Author : Lasha Gabelia
საქართველოში არ მოიძებნება ოჯახი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომმა დაღი არ დაასვა. ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო, სამასი ათასზე მეტი დაღუპული, უამრავი დაჭრილ-დასახიჩრებული – ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად. ბევრმა ოჯახმა შეწყვიტა არსებობა, ბევრი ბავშვი გაიზარდა ობლობაში. საბჭოთა რესპუბლიკებიდან პროცენტულად საქართველომ, უკრაინის შემდეგ, ყველაზე მეტი ადამიანი დაკარგა ამ ხორცსაკეპში, მოსკოვურმა პროპაგანდამ „სამამულო ომი“ რომ უწოდა. დამოუკიდებლობაწართმეულ საქართველოში ბევრი მართლაც სამამულო ომად აღიქვამდა მას, სინამდვილე კი ის იყო, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ გაიჭყლიტა სისხლიანი იმპერიების ჭიდილში.
„წესად არის წინამბრძოლობა ქართუელთა!“ – დავით ულუს მიერ მე-13 საუკუნეში ნათქვამი ეს ფრაზა საუკუნეებს გაჰყვა უხეირო ლოზუნგად და ქართველთა უზღვავი სისხლი დაიღვარა მონღოლების, ოსმალების, სპარსელებისა და რუსეთის ომებში ამ იმპერიათა დასაცავად თუ გასაძლიერებლად. ულევი ენერგია და ძალა, რომლებიც წესითა და კანონით, სამშობლოს კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა, შორეულ ბატალიებში ჩაიკარგა და გაქრა...
იმპერიათა გზაჯვარედინზე მყოფი პატარა ქვეყნის შვილებს ისტორიული ქარტეხილები, როგორც ზღვაზე ქარიშხალი პატარა ნაფოტებს, ისე აიტაცებდნენ ხოლმე და მიახეთქებდნენ ხან ერთ ნაპირს, ხან – მეორეს... აქ იწყება ბაბუაჩემის, სამსონ პაპიაშვილის ისტორიაც, რომელსაც მეორე მსოფლიო ომმა ზუსტად ასეთი ნაფოტის ბედი არგუნა.
სამსონი 1913 წელს საჩხერეში დაიბადა. ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა ხელოვნებისკენ მიდრეკილება, განსაკუთრებით სიმღერა უყვარდა და ხმა და სმენაც ხელს უწყობდა. დაამთავრა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელი. ასრულებდა როგორც ქართულ ხალხურ სიმღერებს, ისე რომანსებს. გარდა ამისა, მღეროდა არიებს ოპერებიდან (ჰქონდა შესანიშნავი ტენორი). მალევე გაითქვა სახელი რეგიონული მასშტაბით და უფრო შორსაც, 1939 წლისთვის უკვე იყო საჩხერის კულტურის სახლის დირექტორი, ანსამბლის ხელმძღვანელი და ლოტბარი. მას იწვევდნენ თბილისში, მისი სოლო და გუნდთან ერთად შესრულებული სიმღერები ხშირად ჟღერდა ცენტრალურ რადიოში. პარალელურად, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და, როგორც მისი ნამოწაფრები ამბობდნენ, მხოლოდ სიმღერასა და მუსიკას კი არა, ადამიანობასაც ასწავლიდა. სამსონს უკვე ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი. დისიდენტობაში „არ შემჩნეული“, თითქოს ბედნიერი საბჭოთა მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა.
სამსონ პაპიაშვილი, 1936 წ.
მაგრამ მოვიდა ომი. სანათესავოში ჰყვებიან, რომ სამსონს, როგორც პედაგოგს, ჯავშანი ჰქონდა და ომის დასაწყისში მობილიზაცია არ ეკუთვნოდა, მაგრამ მოხდა კორუფციული გარიგება – „ვიღაცამ“ თავისი შვილის სახელი ამოაშლევინა და ბაბუაჩემისა შეატანინა... სამსონს არც გაუპროტესტებია – „ახლა რამე რომ მოვიმოქმედო, ხომ ყველა იფიქრებს, მშიშარააო“. 1941 წლის დეკემბერი იდგა. ბაბუაჩემმა ფრონტზე ფანდური წაიღო...
ის, რაც თავს გადახდა, ბაბუამ აღწერა პოემაში, რომელსაც „ჩემი მოკლე თავგადასავალი“ უწოდა. ჯერ ჩრდილო კავკასიის ფრონტზე მოხვდა, შემდეგ – ყირიმში:
„დღესაც კი მახსოვს დაუნდობელი,
მკაცრი ბრძოლები სევასტოპოლზე,
შავი ზღვა – სისხლით მთლად შეღებილი,
კვნესა-გოდება ზღვის ჰორიზონტზე“.
ბრძოლა დიდხანს არ დასცალდა. 1942 წლის ივლისში იქვე, ყირიმში, მისი ქვედანაყოფი ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. რაკი ყირიმი ფრონტისპირა იყო, ისინი იქ დიდ ხანს არ გაუჩერებიათ, ყველანი სადღაც, კარპატების მთებში, დასავლეთ უკრაინაში (ბაბუაჩემი არ აზუსტებს ადგილმდებარეობას), ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს. მალე ბანაკში შეთქმულება მოეწყო, სამსონმა თხუთმეტ თანამებრძოლთან ერთად გაქცევა სცადა, მათ ღობის ქვეშ გვირაბი გათხარეს და გაძვრნენ, თუმცა ვიღაცამ გასცა, შეიპყრეს და ყველას დახვრეტა მიუსაჯეს. ერთ ღამეს ბანაკიდან შორს, ტყის პირას, გაიყვანეს... „და ჩვენი ხელით გაგვათხრევინეს საფლავი, ჩვენთვის დასამარხავი“, – წერს ბაბუაჩემი. დააყენეს თავიანთ გათხრილ საფლავებთან და ავტომატის ჯერი გადაატარეს. სამსონს, როგორც თვითონ ჰყვება, რაღაც სასწაულად, ტყვია არ მოხვდა. მაგრამ საფლავში ჩახტა და თავი მოიმკვდარუნა. ნაცისტთა სადამსჯელო რაზმმაც, როგორც ჩანს, ზერელედ შეასრულა მოვალეობა, მათ საფლავებს მსუბუქად მიაყარეს მიწა და წავიდნენ.
როცა კი მანქანების ხმა მიწყდა, სამსონი საფლავიდან ამოძვრა და ტყეს მისცა თავი. დასახვრეტად განწირულთაგან მხოლოდ ის ერთი იყო გადარჩენილი. მთელი ღამე ხეტიალის შემდეგ რომელიღაც სოფლამდე მიაღწია. აქ იგი ერთმა ოჯახმა შეიფარა, უმკურნალა და მოაძლიერა. სამსონი არ აკონკრეტებს არც მათ სახელებს, არც მათ ეროვნებას, მხოლოდ ერთ გოგონას ახსენებს, სახელად ლინას, რომლისადმი მას „თბილი გრძნობები“ გაუჩნდა, თუმცა, „თავისი მანიასთვის“ (მეუღლე) „არ უღალატია“. ამ ოჯახში ბაბუაჩემმა რამდენიმე კვირა გაატარა, ეხმარებოდა მათ სასოფლო საქმეებში. ისინიც ოჯახის წევრივით ექცეოდნენ, ძალიან დაიახლოვეს, სტუმრადაც კი წაიყვანეს ნათესავებთან მეზობელ სოფელში. იდილია დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ნაცისტების ერთ-ერთი მორიგი რეიდისას სამსონი ისევ შეიპყრეს.
ამჯერად იძულებით სამუშაოებზე გააგზავნეს – ქვის სამტეხლოში, მძიმე პირობებში, ღია ცის ქვეშ ამუშავებდნენ. საინტერესო ის არის, რომ ტყვეები ეროვნების მიხედვით დაუყვიათ და სამსონთან ერთად ბევრი ქართველი მოხვდა, ზედამხედველთა ნაწილიც ქართველები ყოფილან. ბაბუაჩემი არ იყო მიჩვეული მძიმე ფიზიკურ შრომას და ძალიან გაუჭირდა, გულწრფელად წერს თავის პოემა-დღიურში:
„ხეების დაჭრა, ქვების დამტვრევა
არ მეხერხება, ჩემთვის ძნელია,
ჩემი საქმეა მხიარულება,
ცეკვა-სიმღერა, აბადელია.“
1943 წელი იდგა. ერთ დღეს, როგორც თვითონ წერს, გადაღლილი ერთ დიდ ქვაზე ჩამომჯდარა და სიმღერა დაუწყია – „დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან“... მისი ნამღერი ისე მოსწონებიათ გარშემო მყოფ ტყვეებსა და ზედამხედველებს, რომ ტაშით დაუჯილდოებიათ. ეს ამბავი შეუმჩნევია ქართველ ასმეთაურს, იმას კი ამბავი მიუტანია „ზემოთ“. დაიბარეს და უთხრეს: მოაგროვე შენნაირი ხალხი, გააკეთე ანსამბლი, გაართობ ტყვეებსა და ადმინისტრაციას და შენც მძიმე შრომას გადარჩებიო.
აქ აუცილებლად უნდა ითქვას შემდეგი: ბაბუაჩემი ამ პოემა-დღიურს წერდა უკვე ციმბირში, გულაგში, საბჭოთა გადასახლებაში და, შესაბამისად, ბევრი რამ სტრიქონებს შორის არის წასაკითხი. ცხადია, მათ სამსონში დაინახეს არა მარტო სიმღერის ნიჭი, არამედ პოტენციალი, რაც მათ გამოადგებოდათ, ის სწორედ ამისთვის გამოარჩიეს და ანსამბლის შეკვრის საშუალება მისცეს. გერმანიის ხელისუფლებას სჭირდებოდა მსგავსი აქტივობები, ერთი მხრივ, პროპაგანდისთვის: აი, ნახეთ, რა კარგად ვეპყრობით ტყვეებს და დაპყრობილ ხალხებს, ვუფრთხილდებით მათ კულტურას და ა.შ. მეორე მხრივ, „ვერმახტის“ ქართული ლეგიონერების გულის მოსაგებადაც. შესაბამისად, ეს იყო პოლიტიკის ნაწილი – სამსონის ანსამბლის გარდა, კიდევ იყო რამდენიმე მსგავსი გუნდი და არა მხოლოდ ქართველების.
სამსონის ანსამბლის „პროექტი“ უკიდურესად წარმატებული გამოდგა. მალე ისინი სამხედრო ტყვეებს კი არა, უშუალოდ „ვერმახტის“ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს უმღერდნენ. რამდენიმე თვეში კი, ჩვეულებრივ, სამოქალაქო კონცერტებშიც დაიწყეს მონაწილეობის მიღება და არა მარტო გერმანიის ტერიტორიაზე, არამედ თითქმის მთელ ოკუპირებულ ევროპაში. სამსონი ასე აღწერს თავისი გასტროლების გეოგრაფიას:
„ყოველი ფრანგი, იტალიელი,
ბელგიელი თუ ჰოლანდიელი,
ყველა დიდებით, ტაშით გვაცილებს,
უნგრელ-პოლშელი და ავსტრიელი.“
ასე მოხვდა საჩხერეში დაბადებული ბაბუაჩემი „ლა-სკალას“ სცენაზე, სადაც ქართული ხალხური სიმღერებიც ააჟღერა და საოპერო არიებიც შეასრულა!
სამსონ პაპიაშვილი (ცენტრში) თავის გუნდთან ერთად, ნოიჰამერის საკონცენტრაციო ბანაკი 1943 წ.
ბოლომდე თავისუფლები არ იყვნენ, მაგრამ სხვა ტყვეებზე უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ, არ აკლდათ საცხოვრებელი პირობები, ჰქონდათ ყველანაირი მუსიკალური ინსტრუმენტი და ქართული ხალხური სამოსიც (ჩოხა-ახალუხები) – კონცერტებისთვის.
ასე მაგალითად, 1944 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ქართული ლეგიონის ღონისძიებების ფარგლებში, ბერლინში მისი ანსამბლის სოლო კონცერტი გაიმართა, რომლის შესახებაც ლეგიონის ყოველკვირეული გაზეთი „საქართველო“ წერდა: „საღამოს ქალაქის დიდი თეატრი ხალხით გაიჭედა, ლოტბარ ს.პ.-ლის (სამსონ პაპიაშვილი) ხელმძღვანელობით არსებულმა მომღერალთა გუნდმა გამართა კონცერტი, სადაც შესრულდა ძველი და ახალი სიმღერები და ცეკვა. განსაკუთრებით კარგი იყო ფანდურზე დაკვრა... საერთოდ კონცერტმა დიდი მოწონება გამოიწვია და განსაკუთრებული წარმატებით ჩატარდა“.
თუმცა, შემდეგ რამდენჯერმე სახიფათო სიტუაციაც შეიქმნა: მაგალითად, საფრანგეთში სამსონი და მისი გუნდის წევრები წინააღმდეგობის მოძრაობას დაჰკავშირებიან. გაქცევაზე ფიქრობდნენ, დეტალებში არ ჩანს, რა მოხდა, მაგრამ ყველანი სასწრაფოდ გერმანიაში დააბრუნეს და საკონცენტრაციო ბანაკში გადაგზავნით დაემუქრნენ, თუმცა მუქარა არ შეუსრულებიათ, რომელიღაც სამხედრო ნაწილში განათავსეს. აქ სამსონს დაუკავშირდა დავით (დათაშკა) კავსაძე (მსახიობ კახი კავსაძის მამა).
„ამბობენ, თურმე, დავით კავსაძე,
ისიც ტყვედ არის ჩავარდნილიო,
მისი სახელი მთელ ევროპაში
ჩემსავით არის გავარდნილიო.“
დავითმა სამსონს გუნდების გაერთიანება შესთავაზა, ასეც მოიქცნენ. ორი გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდა დიდი ქართული ანსამბლი და მათი საკონცერტო მოღვაწეობაც გაგრძელდა.
დათაშკა კავსაძე (შუა რიგში მარცხნიდან მესამე) და სამსონ პაპიაშვილი
(შუა რიგში მარცხნიდან მეოთხე) ქართველ მომღერლებთან ერთად, გერმანია, 1944 წ.
სამსონი, გასაგები მიზეზების გამო, ბევრს არ წერს, მაგრამ აშკარაა, რომ ნაცისტების რბილი დამოკიდებულება მისი და მისი ხალხის მიმართ სწორედ „ქართული ლეგიონის“ მფარველობის დამსახურება იყო.
ნაცისტებს უკვე უჭირდათ და 1944 წლის შემოდგომაზე ჰიტლერმა ტოტალური მობილიზაცია გამოაცხადა. დღის წესრიგში დადგა სხვებთან ერთად ტყვე მომღერალთა გუნდების მობილიზებაც. ქართული ლეგიონიდან ამ საქმეს მეთაურობდა პოლკოვნიკი ფრიდონ წულუკიძე, ყოფილი მენშევიკი, ესპანეთის სამოქალაქო ომში ფრანკოს მხარეს ნაბრძოლი, ახლა კი „სს-ის“ ვაფენ-შტანდარტენფიურერი. ბაბუაჩემი თავისი ანსამბლით მის დაქვემდებარებაში, „ვაფენ სს-ის“ ქართული ჯგუფის (SS-Waffengruppe Georgien) შემადგენლობაში მოხვდა – ისინი ჯერ უნგრეთში გაამწესეს, შემდეგ კი, 1945 წლის იანვრიდან – ჩრდილოეთ იტალიაში.
ყველა გრძნობდა, რომ ნაცისტური რეჟიმის დღეები დათვლილი იყო, ქართველები შეითქვნენ და მარტის თვეში ყველანი, უფროსობის ჩათვლით, იტალიელი პარტიზანების მხარეს გადავიდნენ. აქვე, ჩრდილოეთ იტალიის რომელიღაც სოფელში, მოუსწრო ბაბუაჩემს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამ.
სამსონ პაპიაშვილის პოემა-დღიურის ერთი გვერდი
რა თქმა უნდა, მისი პირველივე აზრი სამშობლოში დაბრუნება იყო. ბევრი ურჩევდა დარჩენას, ბევრი აფრთხილებდა, რომ კარგი არაფერი ელოდა – გადაასახლებდნენ ან დახვრეტდნენ, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა, ოჯახისა და ძვირფასი ხალხის მონატრებამ გადასძალა. სამსონი, თავისი გუნდის ნაწილთან ერთად (ნაწილი ემიგრაციაში დარჩა), საბჭოთა წარმომადგენლობას ჩაჰბარდა. რა თქმა უნდა, როგორც ტყვედ ნამყოფს, როგორც „ფაშისტებისთვის მომღერალს“ და ფორმალურად, მაგრამ მაინც „ვაფენ სს-ში“ ნამსახურებს, მძიმე განაჩენი ელოდა. საქართველოში დაბრუნების იმედი ფუჭი გამოდგა, იგი ჯერ ტაჯიკეთში (კერძოდ, ლენინაბადში), შრომა-გასწორების ბანაკში გააგზავნეს, სადაც წელიწად-ნახევარი დაჰყო, შემდეგ ბრალი დაუმძიმეს და 1947 წელს ტრიბუნალმა 25 წლით გადასახლება მიუსაჯა. ჯერ კოლიმაზე წაიყვანეს, საბოლოოდ კი – ზაბაიკალიეში – ულან-უდეში მოხვდა.
სამსონ პაპიაშვილი (კოსტიუმში. მარჯვნივ) ულან-უდეში, „ლაგერში“ ჩამოყალიბებულ ანსამბლთან ერთად. დაახლ. 1950 წ.
საბჭოთა გულაგი ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ნაცისტებთან ტყვეობა. ყინვა, შიმშილი, ძალადობა. სწორედ აქ, ულან-უდეში, დაწერა სამსონმა თავისი პოემა-თავგადასავალი, რომელიც გათავისუფლების იმედით, „დიდ სტალინს“ მიუძღვნა და მისადმი ხოტბის სიტყვებიც არ დაუშურებია. რა თქმა უნდა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. საოცარია, მაგრამ სამსონმა გულაგშიც მოახერხა პატიმართაგან მომღერალთა გუნდის ჩამოყალიბება, ეს გუნდი მხოლოდ ქართველებისგან არ შედგებოდა, ინტერნაციონალური იყო და რეპერტუარიც შესაბამისი ჰქონდა.
ექვსი წელი დაჰყო სამსონმა ულან-უდეს „ლაგერში“, თანდათან შეერყა ჯანმრთელობა. მხოლოდ სტალინის სიკვდილმა არგუნა მას თავისუფლება. 1953 წლის ბოლოს დაბრუნდა იგი მშობლიურ მხარეში. ჭიათურიდანვე შეჰგებებიან სამსონს, საჩხერის რკინიგზის სადგურზე კი – მთელი საჩხერე დახვედრია. ყველას კეთილად ახსოვდა ის და მისი სიმღერა. დახვდა ცოლი და უკვე გაზრდილი ქალიშვილები. სამსონი ისევ გახდა საჩხერის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ისევ გააგრძელა საყვარელი საქმე, თუმცა ჯანმრთელობაშერყეულს დიდი დრო არ ჰქონდა დარჩენილი.
სამსონ პაპიაშვილი სცენაზე
სამსონ პაპიაშილი გარდაიცვალა ინფარქტით 1955 წლის 14 მაისს, სოფელ კრობოულის კლუბის სცენაზე, სიმღერისას. დატოვა ბებიაჩემი – ფეხმძიმედ დედაჩემზე. იგი მაშინ მხოლოდ 42 წლის იყო.