Rubric: Society

Journal Number 10




თანამედროვეობის ილუზია - ნაწილი 3: მოტივაცია vs დისციპლინა

Author : Irakli Laitadze 

დღეს ძალიან ხშირად საუბრობენ მოტივაციაზე და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ მოტივაციაა უმთავრესი ინსტრუმენტი მიზნის მისაღწევად. ამ პროცესში კი, რატომღაც, ნაკლები ყურადღება ეთმობა დისციპლინას.

მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ის სასტარტო პოზიციაა. ამავე დროს, მოტივაცია წარმავალი და ეფემერულია: დღეს გაქვს მოტივაცია, ხვალ არ გაქვს, ზეგ ისევ გაქვს, მაზეგ - ისევ არა და ა.შ. მოტივაცია, განსხვავებით დისციპლინისაგან, ემოციაა და პრაქტიკულად შეუძლებელიცაა ემოციის მუდმივი შენარ­ჩუნება. ამავე დროს კი, დისციპლინა აზროვნების შედეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ  გონების ძალით მისი გამომუშავება შეიძლება. მოტივაცია გვაწყებინებს საქმეს (იქნება ეს ბიზნესპროექტი, ფიზიკური ვარჯიში, სიგარეტისთვის თავის დანებება და უამრავი სხვა რამ), მაგრამ დისციპლინა გვამთავრებინებს ამ საქმეს. მოტივაცია დაგვისვამს მიზანს, მაგრამ დისციპლინა იმუშავებს მის შესრულებაზე. დისციპლინაზე შენს განწყობას, ხასიათს თუ ემოციას გავლენა არ აქვს - მე დღეს, რაც არ უნდა იყოს, ვდგამ ამ პატარა ნაბიჯს, ხვალ ისევ, ზეგ ისევ და ა.შ. მოტივაცია პოპულარულია, რადგან მოტი­ვაციის ეიფორიაში ყოფნა სასიამოვნოცაა და ადვილიც. საზოგადოებაში, სადაც თითქმის ნორმაა მყისიერი დაკმაყოფილების, მყისიერი შედეგის მოლოდინი, სადაც იშვიათია რუტინა და თანმიმდევრულობა - დისციპლინა არ არის პოპულარული, რადგან ის მოითხოვს სისტემატურ ძალისხმევას.

როდესაც დაღლილობა, შიში და ეჭვი მოვლენ (და ისინი აუცილებლად მოვლენ და თან არაერთხელ), მაშინ მოტივაცია პრაქტიკულად უძლურია მათ წინააღმდეგ. მათი მომგერიებელი მხოლოდ დისციპლინაა, რუტინა, რომელიც ყოველდღიური ბევრი პატარა ნაბიჯისა და ქმედებისგან შედგება. ჩემი აზრით, 90% იმათგან, ვინც ჰყვება, თუ სულ როგორი მოტივირებულია თავის საქმეში -  შეგნებულად თუ შეუგნებლად, არ ამბობს სიმართლეს. სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ შეუძლებელია ადამიანი გაუჩერებლივ - დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე - მოტივირებული იყოს. ძალიან, ძალიან ხშირად ადამიანს არ მოსწონს თავისი სამსახური, თავისი საქმე და ამ დროს რომელიმე ბიზნესმენტორი მოუწოდებს, რომ მან თავი უნდა დაანებოს სამსახურს, ნახოს სხვა სამსახური ან დაიწყოს თავისი ბიზნესი. რატომღაც ამ თვითდანიშნულ მასწავლებლებს ავიწყდებათ, რომ ადამიანებს, თავისუფლების გარდა, აქვთ პასუხისმგებლობა (პირველ ყოვლისა, მათზე დამოკიდებული ხალხის მიმართ). ეს მენტორები ხშირად ასევე არ/ვერ ამბობენ ან ვერ იაზრებენ, რომ პასუხისმგებლობა თავისუფლების მედლის მეორე მხარეა. დისციპლინა გვაიძულებს წინსვლას და მუშაობას იმ დროს, როდესაც შენი მოტივაცია, ცნობისმოყვარეობა და აღტაცება აორთქლებულია. ჩემს ერთ მაგალითს მოგიყვებით, რომელიც, მგონი საკმაოდ მკაფიოდ ასახავს და გამიჯნავს ერთმანეთისგან მოტივაციას და დისციპლინას.

რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე ამეს­რულებინა ბავშვობის ოცნება და ავსულიყავი კილიმანჯაროს მწვერვალზე (ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ ერნესტ ჰემინგუეის წიგნი წავიკითხე „კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალები“. მერე კი ამავე სახელწოდების ფილმი ვნახე, ჰოლივუდის ოქროს ეპოქის კინო, სადაც გრეგორი პეკი და ავა გარდნერი კაშკაშებდნენ). მწვერვალზე ასვლის გადა­წყვეტილების მიღებამდე საკმაოდ მომა­ტებული ვიყავი წონაში და ვერაფრით მიმ­ყავდა ბოლომდე ათასნაირი დიეტა. ვარ­ჯიშზე ხომ საუბარიც ზედმეტია. როგორც კი გადავწყიტე კილიმანჯაროზე ასვლა, მაშინ დაიწყო ყველაფერი. ვიცოდი, რომ ამ წონით მთაზე ვერ ავიდოდი. 6 თვე მოვანდომე წონაში დაკლებას და სისტემატურ ფიზიკურ ვარჯიშს. შემდეგ კი წავედი ტანზანიაში და ავედი კილიმანჯაროზე. კილიმანჯაროს მწვერვალზე ასვლა იყო ჩემი მოტივატორი, მაგრამ ექვსთვიანი დიეტა და სისტემატური ვარჯიში - მხოლოდ დისციპლინის შედეგი.  ბევრჯერ  გამქრობია მთაზე ასვლის მოტივივაცია და ამ დროს მხოლოდ დისციპლინა მიმერეკებოდა დიეტის დაცვისა და ვარჯიშისკენ.

ყოველდღიური დისციპლინა ამარცხებს წაგების შიშს, გაღარიბების შიშს, ცუდ მშობლად ყოფნის შიშს, სიზარმაცეს, პრაქტიკულად ყველაფერს ამ ცხოვრებაში. დისციპლინა იწვევს ჩვევების გამომუშავებას და ეს უკვე აადვილებს ბევრ რამეს.   დისციპლინა ახშობს წარმატებით (ვისაც როგორ გვესმის „წარმატება“) გამოწვეულ ქედმაღლობას, აჩერებს იმპულსურ საქციელს. დისციპლინის გამომუშავება და მისით მოქმედება - იმ დროს, როდესაც მიმდინარე რუტინა უაზროდ გვეჩვენება -  მიზნის მიღწევის პრაქტიკული გარანტორია.

როდესაც ჩვენ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, ვერ ვერევით საქმეს - ეს ნაკლებად უკავშირდება ჩვენს გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობას ან დროის დეფიციტს. ეს უფრო დისციპლინის არქონის და ნებისყოფის უკმარისობის შედეგია. გავიხსენოთ, რა თქვა რომის იმპერატორმა და სტოიკოსმა ფილოსოფოსმა, მარკუს ავრელიუსმა: „ნებისმიერი რამ, რაც შესაძლებელია ადამიანისთვის, შესაძლე­ბელია შენთვის“.  

Articles

brand

Contact

20, Giorgi Akhvlediani str., 0108 Tbilisi, Georgia

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here