თავს ნუ „შეაკლავ“ - გაიმარჯვე!

Author : Zaza Bibilashvili 

ქართველი რომ სუფრასთან ჯდება, პირველად მშვიდობას ადღეგრძელებსო - გვეუბნება ის, ვინც მშვიდობის იდეის გარყვნამდე ჯერ „ღირსება“, „იმედი“ და „ოცნება“ მოგვპარა. 

მაგრამ ვიდრე ქართველი სუფრასთან დაჯდება და მშვიდობის სადღეგრძელოს ასწევს, ის ჯერ „გამარჯობით“ ესალმება მოყვასს. აი, ასე: 

გამარჯობა, შენი!

„გამარჯობა“. 

გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა. 

ჯერ გამარჯვება უნდა იზეიმო, რომ მერე მშვი­დობამ დაისადგუროს. 

ასე განსაზღვრა ჩვენმა ისტორიამ, საღმა აზრმა, გენეტიკად ქცეულმა მეხსიერებამ. 

სუფრამდე უნდა მიხვიდე - ამაყი, ლაღი, თავ­აწეული - რომ მშვიდობის დღეგრძელობის ფუფუნება გქონდეს. შენი მშვიდობის. 

უნდა გედღეგრძელებოდეს. 

რამეთუ დამარცხებულები არ ქეიფობენ. 

დამარცხებულებს მშვიდობა არც აქვთ. დამარ­ცხებულებს აქვთ სირცხვილი და სალა­ფავი. 
დამარცხებაში ნეტარებს, ქედის მოდრეკის აპოლოგეტებსა და მონობით ხეირის მნახ­ველებს კი, სირცხვილსა და სალა­ფავთან ერთად, ხალხის გულწრფელი ზიზ­ღის პირო­-
ბებში უწევთ „მოღვაწეობა“. ზიზ­ღისა, რომე­ლიც უბრალო ადამიანების პატრიო­ტიზმის, თავისუფლების, ადამიანური კეთილ­შობი­ლე­ბისა და მოქალაქეობრივი კეთილ­სინდისი­ერების განუყოფელი ნაწილია. 

„ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, თქვენ მასში იქ­ნებით“ - ამ წარწერით დახვდა უკრაინა ბარბა­როს მტერს. 

ამ განწყობით მარხავს მას უკვე მეოთხე წელია. 
და ასე გაიმარჯვებს. 

დიდ ფასად? - რა თქმა უნდა! 

ამით სპეკულირებს  ქართულენოვანი რუსული პროპაგანდა, ისტორიულ ჭრილობებზე მარილს გვაყრის, ცნობიერების ფსკერზე ჩაბუდებულ შიშებს აღვიძებს და ბნელი კონსპირაციებით კვებავს. 

არადა თითქოს უხერხულია თავისუფლების ფასზე კამათი ქვეყანაში, რომლისთვისაც თავისუფლებისთვის თავგანწირვა ეროვნული იდენტობის სისხლხორცეული ნაწილია და რომელიც დღემდე იმით მოვიდა, რომ ამგვარ ფასს არ უფრთხოდა. 

სირცხვილია თავისუფლების ფასზე საუბა­რი მათთან, ვის თვითშეგნებას და მსოფლმხე­დველობას ბავშვობიდან რუსთვე­ლის უკვდავი სიტყვები ადუღაბებს: 

„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სა­ხე­ლოვანი“. 

ასე რომ არ ყოფილიყო - ამ გზით რომ არ გვევლო - ასე რომ არ გაგვემარჯვა - დღეს საქართველო არ იარსებებდა და გრუზინი მანქურთები ფორმალურადაც რომელიმე სხვა სახელმწიფოს სამსახურში იდგებოდნენ (არ კი შეაწუხებდათ ეს - ესეც ვაღიაროთ).
დღეს 100 ათასი მოწამის ამბით, ერეკლე მე­ორითა და საქართველოს ისტორიის სხვა, საამაყო თუ არც თუ ისე საამაყო, ეპიზო­დებით სირცხვილის უნარდაკარგული ჩარ­ჩე­­ბი ვაჭრობენ - ზოგი სასულიერო უნი­ფორ­მის ქვეშ პაგონებდამალული და მტრის ერთმორწმუნეობაზე მოქადაგე, ზოგიც - „შტა­ტსკიში“ გადაცმული და პრაგმატულობის ყალბ არგუმენტს ამოფარებული:
ისინი, ვინც გმირული ისტორიებიდან ლეგი­ტი­მაციის მიღებას ლამობს, მაგრამ იმავდროუ­ლად ზიზღით აკნინებს თავგანწირვის იდეას და დაუფარავი სიძულვილით მოიხსენიებს ქვე­ყ­ნისთვის წამებულ რაინდებს (მარტო ერთ-ერთი ნეობოლშევიკის მიერ გიორგი ანწუხე­ლიძეზე ნათქვამი ღვარძლიანი „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ რად ღირს?!).

ისინი, ვინც ღალატის კომისია შექმნა.
ისინი, ვინც სრულ სინქრონშია თანამედროვე საქართველოს ერთადერთ მტერთან. 

ისინი, ვინც ამ მტერს ოცნება აუსრულა: „5 მილიონი ყველა სოფელს“, „უფასო ფული“, „სოლარიუმი ურეკის ყველა ოჯახს“ და სხვა თაღლითური დაპირებები კი არა - ნაღდი, დამპალი, ანტიქართული ოცნება - დაახრევინა რა ქართულ სახელმწიფოს თავი, აღაზევა რა ყველაზე უღირსი და ახდევინა რა ბოდიშები გენოციდის ავტორებისთვის! 

ისინი, ვინც მამულის დაცვა და სამშობლოდან მტრის განდევნის მცდელობა (რომც დავი­ჯე­როთ, თითქოს ომი ჩვენ დავიწყეთ) დანაშა­ულად შერაცხა. 

ისინი, ვინც ცხინვალელი არარაობებისა და ცინიკოსი დამპყრობლების ყოველდღიურ ქე­ბას იმსახურებს. 

...გიფიქრიათ, რა ფასი გადაიხადა დავით აღმაშენებელმა საქართველოს გაერთიანება-გამთლიანებაში?

გიორგი ბრწყინვალემ?

და პატარა კახმა რამდენი „უწვერულვაშო ბიჭი ჩააწვინა მიწაში“ მტრებთან ბრძოლისას თავის 80 ომში, სანამ რუსის არცნობის ფასს გადაიხდიდა?!

ჩვენი - თავისუფალი ადამიანების - ტრაგედია ისაა, რომ ჩვენ გვერდით მცხოვრებ თავი­სუფლების არმქონეთ სირცხვილი არ აწუხებთ, ვიდრე გობში საკმარისი სალაფავია. სწორედ ამიტომ გვიწევს ამაზე საუბარი საქართველოში, სადაც „მშვიდობის“ წინაპირობა მუდამ და მხოლოდ გამარჯვება იყო. 

„თავს შევაკლავ, მაგრამ არ დავნებდები!“ - გიფიქრიათ, როგორ უყვარს ქართველს ამის თქმა? რა ლამაზია, პოეტურიც... დაუცხრომელი სულისკვეთების მანიშნებელი. 
მაგრამ იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ვინც თავი შეაკლა, იმან წააგო. ჰეროიკული ლეგენდა და­გვიტოვა, მაგრამ... უფრო ხშირად დამარცხდა (სხვა ამბავია, რომ არ გვებრძოლა და თავი არ შეგვეკლა, გადავგვარდებოდით და გავქრე­ბოდით). 

ჩვენ კი გამარჯვება გვჭირდება ჰაერივით. 

გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა. 

ჩვენ აღარ გვინდა „თავის შეკვლა“. არც მომ­ხდურთა აღმაფრთოვანებელი გმირული ის­ტო­­რიების აპოლოგია. დაე, მტრის ჟამთა­აღმწერლებმა წერონ ეპოსები იმაზე, თუ როგორ სახელოვნად ებრძოდნენ ქართველებს. ჩვენ კი ვაქოთ. და ვუქოთ სიქველე. დამარცხებულებს - გამარჯვებულის პოზიციიდან.

„ახალი ივერიის“ მეათე ნომერი გამოდის მა­შინ, როცა ლეგიტიმაციადაკარგული რეჟი­მი კრემლის დავალებით საქართველოს უერთ­გულეს მეგობრებს ებრძვის, როცა მთელი  ოპოზიცია - ალალიცა და საეჭვოც - ციხეშია (საეჭვონი - „გასარეცხად“ და ალალების გასანეიტრალებლად), არასამთავრობო სექ­ტო­რი პრაქტიკულად პარალიზებულია, თავისუ­ფალი მედია სულს ღაფავს და როცა ეროვნული მოძრაობის მიმართ რეპრესიები გრძელდება „ოცნებაში“ მიმდინარე შიდაბოლშევიკური წმენ­დის პარალელურად…

განა საკვირველია, რომ ქოციანობის მეცამეტე წლისთავზე ყველა სიტყვა გაცვდა? რომ რა­ციომ ხიბლი დაკარგა და ყველაფერი პირ­ველყოფილ ინსტინქტებამდე დავიდა? 

აქ, ინსტინქტების საუფლოში, მთავარი გამარ­ჯვებაა. არსებობისთვის ბრძოლაში გამარჯ­-
ვე­­ბა. ამიტომ, მოდი, განვეწყოთ გამარჯვე­ბისთვის. შესაბამისად:

თავს ნუღარ „შეაკლავ“, ქართველო, - 
გაიმარჯვე! 

Articles

brand

Contact

20, Giorgi Akhvlediani str., 0108 Tbilisi, Georgia

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here