Rubric: Politics

Journal Number 10




მონობა მშვიდობის სახელით

Author : Rati Mujiri 

ომი თუ მშვიდობა?

როცა მავანი ასეთ კითხვას გისვამს, უდავოდ შლეგი უნდა იყო, მშვიდობა რომ არ აირჩიო, მაგრამ თუ იქვე საკუთარი თავს არ ჰკითხავ, რა არის მშვიდობა თავისუფლების გარეშე, მაშინ ასევე უდავოა, რომ სხვას გაუჩნდება კითხვა - რა ადამიანი ხარ შენ?!

მშვიდობა თავისუფლების გარეშე მონობაა - ეს მოცემულობა მოსაწყენად ბანალური ჭეშმარიტება რომ არაა და ამ საკითხზე რომ მსჯელობა უწევს საზოგადოებას, როგორ ავცდებით კითხვას - რა საზოგადოება ვართ ჩვენ?!

რა საზოგადოება და ნაომარიო - გეტყვის იგივე მავანი და დაამატებს - გვეყო, რაც ვიომეთ, ვიტანჯეთ და დავიხოცეთო.

და აი, აქ შემოდის სცენაზე მონა. არა იმიტომ, რომ არ გვიომია და, მით უფრო, არა იმიტომ, რომ არ გვეყო, რაც გადავიტანეთ, არა.

ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე დიდი ომი რომ დაიწყო, პირველი ორმოცდარვა საათი წარმოდგენა არ მქონდა, გადავურჩებოდი თუ მომიწევდა უკრაინის მიწას დავნებებოდი. როგორც მერე გაირკვა, გადავრჩი. თუმცა, სანამ გადავრჩებოდი, პრინციპში, მანამდეც და მერეც, ომის მთელი ტალახი არაერთხელ შემიზილავს და, შესაბამისად, ზუსტად ვიცი -  ვისაც ომი საკუთარ ტყავზე გადაუტანია და გადაურჩენია ადამიანი საკუთარ თავში, არასდროს იკადრებს სპეკულაციას ომით. არასდროს გაუხსნის ნაომარ საზოგადოებას ჭრილობას, რომელიც ზედაპირულად კია თითქოს შეხორცებული, თუმცა სიღრმეში დამპალია და გახრწნილი ლეშის სუნად ყარს. არასდროს იკადრებს, რადგან ზუსტად იცის, როგორია ომის საზიზღარი რეალობა.

ომით სპეკულაცია მხოლოდ მონამ შეიძლება იკადროს და მით უფრო აკადროს ნაომარ საზოგადოებას. აღზევებულმა მონამ. შეუძლია იმდენად, რამდენადაც მას პატრონის სიძლიერის კომპლექსი აქვს და განსაკუთრებით სასტიკია. სასტიკია, რადგან ძალაუფლება სწორედ ამ სისასტიკისთვის აქვს ნაბოძები. ნაბოძები აქვს დროებით და ცალსახად პატრონისგან. ის ამ ძალაუფლების წყაროსთან არის პასუხისმგებელი და ამიტომ მის გარშემო ყველა უნდა დაჩაგროს. აღზევებული მონა გარშემო ყველას მონად ხედავს, მას ვერ წარმოუდგენია ადამიანად ყოფნა, მისთვის ყველა მონაა, ვინც პატრონი არაა და ამიტომაც ისინი, სხვები, ეზიზღება. ეზიზღება, რადგან საკუთარ თავს ვერ ხედავს მათ შორის და სწორად ის ეზიზღება სინამდვილეში. ის ვერ დაუშვებს გამონაკლისს, ის ვერ დაუშვებს, რომ ვინმე გადარჩეს. მან სხვებიც მონობამდე უნდა ჩაგროს. ეს ჩაგვრაა მისი დროებითი ძალაუფლების გარანტი. ჩაგვრა აღზევებული მონის ხელში სათამაშოა, რომელიც მას თავს აგრძნობინებს პატრონთან გათანაბრებულად. 
ესაა დღეს ივანიშვილის რეჟიმი. აღზე­ვებული მონა, რომელსაც ძალაუფლება რუსმა პატრონმა მისცა და რომელმაც უნდა ჩაგროს, რომ შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება.

ჩაგვრა შენიღბულმა დაიწყო.

ნიღაბი კი განმათავისუფლებლის ჰქონდა.

რა აზრი აქვს, რისგან ათავისუფ­ლებდა, მთა­ვარია, რომ დაირქვა „განმათავი­სუფ­ლებელი“.

ვიდრე ნაომარი საზოგადოება ამ გან­მათა­ვისუფლებელი მესიის გამოჩენის ტკბო­ბის ძილ-ბურანში იყო, ამავე საზოგა­დოების მტერს, თუმცა თავის პატრონს, აღზევებულმა მონამ გადასცა ნაომარი საზოგადოების მეომარი ნაწილის სიები და გაათავისუფლა პატრონის აგენტები (კოდო­რის ოპერაციის სპეცრაზმელთა სიები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს სპეცსამსახურების რეზიდენტების სიები, თბილისის თავდაცვის ზღუდეების ნახაზები, ციხეებიდან გამოუშვეს რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები), თავად კი ერთხელაც არ გამოუვლენია აღნიშნული მტერ-პატრონის არცერთი აგენტი.

ასე გრძელდებოდა წლები. ასე გრძელ­დებოდა ეროვნული უსაფრთხოების საძირკ­ვლის გამოთხრა და იქამდეც მივიდა აღზევებული მონა, რომ ანაკლიის პორტიც ჩაძირა. ის პორტი, რომლის გარშემოც ქალაქის დაარსებაც კი იყო ჩაფიქრებული და, რომ არა მონის აღზევება ნაომარი საზოგადოების მმართველად, უკვე კაი ხნის აშენებულ-გაშენებულიც იქნებოდა.

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?! - ესეც კი უკითხავს აღზევებულთაგან მთავარ მონას. „ამერიკული ანაკლია“ შავ ზღვაზე რატომაა საქართველოს ეროვნული ინტერესი, ამას, ვფიქრობ, ახსნაც არ სჭირდება. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. თუკი ანაკლიის პორტის აშენებაზე  ღიად და საჯაროდ თქვეს უარი რაღაც პოლიტიკური თუ ეკონომიკური გაუგებრობების მომიზეზებით და, თითქოს, პირობაც დადეს, რომ ის აშენდებოდა, მაგრამ არა ამერიკელების ხელით, დახურულ კარს მიღმა უარი თქვეს ვაზიანის სამხედრო კომპლექსში აეროდრომის განახლებაზე, პრაქტიკულად ახლის მშენებლობაზე.

ვაზიანის მრავალკომპონენტიან სამხედრო ბაზაზე, იქ, სადაც ახლა გამოუსადეგარი აეროდრომია, თანამედროვე ავიაბაზის მშენებ­ლობის შანსი იყო. ამერიკის შეერ­თებული შტატების სატრანსპორტო სარდ­ლობის გენერალმა, სტივენ ლიონსმა, პი­რადად გააცნო ეს იდეა პრემიერ ბახტაძეს და ისიც აღფრთოვანდა, თუმცა ამ ინიციატივას კრემლის ისტერიკა მოჰყვა და ეს პროექტიც ჩაიშალა.  

ასე გრძელდებოდა წლები, ხოლო, რო­დესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მისი მონები იძულებული გახდნენ, ყველა ნიღაბი მოეხსნათ, რადგან პატრონს უკვე ღია მხარდაჭერა სჭირდებოდა.

2022 წლის 24 თებერვლიდან აღზევებული მონების რეჟიმი იძულებული გახდა პრო­და­სავლურის ნიღაბი მოეხსნა, მას სჭირდებოდა რაღაც, რაც მის სისასტიკეს და მჩაგვრელ ბუნებას გაამართლებდა და იკადრა ის, რასაც, როგორც თავშივე აღვნიშნე, ადამიანი არ იკადრებდა - ნაომარ საზოგადოებას გაუხსნა ზედაპირულად მოშუშებული ომის იარა და ის მორიგი ომით დააშინა. 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრა პირდაპირ დააბრალა კოლექტიურ დასავლეთს, რაც ხან გლობალური ომის პარტიით და ხანაც „დიფ სთეითით“ შეფუთა, მტერ რუსეთთან უომრად დანებება კი მშვიდობის პოლიტიკად შეასაღა.

და რადგან ომის ჭრილობა სიღრმეში ლპობით გახრწნილი ლეშის სუნად ყარს, ნაომარი საზოგადოების ნაწილიც დაშინდა. ვინც არ დაშინდა, იმათ არჩევნებიც მოჰპარა და რეგიონში რუსეთის საყრდენად გამყარდა.

თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვისო - ნეტავ, ეს მაინც არ გაუგიათ ამ პუტინის ცოდვით სავსეებს?!

რას აკეთებენ სახელმწიფოები, როდესაც ომის საფრთხე არსებობს? ამზადებენ არმი­ებს, იწყებენ შეიარაღებას, ავითარებენ ტექ­ ნოლოგიებს. თუკი თავად არ აქვთ საკმარისი რესურსი, ეძებენ და პოულობენ ძლიერ მოკავშირეებს.

ვის ესხმის თავს აგრესორი? იმას, ვინც სუსტია, დაუცველი და ადვილი დასაჩაგრი.

როგორ იქცევა აღზევებული ომის რეჟიმი? ასუსტებს ქვეყანას, უკარგავს მოკავშირეებს და ადვილად მოსანელებელს ხდის მას რუსეთისთვის.  

ახლა, როდესაც რუსული გაზით თითქმის გაგუდული დასავლური ცივილიზაცია გამოფ­ ხიზლდა და  აირწინაღებსაც იკეთებს, რომ იგივე აღარ დაემართოს, გაგიჟებულია აღზევებული მონა - როგორ ბედავს და შეიარაღებას იწყებს ევროპა, როგორ ბედავს და სამხედრო ბიუჯეტს ზრდისო, როგორ ბედავს და ჩვენს პატრონთან წინააღმდეგობის გაწევის ნება გამოავლინაო.

მხოლოდ ცენტრალური ევროპა და, ზოგა­დად, ევრო-ატლანტიკური სივრცე კი არ ემზადება რუსეთისგან თავის დასაცავად, ყველა გარშემო. მოლდოვა მტკიცედ აგრძე­ლებს უსაფრთხოების დასავლური ქოლგის ქვეშ საკუთარი ადგილის დაკავებას. აზერ­ბაიჯანს თურქული ლობი აქვს, თურქეთი ნატოს წევრია, შესაბამისად, აზერბაიჯანი დიდი ხანია კრემლის ჩრდილიდან გამოვიდა. სახალხო ლიდერი პაშინიანი, მართალია, დიდი დანაკარგებით, მაგრამ მაინც ახერხებს სამშვიდობოს გასვლას და ისე ჩანს, სომხეთიც შეუქცევად დაადგა დასავლურ ბილიკს. აი, უკრაინა კი საკუთარი სისხლის ფასად ჯიუტად რომ იჩარხავს ევროპულ გზას, ამაზე აღარ შევჩერდებით.

გაზი, მოგეხსენებათ, ისეთი ნივთიე­რებაა, ცარიელ ადგილს მარტივად ავს­ებს.  დაუნდობლად. ჰოდა, ამ ფონზე აღ­ზევე­ბული მონების კეთილდღეობა აცარი­ელებს საქართველოს სუვერენიტეტს, მოკავ­შირეების გარეშე ანგრევს ეროვნულ უსა­ფრთხოებას. ჰოდა, თუ ასე გაგრძელდა, შორს არაა ის დღე, როდესაც ასე საგანგებოდ და მიზანმიმართულად გამოშიგნული ნაომარი საზოგადოება ის ცარიელი ადგილი გახდება, რომელსაც რუსული გაზი წამში შეავსებს. გაზი კი, მოგეხსენებათ, ყველას ერთნაირად გუდავს - მონასაც და მონობისგან გადა­რჩენილსაც. 

Articles

brand

Contact

20, Giorgi Akhvlediani str., 0108 Tbilisi, Georgia

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here