Rubric: Ukraine

Journal Number 10




რუსეთის ომი უკრაინაში: ბრძოლა გადარჩენისთვის თუ...?!

Author : Alexi (Buka) Petriashvili 

ერთი შეხედვით, სათაურში გამოტანილი კით­ხვის მთავარ ადრესატად უკრაინა მოია­ზრება.  მათთვის, ვინც გამიზნულად ავრცელებს პროპაგანდას უკრაინის განადგურებასა და გადაშენებასთან დაკავ­შირებით, (მაგ., „დაწყდა ხალხი; რა უქნა/ეს (პრეზიდენტმა ზელენსკიმ და დიფ სთეითმა) საწყალ უკრაინას“ და ა.შ.) უკრაინა ერთადერთი „მოპასუხეა“.  პრინციპში, ამ კითხვებს პასუხები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებაში გასცეს მსოფლიოს ლიდერებმა, პოლიტიკოსებმა და გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწეებმა, მაგრამ მოდი ვცადოთ და მოვუყაროთ თავი ყველა იმ აქტორს, რომლებსაც, ჩემი აზრით, ეკუთვნით ეს შეკითხვები და მკაფიო სურათი შევიქმნათ იმის ასახსნელად, თუ ვინ რისთვის იბრძვის. 

უკრაინა
ცხადია, პირველ ყოვლისა, მოიაზრება უკრა­ინა, იმიტომ რომ მის ტერიტორიაზე შემოიჭრა 2014 წელს პუტინის რუსეთი და დღე­მდე აწარმოებს საომარ მოქმედებებს. ტერი­ტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი (18%) რუ­სეთს ოკუპირებული აქვს და აცხადებს თავის ტერიტორიებად. უკრაინამ მართლაც რომ  გააოცა მსოფლიო 2022 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აგრესია წამოიწყო რუსეთმა ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე. სხვადასხვა პროგ­ნოზით, 3 დღიდან 3 კვირამდე ვადაში კიევი უნდა დაცემულიყო, ზელენსკი მთავრობასა და ოჯახთან ერთად უნდა გაქცეულიყო უცხოეთში, დევნილობაში და მთელ(!) უკრაინაში კვლავ რუსეთი უნდა გაბატონებულიყო მისდამი მორჩილი მარიონეტული რეჟიმის დაყენებით.

სულ რამდენიმე კვირა იყო გასული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, როდესაც მეგობრებთან ერთად კიევში ჩავედით. ძირითადი შტურმი კიევსა და მის შემოგარენზე უკვე მოგერიებული იყო და კიევის ცენტრი ძალიან ნელა, ფრთხილად, მაგრამ მაინც იბრუნებდა ნორმალური ცხოვრების პირველ ნიშნებს. ერთ-ერთ, კვლავ გახსნილ კაფეში სადილად სტუმრობისას ახალგაზრდა მიმტანმა ღიმილით გვითხრა, წესით თქვენს ადგილას ახლა რუსები უნდა ისხდნენ; 8 მარტის აღსანიშნავად საერთოდ მთელ კაფეზე ჯავშნები რუსეთიდან კეთდებოდაო. ვერ მიართვეს; უკრაინელი მებრძოლები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ ისინი თავის ოჯახებს და მიწა-წყალს იცავდნენ და სიცოცხლის ფასად ასეც გააგრძელებდნენ გამარჯვებამდე. ქართველი მებრძოლები იქვე დასძენდნენ, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოს მომავ­ლისთვის ვიბრძვითო. უკრაინის პრეზი­დენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხშირად აღნიშნავს და ძალიან სამართლიანადაც, რომ ეს არის არა მხოლოდ უკრაინის, როგორც სახელ­მწიფოსა და ერის, არსებობისა და გადარჩენისთვის, არამედ ევროპული და გლობალური უსაფრთხოების გრძელვადიანი უზრუნველყოფისთვის ომი; ომი, რომელიც მოიტანა უკრაინის ტერიტორიაზე პუტინის რუსეთმა სრულიად გამოგონილი მიზეზებით, თითქოს უკრაინა დღე-დღეზე ნატოში უნდა გაწევრიანებულიყო და მის ტერიტორიაზე ზებგერითი იარაღის განთავსება იგეგმებოდა. სამწუხაროდ, ეს ახლოსაც არ იყო სიმარ­თლესთან (ახლა უფრო რეალურია ერ­თიც და მეორეც).

საბედნიეროდ, უკრაინამ გაუძლო და ამ დრომ­დე უძლებს დაგვიანებული თუ შეჩერებული საერთაშორისო დახმარების პირობებში; არა მხოლოდ უძლებს, არამედ მზად არის რუსეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების სრულ­ფასოვნად გადატანისთვის, თუკი იქნება უწყვეტად მხარდაჭერა და თანამშრომლობა, განსაკუთ­რებით სამხედრო-სამრეწველო კომპ­ლექსის მიმართულებით. რუსეთის ტერიტო­რიაზე გადატანას რომ თავი დავანებოთ, უკრაინის ტერიტორიაზე გაცილებით მეტი წარმატება ექნებოდა რუსეთთან ომში, რომ არა პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებით დასავლეთის წარმატებული შან­ტაჟი.

უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ თუ აპოკალიფსური სცენარით არ წავიდა მსოფლიოში პროცესები, რაც, უმთავრესად, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას და მესამე მსოფლიო ომის დაწყებას გულისხმობს, უკრაინა ადრე თუ გვიან (რა თქმა უნდა, სჯობს ადრე) იქნება დემოკრატიული ევროპის და ევროა­ტლანტიკური სივრცის განუყოფელი ნაწილი; გარდაუვალია, რომ უკრაინა გახდება ევრო­პული კავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა; იქნება მისი ყველაზე ძლიერი და მტკიცე ფარი რუსეთის საზღვრებთან (რუსეთთან ომში გამობრძმედილი ყველაზე ძლიერი არმია რომ უკრაინას ჰყავს, ამას საქართველოში მოქმედი რუსი პროპაგანდისტებიც კი ადასტურებენ) და შეიტანს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში არსებით წვლილს. აქვე ისევ გმირი ქართველების ნათქვამს დავუბრუნდები და გამოვხატავ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის აზრს: ეს ომი საქართველოსთვისაც სასი­ცოცხლო მნიშვნელობისაა; უფრო სწორად, მასში უკრაინის გამარჯვება და პუტინის რუსეთის დამარცხება საქართველოს გრძელ­ვადიანი განვითარების და უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს. 

ევროპა
როგორც გითხარით, უკრაინა რომ მარტო საკუთარი კეთილდღეობისთვის, არსებობისა და გადარჩენისთვის არ იბრძვის, ამის თაობაზე არაერთი განცხადება გვაქვს მოსმენილი მსოფლიო ლიდერებისგან. „უმჯობესია, დავიწყოთ რუსული ენის სწავლა, თუ არ დავეხმარებით უკრაინას“- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ. „ეს არ შეეხება მხოლოდ უკრაინის მომავალს, არამედ მთლიანობაში ევროპისთვის ეგზისტენციურ საკითხს წარმოადგენს“ - არაერთხელ აღუნიშნავს თავის გამოსვლაში დიდი ბრიტანეთის პრემიერს, კირ სტარმერს. „რუსეთის დამარცხება უკრაინაში გადამწყვეტია ევროპის უსაფრთხოებისთვის“ - ეს სიტყვები საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს ეკუთვნის.

ომის პირველ დღეებსა და თვეებთან შედარებით, ევროპას, განსაკუთრებით გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთსა და საფრანგეთს, საყვედური ნამდვილად არ ეთქმით. პირიქით, რომ არა აშშ-სთან ერთად მათი დახმარება, უკრაინა დამოუკიდებლად ნამდვილად ვერ გაძლებდა რუსეთთან ბრძოლაში. თუმცა... გულწრფელად გეტყვით, ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ ფორმულირებას: „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“. თუ არ ჩავთვლით ბალტიის 3 ქვეყანას და პოლონეთს, რომლებიც იმთავითვე აცხა­დებ­დნენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთის დამარცხებისთვის, დემოკრატიული სამყარო საწყის ეტაპზე მაინც სულ გვიჩენდა ერთგვარ დანაკლისის განცდას; იკითხებოდა ბრძოლის ბოლომდე მიყვანისთვის საჭირო მზაობის არქონაც.

მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკა გარკვეულწილად შეცვლილია, მაინც არ არის ჯერ ჩამოყალიბებული და ქმედებებში გამოხატული მტკიცე რწმენა, რომ დიახ, რუსეთი უნდა დამარცხდეს; რომ პუტინი მხოლოდ ძალის პოზიციიდან ლაპარაკს სცემს პატივს, მხოლოდ მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მისი მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა და კაპიტულაციის იძულება. პუტინის რუსეთი ვერ დამარცხდება იმ ვითარებაში, როდესაც ერთ დღეს შორ მანძილზე მოქმედი გერმანული რაკეტების გამოყენების იმედი გაჩნდება, ოღონდ მერე გაფერმკრთალდება; მერე ისევ სხვა ფორმით თუ ცნობის სახით გამოგვეცხადება და ა.შ. აღარ მსურს იმის გახსენება, რამდენი დრო დაიხარ­ჯა თვითმფრინავების და, განსაკუთრებით, ტანკების მოწოდებაზე შეთანხმების მიღწევის პროცესში; ამერიკული შეიარაღებისა და სადაზვერვო მონაცემების გარეშე რომ ევრო­პას გაუჭირდება რუსეთის დამარცხება, ამას ნებისმიერი ევროპელი ლიდერი ღიად გეტ­ყვით, მაგრამ როდესაც საკითხი ამერი­კული შეიარაღების უკრაინისთვის მიყიდვაზე დგება, იქვე წინააღმდეგობაც ჩნდება. ჩვენ კი გვესმის გლობალური პოლიტიკის სპეციფიკურობები, მაგრამ აბა უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, გმირ მებრძოლებს აუხსნას ვინმემ, რატომ ვერ თანხმდება, მაგ., 155-მილიმეტრია­ნი ჭურვების ან „პეტრიოტის“ სის­ტემების შესყიდვა და უკრაინაში დროულად ჩატანა.

უკრაინის გმირულმა ბრძოლამ განაპირო­ბა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს რეალურად უყალიბდებათ მტკიცე პოზიცია შემდეგ საკითხზე: უკრაინის და საქართველოს 2008 წელს ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვე­ტილების მიღების შემთხვევაში 2008 და 2014 წლებში რუსეთის მხრიდან აგრესიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. მეტიც, ნატოელი მოკავშირეებისგან ხშირად მოისმენთ: უკრაინის, საქართველოს და, სავარაუდოდ, მოლდოვის ნატოში გაწევრ­იანებით რეალურად შესაძლებელი იქნება რუსეთის ახალი აგრესიის არდაშვება; თანაც, არა მომავალი წევრების მიმართ, არამედ მისი მოქმედი, შედარებით მცირე ზომის წევრი ქვეყ­ნების წინააღმდეგაც. ალბათ არ არსებობს ნატოს წევრი სახელმწიფოს სადაზვერვო და სამ­ხედრო-ანალიტიკური სამსახური, რომე­ლიც არ აცხადებდეს, რომ უკრაინაში წარმატების მიღ­წევის შემთხვევაში რუსეთი აუცილებლად განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს ევროპის სხვა ქვეყნების, პირველ ყოვლისა კი, ბალტიის სამი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასე რომ, არ უნდა უჭირდეთ დასკვნების გამოტანა, რა უნდა გააკეთოს ევროპამ უკრაინის გამარჯვებისა და პუტინის რეჟიმის დამარცხებისთვის.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ევროპამ, უწი­ნარესად, უნდა მოიხსნას პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შიში თუ კომპლექსი (ევროპასთან ერთად, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულმა შტატ­ებმაც); მიიღოს ყველა ზომა რუსეთის ეკონომიკის პარალიზებისთვის; მიმართოს ევროპულ ბანკებში გაყინული რეზერვები უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვასა და უკრაინის რეაბილიტაციაზე და ხელი შეუწყოს უკრაინის, მასთან ერთად კი საქართველოს და მოლდოვის სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ კავშირსა და ნატოში. მხოლოდ და მხოლოდ ურყევი ნების გამოვლინება კონკრეტულ ქმედებებში უზრუნველყოფს ევროპის და ევროატალანტიკური სივრცის გრძელვადიან უსაფრთხოებას. 

აშშ 
ძნელია, არ დაეთანხმო პრეზიდენტ ზელენ­სკის, რომელიც აცხადებს, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციას შეეძლო მეტის გაკეთება, მაგრამ, რომ არა პრეზიდენტი ბაიდენი, უკრაინა არსებულ დახმარებასაც კი ვერ მიიღებდა.

რა ხდება ახლა, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში? ამ სტატიას მკითხველი რომ იხილავს, იმედი მაქვს (ფრთხილი ოპტიმიზმი!), პრეზიდენტ ტრამპს უკვე ექნება მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ახალი, „დამანგრეველი“ სანქციების მიღების თაობაზე; მოწესრიგდება ევროპასა და აშშ-ს შორის უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და აშშ შეუფერხებლად განაგრძობს უკრაინისთვის სადაზვერვო სატელიტური ინფორმაციის მიწოდებას.

ევროპის ომებიდან დისტანცირება აშშ-თვის ისტორიულად არახალია, მაგრამ ახლა საქმე სხვა ტიპის გამოწვევებთანაც გვაქვს. აშშ ვერ შეატოვებს ევროპას რუსეთთან ბრძოლაში, თუკი მას გადაწყვეტილი აქვს, არ დაუშვას ჩინეთის გაბატონება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. აშშ-ს სჭირდება რუსეთის დამარცხებით დასრულებული ომი უკრაინაში, რათა ჩინეთს აღარ ჰქონდეს დამატებითი გათვლები ტაივანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებების გეგმებთან დაკავშირებით (მარკ რუტე აცხადებს, რომ ჩინეთს სურს უკრაინის ომში ევროპის და აშშ-ის მაქსიმალური ჩართულობა, რომ თავად ხელ-ფეხი გაეხსნას ტაივანზე თავდასხმის შემთხვევაში).

გასაგებია დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკა „დაუსრულებელ ომებში“ აშშ-ის არ/აღარ ჩართვასთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც კარგი „დილმეიქერი“, დონალდ ტრამპი ევროპასთან ახალი შეთანხმებების სრულფასოვნად ამოქმედების შემთხვევაში საკმაოდ მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება. ევროპული ფული ამერიკულ წარმოებაში დაიხარჯება, ამერიკული იარაღით კი რუსეთის დამარცხება გაცილებით რეალისტური იქნება. ვინ იცის, იქნებ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიასაც გამოჰკრას ხელი.

საერთოდ, როდესაც დემოკრატიული სამ­ყაროს ლიდერებისა და წამყვანი პოლიტი­კოსების განცხადებებზე, მათ გადაწყვე­ტილებებსა და ქმედებებზე ვსაუბრობთ, ყო­ველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი დიდი გულისყურით ეკიდებიან საზოგადო­ებრივ აზრს. უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებითაც ასეა: რომ არა ამ საკითხის მიმართ ამერიკელი საზოგა­დოების ჯერ კიდევ საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა, ვეჭვობ, თავად დონალდ ტრამპს და პოლიტიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობას როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან შეენარჩუნებინათ პრიორიტეტულ თემად უკრაინის სამხედრო დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ ხისტი ზომების გამოყენება.  

რაც შეეხება ჩინეთს, ის არ მალავს, რომ არ სურს უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ომში, თუმცა იმასაც აცხადებს, ჩვენ რომ ჩართული ვიყოთ, ომი დიდი ხნის დასრულებული იქნებოდაო  (ცხადია, იგულისხმება რუსეთის გამარჯვებით). ჩინეთს არ სურს რუსეთის დამარცხება, მაგრამ ამერიკული და ევროპული ბაზრებიც ძალიან ეძვირფასება. ამდენად, ჩინეთი შეეცდება უკრაინაში რუსეთის ომის „დაბალ ცეცხლზე“ შენარჩუნებას რუსეთისთვის ნახევარგამტარების მიწოდებით, რუსული ნავთობის და ბუნებრივი რესურსების სანქციების გვერდის ავლით მომგებიან ფასად შესყიდვის გზით. 
ირანი და ჩრდილოეთ კორეა ბოროტების ღერძის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ; მათ სჭირდებათ როგორც რუსეთის, ისე ჩინე­თის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა. ამიტომ, ვიდრე იქნება შესაძლებლობა, სულ ეცდებიან, მოითბონ ხელი ამ ომის ხარჯზე, თუნდაც ეს ჩრდილოეთ კორეას მისი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. 
და ბოლოს, 

რუსეთი
რუსეთი ფრონტის ხაზზე საზარბაზნე ხორცს მხოლოდ მაღალი ხელფასების სანაცვლოდ ინარჩუნებს და მაინც, ამ ტემპით თუ განაგრძობს, 84 წელი დასჭირდება მთელი უკრაინის დასაპყრობად. ახლა წარმოიდგინეთ, ათეულ და ასეულობით ათასი რუსი სამხედრო, შინ დაბრუნებული, ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე და ომის სინდრომით დატვირთული ფსიქიკით; მით უმეტეს, წაგებული ომის. ეს არის, რაც ერთ-ერთ კოშმარულ სიზმრად ევლინება პუტინს. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ პუტინს საყოველთაო მობილიზაცია ამ დრომდე არ გამოუცხადებია. ძალიან წამგებიანი და შიდაპოლიტიკური სტაბილურობის შენარ­ჩუნების კუთხით რისკიანი იქნებოდა მთე­ლი რუსეთის მასშტაბით მობილიზაციის გამო­ცხადება; ისტორია ადასტურებს ამას.

სრულმასშტაბიანი ომის პირველ წლებში რუსეთმა, სამწუხაროდ, ნამდვილად შეძლო ქვეყნის საომარ ეკონომიკაზე გადაყვანა და ამით კოლაფსის თავიდან აცილება; თუმცა სულ უფრო ხმამაღლა გაისმის წუხილები რუსეთის ეკონომიკისა და ბიზნესისთვის მოსალოდ­ნელი სირთულეების თაობაზე; მით უმეტეს, როდესაც ამაზე საუბრობენ ოფიციალური პირები ან/და ხელისუფლებასთან დაახლო­ვებული ბიზნესმენები. ფაქტობრივად, აღარა­ვინ უარყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კრიზისში შედის. ეს შეიძლება არ ნიშნავდეს სწრაფ კოლაფსს, მაგრამ აუცილებლად ნიშნავს მზარდ პრობლემებს პუტინისთვის და უკმაყოფილებას მოსახლეობაში.

სწორედ ამიტომ პუტინი იბრძვის გაძლებაზე, რომ შეძლოს დემოკრატიული სამყაროს დაყოლიება მისთვის სასარგებლო და უკრაინისთვის დამღუპველ პირობებზე. ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია. ამიტომ პუტინი რეალურად იბრძვის თავის გადარჩენისთვის. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაშიც თუ შევხედავთ და მხარეთა ეკონომიკურ შესაძელებლობებს ავწონ-დავწონით, ვლადიმერ პუტინი განწირულია ამ ომში მარცხისა და მისი პოლიტიკური დასასრულისთვის. ახლა რომ გაჩერდეს, აღმოჩნდება, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევა მან ვერ შეძლო და მილიონზე მეტი ადამიანი შესწირა ამ ომს; რომ არ გაჩერდეს, ახლო მომავალში შედეგი მაინც იგივე იქნება, ოღონდ კიდევ უფრო მეტად გაუარესებული ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობით.

პუტინს ეგონა, რომ მისი დიდი ოცნების - რუსეთის იმპერიისა და სტალინისდროინდელი საბჭოთა დიდების აღდგენისთვის იბრძოდა და ისტორიაში ასე შევიდოდა; აღმოჩნდა, რომ საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის იბრძვის. ასე იცის 25 წელი ხელისუფლებაში და ბუნკერში ყოფნამ.

დიდება უკრაინას! გმირებს დიდება! 

Articles

brand

Contact

20, Giorgi Akhvlediani str., 0108 Tbilisi, Georgia

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here