს ელევა ვაზელინი, მაგრამ რომელსაც იშვიათად უჩნდება კრიტიკული კითხვა.

ფეხბურთელების იმედი არ მაქვს, არც მედიის. ისინი თავისი ნებით არასოდეს შეიცვლებიან. გულშემატკივრები უნდა შევი­ცვალოთ. ვერავის მოსთხოვ, ბობანივით გმირულად მოიქცეს. იმის ახსნასაც აღარ აქვს აზრი, რომ სპორტი და პოლიტიკა ვერ იმიჯნება. არ ესმით, მაგრამ ის მაინც უნდა გავაგებინოთ, რომ, როცა მათ გულშემატკივრებს ძვლებში ლეწავენ, საწამებელ მანქანებში ტენიან, სიკვდილამდე სცემენ და სახეში აფურთხებენ, ამ ჯოჯოხეთის შემოქმედისგან ფული კი არ უნდა აიღო, პირიქით, მისგან ყველანაირად უნდა დისტანცირდე და ხმის ჩახლეჩვამდე იყვირო, რომ შენი უდანაშაულო ქომაგის წამება შეწყვიტონ. ეს არის ფეხბურთის უპირ­ველესი წესი!

დაგვიანებულია, მაგრამ რა გაეწყობა, უპი­რობო ქომაგობა უნდა ჩაანაცვლოს პირობამ LE SOUTIEN VOUS L’AVEZ, ALORS RESPECTEZ NOUS - თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა, ახლა პატივი გვეცით ჩვენ! 
დაბოლოს, დიდი მადლობა გიორგი ცინ­ცაძეს და თორნიკე ოქრიაშვილს, რომ ყველა­ფერი მათი კოლეგების საპირისპიროდ გა­­აკეთეს და იმ სისხლისღვრის დღეებში თა­ვიანთი გულშემატკივრების გვერდით იდგნენ - რუსთაველზე, სადაც საქართველოს ბედი წყდება ხოლმე!

Articles

brand

Contact

20, Giorgi Akhvlediani str., 0108 Tbilisi, Georgia

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here