„უდელის“ ქარხანა, ვერა და მთაწმინდა

Author : Nana Kalandadze 

რაც თავი მახსოვს, თბილისში, მთაწმინდაზე, ვცხოვრობ და როდესმე რომც გამოვიცვალო სახლი, მაინც მთაწმინდაზე ვიცხოვრებ სულით, გულით, გონებით. არადა, კინაღამ ვერელად დავიბადე. აი, როგორ იყო ეს ამბავი:

დედაჩემი გვარად ფეიქრიშვილი იყო. ის­ტორია გვიამბობს, რომ  სამას არაგველთაგან უმრავლესობა ამ გვარის შვილი ყოფილა. მათი მებრძოლი სულის დასტურად უნდა მოვიხსენიოთ  თინა წავკისელიც, რომელიც გვარად ასევე ფეიქრიშვილი იყო.  კახეთშიც მრავლადაა ეს გვარი, ის კი არა, კახელები ჰგონია ბევრს, არადა, მშვენიერი, დარბაისელი მესხეთიდან არიან წარმოშობით, კერძოდ, ასპინძის მხარეში სოფელი ხიზაბავრა რომ არის, იქიდან.  ამ სახელის მქონე ტოპონიმი ლაგოდეხისკენაც არის, რაც, სავარაუდოდ, სამცხედან გამოიყოლეს ფეიქრიშვილებმა. 

ერთი სიტყვით, ამ გვარის ნაწილი თბილისთან, წავკისში, დასახლებულა, მემინდვრეობისთვის, მეტწილად კი ყვა­ვილებისა და სხვა ხე-მცენარეების მოშენები­სთვის მიუყვია ხელი და წალკოტად უქცევია ოდესღაც თამარის საზაფხულო სავანე და ციციშვილების მამულები.  

რას წამოუყვანია ფეიქრიშვილები და ქართლსა და კახეთში გაუბნევია, ალბათ სადმე, ისტორიაში, წერია. მე კი იმას გეტყვით, რომ წავკისელები, ცოტა არ იყოს, გაუკვირვებია ახალი გვარის ხალხის „სხვანაირობას“.  ეს ქართველები ჯვარს ატარებდნენ, მაგრამ მათ ეკლესიაში არ დადიოდნენ და თუ დადიოდნენ, პირჯვარს პირიქით იწერდნენ... საჭმელს ცოტა განსხვავებულად ამზადებდნენ... ყვავილებს „სხვა მეთოდით“ ზრდიდნენ...კაცმა რომ თქვას, რა არის გასაკვირი, ყველა კუთხეს ცხოვრებისა და ყოფის საკუთარი წესი აქვს. მაგრამ აქ „არააქაური“ რელიგიური ტრადიციების გავ­ლენა ყოფაზეც იგრძნობოდა.

ისტორიულად, საქართველოს კათოლიკურ სამყაროსთან ჯერ კიდევ VI საუკუნეში (იქნებ უფრო ადრეც) ჰქონდა კონტაქტი, თანაც საკმაოდ მჭიდრო და საქმიანი.  XIV საუკუნეში თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო დაფუძნდა, XVII საუკუნიდან კი იტალიელი და ფრანგი მისიონერების გავლენამ პოლიტიკური მაჯისცემაც კი შეცვალა საქართველოში. თუმცა, ეს არ არის ჩემი თემა. იმის თქმა მინდა, რომ,  ევროპელი მისიონერების გავლენით, სამცხე-ჯავახეთის  მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კათოლიკური ქრისტიანობის მაღიარებელი გახდა, გიორგი XI-სა და სულხან საბა ორბელიანზე რომ აღარაფერი ვთქვათ... ამ ფაქტმა გარკვეულწილად გავლენა მოახდინა მესხების ცხოვრების სტილსა და ხასიათზე. ხალხში მათ „ფრანგებსაც“ ეძახდნენ. ეს კი არადა, სამზარეულოსა და კულინარიაშიც „დაუბერა“ ევროპულმა ნიავმა. რა დამავიწყებს ახალციხელი დეიდა მარო ფეიქრიშვილის ნამცხვრებს, უზარმაზარი ყუთით რომ უგზავნიდა თავის ქალიშვილს, გულიკოს (მისი გვარი ზუბაშვილია, რომელიც, ისევე როგორც ზუბალაშვილი, კათოლიკურია), სტუდენტობისას ჩვენთან რომ ცხოვრობდა. პირველად მაშინ გავსინჯე „კრუასანი“, რომელსაც ზუსტად ფრანგული რეცეპტით აცხობდა ეს არაჩვეულებრივი ქალი, თუმცა წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა ამ შედევრის სახელზე და „რაჟოკს“ ან „რაგალიკს“ ეძახდნენ, რუსულ „ფილტრში“ გავლით...    

ამ კუთხით ჩემი ვერსია მაქვს ბორჯომის ცნობილ ნამცხვრებზეც, დანარჩენი საქართვე­ლოს საკონდიტრო ნაწარმისაგან რომ ნამ­დვილად განსხვავდებოდა შინაარსითაც და ხარისხითაც.    იქნებ  სამცხე-ჯავახურმა რეცეპტებმა და დამზადების  „ფრანციცულ-ევროპულმა“ ტრადიციამ იქაც ჩამოაღწია? არც ისე შორია... თუმცა, რა ვიცი... დღეს იმ საკონდიტრო ნაწარმის შთამომავლობას „ლოვიკას ნამცხვრები“ ჰქვია... სიტყვა კი გამექცა, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ ბაბუაჩემიც, როგორც სამცხელების შთამომავალი, კათოლიკურად ყოფილა მონათლული.  თუმცა, მისი და-ძმებისაგან განს­ხვავებით, მართლმადიდებლობა მიუღია. დიდი ეჭვი მაქვს,  ბებიაჩემზე შეყვარე­ბულმა გადადგა ეს ნაბიჯი.  სხვათა შორის, წავკისში ერთი პატარა ბაზილიკა დგას სოფლის გზის გასაყარზე. დედა ამბობდა, მას ფეიქრიშვილების ეკლესიას უწოდებენო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სოფელში დასახლებულები თანდათან გადმოდიოდნენ ცხოვრების „აქაურ“ ყაიდაზე.

წავკისელები დღესაც განაგრძობენ  წინაპრებისგან გადმოცემულ სამებაღეო საქმიანობას. თბილისის ყვავილების ბაზრის უზარმაზარი წილი სწორედ წავკისზე მოდის. მართალია, ამ საქმიანობამ მკვეთრად კომერციული ხასიათი შეიძინა, ზედმეტად გააბიზნესეს, რამაც იქაურების მიმართ მოსაყვედურეც ბევრი გააჩინა, მაგრამ ამ მშვენიერ სოფელში აუცილებლად შეხვდებით ნამდვილ, პროფესიონალ მებაღეებსაც, რომელთაც ხელოვნების რანგში აქვთ აყვანილი ყვავილების მოშენება და მოვლა. ჰოდა, ამ ხალხის შთამომავალი ბაბუაჩემისგან რა გასაკვირი იყო, რომ ბაღებით და ყვავილებით ყოფილიყო გატაცებული, მით უმეტეს, რომ ხატვაც ხელეწიფებოდა თურმე და გემოვნებაც არ ღალატობდა.  

1896 წელს საუფლისწულო უწყების „უდელის“ ღვინის სარდაფის აშენება რომ გადაუწყვეტიათ, თბილისის მაშინდელი გარე­უბნისთვის - დღევანდელი მელიქიშვილის ქუჩისთვის დაუდგამთ თვალი და მალე გან­უხორციელებიათ კიდეც ჩანაფიქრი. თბი­­ლი­სის მაშინდელ არქიტექტორს, ალექ­სანდრ ოზეროვს, ძალიან მოსწონებია შემაღ­ლებული ადგილი და დაუპროექტებია კიდეც შენობა, თანაც  ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების  ტრადიციების გამოყენე­ბით. ამ დანიშნულების მშენებლობა ვის უნდა დაეფინანსებინა, თუ არა დავით სარაჯიშვილს? შენობა საკმაოდ დიდი იყო სასარდაფედ, ამიტომ მალე მასში ღვინის პირველი ქარხანა გაუმართავთ, სადაც მერე, წლების განმავლობაში, აწარმოებდნენ ქართულ ღვინოს. ქარხანა კი მუშაობდა მშვენივრად, მაგრამ შენობა იდგა რაღაცნაირად განმარტოებული, მოტიტვლებულ გორაკზე და სევდიანად გადაჰყურებდა ვარაზის ხევს. ტერიტორია უნდა გაემწვანებინათ, ჰოდა, ბაბუაჩემიც სწორედ ამ საქმიანობით მოხვედრილა ქარხანაში. დღევანდელურად რომ ვთქვათ, ჩემს ლანდშაფტის დიზაინერ ბაბუას მშვენიერი ბაღი გაუშენებია, მაგრამ იქაურობას მუდმივი მეთვალყურე ხომ  სჭირ­დებოდა? არც ისე ადვილი იყო ყოველდღე სოლოლაკიდან „იმ სიშორეზე“ სიარული და ბაბუა ლამის გადასახლდა ქარხანაში. მოგვიანებით გაიცა თბილისის გარეუბნების ათვისების ბრძანება. ქარხნის ახლომახლო თანამშრომლებისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე სახლები უნდა აეშენებინათ და ქალაქური იერი მიეცათ  ტურების კივილით აკლებული ვარაზის ხევის მიდამოებისათვის. თანაც მოპირდაპირე მხარეს უკვე სათავა­დაზნაურო გიმნაზიის (შემდგომში სახელ­მწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის) მშენებლობა იყო გაჩაღებული. ბაბუასაც, როგორც ქარხნის მუშაკს, გამოუყვეს  საკარ­მიდამო ნაკვეთი, თუმცა სახლის აგება ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდებოდა. ამიტომ ოჯახი სოლოლაკში ცხოვრობდა. დედა და მისი და-ძმაც იქ გაიზარდნენ და სკოლაც იმ უბანში დაამთავრეს.  

მერე ვერის სახლიც აშენდა და სოლო­ლაკელი ფეიქრიშვილების ოჯახი საცხო­ვრებლად ვარაზის ხევში გადავიდა. ბევრი უბუზღუნია ბებიას, მშვენივრად ვცხოვ­რობდი ქალაქში, ახლა სულ ტრამვაით როგორ ვიჩაქჩაქო ამხელა მანძილზეო, მაგრამ ძალიან მალე შეჰგუებია ახალ უბანს და მეზობლებს. ბაბუა კი მუშაობდა „უდელის  “ქარხანაში და თავს ევლებოდა ყოველ ნერგს, ხეს და ბუჩქს. მერე, როცა დედა და მე ჩავუვლიდით ხოლმე ქარხანას, ხშირად ამბობდა, იმ ეზოში რომ ხეები შრიალებს, მგონია მამაჩემის სუნთქვა მესმისო...

ვარაზის ხევის უბანი ნელ-ნელა ივსებოდა შენობებით და ქალაქის იერს იღებდა. დედაჩემის სახლის გადაღმა (დღეს რომ ნიკოლაძის და შარაშიძის ქუჩებია) ახა­ლმშენებლობა იყო გაჩაღებული. იმ სახლე­ბიდან  ერთ-ერთში მოგვიანებით მამაჩემის ოჯახის წევრები დასახლებულან, თუმცა მაშინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ იქვე, სულ ახლოს, მცხოვრები გოგო ერთ დღეს მათი ბინის კარს შეაღებდა რძლის სტატუსით...

მამაჩემის და კალანდაძეების მთავარი საცხოვრებელი ადგილი და ფუძე ჩოხატაური იყო. მერე ოჯახის დიდი ნაწილი წამოვიდა თბილისში.  ციმბირიდან დაბრუნებული  მამა­ჩემი კი ახალი ოდის მშენებლობას შეუდგა გურიაში. ალბათ იქ დაფუძნება უნდოდა, მაგრამ მეორე გადასახლებიდან, მოგეხსენებათ, დაოჯა­ხებული დაბრუნდა და თბილისში დარჩენა ამჯობინა. თუმცა, ყაზახეთიდან ჩამოსულებს ვერ დახვდათ კარგი ამბავი: ფეიქრიშვილების  სახლში მთავრობას სხვა ოჯახი შეესახლებინა, ჩვენებისათვის კი ეზოს უკანა მხარეს გამავალი ოთახი და ერთი ბეწო დერეფანი გამოუყვიათ პირველ სართულზე. ავეჯსა და ნივთებზე ვინღა ლაპარაკობს, პატრონების არყოფნაში სრულიად გაეფანტათ და დაენაწილებინათ. დარჩნენ ამ ბნელი „ბინის“ და იქ შემორჩენილი ორიოდე ნივთის ამარა.
ბაბუას ქარხნის ადმინისტრაციისათვის მიუმართავს, თქვენი უწყების სახელით იქნებ დამეხმაროთო. ქარხანას მხრები აუჩეჩავს, ტერიტორია კი გამოგიყავით (სხვათა შორის,  საბუთი არსებობს, რომ ამ ტერიტორიის გარკვეული ფართი ბაბუაჩემს ეკუთვნოდა,მაგრამ...), მაგრამ  რა უფლება გვაქვს საყოფაცხოვრებო საკითხებში ჩავე­რიოთო. სინამდვილეში, მიზეზი ნათელი იყო: 1953 წელს, სტალინის სიკვდილის მერე, ხალხის საქართველოში დაბრუნება მათ სრულ რეაბილიტაციას როდი გულისხმობდა. სანამ ახლიდან არ გადაქექავდნენ  საბუთებს, სანამ კიდევ ერთხელ არ გადაღეჭავდნენ მათ ცხოვრებას, ვინ აღირსებდა სრულფასოვანი მოქალაქის სტატუსს? ამიტომ, მგონი, იმ ქეციან ოთახსაც ამადლიდნენ და წარამარა ახსენებდნენ, რომ  სხვა „ხალხის მტრებს“ ესეც სანატრელი აქვთო.  ამასობაში ამდენი ნერვიულობისა და შეურაცხყოფის გადამტანი ბებია და ბაბუა ლამის ერთმანეთის მიყოლებით გამოესალმნენ წუთისოფელს...

1956 წელს, როგორც იქნა, დაადგათ საშველი და დედამ და მამამ სარეაბილიტაციო ქაღალდი მიიღეს, სადაც ეწერა მეტად მნიშვნელოვანი ორი სიტყვა: „პოლნოსტიუ  რეაბილიტიროვან“!

ჩემმა მშობლებმა მეტი სტიმულით განაგრძეს სახლის დასაბრუნებლად ბრძოლა, ორიოდე ოთახის მაინც. მაგრამ ამასობაში სულ სხვაგავარად მოტრიალდა ვითარება: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საერთოდ „მოეწმინდათ“  ის ადგილი და ახალი, ხუთსართულიანი სახლი წამოეჭიმათ ჩვენების და მათ მეზობლად არსებული სახლების ადგილზე, იმ ტერიტორიის მაცხოვრებლები კი დაეკმაყოფილებინათ არსებული ფართის გათვალისწინებით. დაახლოებით მიხვდით ალბათ, ლაპარაკია ყოფილი „ჩაის სახლის“ გვერდით არსებულ  თაღიან შენობაზე. ჰოდა, იმ სახლს მარტო ფასადი ხომ არ აქვს? შიდა ეზოც ხომ მას ეკუთვნის და ჩვენებისთვის სწორედ იმ შიდა მხარეს,  ბნელი და კლდის ყრუ კედელზე აკრული ორი ოთახი მიუციათ.  

შესაძლოა დიდი არა, მაგრამ მაინც სრულფასოვანი კარ-მიდამოს სანაცვლოდ ორ ბნელი ოთახი კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო ოჯახისათვის, რომელსაც კარგა ხანს მოუწია „ხალხის მტრის“  სახელის ტარება იმ წევრების გამო, რომელთაც დიადი საბჭოთა კავშირი „გახრწნილ კაპიტალისტურ“ ქვეყნებზე გაცვალეს.  საფრანგეთის და ბავარიის მიწაზე თავისუფლად მოარული „დამნაშავეების“  გულში კი, ვინ იცის, რა დარდი და ტკივილი ტრიალებდა... დანგრეულ სახლს რაღა დააბრუნებდა, მაგრამ დედას და მამას იმის მცირე იმედი მაინც ჰქონდათ, რომ უკეთეს პირობებს „მოიპოვებდნენ“.

ერთ მშვენიერ დღესაც მამას შეატყობინეს, აღმასკომში გიბარებენო. მისთვის სრულიად ჩვეული ამბავი იყო ნაირნაირ ინსტანციაში დაბარება, გამოკითხვა, კონტროლი, გაფრთხილება და ა.შ., ამიტომ ისე წავიდა, როგორც სამსახურში. მისდა გასაკვირად, ერთი შორეული ნათესავის კაბინეტში ამოყო თავი. იმ დალოცვილ ადამიანს ყური მოუკრავს, ესა და ეს ოჯახი ბინას ითხოვსო და ერთი აზრი გასჩენია: მთაწმინდაზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ დიდ ოჯახს გაფართოება უნდა და იქნებ ორმაგი გაცვლით იმ ბინაში მოგახვედროთ, ძველი სახლი კია, მაგრამ დიდი და ნათელი ოთახებია და, რაც მთავარია, საკუთარი სანკვანძი და სათავსოები აქვსო. ეს უკანასკნელი ფაქტი მკვეთრად ხაზგასმული იქნა, რადგანაც, მოგეხსენებათ, იმ დროს ე.წ. „კომუნალკებში“ ცხოვრება ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

დედას, რასაკვირველია, ახლად აშენებული სახლი ერჩივნა, მაგრამ მაშინდელი მთავრო­ბის მიერ ნაწყალობევი ოთახების სივიწროვ­ისა და უმზეობისაგან იმდენად შეწუხებული იყო, სასახლედ მოეჩვენა მთაწმინდის ბინა და საქმეც გაიჩარხა. (მე რომ მკითხოთ, ეს ბინა მეორე უკიდურესობაა თავისი განათებით. საქმე ის გახლავთ, რომ ოდესღაც აქ სკოლა ყოფილა და კარ-ფანჯრის ასეთი რაოდენობაც ამით აიხსნება.) მოკლედ, ორი ფართო  და ერთი მცირე ოთახი ოთხმეტრიანი ჭერით, „კაფელის ფეჩით“, საკუთარი სამზარეულოთი და სველი წერტილებით,   სადარბაზოდან საკუთარი და არა „კორიდორული“ შესასვლელით იმხანად შესაშურიც კი გახლდათ.

დასახლდნენ, დაფუძნდნენ და 1958 წლის 12 ოქტომბერს მეც გამოვჩნდი მათ ცხოვ­რებაში. 

Articles

brand

Contact

20, Giorgi Akhvlediani str., 0108 Tbilisi, Georgia

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here