Author : Konstantino Jiaquinto
მარტივი მორფოლოგიური და სინტაქსური ხერხების გამოყენებით ინგლისური inclusion იქცევა “ინკლუზიურად”, stakeholders სტეიკჰოლდერებად, initiation კი ინიცირებად, თითქოსდა ქართულად მჟღერ სიტყვებად, მაგრამ მათი მნიშვნელობა უცხო და გაუგებარი რჩება იმ ადამიანთა უმრავლესობისთვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ურბანულ ელიტას ან არასამთავრობო, ე.წ. ენჯეო, სექტორს.
ენა ცოცხალი ორგანიზამია. ენები მუდმივად ვითარდებიან, სესხულობენ სიტყვებს სხვა ენებიდან, ერგებიან ახალ დროებას. ენა ბუნებრივად იცვლება, როგროც წესი, თანდათან და განგრძობითი პერიოდის განმავლობაში, ისე, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების დამკვიდრებას ადამიანთა სამი ან მეტი თაობის ცვლა სჭირდება. უცხო ენებიდან სიტყვების სესხება ამა თუ იმ ენასთან ხანგრძლივი შეხებისას ხდება. ეს შეიძლება განაპირობოს დამპყრობელი ქვეყნის ენაზე საქმეთწარმოებამ ან რომელიმე ქვეყანასთან ხანგრძლივმა კულტურულმა და სავაჭრო ურთიერთობამ. ამ გზით ნასესხები სიტყვების ენაში შემოსვლაც ენის ბუნებრივი განვითარების შემადგენელი ნაწილია. როგორც წესი, ნასესხობების ხარჯზე ენის სიტყვათა მარაგის დაახლოებით 2 პროცენტი იცვლება ერთი საუკუნის განმავლობაში.
ქართულმა ენამ, რომელიც არცერთ ფართოდ გავრცელებულ ენობრივ ოჯახს არ მიეკუთვნება, არც - ინდოევროპულს და არც - სემიტურს, საუკუნეთა განმავლობაში არაერთხელ განიცადა უცხო ენების გავლენა როგორც დამპყრობელი ქვეყნების ბატონობის, ისე კულტურული ურთიერთობების შედეგად. ისტორიულად, ქართულში უცხო ენიდან ნასესხები სიტყვები თანდათანობით, საუკუნეების განმავლობაში შემოდიოდა. ასე ნელ-ნელა შეითვისა ქართულმა ენამ არაბულიდან, სპარსულიდან, თურქულიდან და რუსულიდან ნასესხები სიტყვები. უცხოური გავლენების მოზღვავებას საქართველო მაღალ დონეზე განვითარებული მთარგმნელობითი მუშაობის წყალობით უმკლავდებოდა. მე-11 საუკუნეში მოღვაწე არსენ იყალთოელის მიერ შემუშავებული ფილოსოფიური ტერმინოლოგია და ვახტანგ VI-ის მიერ ქართულად ადაპტირებული ევროპული და ახლოაღმოსავლური სამეცნიერო ტექსტები ცხადყოფს, რომ ქართველი სწავლულები მოქმედებდნენ არა როგორც ცოდნის პასიური გამტარნი, არამედ როგორც კულტურული შუამავალნი. ისინი მიზანმიმართულად ირჯებოდნენ იმისთვის, რომ უცხო იდეები და ახალი ცოდნა ქართველებისთვის გასაგები და ნათელი გაეხადათ. ამის მისაღწევად ისინი ახალ ტერმინოლოგიას ქართულ ეპისტემოლოგიურ ჩარჩოებში აქცევდნენ.
საქართველოში ასეთი მთარგმნელობითი ტრადიცია მე-19 და მე-20 საუკუნეებშიც გაგრძელდა. ამ ტრადიციის თვალსაჩინო გამგრძელებლები იყვნენ არნოლდ ჩიქობავა და სიმონ ყაუხჩიშვილი, რომლებმაც საბჭოთა კავშირის პერიოდში, რუსული გავლენის პირობებშიც კი, მოახერხეს შეემუშავებინათ სტანდარტული ტერმინოლოგია და შექმნეს ტექნიკური ლექსიკონები ქართულ ენაზე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, საქმის წარმოებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით.
პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოში მანამდე არნახული მოცულობით შემოიჭრა ინგლისურიდან ნასესხები სიტყვების ტალღა, განსაკუთრებით სამოქალაქო, პოლიტიკურ და არასამთავრობო სექტორის ლექსიკაში. მართალია, ნასესხები სიტყვების ნაჩქარევი შემოსვლა შეიძლება ღიაობის და მოდერნიზაციის ნიშნად მივიჩნიოთ, მაგრამ ამ პროცესმა უკონტროლო ხასიათი მიიღო და უნებურად საჯარო დისკუსიები გაუგებარი გახადა საზოგადოების ნაწილისთვის, რამაც გააღრმავა სოციალური ნაპრალები.
90-იანი წლებიდან, როცა საქართველომ დასავლეთისკენ აიღო გეზი, ქართულ ენაში ინგლისურიდან ნასესხები სიტყვების მძლავრმა ნაკადმა დაიწყო შემოსვლა. დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის ისეთი ცნებები, რომლებიც მანამდე უცნობი იყო საზოგადოებისთვის, უცხო ლინგვისტური შეფუთვით შემოვიდა ხმარებაში, რამაც გაართულა მათი გაგება ფართო საზოგადოებისთვის. წინა პერიოდისგან განსხვავებით, როცა უცხო სიტყვების ენობრივ ადაპტაციაზე სისტემურად და მეთოდურად მუშაობდნენ, დღეს ქართულ ენაში ინგლისური ტერმინები უწესრიგოდ შემოიჭრება. ეს განსაკუთრებით ეხება პოლიტიკის, არასამთავრობო სექტორის და მედიის სივრცეს. ცნებები, რომელთაც არ გააჩნიათ ქართული შესატყვისები, გასაგებია მხოლოდ ქალაქური ელიტისთვის, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის. საჯარო დისკურსში ისეთი ტერმინების შემოჭრა, როგორებიცაა „იმპლემენტაცია“, „ინკლუზიური“, „კრედიბილური“ და ა.შ., საზოგადოების საგრძნობი ნაწილის სემანტიკურ გაუცხოვებას იწვევს. კვლევები ცხადყოფს, რომ ე.წ ენჯეო სექტორის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების სიტყვათა მარაგის 10-20% ქართულად ტრანსლიტერირებული ინგლისური
სიტყვებისგან შედგება. მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დონორის „ენაზე ლაპარაკი“ ხაზს უსვამს მათ თავსებადობას საერთაშორისო საზოგადოებრიობის სტანდარტებთან, ეს მიდგომა ამ ორგანიზაციებს საზოგადოების სწორედ იმ ფენებისგან აშორებს, რომელთა მსახურებაც მათ გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს.
დასავლური განათლების არმქონე, განსაკუთრებით ასაკოვანი და სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის სამოქალაქო-პოლიტიკური ენა უფრო და უფრო გაუგებარი ხდება. შედეგად ვიღებთ საუბრებს სახელმწიფო მმართველობის შესახებ ისეთი ლექსიკით, რომელიც მართული ფენისთვის გაუგებარია და ხელს უშლის მათ დემოკრატიულ პროცესებში ჩართვას. როდესაც დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო მმართველობასთან დაკავშირებული ტერმინები გაუგებარია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ეს დემოკრატიულ დეფიციტს წარმოშობს.
ლიბერალური დემოკრატიის მოწინააღმდეგეებმა, ულტრანაციონალურმა და პოპულისტმა ჯგუფებმა ინგლისურიდან ნასესხები სიტყვების სიჭარბით გამოწვეული ენობრივი გახლეჩა უკვე წარმატებით გამოიყენეს სათავისოდ. ისინი არასამთავრობო სექტორს წარმოაჩენენ, როგორც ელიტას, რომელიც უცხოელების ენაზე ლაპარაკობს და ტექნოკრატულ ენას მასზე უცხო ძალების კონტროლის მტკიცებულებად იყენებენ. ხალხისთვის გაუგებარი ტერმინებით გადმოცემული პროგრესული ღირებულებები ადვილად იფუთება უცხოეთის მიერ თავსმოხვეულ პირობებად. მაგალითად, „გენდერულ თანასწორობას“ პოპულისტები უპირისპირებენ ისეთ მოწოდებებს, როგორებიცაა „ოჯახური ღირებულებების დაცვა“, „ოჯახის სიწმინდე“, „სეკულარიზმს“ უპირისპირებენ „ტრადიციების დაცვას“. ეს მარტივი, ემოციურად დატვირთუ-ლი მოწოდებები პოპულისტებს საშუალებას აძლევს, თავი წარმოაჩინონ უცხო და ელიტური გავლენებისგან ქართული ეროვნული იდენტობის დამცველებად.
ულტრანაციონალური იდეოლოგიური არგუმენტების მოშველიებით საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა დღითიდღე უფრო თვალსაჩინო ხდება. დემოკრატიულ ღირებულებებს ქართული ტრადიციების საფრთხეებად წარმოაჩენენ. ანტიდასავლური რიტორიკა მხოლოდ ღიად პრორუსულ ჯგუფებს აღარ ახასიათებს. ამ რიტორიკამ სახელმწიფოს წარმომადგენელ ოფიციალურ პირთა და მთავრობის მხარდამჭერ სატელევიზიო არხებზე მოლაპარაკე პროპაგანდისტების მსჯელობაშიც შეაღწია.
ბევრი თვლის, რომ დღეს საქართველო გზაგასაყარზეა. ქვეყნის პროდასავლურ კურსსა და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული, სერიოზული საფრთხე ემუქრება. ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ჯგუფური და ინდივიდუალური პროტესტი ცხადყოფს, რომ ბოლო ათწლეულებში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაზე გაწეულმა შრომამ შედეგი გამოიღო, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ამავე პერიოდში ფართო საზოგადოებრივი განათლების თვალსაზრისით წარმატება ვერ იქნა მიღწეული. ამას მოქალაქეთა შორის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროინტეგრაციის უპირობო მხარდაჭერის კლებადი ტენდენციაც მოწმობს. საზოგადოების გარკვეული ფენები, განსაკუთრებით ასაკოვანი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, პოპულისტური იდეოლოგიის მიმართ მოწყვლადნი აღმოჩნდნენ. ეს საზოგადოების იგივე ფენებია, რომლებიც საჯარო დისკურსიდან ყველაზე მეტად ირიყებიან უცხო სიტყვათა მოჭარბების შედეგად გაჩენილი გაგების დეფიციტის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე ბევრი გეოპოლიტიკური ფაქტორი, ძალა და რესურსი ახდენს გავლენას, საბოლოოდ ქვეყნის ტრაექტორიის განმსაზღვრელი მაინც მოსახლეობის მიდგომები და ქართველი ხალხის ნება იქნება. შესაბამისად, აუცილებელია, რომ დემოკრატიული დისკურსი ხელმისაწვდომი და მკაფიო გახდეს საზოგადოების ყველა ფენისთვის და წარიმართოს ისეთ ენაზე, რომელიც არა მარტო აზრს გამოხატავს, არამედ საერთო გაგების საფუძველს ქმნის. ამ მხრივ, დემოკრატიული ცნებების მართებული შინაარსობრივი თარგმანი და ტერმინოლოგიის ქართულ კონტექსზე მორგება არა მხოლოდ ლინგვისტურ ამოცანას, არამედ დემოკრატიისთვის აცულებელ პირობას წარმოადგენს.