Rubric: Politics

Journal Number 10




პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არ არის ევროპული - ხედვა ნიდერლანდებიდან

Author : Jelger Hrunveld 

გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართ­ველოს პოლიტიკური ლანდშაფტის „გაჯან­სა­ღების“ პირობა დადო. აღნიშნული დაპი­რების სულისკვეთება არც პარტიათა ფუ­ნ­­ქ­ციონირებისა და მათი კომუნიკაციის სტი­ლის გაუმჯობესება ყოფილა და არც - აღ­ნიშნული მიზნის მისაღწევად მეტი საე­რ­თაშორისო დახმარების შეთავაზება. პირიქით - და დაპირების საწინააღმდეგოდ - ღიად გულისხმობდა, რომ პარტიების ფართო სპექტრი საერთოდ უნდა გამქრალიყო პო­ლიტიკური ველიდან. „გაჯანსაღებაზე“ საუ­ბრისას „კიბოს ამოკვეთა“ იგულისხმებოდა. სწორედ ასე წარმოაჩინა „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის უმეტესი ნაწილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარტიები უნდა აკრძალულიყო არა გონივრული სტანდარტითა და და რეალური საფრთხის ანალიზზე დაფუძნებული ქი­რურგიული სიზუსტით, არამედ „ბლაგვი ნა­ჯახით“, მკაფიოდ განსაზღვრული კეთილ­სი­ნდისიერი კრიტერიუმების გარეშე. ერ­თადერ­თი კრიტერიუმი წინა ხელის­უფ­ლების წევრობა და მოქმედის მიმართ წინააღმდეგობაა, რო­მელთა მთავარი მნიშვნელი დასავლური ინტე­გრაციის მხარდაჭერაა.

„ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმო­მადგენელი ამ იდეას ამართლებდა იმით, თითქოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ევროპაში საკმაოდ გავრცელებული და მი­­­ღე­ბული პრაქტიკაა, რითაც იმაზე მი­ანი­-შნებდნენ, რომ ევროპული დემოკ­რატი­ები ასე ფუნქციონირებენ. ამ გზით ის­ინი თავიანთ ამომრჩეველს უმტკი­ცე­ბდ­ნენ, რომ პოლიტიკური წმენდა, როგორც ეს მათი საარჩევნო კამპანიით იყო გათვა­ლისწინებული, დემოკრატიულია. მაგრამ როცა ეს საკითხი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გულდასმით შეისწავლეს, მთლიანად უარყოფილ იქნა მოსაზრება, თითქოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გავრცელებული პრაქტიკაა ევროპის ისეთ დამკვიდრებულ დემოკრატიებში, რო­გო­რებიცაა გერმანია, ნიდერლანდები ან გაერთიანებული სამეფო. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ თეა წულუკიანის ხე­ლმძღვანელობით შექმნილი კომისიის მე­შ­ვეობით განაგრძო თავისი გეგმის გან­ხორციელება. გეგმისა, რომლის მიზანია, მოა­მზადოს გზა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და დაუსაბუთებლად მის სატე­ლიტ პარტიებად გამოცხადებული პარტიების პოლიტიკური სპექტრიდან ჩამოსაშორებლად. ამის მიღწევა კი საკონსტიტუციო სასამართ­ლოს მეშვეობით მათი არაკონსტიტუციურად გამო­ხადებით იგეგმება.

თუმცა რამდენად გავრცელებულია ეს პრა­ქტიკა, მაგალითად, ნიდერლანდებში, კარ­გად ჩამოყალიბებულ მრავალპარტიულ დემო­კრატიაში, პარტიების ფართო სპექტრითა და კოალიციურ მთავრობათა ცვლილების ხან­გრძლივი ტრადიციით? როგორ მუშაობს ეს სა­მართლებრივი თვალსაზრისით?

„ქართული ოცნების“ კომენტარების საპა­სუხოდ ჩატარებულმა მიმოხილვამ აჩვე­ნა, რომ ბოლო 80 წლის განმავლობაში ნი­დერლანდებში მხოლოდ ოთხი პარტია აი­კრძალა. ყველა მათგანი დაკავშირებული იყო ნაციზმთან ან ნეონაციზმთან.

ჰოლანდიური კოლაბორაციონისტული ნა­ცის­ტური პარტია NSB დევნილობაში მყოფი მთავრობის მიერ მეორე მსოფლიო ომის ბოლო წელს, ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილის განთავისუფლების შემდეგ,  გასაგები მიზეზების გამო აიკრძალა. ამის შემდეგ, მალევე, 1950-იანი წლების დასაწყისში, აიკრძალა SS-ის ყოფილი პოლკოვნიკის მიერ დაარსებული ნეონაცისტური პარტია. 1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების შუა ხანებში, როცა თქვენი მონა-მორჩილი  ზრდასრულობის ასაკში შედიოდა, გამოჩნდა რა­მდენიმე ულტრამემარჯვენე, ნეონაცისტური პარტია, რამაც გამოიწვია დებატები მათი შესაძლო აკრძალვის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიებს არ ჰქონდათ დიდი გავლენა არჩევნებზე, ბევრი ადამიანისთვის ეს ტრავმული დროის გახსენება იყო. აღმოჩნდა, რომ სურვილის შემთხვევაში პარტიის ასაკრძალად საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩო არ არსებობდა. ნიდერლანდების ხალხის კავშირი (Nederlandse Volks-Unie, NVU) 1978 წელს აკრძალული იყო გაერთიანების შესახებ კანონის საფუძველზე, მაგრამ მისი დაშლა ვერ მოხერხდა. ის დღესაც არსებობს, თუმცა რეალური პოლიტიკური გავლენის გარეშე.

სამართლებრივმა შეზღუდვებმა ბიძგი მის­ცა დისკუსიას კანონმდებლობაში ცვლილე­ბების შეტანის თაობაზე. 1980-იანი წლების ბოლოს აკრძალვა ცალსახად გულისხმობდა ლიკვიდაციას, თუმცა პარლამენტი ამგვარი მექანიზმის გამოყენებისგან თავშეკავებას ით­ხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯე­რად აკრძალვა შესაძლებელი იყო, თუ ორგანიზაციის საქმიანობა ან მიზნები ეწი­ნააღმდეგებოდა საზოგადოებრივ წესრიგს, განმარტებით ბარათში აკრძალვის საკითხი ცალსახად უკავშირდებოდა რასობრივ დის­კრიმინაციას და მის სხვა ფორმებს, მათ შორის „სიძულვილის გაღვივებას და გამო­ხატვის ფორმებს, რომლებიც  აკრძალულ დისკრიმინაციას მოიცავს“. 1980-იან წლებში მეორე მსოფლიო ომის აჩრდილი ჯერ კიდევ არ ასვენებდა ჰოლანდიურ საზოგადოებას, რადგან ომი პირდაპირ ასოცირდებოდა დი­სკრიმინაციასა და რასიზმთან.

ამ ცვლილებების მიღებიდან დღემდე, ფაქ­­ტობრივად მხოლოდ ერთი პარტია აიკ­რძალა და დაიშალა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში არ ხდება კანონმდებლობის განახლება. 2019 წელს შინაგან საქმეთა და სამეფო ურთიერთობების მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა, პარტია D66-დან წარადგინა კანონპროექტი პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც პარლამენტს განსახილველად 2025 წლის მაისში გადაეგზავნა, მას შემდეგ, რაც მან საჯარო კონსულტაციების ციკლი და სახელმწიფო საბჭოს  საფუძვლიანი შემოწმება გაიარა. კანონპროექტი, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების დამოუკიდებელი (სამართლებრივი) სტატუსის განმტკიცებას, ხოლო, მეორე მხრივ, საპარლამენტო დემო­კრატიისა და პოლიტიკური პარტიების მდგრა­დობის გაძლიერებას. თუმცა ის ასევე შეიცავს დებულებას პარტიების აკრძალვის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს აქამდე არსებულ კრიტერიუმებს. კანონპროექტის თა­ნა­ხმად, პოლიტიკური პარტია შეიძლება აიკ­რძალოს და დაიშალოს უზენაესი სასამარ­თლოს მიერ გენერალური პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე, თუ თავისი მიზ­ნებითა და საქმიანობით ის „რეალურ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიული კონსტიტუციური სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს“. კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ ეს ფუნდამენტური პრინციპები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს პერიოდული თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ფარული კენჭისყრით, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებას, ფუნდამენტურ უფლებებს, ხელისუფლების და­ნაწილებასა და დამოუკიდებელ და მიუკერ­ძოებელ სასამართლოს.

პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწი­ფოს ფუნდამენტურ პრინციპებზე ფოკუსირება მიზნად ისახავს დემოკრატიული პარადოქსის გადაჭრას: არ დაუშვას დემოკრატიული, სა­მარ­თლებრივი სახელმწიფოსთვის ძირის გა­მო­თხრა პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული პროცესის ბოროტად გამო­ყენების გზით. ამ ჩარჩოს ფარგლებში უზენაესმა სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს, ნამდვილად უქმნიან თუ არა პოლიტიკური პარტიები საფრთხეს დემოკრატიულ მმარ­თველობას, მათ შორის, მან უნდა გაი­თვალისწინოს პოლიტიკური პარტიის მიერ განხორციელებული ფაქტობრივი (პო­ტენციური) გავლენის ხარისხი. ამის მიზანია, რომ აკრძალვა გამოყენებულ იქნას მხოლოდ რეალური აუცილებლობის შემთხვევაში, ფაქ­ტობრივი საფრთხის პროპორციულად. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან ფაქტორს წარ­მოადგენს ნიდერლანდებში, რომელსაც 150-ადგილიანი ქვედა პალატისთვის აქვს სრულად წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემა ყოველგვარი საარჩევნო ბარიერის გარეშე.  მრავალპარტიული კოალიციური მთავ­რობები სტანდარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ცალკეული პარტიის რეალური გავლენა შეზღუდულია. ანტიდემოკრატიული ტენდენციების მქონე პარტიების არჩევა შედარებით მარტივად შეიძლება, თუმცა ასეთ პარტიას გაუჭირდება რეალური გავლენით სარგებლობა. ნიდერლანდების პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური წარმომადგენლობის დაბალი ბარიერითა და ორპალატიანი პარლამენტით, რომელიც გამყარებულია კონსტიტუციით, რომლის შეცვლა არც თუ ისე მარტივია, თავად წარმოადგენს გარანტიას იმისა, რომ ანტიდემოკრატიული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ დამოუკიდებლად ვერ განხორციელდება.

ნიდერლანდებისგან განსხვავებით, საქარ­თველოში საარჩევნო სისტემამ ხელი შეუწყო ძალაუფლების ხანგრძლივ კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში, რომელიც ახორციელებდა და აფართოებდა კონტროლს ხელისუფლების ყველა შტოზე, რითაც არ­ღვევდა ხელისუფლების დანაწილების პრინ­ციპს. ეს განსაკუთრებით გავრცელდა სასამართლო ხელისუფლებაზე, რომელიც პოლიტიკური პარტიების სამართლებრივ ბედს წყვეტს. ასევე, საკანონმდებლო ხელი­სუფლებაზეც, რომელსაც ერთი პარტია აკ­ონტროლებს და რომელსაც შეუძლია, ერთ­­პიროვნულად, აღმასრულებელ ხელისუფ­ლებასთან ტანდემში მიიღოს კანონმდებლო­ბა, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრას.

ამას ემატება ინსტიტუციური კონტროლი, მაგალითად, საარჩევნო ორგანოებზე, რაც ზე­წოლას ახდენს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე და აუცილებლობას წარმოადგენს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, განსაკუ­თრებით კი, უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში. საქართველოში არსებუ­ლი ვითარება, პოლიტიკური, სასამართლო და ინსტიტუციური ძალაუფლების კონცენ­ტრაცია დემოკრატიული კონტროლისა და დაბალანსების სისტემის გარეშე, არის სწო­რედ ის, რასაც ნიდერლანდების სამართ­ლებრივი სისტემა ეწინააღმდეგება - დემო­კრატიული პარადოქსი: როდესაც ერთ პარ­ტიას დემოკრატიული პროცესის ბოროტად გამოყენებით შეუძლია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწი­ფოს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნიდერლანდებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვა იყო და დღემდე რჩება თემად, რომელსაც დიდი სიფრთხილითა და წი-ნდახედულებით ეკიდებიან, საუკუნის და­სა­­­წყისიდან დისკრიმინაციული და ან­ტი­­­­დე­მოკრატიული რიტორიკის მქონე პოპუ­ლი­სტური ულტრამემარჯვენე ძალების ზრდის მიუხედავად. პარტიების აკრძალვა არ განიხილება შემთხვევით, არასასურველი ოპოზიციის არსებობის ან განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით და, რა თქმა უნდა, არც იმისთვის, რომ არ დაუშვან კონკურენტი პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა. შეიძ­ლება ითქვას, რომ ეს ტაბუდადებული თემაა. პარტიის აკრძალვა დემოკრატიული წესრიგის დასაცავად უკიდურესი ზომაა და, ამიტომაც, მარტივად არ უნდა აღიქმებოდეს, მით უმეტეს, ის დაუფიქრებლად არ უნდა გავრცელდეს ერთდროულად რამდენიმე პარტიაზე.

ნიდერლანდებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დიქტატურასა და ავტოკრატიასთან ასოცირდება და ბევრისთვის  სისუსტის ნიშნია, თუ იდეებსა და მოსაზრებებს არგუმენტებით შეწინააღმდეგების ნაცვლად სამართლებრივი პროცედურებით აბათილებენ. 

Articles

brand

Contact

20, Giorgi Akhvlediani str., 0108 Tbilisi, Georgia

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here