სხვა რესპუბლიკა - 1992 – 2008 წლების ალტერნატიული ისტორია

Author : Gia Gotua 

გიორგი ბერიძე თორმეტი წლის იყო, როდესაც ტანკები თბილისში არ შემოვიდნენ. ის 1980 წელს დაიბადა. მამა ინჟინერი იყო, მეტალურგიის ინსტიტუტში მუშაობდა და სხვა შვიდასი ათასი საქართველოს მოქალაქის მსგავსად, კომუნისტური პარტიის წევრიც იყო, დედა კი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ეროვნულ მოძრაობას თანაუგრძნობდა. დედა და მამა პოლიტიკაზე ხშირად კამათობდნენ, ამიტომ გიორგის პოლიტიკა არ მოსწონდა.

რეალურ ისტორიაში 1991 წლის დეკემბერში საქართველოში, რუსეთის წაქეზებით, შეიარა­ღებული გადატრიალება მოხდა და სახელმწიფო ჩამოიშალა. ალტერნატიულ ისტორიაში კი, რომელსაც აქ ვყვებით, ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელად სხვანაირად განვითარდა. პატრი­ოტიზმმა და გონიერებამ შუღლსა და სიხარბეს სძლია.

1992 წლის იანვარს საქართველო ალტერ­ნატიულ ისტორიაში თითქმის იმავე დაძაბუ­ლობის ფონზე ხვდება, რომელზედაც რეალურ ისტორიაში. ყოფილი კომუნისტური ელიტისა და ეროვნული მოძრაობის აქტივისტების ნაწილი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას უპირისპირდება. რუსეთის აქტიურობის კვალი ყველგან ჩანს - დედაქალაქი ნელ-ნელა იარაღით ივსება.

მაგრამ ხდება მოულოდნელი რამ - იანვრის პირველ რიცხვებში მოსკოვში საიდუმლოდ ერთ­მანეთს ხვდებიან ედუარდ შევარდნაძე და გამ­სახურდიას გარემოცვის რამდენიმე გავლენიანი წევრი. ისტორიკოსები დღემდე კამათობენ იმა­ზე, თუ რა მოხდა, რატომ გადაწყვიტეს მხა­რე­ებმა სიტუაციის განმუხტვა. ზოგი რუსეთის ხელი­სუფლებაში მიმდინარე ინტრიგებზე მიუთითებს - თითქოს იქ შევარდნაძესთან დაპირისპირებული ძალები იმარჯვებდნენ. სამაგიეროს გადახდის მიზნით, მან საკუთარი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა. ზოგიერთი ანალიტიკოსი უკრაინელი შუამავლ­ების როლზე მიუთითებს.

მოკლედ, ფაქტია, რომ რაღაც შეთანხმება შე­დგა. ამ შეთანხმებისთვის პრივატიზაციის საკი­თხი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ნომენ­კლატურამ ქონების შენარჩუნების გარკვეული გარა­ნტიებიც მიიღო.
გიორგისთვის ეს კარგი ამბავი იყო. ცხოვრება ისედაც სულ უფრო ჭირდა. მაღაზიების თაროებიდან და, შესაბამისად, მაგიდიდან ბევრი რამ გაქრა. მშობლებს სარჩო-საბადებლის შოვნა სულ უფრო უჭირდათ. ამ ფონზე ოჯახში საჩხუბრად ერთი მიზეზით ნაკლები იყო.

დადებული შეთანხმება იდეალური არ იყო. შემდგომში ბევრი ქვეყნის წინაშე მდგარ ამა თუ იმ პრობლემას სწორედ ამ შეთანხმებას მიაწერდა. თუმცა ის ნამდვილად პრაგმატული იყო. გამსახურდია ხელისუფლებას ინარჩუნებდა 1992 წლის ბოლოს ჩატარებულ არჩევნებამდე. პრივატიზაციის ჩატარება ე.წ. „ეროვნული ქონების საბჭოს“ დაევალა, რომელშიც თანაბრად იყვნენ წარმოდგენილნი პოლიტიკოსები, სამეურნეო სფეროს ხელმ­ძღვანელები და ე.წ. ინტელიგენცია. არა­ვისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ საბოლოოდ  ქონების ძირითადი ნაწილი ნომენ­კლა­ტურის ხელში აღმოჩნდა.
თუმცა ეკონომიკურად ქვეყანას უჭირდა. ქარ­ხნების უმრავლესობა დაიხურა, მოქმედი საწა­რმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცუ­ლობა კი მკვეთრად შემცირდა. ამ გასაჭირის ფონზე ორი სატელევიზიო სანახაობა გახდა განსაკუთრე­ბით პოპულა­რული - ლათინურამერიკული სერია­ლები და საპარლამენტო დებატები. უცნაურია, მაგრამ პარლამენტში მიმდინარე ხშირად საკმაოდ უშინაარსო დავები დაღლილ მაყურებელში, რო­გორც ჩანს, მომავლის გარკვეულ იმედს აჩენდა.

1995 წლისთვის მეორე რესპუბლიკამ გამო­კვეთილი სახე მიიღო. ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა არჩევნებში გაიმარჯვეს. მანამდე დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, მათ კონსტიტუციაში რამდენიმე პუნქტის დაფიქსირება შეძლეს. მართლმადიდებლობა სახელმწიფო რე­ლიგიად გამოცხადდა. კონს­ტიტუციის ერთ-ერთი მუხლის თანახმად, სახელმწიფოს მიზანი ქართ­ველთა უფლებების დაცვა გახდა. სკოლებში მარ­თლ­მადიდებლური რწმენის საწყისები სავალ­დებულო საგნად იქცა. სოციალური და დემოგ­რაფიული პო­ლიტიკა ეთნიკური ქართვე­ლების რა­ოდე­ნობის ზრდასა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მათ განსახლებაზე იყო მიმართული.

თუმცა გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრაცია ვერ შეძლეს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, საქართველო შერეული ტიპის საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკად იქცა. პროპორ­ციული წესით არჩეულ პარლამენტში მმარ­თველ ძალას ორი ძლიერი ოპონენტი დაუპირისპირდა - ე.წ. დემოკრატების ბლოკი, რომელიც ნომენკლატურისა და აქტივისტების რთულ და წინააღმდეგობრივ გაერთიანებას წარმოადგენდა, და რეგიონული ბლოკი, რომელიც ძირითადად აფხაზეთის, აჭარისა და ჯავახეთის მოსახლეობის ხმებით არჩეული ადგილობრივი ელიტების წარმომადგენელი დეპუტატებისგან შედგებოდა. ორივე ძალას, პოლიტიკურ მიმომხილველთა აზრით, რუსეთის მხარდაჭერა ჰქონდა. პარლამენტში მოქმედი რეგიონული ელიტის წარმომადგენლო­ბა ხშირად უშლიდა ხელს ადგილებზე სა­სარ­გებლო რეფორმების გატარებას. თუმცა ამავე გაერთიანებაში ეთნიკური უმცი­რესობების წარმომადგენლების ყოფნა ეთნიკური და რეგიონული კონფლიქტების გაღვივებასაც უშლიდა ხელს.  კულისებიდან, როგორც გავლენის მქონე ფიგურა, ედუარდ შევარდნაძე მოქმედებდა. სამაჩაბლოში ომი დამთავრდა, თუმცა დაპირისპირებულ მხარეთა შორის საბოლოო მორიგება ვერ მოხერხდა და ცხინვალის რეგიონი რუსი ჯარისკაცების „დაცვის“ ქვეშ, არაღიარებული კვაზისახელმწიფოს სახით აგრძელებდა არსებო­ბას.

1995 წელს ზვიად გამსახურდია მოულოდ­ნელად გარდაიცვალა. მისი ფიგურის მიმართ საყოველთაო მოწიწების მიუხედავად, მისმა მომხრეებმა შემდეგ წელს გამართული არჩევნები წააგეს. მოვიდა შევარდნაძის დროც.

ეკონომიკა უკეთეს ფორმაში მოდიოდა. ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან ნელ-ნელა ფართოვდებოდა. რუსეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა, ქვეყანას სხვა სავაჭრო პარტნიორებიც დაემატა. ნელ-ნელა იზრდებოდა ტურიზმიც. კასპიის ზღვის შელფზე ნავთობის ახალი მარაგების აღმოჩენა მნიშვნელოვან გარდამტეხ წერტილად იქცა. ქვეყანა აშშ-ისა და ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცა. არჩევნების წაგებამდე ცოტა ხნით ადრე გამსახურდიას ხელისუფლებამ აშშ-თან ხელშეკრულება დადო, რომელიც საქართველოს გავლით ნავთობსადენის გაყვანას გულისხმობდა. შევარდნაძე, რომელიც საიდუმლოდ რუსებს ამ ხელშეკრულების გადახედვას დაჰპირდა, ამის გაკეთებას არ ჩქარობდა. რუსეთსაც ნელ-ნელა ეკონომიკური კრიზისი მიეპარა და საქართველოსთვის არ ეცალა.

მოხუც შევარდნაძეს ბევრი რამის გაკეთების ენერგია და ნება აღარ ჰქონდა. მის წრეში და მთლიანად სახელმწიფო აპარატში გავრცელებულ კორუფციას ის ვერაფრით უმკლავდებოდა. დაპირისპირება მის გარემოცვაში ჩვეულებრივი ამბავი იყო. შეიძლება ითქვას, ეს შევარდნაძის ხელში მართვის ერთ-ერთი ბერკეტიც კი იყო. თუმცა ნელ-ნელა მწიფდებოდა დაპირისპირება, რომლის მართვაც მას აღარ შეეძლო. ეს იყო დაპირისპირება ე.წ. „ახალგაზრდა რეფორმატორების“ გუნდსა და ნომენკლატურას შორის.

1996 წელს გიორგიმ უნივერსიტეტში ჩააბარა. სპეციალობად, ალბათ უფრო დედის გავლენით, საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია. მამის ნაცნობობა და მატერიალური შესაძლებლობები თსუ-ში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა კერძო უნივერსიტეტს, რომელშიც მან ჩააბარა, არც ისე ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ბევრმა პატიოსანმა და კვალიფიციურმა მეცნიერ-თანამშრომელმა იპოვა თავი. ჭორების თანახმად, უნივერსიტეტს მოსკოვში მცხოვ­რები ერთ-ერთი მდიდარი ქართველიც აფი­ნანსებდა.

საქართველოს პოლიტიკურ და ეკონო­მიკურ ასპარეზზე ახალი მოთამაშეებიც ჩნდე­ბიან. 2000-იანების დასაწყისიდან ქართ­ულ პო­ლი­ტიკაში სულ უფრო აქტიურად ერთვებიან რუსეთში გამდიდრებული, ეთნიკურად ქართველი ადამიანები. ამ კონტექსტში დაახლოებით ხუთი ადამიანის სახელს ასახელებდნენ, რომელთა შორის ურთიერთობა პერიოდულად დაძაბულ ხასიათს ატარებდა. ამ მოთამაშეების წინაშე შევარდნაძე სულ უფრო უძლური ხდებოდა. ბევრი ოლიგარქი გაკოტრებული ან კაპიტალის არმქონე ნომენკლატურისგან მინიმალურ ფასად მიწასა და ობიექტებს ყიდულობდა.

ოპოზიცია ამ დროს დასუსტებული იყო. რეგიონული ლიდერები ოპოზიციის როლს მხოლოდ მოჩვენებითად ასრულებდნენ. „მრგვალი მაგიდის“ კოალიცია მწვავე შიდა უთანხმოებებით იყო დასუსტებული. თუმცა „მრგვალი მაგიდის“ სტრუქტურებმა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელო­ვანი როლი შეასრულეს. განსაკუთრებით რეგიონებში, ისინი აქტივისტების მყარ ქსელს ქმნიდნენ. ეს აქტივისტები ნებისმიერ ლოკალური თუ ეროვნული მასშტაბის პრო­ტესტში იყვნენ აქტიურნი და ადგილობრივი თუ ქვეყნის ელიტისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ, რომლის არსებობამ ამ ელიტას ბევრი გადაწყვეტილების მიღება თუ შეცვლა აიძულა. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოების ქართულ ვერსიასაც წარმოადგენდა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

2002 წელს პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა. დემოკრატიული ბლოკი გაიხლიჩა. ახალგაზრდა რეფორმატორებმა დასავლური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარ­დაჭერით დატოვეს შევარდნაძის ბანაკი. „მრგვალი მაგიდაც“ საბოლოოდ გაიყო. მისი აქტივისტების ნაწილი ახალგაზრდა რეფორმატორებთან შევი­და კოალიციაში. სულ უფრო გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობითა და კორუფციით უკმაყოფილება იზრდებოდა. რეგიონებსა და თბილისში საპროტესტო გამოსვლების სერია გაიმართა. 2003 წლის არჩევნების შემდეგ ახალგაზრდა რეფორმატორებისა და „მრგვალი მაგიდის“ მომხრეთა კოალიციამ გაიმარჯვა. პარლამენტში კოალიციამ ადგილების ორი მესა­მედი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება არა მხოლოდ ფართო სახალხო მხარდაჭერამ განაპირობა. კულისებში გამარჯვებულმა ბლოკმა რეგიონული ელიტისა და ე.წ. „ოლიგარქების“ ნაწილის მხარდაჭერის მოპოვებაც შეძლო.

ახალი ხელისუფლების წინაშე რთული გამოწვევები იდგა. ერთი მხრივ, მრავალი პრობლემა სწრაფ და რადიკალურ ჩარევას მოითხოვდა; მეორე მხრივ კი, ხელისუფლება მხარდამჭერთა ფართო კოალიციას ეყრდნობოდა და ამ კოალიციაში შემავალი სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება უწევდა. ერთ-ერთი ასეთი უთანხმოება დანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკასა და ძალოვან სტრუქტურებში დაგეგმილ ცვლილებებს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის აუცილებლობაზე კოალიციის შიგნით ფართო კონსენსუსი არსებობდა, მწვავე დისკუსიები გაიმართა ძალოვან უწყებებზე დემოკრატიული კონტროლის საკითხზე. ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის გატარებამ — განსაკუთრებით რეგიონებში — გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია. ამის ფონზე, ოპოზიციური განწყობები გაჩნდა არა მხოლოდ ფართო საზოგადოებაში, არამედ მმართველი კოალიციის შიგნით, ადგილობრივ აქტივისტურ ჯგუფებშიც.

რამდენიმე გახმაურებული ინციდენტისა და საჯარო დისკუსიის შემდეგ, 2006 წლის დასაწყისში, კომპრომისი შედგა. კოალიციის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებით, ძალის­ხმევის მთავარი აქცენტი სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე იქნა გადა­­ტანილი. შეთანხმების თანახმად, დამო­­უკიდებელ სასამართლოს საკვანძო როლი უნდა შეესრულებინა როგორც სამარ­თალ­დამცავ სტრუქტურებზე ზედამხედ­ველობის, ისე დანაშაულთან ბრძოლის საქ­მეში.

საბოლოოდ, საპოლიციო და სისხლის სამართლის სფეროში გატარებული რეფორმა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ფართო მხარდაჭერის მქონე ნაბიჯად იქცა ახალი ხელისუფლებისთვის.

არც სხვა სფეროებში მიდიოდა რეფორმები ყველასთვის მისაღები და მოსაწონი ტემპებით. ახალი მთავრობის ძალისხმევით,  ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილი ჩრდილიდან გამოვიდა. საგადასახადო რეფორმა და საგარეო ინვესტიციების მოზიდვაზე მიმართული პოლიტიკა ასევე საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

თუმცა როგორც ოპოზიციის, ისე მმარ­თველი კოალიციის ნაწილის მხრიდან წინა­აღმდეგობა შეხვდა სახელმწიფო აპარატის რეფორმასა და პრივატიზაციას. გაურკვეველი იყო, თუ როგორ აპირებდა ხელისუფლება  სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კორუფციასთან ბრძოლის წარმატებულ პროცესში წვრილი მეწარმეებისა და სახელმწიფო სექტორში და­საქმებულთა ნაწილი უსაფრთხოების არა­ფორმალური მექანიზმების მიღმა აღმო­ჩნდნენ, რაც ასევე უკმაყოფილებას აჩენდა.

საბოლოოდ, ეს დებატებიც სამთავრობო კოალიციის შიგნით გარკვეული კომპრომისის სახით დასრულდა - ეკონომიკურ პოლიტიკას მცირე და საშუალო ბიზნესის ძლიერი კომპონენტი დაემატა. სოციალურ პოლიტიკაში ჩაიდო შედარებით მცირე, მაგრამ მყარი სოციალური დაცვის მექანიზმები. ადგილიდან დაიძრა მიწის პრივატიზაციის საკითხიც - პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ ამ პროცესში როგორც ეკონომიკური ეფექტურობის, ისე ადგილობრივი თემების ინტერესების გათვალისწინება მოხდებოდა.

ოლიგარქებთან ურთიერთობა ასევე არ იყო მარტივი. ზოგიერთი მათგანი ახალ ხელისუფლებას უჭერდა მხარს და კულისებში ხან კონკურენციის, ხან ერთმანეთთან შეთანხმების რეჟიმით მოქმედებას ამჯობი­ნებდა. ერთ-ერთი ოლიგარქი ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა და ახალი ოპოზიციური კოალიციის შექმნის საქმეს ჩაუდგა სათავეში. ამ საქმეში საკუთარი ტელევიზიაც ეხმარებოდა. თუმცა არც ოპოზიცია იყო ერთგვაროვანი. თანდათანობით ვითარდებოდნენ საზოგადო­ების წიაღში გაჩენილი ოპოზიციური და სამოქალაქო ჯგუფებიც - პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები, სათემო ორგანი­ზაციები და სხვა.

ახალმა ხელისუფლებამ აქტიური დეცენ­ტრალიზაციის პოლიტიკა გაატარა. ადგილ­ობრივი თვითმმართველობის განვითა­რება­სთან ერთად სახელმწიფო აპარატის დეცენტრალიზაციაც დაიწყო. ზოგიერთი სამინისტროს ფუნქცია რეგიონებში გადაი­ტანეს: ნაწილი - ქუთაისში, ნაწილი - ბათუმში, ნაწილი კი სოხუმში განათავსეს. ეს ნაბიჯი ერის მშენებლობის პოლიტიკის ნაწილიც იყო. ახალი მთავრობა ცდილობდა, რომ ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შორის აფხაზებს, ახალ სამოქალაქო ქართველ ერში უფრო აქტიური როლი ეთამაშათ.  

საგარეო პოლიტიკაში დასავლეთთან სამო­კავშირო ურთიერთობების გამყარების ფონზე მთავარ პრობლემად რუსეთთან ურთიერთობა რჩება. კრემლი ქვეყნის შიგნით ბერკეტების დაკარგვითა და ცხინვალის რეგიონის მიმართ ახალი ხელისუფლების აქტიური პოლიტიკით იყო უკმაყოფილო. 2007 წელს, თბილისის მხარდაჭერით, რეგიონში იქმნება ცხინვალის რეგიონის ალტერნატიული ადმინისტრაცია. ოსური სოფლების ნაწილი ამ ადმინისტრაციის ზედამხედველობის ქვეშ ექცევა. ჩნდება რეგიონის მშვიდობიანი გზით საქართველოში რეინტეგრაციის რეალური შესაძლებლობა.

ამ პერსპექტივითა და დასავლეთთან დაახ­ლოებით შეშფოთებული რუსეთი შემოჭრის გეგმებს ამუშავებს. ამისთვის ის შესაბამის ინფრასტრუქტურას ამზადებს და სამხედრო სწავლებებსაც ატარებს. ექსპერტები როგორც რუსეთში, ისე საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებში აქტიურად განიხილავენ შემოჭრის შესაძლო სცენარებს. ამ თემაზე ქვეყანაში ფართო დისკუსია გაიმართა, მათ შორის ოპოზიციურ არხებზე. სწორედ პატარა, დამოუკიდებელი ოპოზიციური არხის ეთერში პირველად გავიდა 2008 წლის 1 აგვისტოს როკის გვირაბის მხრიდან რუსული ტანკების შემოსვლის კადრები. ქართული ტელეარხებიდან ამ კადრებმა მსოფლიოს ტელეარხებზეც გადაინაცვლა და პეკინში დაწყებული ოლიმპიადის კადრებიც დაჩრდილა. ქართული და რუსული ძალების მცირემასშტაბიანი შეტაკებების ფონზე შედგა ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების სასწრაფო შეხვედრა, რის შემდეგაც საფრანგეთის პრეზიდენტი, სარკოზი, ჯერ მოსკოვს ეწვია, შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდა. საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა.

2008 წლის აგვისტოში გიორგი კომისარიატში მიდის და ჯარში მოხალისედ ეწერება. თუმცა სანამ ის ჯარში წასვლას მოასწრებდა, სამხედრო მოქმედებები უკვე დამთავრდა. ამ დროს გიორგი სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა. უნი­ვერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის ჯერ - არასამთავრობო ორგანიზაციაში, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. თუმცა ამ მოვლენებამდე ორი წლით ადრე ის მიხვდა, რომ ყველაზე ღირებული, რის გაკეთებაც მას ქვეყნისთვის შეეძლო, მასწავლებლობა იყო. თანაც წარმატებული განათლების რეფორმის გამო სკოლა დასაქმების პრესტიჟულ და მატერიალური თვალსაზრისითაც საკმაოდ დაცულ ადგილად იქცა. განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ამბიციური გეგმის თანახმად, 2020 წლისთვის სკოლები მთლიანად ახალ მოდელზე უნდა გადასულიყვნენ. ეს მოდელი, ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ფინური სკოლის მოდელს ჰგავდა.

2008 წლის სექტემბერში მასწავლებელმა გიორგიმ თავის სადამრიგებლო მეთერთმე­ტეკლასელებს ესე დააწერინა. ამ ესეში მოსწავლეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე - როგორ შეაფასებდით საქართველოს განვი­თარებას 1992 წლის შემდეგ?

საღამოს გიორგი სამასწავლებლო ოთახში იჯდა. გაკვირვებული და გახარებული, ის ერთ-ერთი მოსწავლის, კლასში ახლად გადმოსული მარის, ესეს კითხულობდა. ესე ასე მთავრდება:
„მართალია, მგონი ბევრი დრო დავკარგეთ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ მაინც სახელმწიფოდ ვიქეცით. ეს იმიტომაც მოხდა, რომ საჭირო დროს საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფ­ლებისთვის ბრძოლაზე თქვეს უარი და ქვეყნის მსახურება არჩიეს.“

Articles

brand

Contact

20, Giorgi Akhvlediani str., 0108 Tbilisi, Georgia

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here