ქართველი „ჯეიმს ბონდი“ - ნიკოლოზ (კოლია) ნიჟარაძე

Author : David Khvadagiani 

„ნიჟარაძე“ - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გამომავალ მრავალ­ფეროვან პრესაში, მათ შორის გაზეთ „კომუ­ნისტში“, ფრაგმენტულად, მხოლოდ გვარით მოიხსენიებოდა საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის კონტრდაზვერვის ის ოფიცერი, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაატარა და რუსეთის კომპარტიის ადგილობრივი სატელიტის - საქართველოს ბოლშევიკური იატაკქვეშეთის ნამდვილი რის­ხვა იყო. მისი კვალი 1921 წლის საბჭოთა რუსულმა ოკუპაციამ და ემიგრაციამ გააქრო. საუკუნის შემდეგ მისი ვინაობის გაშიფვრა ისტორიის მკვლევრებისათვის რთული ამო­ცანა გახდა, რადგან ამ გავრცელებული გვარის მიღმა არც სახელი, არც თანამდებობა და სხვა მაიდენტიფიცირებელი ცნობები არ ჩანდა, თუმცა ის მნიშვნელოვანი ამბები და მოვლენები, რომლებშიც ბურუსით მოცული ვინმე ნიჟარაძე აქტიურად მონაწილეობდა, ქართული სპეცსამსახურების იმდენად საკვან­ძო და წარმატებული ოპერაციები იყო, რომ ნამცეც-ნამცეც ცნობების შეგროვებისა და კვალის მიყოლამ ამ გმირული და ტრაგიკული თავგადასავლებით სავსე პერსონის ვინაობის აღდგენა შესაძლებელი გახადა.

ზოგიერთი ცნობით, ნიჟარაძე 1918 წლის 10 თებერვალს ალექსანდრეს ბაღში ბოლშევიკური მიტინგის დარბევაში მონაწილეობდა. რეემი­გრანტი, ძველი სოციალ-დემოკრატი პორფირე მეხუზლა თავის მოგონებებში ნიჟარაძეზე წერდა: ,,ნ. ნიჟარაძემ მონაწილეობა მიიღო კომუნარების ბაღში მიტინგზე „ზალპის“ მიცემის დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში.“ შესაბამისად, დიდი ალბათობით, იგი ამ დროისათვის მივლენილი ჰყავდა გვარდიის მთავარ შტაბს კოორდინაციისთვის ამიერკავკასიის კომისარიატის განსაკუთრებულ რაზმთან, რომელმაც ეს სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა და ბოლშევიკური გადატრიალების მცდელობა აღკვეთა.

რესპუბლიკის პრესასა და არქივებში ამ ფრაგმენტული გაელვებებით ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ 1918 წელს „ნიჟარაძემ“ ქუთაისში - ბუდუ მდივანი დააპატიმრა, იმავე წელს თბილისში დააპატიმრა - თენგიზ ჟღენტი, რომელიც ალექსანდრეს ბაღთან თავისი ბიძაშვილი ქალის სახლში არალეგალურად ცხოვრობდა. 1918 წელსვე დააპატიმრა თბილ­ისში არალეგალურ სამუშაოზე ჩამოსული აფხაზი ბოლშევიკი ეფრემ ეშბა, რომელიც მეგობარ ქალთან იმალებოდა.

პრესაში აგრეთვე შემორჩენილია საგზაო ინჟი­ნერ ჩხეიძის გაძარცვის ამბავი, რომელსაც დაბა ფასანაურში საქართველოს სამხედრო გზის მუშების ხელფასები 1 200 000 მანეთი მიჰქონდა და რომელიც 1920 წლის 9 მარტს ყაჩაღებმა გაძარცვეს. საქმის გამოძიება სისხლის სამართლის მილიციის უფროსს, პლატონ ფაჩულიას, დაევალა, რომელსაც სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა დამხმარედ ნიჟარაძე გაუგზავნა. ფაჩულიამ და ნიჟარაძემ უმოკლეს დროში გახსნეს დანაშაული, ყველა მძარცველი დააპატიმრეს და გატაცებული ფული ამოიღეს.
                                                         
ვინ იყო ნიკოლოზ ნიჟარაძე
ნიკოლოზ (კოლია) ბარნაბის ძე ნიჟარაძე დაიბადა 1888 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მაღლაკში. 1903 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 
1904-1907 წლებში ქალაქ ბათუმში დ.მ. კანდელაკის აფთიაქში სწავლობდა სააფთიაქო საქმეს და გახდა ფარმაცევტი.
1904 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში, პირადად იცნობდა ნოე ჟორდანიას და ასრულებდა მის პარტიულ დავალებებს. 1908-1910 წლებში მუშაობდა ქალაქ ფოთში, ე.კ ოკრინსკის აფთიაქში, პროვიზორის თანაშემწედ. 1911-1913 წლებში მუშაობდა გურიაში სადგურ სუფსის აფთიაქის მმართველად. 
1914-1915 წლებში მუშაობდა აფთიაქის მმართველად ხაშურში. 
1915-1918 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისში ამიერკავკასიის ქალაქთა კავშირის ლაზარეთის აფთიაქის გამგედ.
საქართველოს სხვადასხვა მხარეში მუშა­ობისას ნიკოლოზ ნიჟარაძე პარტიულ-პოლი­ტიკურ საქმიანობასაც განაგრძობდა და რუსეთის თებერვლის რევოლუციის, იმპერიის ნგრევისა და მალე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, როგორც გამოცდილი პოლიტიკური აქტივისტი, ახლად შექმნილ სახალხო გვარდიაში კონტრდაზვერვის უფრო­სის საპასუხისმგებლო პოსტზე დაინიშნა.

1919 წელი
ნიკოლოზ ნიჟარაძე 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურების მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ მთავარ კონტრდაზვერვით ოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული.

1919 წლის 7 ნოემბრის ბოლშევიკური აჯანყე­ბა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკ­ის წინააღმდეგ, რომელიც საბჭოთა რუსეთიდ­ან იმართებოდა, დაწყებამდე დამარცხდა. სა­ქართ­ველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ რაზმს (უშიშროების სამსახური) სააჯანყებო არალეგალურ შტაბში, ე.წ გარნიზონის სამხე­დრო საბჭოში, რომელშიც ბოლშევიკების მხარეს გადასული, თბილისში განლაგებული ქართული არმიის ნაწილების 22 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული, მათგან ერთ-ერთი, განსაკუთრებული რაზმის აგენტი, ეფრეიტორი ესტატე ფიჩხაია, ჰყავდა ჩანერგილი. ფიჩ­ხაიამ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები მია­წო­და განსაკუთრებული რაზმის უფროსს, მელ­ქი­სედექ (მექი) კედიას. საიდუმლო შტა­­ბი, რომელსაც საბჭოთა რუსეთიდან არა­­ლე­გა­­ ლურად ჩამოსული ქართველი ბოლ­შევიკი, ილია მგელაძე („ქოროღლი“), ხე­ლ­­მ­ძღვანელობდა, განსაკუთრებულმა რაზმმა აჯანყების დაწყე­ბამდე ორი დღით ადრე დააპატიმრა ვორონ­ცოვის მოედანზე მდებარე სასტუმრო „ავრორას“ N 15 ოთახში, სადაც სამხედროებისთვის ბოლო დირექტივები უნდა მიეცათ თბილისის გარნიზონის ასაჯანყებლად. მასთან ერთად დააპატიმრეს 22 სამხედრო მოსამსახურე. კონსპირაციის მიზნით კედიამ დააპატიმრა თავისივე აგენტი ესტატე ფიჩხაიაც, რომე­ლიც რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს „სამ­ხილების არარსებობის“ მოტივით. 

განთავისუფლებულ ფიჩხაიას დაპატიმრე­ბულმა ბოლშევიკებმა აჯანყების სათადარიგო გეგმა და არალეგალურად მომუშავე ბოლშე­ვიკების „მეორე ეშელონის“ კონტაქტები გამ­ოატანეს, რის შედეგადაც აჯანყების მცდე­ლობა სრული კრახით დასრულდა. ყველა ბოლშევიკი, რომლებიც აჯანყების სამზადისში იყვნენ ჩართული, დააპატიმრეს. მსგავსი სცენარით განვითარდა მოვლენები ახალციხესა და ფოთში, სადაც სააჯანყებო საიდუმლო შტაბები ქართული სპეცსამსახურების აგენტებით აღ­მოჩ­ნდა სავსე და ყველა ბოლშევიკი ლიდერი აჯანყების დაწყებამდე დააპატიმრეს. ქართ­ველი ბოლშევიკებისა და აჯანყების პოლი­ტიკურმა ლიდერმა, ფილიპე მახარაძემ, მიმალვა მოახერხა და იატაკქვეშეთში აგრძელებდა არალეგალურ საქმიანობას.

1919 წლის 30 ნოემბერს თბილისში, სო­ლოლაკში, კოჯრის ქუჩაზე, საინტერესო სცენა გათამაშდა. რტიშევის ქუჩიდან საიდუმლო კრე­ბის შემდეგ კონსპირაციულ ბინაში მიმავალი ფილიპე მახარაძე, რომელიც პარიკით და მღვდლის ანაფორით იყო შენიღბული, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის კონტრდაზვერვის უფროსმა, ნიკოლოზ ნიჟარაძემ, და გვარდიის კონტრდაზვერვის ოფიცერმა, მიხეილ ჭკადუამ, დააკავეს. ამ ოპერაციას სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი და საინფორმაციო-პოლიტიკური განყოფილების უფროსი ლევან (ლეო) რუხაძე ხელმძღვანელობდა. ფილიპე მახარაძის კონსპირაციული ბინი­დან გვარდიის კონტრდაზვერვამ ყველა მნი­შვნე­ლოვანი საბუთი ამოიღო, რომლებიც ქართველი ბოლშევიკების მიერ მომზადებული აჯანყების მოსკოვთან პირდაპირ კავშირს და მის მიერ ფინანსურად უზრუნველყოფას უკავშირდებოდა, რაც მილიონობით მანეთს მოიცავდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნოე რამიშვილმა, მოგვიანებით ვრცელი მოხსენება წარუდგინა დამფუძნებელ კრებას, ქართველ და ბრიტანელ ჟურნალისტებს კი მნიშვნელოვანი ცნობები მიაწოდა მოსკოვიდან ორგანიზებული აჯანყების სამზადისის და მარცხის შესახებ.

1920 წელი
1920 წლის 1 მარტს თბილისში ანდრეევის ქუჩაზე სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის კონტრდაზვერვის უფროსმა, ნიკოლოზ ნიჟა­რა­ძემ, და გვარდიის კონტრდაზვერვის თანამ­შრომლებმა ბოლშევიკი ტერორისტი პავლე მარდალეიშვილი დააკავეს. მარდალეიშვილი 1919 წლის 13 სექტემბრიდან იძებნებოდა მას შემდეგ, რაც ბოლშევიკ არკადი ელბაქიძესთან ერთად თავს დაესხა რუსეთის მოხალისეთა არმიის წარმომადგენელ გენერალ ნიკოლოზ ბარათოვს ვერის დაღმართზე. ელბაქიძე თავდასხმის შემდეგ დევნისას მოკლეს, ხოლო მარდალეიშვილმა მიმალვა შეძლო. 1920 წელს გვარდიელების მიერ დაპატიმრებულ პავლე მარდალეიშვილს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება უპოვნეს. ნიჟარაძე და მარდალეიშვილი - ორივე წარმოშობით სოფელ მაღლაკიდან იყო და გვარდიის კონტრდაზვერვის უფროსისთვის მისი ნაცნო­ბობა ალბათ დამატებითი საშუალება იყო ტერორისტის სათვალთვალოდ.

ამ ოპერაციით, საქართველოს სპეცსამსა­ხურებმა მტრის - საბჭოთა რუსეთის მიერ დაგეგმილი ომისა და დივერსიის დეტალური ჯაჭვის ფრიად მნიშვნელოვანი რგოლი გაწ­ყვიტეს, რამაც საქართველოს ოკუპაციისაგან გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა.

1920 წელს საბჭოთა რუსეთმა სამოქალაქო ომის ფრონტზე გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეძლო. 1920 წლის 2 იანვარს საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახა­ლხო კომისარმა, გიორგი ჩიჩერინმა, საქარ­თველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს მიმართა, ერთობლივად ებრძოლათ რუსეთის მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ, თუმცა უარი მიიღო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ 1920 წლის 14 იანვარს დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე, რომელიც ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დე-ფაქტო აღიარებას ეძღვნებოდა, პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთს უარი უთხრა სამხედრო კავშირზე, რადგან ეს საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა იქნებოდა. რუსეთს უარით უპასუხა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომელთანაც საქართველოს 1919 წლიდან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება ჰქონდა რუსეთის მოხალისეთა არმიის აგრესიისგან თავის დასაცავად და ამის გამო აზერბაიჯანი საქართველოსთან შეუთანხმებლად უარს აცხადებდა საბჭოთა რუსეთის მოკავშირეობაზე. 1920 წლის მარტში საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ ჩრდილოეთ კავკასიაში დაამარცხა რუსეთის მოხალისეთა არმიის ნაწილები, რომელთაც გენერალი ივან ერდელი მეთაურობდა და საქართველოს საზღვართან გამოდევნა. საქა­რთველოს მთავრობამ მოხალისეთა არმიის ნაწილები საერთაშორისოდ დადგენილი წესების თანახმად, მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის ჩაბა­რების შემდეგ შემოუშვა და ისე გაატარა საზღვარგარეთ. საქართველოსა და აზერბა­იჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკებს კვლავ საბჭოთა რუსეთი გაუმეზობლდა.

1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა რუსეთმა უკვე ამიერკავკასიაში ინტერვენცია დაიწყო. მდინარე სამურის სასაზღვრო ზონიდან წითელი არმიის ნაწილებმა ბაქოს მიმართულებით დაიწყეს შეტევა. აზერბაიჯანი მძიმე მდგომა­რეობაში აღმოჩნდა, მისი არმიის დიდი ნაწილი, დაახლოებით 20 000 ჯარისკაცი, განჯა-ყარაბაღის მიმართულებით იყო გადასროლილი, სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის იმ არმიის შემოჭრის მოსაგერიებლად, რომელსაც გენერალი „დრო“ - დრასტამატ კანაიანი მეთაურობდა. საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ სასაზღვრო ბრძოლებში აზერბაიჯანის მთავრობამ მხოლოდ 3 000 ჯარისკაცის გაგზავნა შეძლო, დაახლოებით ამდენივე ჯარისკაცი იყო განლაგებული ბაქოში. აზერბაიჯანის არმიაში ბევრი მაღალი რანგის ქართველი ოფიცერი მსახურობდა და საქართველოს მთავრობა ინფორმირებული იყო აზერბაიჯანის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სამოკავშირეო ხელშეკრულების ფარგლებში ქართული არმიის ნაწილები გაემზადნენ ბაქოს მიმართულებით წასასვლელად, თუმცა მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რაც ბაქოში ბოლშევიკების აჯანყებამაც განაპირობა, ფაქტობრივად 1 მაისს ბაქო სერიოზული ბრძოლების გარეშე დაეცა და საბჭოთა რუსეთის წითელი არმია რამდენიმე დღის შემდეგ უკვე საქართველოს საზღვრებთან იყო.

ქართულმა არმიამ და სახალხო გვარდიამ საბჭოთა რუსეთის თავდასხმის მოგერიება შეძლეს და კონტრშეტევაზე გადავიდნენ, თუმცა 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების საფუძველზე საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ ბრძოლები არ შეწყვეტილა. საქართველოს მთავრობის ემისრებმა და აზერბაიჯანის არმიაში მყოფმა ქართველმა ოფიცრებმა შეძლეს განჯაში მყოფი აზერბაიჯანის არმიის აჯანყება, ზაქათალის ოლქშიც დაიწყო აჯანყება, რომელსაც სავაჭრო აგენტის საფარქვეშ მოქმედი ქართველი სამხედრო მზვერავი, მაიორი ილია ებრალიძე, ხელმძღვანელობდა, და რომელმაც ქართულ შეიარაღებულ ძალებს გადაჯგუფების საშუალება მისცა. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, სახალხო გვარდიის ექვსი ბატალიონით და არტილერიით, რომელთაც გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი მეთაურობდა ზურგში შემოჭრილი „სამხრეთ ოსეთის პარტიზანული ბრიგადის“ საქართველოს საზღვრებიდან განდევნა შეძლო. 
საქართველო გადარჩა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას საბჭოთა რუსეთის შორსმიმავალ გეგმებზე წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. საბჭოთა რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიის დაკავების შემდეგ ერთი დარტყმით გეგმავდა საქართველოს და აზერბაიჯანის ოკუპაციას, რისთვისაც მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ატარებდა წინასწარ სამუშაოებს, მათ შორის გეგმავდა თბილისში სამხედრო სკოლაზე თავდასხმას და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დატყვევებას.

სწორედ ამ პრევენციული ოპერაციების ფარგლებში, 1920 წლის 1 მარტს, ნიკოლოზ ნიჟარაძემ პავლე მარდალეიშვილი ტერო­რისტული აქტის მზადებისას თბილისში, მისსავე კონსპირაციულ ბინაში, გაანეიტრალა, სადაც ასაფეთქებელ ნივთიერებებს ინახავდა და არალეგალურად, კირილე ჟორჟოლიანის ყალბი პასპორტით ცხოვრობდა. მარდალეიშვილის გეგმა შემდეგი იყო: როდესაც საბჭოთა რუსეთის წითელი არმია აზერბაიჯანს დაიკავებდა და შემდეგ საქართველოს დედაქალაქ თბი­ლისს შეუტევდა, მას და მის მიერ შექმნილ ტერორისტულ ჯგუფს, რომელშიც მაღლაკელი ბოლშევიკები შედიოდნენ, სადგურ რიონის სარკინიგზო ხიდი უნდა აეფეთქებინათ და ქართული შეიარაღებული ძალებისთვის დასა­ვლეთ საქართველოსა და საზღვაო პორტებთან კავშირი გაეწყვიტათ.

ბოლშევიკი პავლე მარდალეიშვილი მეტ­ეხის ციხეში მხოლოდ ორი თვე იჯდა, იგი 1920 წლის 14 მაისს გათავისუფლდა, 7 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა პატიმარ ბოლშევიკებთან ერთად, რომლებიც ციხეში 1919 წლის 7 ნოემბრის ჩაშლილი აჯანყების შემდეგ იხდიდნენ სასჯელს, და ლეგალიზებული საქართველოს კომუნისტური პარტიის გაზეთ „კომუნისტში“ დაიწყო მუშაობა.

საბჭოთა რუსეთის პროპაგანდის რუპორ გაზეთ „კომუნისტს“, რომელიც პირველად 1920 წლის 3 ივნისს გამოვიდა, დიდხანს არ უარსებია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შსს-მ ის მე-10 ნომრის გამოსვლის შემდეგ დახურა, „სამხრეთ ოსეთის აჯანყების“ მხარდაჭერის გამოცხადების გამო, რაც, სინამდვილეში, საბჭოთა რუსეთთან ომის პირობებში ქართული შეიარაღებული ძალების ზურგში „სამხრეთ ოსეთის პარტიზანული ბრიგადის“ რეიდი იყო ვლადიკავკაზიდან, რომელიც წიანსწარ იყო დაგეგმილი მოსკო­ვიდან.  

გაზეთი „კომუნისტის“ ნაცვლად, 1920 წლის 18 ივნისს გამოსული „საქართველოს კომუნისტის“ პირველივე ნომერი დაწვრილებით მოუთხ­რობდა მკითხველს, თუ როგორ დახურა გაზეთი „კომუნისტი“ საქართველოს მთავრობამ.

14 ივნისს, ორშაბათს, დილის 11 საათიდან, სოლოლაკში მდებარე შენობას, სადაც განთ­ავსებული იყო გაზეთ „კომუნისტის“ რედა­ქცია, აგრეთვე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურო და საგუბერნიო კომიტეტის ბიურო, შსს განსაკუთრებული რაზმის თანამშრომლებმა ალყა შემოარტყეს და ყველა შესასვლელ-გასასვლელი  ჩაკე­ტეს. შიგნით ყველას ატარებდნენ, გარეთ კი არავის უშვებდნენ. „კომუნისტის“ რედა­ქტორის, თუმანოვის, კით­ხვაზე, თუ რას ნიშნავდა ეს მოულოდნელი თავდასხმა, პასუხი იყო: კედიასგან გვაქვს ნაბრძანებიო. ერთი საათის შემდეგ გამოჩ­ნდა მექი კედია და რედაქტორს გენერალ-გუბერნატორ სულაქ­ველიძის ორდერი წა­­რუ­დგინა, რომლის საფუ­ძველზეც კედ­იას ნაბრძანები ჰქონდა, გაეჩხრიკა „კომუ­ნისტის“ რედაქცია, სტამბა და შემდეგ ორივე დაეხურა.

 ამასთანავე, დაკავებული „კომუნისტის“ რედაქტორი და თანამშრომლები განსაკუთრებულ რაზმში გადაეყვანა. სანამ კედია „კომუნისტის“ რედაქციას დახურავდა, მანამ ის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის კონტრდაზვერვის უფროს ნიკოლოზ ნიჟარაძესთან ერთად მი­ვიდა „კომუნისტის“ სტამბაში, სტამბა დახუ­რეს და დაკავებული თანამშრომლები შსს განსაკუთრებულ რაზმში გადაიყვანეს. პატიმ­რები მალე გაათავისუფლეს, მაგრამ, ვინც საქართველოს მოქალაქე არ იყო, მაშინვე გააძევეს საბჭოთა რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ოკუპირებულ აზერბაიჯანში. 1920 წლის 23 ივნისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც არ წყვეტდნენ საბჭოთა რუსეთის სასარგებლოდ არალეგალურ სამუშაოს, მათ სამი დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ საქართველოს საზღვრები, წინააღმდეგ შემთ­ხვევაში კვლავ დააპატიმრებდნენ. ბოლშევიკმა პავლე მარდალეიშვილმა არ შეასრულა მო­თხოვნა, იგი კვლავ დააპატიმრა ნიჟარაძემ და მეტეხის ციხეში დააბრუნა.
                                                    
1921 წელი
1920 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობისთვის ცნობილი გახდა საბჭოთა რუსეთის გეგმები, საქართველოს ელჩმა საბჭოთა აზერბაიჯანში, გაბრიელ ხუნდაძემ, დიპლომატიური მატარებლით პირადად ჩამო­უტანა ნოე ჟორდანიას მე-11 არმიის საბრძოლო გეგმა, რომელიც ბაქოში ქართველმა მზვე­რავებმა ჩაიგდეს ხელში. საბჭოთა რუსე­თის თავდასხმის მოლოდინში მყოფმა საქარ­თველოს მთავრობამ მობილი­ზაცია გამოაცხადა და წინასწარი ზომების მიღება დაიწყო, მათ შორის 1920 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე დაპატიმრებული 950 ბოლშევიკის ზურგში, ქუთაისის საგუბერნიო ციხეში, ევაკუაცია. ბოლშევიკი პავლე მარდალეიშვილი, რომელიც თბილისში, მეტეხის ციხეში, 1920 წლის ივ­ნისიდან იჯდა, 1921 წლის იანვრის დასაწყისში ქუთაისის საგუბერნიო ციხეში გადაიყვანეს. 1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 25 თებერვალს, საქართველოს დედა­ქალაქი თბილისი დაეცა.

დედაქალაქის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისიდან ქუთაისის ციხეში გადაგზავნეს საქართველოს სამხედრო სამინი­სტროს გენერალური შტაბის დაპატიმრებული ოფიცერი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ივანოვი, რომელიც საბჭოთა რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობდა. 1921 წლის 10 მარტს საქართველოს მთავრობამ და შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს ბათუმის მიმართულებით, ევაკუაციამდე ბათუმის ციხეში გადაიყვანეს ქუთაისის საგუბერნიო ციხის ბოლშევიკი პატიმრების ნაწილი. ბოლშევიკმა პატიმრებმა შეიტყვეს წითელი არმიის მოახლოვება და ბათუმში გაგზავნაზე ცივი უარი განაცხადეს, რის გამოც მათი ძალით გადაყვანა გახდა საჭირო. ქუთაისის ციხის პატიმრების ევაკუაცია ზურგის უფროსს, ვლადიმერ სულაქველიძეს დაევალა, რომელსაც საომარ სიტუაციაში ემორჩილებოდა განსაკუთრებული რაზმი და სახალხო მილიციის ყველა დანაყოფი.

8 მარტს, შუადღეს, ქუთაისის საგუბერნიო ციხეში მივიდნენ ზურგის უფროსი ვლადიმერ სულაქველიძე, ქუთაისის სახალხო მილიციის უფროსი სილიბისტრო მაღნარაძე, მისი მოადგილე ვალიკო ფიჩხაია, სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პლატონ ფაჩულია, ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსი ამბერკი ადეიშვილი და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის კონტრდაზვერვის უფროსი ნიკოლოზ ნიჟარაძე, განსაკუთრებული რაზმის და სახალხო მილიციის თანამშრომლების თანხლებით, გაჯიუტებულ ბოლშევიკ პატიმრებს სასტიკად სცემეს, სარკინიგზო ეშელონებზე ძალის გამოყენებით აიყვანეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს. 9 მარტს, ღამით, ვალოდია სულაქველიძემ თანმხლებ პირებთან ერთად ქუთაისის ციხიდან თვითნებურად გამოიყვანა პავლე მარდალეიშვილი, ნიკოლოზ ივანოვი, სისხლის სამართლის დამნაშავე დავით უკლება, საღორიის ტყეში სამივე დახოცა, გვამებს ბენზინი გადაასხა და დაწვა.

1921 წლის 17 მარტს საქართველოს დე­მო­­კრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრა­ციაში წავიდა, მათ გაყვნენ ის სამხედროები თუ უშიშროების თანამშრომლები, რომლებსაც რუსებისგან - მე-11 არმიის особый отдел-ისგან, რომელსაც სისასტიკით განთქმული მატროსი ვასილ პანკრატოვი ხელმძღვანელობდა, მყისიერი სასიკვდილო საფრთხე ელოდათ. მათ შორის იყო გვარდიის კონტრდაზვერვის უფროსი ნიკოლოზ ნიჟარაძე. ისე როგორც ბევრმა ემიგრანტმა, მანაც ოჯახი - ცოლი და მცირეწლოვანი შვილი - სამშობლოში დატოვა, იმ იმედით, რომ რუსული ოკუპაციისგან სამ­შობლოს მალე გაათავისუფლებდნენ და შინ დაბრუნდებოდნენ.
                                                   
ემიგრაცია
ნიკოლოზ ნიჟარაძე საფრანგეთში, პარი­ზში, დაფუძნდა და 1920-1930-იანი წლების გა­ნ­მავლობაში, ქართველი პოლიტიკური ემი­გრა­ნტის ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვ­რობდა. პარალელურად, სავარაუდოდ, სხვა კოლე­გების მსგავსად, იგი კვლავინდებურად, არაფორ­მალურად განაგრძობდა ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის სპეც­დავალებების შესრულებას.

1942 წლის აგვისტოში პარიზში, ლევილში, მყოფ ემიგრანტ ნიკოლოზ ნიჟარაძეს გერმანულ ტყვეთა ბანაკიდან შვილის, აკაკი ნიჟარაძის, წერილი მიუვიდა. აკაკი ნიჟარაძე მამას ატყობინებდა, რომ 1942 წლის მაისში, ქერჩის კატასტროფის დროს, ტყვედ ჩავარდა და დახმარებას სთხოვდა. ნიკოლოზი სასწრაფოდ შეეხმიანა ბერლინში ქართული სამოკავშირეო შტაბის ხელმძღვანელს - მიხეილ კედიას, განსაკუთრებული რაზმის უფროსის, მექი კედიას, შვილს, რომელიც დამოუკიდებლობის დროს განსაკუთრებულ რაზმში მუშაობდა, ოკუპაციის შემდეგ კი ემიგრაციაში იყო, სადაც ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი დაამთავრდა და მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებთან თანამშრომლობდა საქართველოს რუსეთისგან გათავისუფლების მოტივით. მიხეილ კედიამ აკაკი საკონცენტრაციო ბანაკიდან გაათავი­სუფლებინა და იგი მამასთან, პარიზში, გერ­მანული დაზვერვის ქართველმა ოფიცერმა - სინჯიკაშვილმა ჩაიყვანა.

აკაკი ნიკოლოზის ძე ნიჟარაძე დაიბადა 1909 წელს ქალაქ ფოთში. თბილისში დაამთავრა სკოლა და მიიღო უმაღლესი განათლება. იყო ჟურნალისტი, მუშაობდა რაიონული გაზეთის რედაქტორად. 1929 წელს მისით საბჭოთა უშიშროების ორგანოები დაინტერესდნენ. 1942 წელს გაიწვიეს ომში, იყო კაპიტანი, 509-ე ცალკეული საზენიტო საარტილერიო დივიზიონის პოლიტხელი და კლუბის გამგე. 1942 წლის 15 მაისს ტყვედ ჩავარდა ქერჩში. გერმანელებმა გადააგზავნეს რუმინეთში გალაცის მე-3 ბანაკში.

აკაკი პარიზში ყოფნის დროს დაუახლოვდა მიხეილ კედიას, გერმანული დაზვერვის ქართველ ოფიცერ გივი გაბლიანს და ემიგრანტულ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩაერთო. მან მოახერხა, საიდუმლოდ დაჰ­კავშირებოდა საბჭოთა დაზვერვას და ორმაგი თამაში გააჩაღა.

საფრანგეთის ნაცისტური ოკუპაციისგან გა­თა­ვი­სუფლების შემდეგ აკაკიმ პარიზში, საბჭოთა საკონსულოში, დაიწყო მუშაობა, სადაც საქართველოდან გაგზავნილ საბჭოთა აგენტებთან - ილია თავაძესა და პეტრე შარიასთან თანამშრომლობდა, რომლებთაც დავალებული ჰქონდათ ემიგრანტების დარწ­მუნება, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.

1946 წელს ილია თავაძე მოსკოვში გამოიძახეს. აკაკი ნიჟარაძემ გადაწყვიტა, თავაძეს გაჰყოლოდა, მიუხედავად იმისა, რომ მამა არწმუნებდა, არ წასულიყო, რადგან ყოფილ სამხედრო ტყვეს მძიმე ბედი ელოდა სტალინისა და ბერიას სასტიკი პოლიტიკის გამო. აკაკიმ არ დაუჯერა მამას და მოსკოვში წავიდა იმ იმედით, რომ ფილტრაციის შემდეგ კვლავ დაბრუნდებოდა თავაძესთან ერთად პარიზში სამუშაოდ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მას უკან დაბრუნების ნება აღარ დართეს. ამის შემდეგ აკაკი თბილისში ჩამოვიდა, დედასა და ცოლ-შვილთან, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების პირველი ნაკა­დისგან იცოდნენ, რომ აკაკი ცოცხალი იყო და მამასთან ცხოვრობდა, პარიზში.

სამშობლოში ჩამოსულმა აკაკი ნიჟარაძემ მამას არაერთი წერილი მისწერა, რომ შინ დაბრუნებულიყო და თვითონ უდგებოდა ხელშეუხებლობის გარანტად. იგი მოსკოვშიც კი ჩავიდა სპეციალურად, რომ მამას ტელეფონით დალაპარაკებოდა. გამოცდილი მზვერავი ხვდებოდა საქმის ვითარებას, მაგრამ მიუხედავად იმისა, იცოდა, რა ბედიც შეიძლებოდა სწეოდა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შვილის გადარჩენის მოტივით 60 წელს მიღწეულმა ნიკოლოზ ნიჟარაძემ 1948 წლის აპრილში სსრკ-ში დაბრუნების ნებართვა მიიღო და მოსკოვში გაემგზავრა.

მოსკოვში მამას აკაკი დახვდა. მან ნიკოლოზი სავახშმოდ რესტორან „არაგვში“ წაიყვანა, სადაც თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სინამდვილეში კი საბჭოთა საგარეო დაზვერვის მაღალჩინოსნები - გუსა­კოვი, ნაცვლიშვილი და მარტიროსოვი გააცნო. დიპლომატებად შენიღბულმა საბჭოთა მზვე­რავებმა სამშობლოში დაბრუნების გადა­წყვე­ტილება და ანტისაბჭოთა საქმიანობაზე ხელის აღება მოუწონეს ხანში შესულ მოწინააღმდეგეს, რომელიც მათ 44 წლის განმავლობაში ებრძო­და. ნიკოლოზი თბილისში ჩამოვიდა, 27 წლის უნახავ მეუღლეს დაუბრუნდა და თავისი პირ­ველი პროფესიით დაიწყო მუშაობა ქალაქის სააფთიაქო სამმართველოში.

როგორც მოსალოდნელი იყო, საბჭოთა უშიშროების ორგანოები მუდმივად აკონტრო­ლებდნენ მამა-შვილ ნიჟარაძეებს და 1950 წლის 27 იანვარს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პირველი განყოფილების (დაზ­ვერვა) უფროსმა, პოლკოვნიკმა მენაბდემ, ნიკოლოზ ნიჟარაძე აიძულა, საიდუმლო თანა­მშრომლობაზე დასთანხმებოდა. მას ოპე­რატიული ფსევდონიმი - „თევზაძე“ მიანიჭეს და მალე ბათუმში გაგზავნეს უშიშროების ორგანოებისთვის ოპერატიული თვალსაზრისით საინტერესო პერსონის დასამუშავებლად. ნიკოლოზ ნიჟარაძემ ჩეკისტების დავალება არ შეასრულა, რასაც 1950 წლის 1 მაისს მისი დაპატიმრება მოჰყვა. დააპატიმრეს მისი შვილი აკაკი ნიჟარაძეც. მოგვიანებით, 1950 წლის 9 ოქტომბერს, პოლკოვნიკმა მენაბდემ სრულიად საიდუმლო გრიფით მოახსენა საქართველოს სსრ უშიშროების მინისტრ ნიკოლოზ რუხაძეს:

 „...გადაბირების შემდეგ „თევზაძე“ მიმართული იქნა რეემიგრანტების გასაშუქებლად, მათ შორის მენშევიკური საზღვარგარეთის ბიუროს და უცხო ქვეყნების დაზვერვის აგენტების გამოსავლენად. ჩვენს ორგანოებთან თანამშრომლობის პერიოდში „თევზაძეს“ საყურადღებო არაფერი მოუცია მიუხედავად იმისა, რომ ფლობს ძალზედ ფართო კავშირებს რეემიგრანტთა შორის, ისევე როგორც ქართული ინტელიგენციის ნაწილში, რომლებიც ჩვენი ორგანოების ოპერატიულ ინ­ტერესს წარმოადგენენ. იყო რა მარშრუტირებული სპეციალური დავალებით ქალაქ ბათუმში ძალზედ მნიშვნელოვან დასამუშავებელ ობიექტთან, გამოთვრა, ზედმეტები ილაყბა, დამუშავების ობიექტმა იეჭვა და დავალება ჩაიშალა. 1950 წლის 1 მაისს „თევზაძე“ დაპატიმრებულ იქნა და წარედგინა სისხლის სამართლის ბრალდება.“

ნიკოლოზ ნიჟარაძის დაკითხვას თვეების განმავლობაში პირადად უძღვებოდა საქართველოს სსრ უშიშროების მინისტრი ნიკოლოზ რუხაძე. რუხაძემ დაკითხვის დროს ნიკოლოზ ნიჟარაძეს დააპირისპირა მისი შვილი აკაკი, რომელმაც მამას სთხოვა, შეესრულებინა ყველაფერი, რასაც მისგან უშიშროების მინისტრი მოითხოვდა. აკაკიმ აღიარა გერმანელებთან თანამშრომლობა, ასევე აღიარა, რომ ომის დამთავრების შემდეგ გადაიბირეს ქართველმა ემიგრანტებმა და მამასაც მოუწოდებდა, ეღიარებინა ყველაფერი, რაც მათ ბრალს შეამსუბუქებდა, თუმცა ნიკოლოზ ნიჟარაძე ყველა ბრალდებას უარყოფდა. რუხაძის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოს დევნილი მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მისი გეგმები, რა დავალებით გამოგზავნა მამა-შვილი ნიჟარაძეები და სხვა რეემიგრანტები, რომლებიც ომის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში საბჭოთა რეჟიმის აგიტაციის შედეგად. მათ შორის იყო პოლიკარპე რუხაძე, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრის, ლეო რუხაძის, ძმა, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს ნიჟარა­ძეებთან ერთად.

რუხაძე სისტემატურად უმეორებდა პატიმარ ნიკოლოზ ნიჟარაძეს და მოითხოვდა მისგან, დეტალურად მოეყოლა -  რა კავშირები დაამყარა ომის შემდეგ ნოე ჟორდანიამ ბრიტანელებსა და ამერიკელებთან. განსაკუთრებით საინტერესოა დაკითხვის ოქმში დაფიქსირებული მისი მუქარანარევი და მრავლისმეტყველი მიმარ­თვა ნიჟარაძისადმი - „თუ ფიქრობთ, რომ ამერიკელები... ტყუილად ფიქრობთ!“ 
რამდენიმეთვიანი დაკითხვების, ფსიქოლო­გიური ზეწოლისა და ფიზიკური წამების შემდეგ ნიკოლოზ ნიჟარაძემ აღიარა, რომ სამშობლოში ლეგალურად დაბრუნების წინ მას ნოე ჟორდანიამ დაავალა, აგიტაცია ეწარმოებინა მისი პიროვნების შესახებ, როგორც ნაცი­ონალური ლიდერის და ქართველი ხალ­ხის კანონიერი წარმომადგენელის, და დაერწ­მუნებინა ადამიანები, მალე ამერიკის შეერ­თებული შტატების პირდაპირი დახმარებით აღდგებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და საქართველოს ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლება დაუბრუნდებოდა.

ნიკოლოზ ნიჟარაძესა და უშიშროების მინისტრ რუხაძეს შორის კითხვა-პასუხისას საინტერესო ფაქტია, რომ რუხაძე ძირითადად დაინტერესებულია ამერიკელების და ნოე ჟორდანიას გეგმებით. მინისტრი რუხაძე მცირე ყურადღებას უთმობს ნიჟარაძის წარსულს და მისი საინფორმაციო ბაზა, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მხოლოდ იმ ამბებით შემოიფარგლება წარსულზე „მენშევიკების ხელისუფლების დროს მის სამსახურზე,“ რაც ნიჟარაძემ თავად აღიარა და, რა თქმა უნდა, ისიც მხოლოდ უმცირესი დეტალები. ნიჟარაძის მრავალტომიან საქმეში საერთოდ არ ჩანს ბოლშევიკების დარბევა ალექსანდრეს ბაღში, 1919 წლის 7 ნოემბრის ჩაშლილი ბოლშევიკური აჯანყება თუ ივანოვ-მარდალეიშვილის საქმე. ნიკოლოზ რუხაძე, რომელიც 1905 წელს იყო დაბადებული და ჩეკისტურ ორგანოებში სამსახური 1927 წელს დაიწყო, ისევე როგორც მისი თაობის აღზევებული ჩეკისტები, თითქმის საერთოდ არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას 1917-1921 წლების საიდუმლო ბრძოლებზე ქართულ-რუსულ სპეცსამსახურებს შორის. ქართველი ბოლშევიკების და ჩეკისტების ის თაობა, რომელიც თვითონ იყო ჩართული ამ დაუნდობელ ბრძოლაში, 1920-იანი წლების მეორე ნახევრის და 1937-1938 წლების დიდ ტერორსა და მასობრივ რეპრესიებს შეეწირა, რამაც წარსულზე სრულყოფილი ცოდნა და გამოცდილება გააქრო.

მთელი ძიების განმავლობაში ჩეკისტები ცდილობდნენ, ნიჟარაძის წარსულის შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინათ სახელმწიფო არქივებში, თუმცა მათ მხოლოდ იმის მოძებნა შეძლეს, რომ ნიკოლოზ ნიჟარაძე 1916 წელს „მენშევიკური პარტიის“ წევრად ირიცხებოდა, ასევე მოიძიეს ინფორმაცია მეფის არმიის ოფიცერ ვინმე ნიკოლოზ ნიჟარაძეზე, რომელსაც მათ პატიმართან, რა თქმა უნდა, არაფერი აკავშირებდა. ქართველმა ჩეკისტებმა დახმარებისთვის „ცენტრს“ - მოსკოვს მიმართეს, საიდანაც მოგვიანებით, 1956 წლის 11 ოქტომბერს, ერთადერთი, თუმცა ძალზე საინტერესო დოკუმენტი მიიღეს. სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მეორე განყოფილება (კონტრდაზვერვა) ქვემდგომებს ატყობინებდა, რომ სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს (დაზვერვა) მასალებში მოიპოვებოდა 1924 წლის 9 იანვარს ვარშავიდან შემოსული აგენტურული შეტყობინების (წყარო უცნობია) ასლი შემდეგი შინაარსით; „...1923 წლის 22 დეკემბერს ნიკოლოზ ნიჟარაძე და გიორგი სულაძე პოლონეთის გენშტაბის მეორე განყოფილების მიერ მიცემული დოკუმენტებით გამოემგზავრნენ საქართველოში სადგურ სნიატინის, ბუქარესტის, კონსტანცის და კონსტანინოპოლის გავლით სამობილიზაციო გეგმის მოსაპოვებლად. მეორე განყოფილებამ დოკუმენტები გასცა ვარშავაში საფრანგეთის მისიის ოფიცრის განკარგულებით, რომლის აგენტადაც ირიცხება ნიჟარაძე. კონსტანციდან ისინი ფოთში ჩამოვიდნენ საზოგადოება „ლლოიდ ტრესტინოს“ გემით... ფოთში ჩამოსული ნიჟარაძე და სულაძე გაემგზავრნენ ნავმისადგომ ნაბადაში, სადაც გემები ქვანახშირით იტვირთებიან. იქ ჯიხურში იკითხეს მილორავა, მაგრამ დარაჯმა უპასუხათ, რომ იგი ამწუთას აქ არ იყო. ცოტა გავლის შემდეგ ნიჟარაძე მიუახლოვდა ერთ მუშას და მიმართა სიტყვებით „ადიუ მადამ“ რის შემდეგაც სამივენი წავიდნენ ბარაკში. იქ ცეცხლთან შეიკრიბა ფოთის მთელი იატაკქვეშა კომიტეტი ერთი ადამიანის გამოკლებით (რომ­ლის გვარი გაურკვეველია) რომელიც იმალება საბჭოთა ხელისუფლების დევნისგან. კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი ძმები მილორავები არიან. რამდენადაც შევძელით დადგენა კომიტეტს გემზე ნაცნობები ჰყავს და გზავნის საზღვარგარეთ ოფიცრებს და ინფორმაციას. ნიჟარაძემ თქვა, რომ ის თავის ამხანაგთან ერთად ჩამოვიდა საქართველოს სამხედრო-საზღვაო კომისარიატის (თბილისი) სამობილიზაციო გეგ­მისთვის. მას უპასუხეს რომ სამხედრო-საზღვაო კომისარიატის სამობილიზაციო განყოფილების უფროსმა გეგმა უკანვე წაიღო, რადგან რაღაც უნდა დაემატებინა, რის შემდეგაც მისგან გეგმას გაქცეულ ამხანაგთან ერთად ფოთში მილორავა ჩამოიტანს. მეორე დღეს ნიჟარაძე და სულაძე გაემგზავრნენ ქუთაისში და გაჩერდნენ სამთო ქუჩაზე სახლში 17. ნიჟარაძის ძმასთან. იქ ნიჟარაძემ ნახა თავისი მამა, სულაძემ კი ძმა.
...
ჩვენს მასალებში ასევე არის ასლი ვარშავაში ქართული კომიტეტის თავმჯდომარის სალაყაიას წერილიდან მენშევიკების ლიდერის ნოე ჟორდა­ნიასადმი 1924 წლისა, რომელშიც ნაწილობრივ ნათქვამია: „...საქართველოში სამობილიზაციო გეგმის მოსაპოვებლად გაგზავნილმა მოქალაქე ნიჟარაძემ ჩვენგან მიიღო 31 ამერიკული დოლარი...“  რაიმე სხვა მონაცემები ნიჟარაძის ჯაშუშურ-სადაზვერვო საქმიანობაზე და უცხოეთის დაზვერვის აგენტურისადმი მიკუთვნებულობაზე არ გაგვაჩნია.

სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების უფროსის მოადგილე; პოდპოლკოვნიკი ზაიცევი მეორე განყოფილების უფროსი; სოკოლოვი“
ორთაჭალის ციხის საავადმყოფოში მყო­ფმა, მრავალთვიანი ფიზიკური და ფსიქო­ლოგიური ზეწოლით დაუძლურებულმა ნი­კო­ლოზ ნიჟარაძემ 1951 წლის 25 აპრილს იოსებ სტალინს სასჯელის შემ­სუბუქების თხოვნით მისწერა წერილი, რომელიც ქართულ ენაზე იყო დაწერილი,  რა თქმა უნდა, წერილს შედეგი არ მოჰყოლია.

ნიკოლოზ ნიჟარაძეს 1951 წლის 28 აპრილს 10 წლით გადასახლება მიუსაჯეს „ოზერლაგში“ (Озерный исправйтельно-трудовой лагерь) მისი გადასახლების განაჩენში ხაზგასმითაა  მითითებული, რომ ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგაც თავი არ დაუნებებია ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის.

გადაასახლეს მისი შვილი, აკაკი ნიჟარაძეც.

ნიკოლოზ ნიჟარაძის მრავალტომიან საქმე­ში ჩანს, რომ იგი რამდენჯერმე დააბრუნეს თბილისში მისივე საჩივრების განხილვის საფუძველზე და, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თბილისში ყოფ­ნისას ორთაჭალის ციხის საავადმყოფოში ჰყავდათ მოთავსებული, თუმცა მისი საჩი­ვრები უარყოფილი იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პროკურატურის მიერ. ნიკოლოზ ნიჟარაძის საქმეში ბოლო ჩანაწერი 1956 წლის 14 ნოემბრით თარიღდება, როდესაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პროკურატურამ მისი საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა. ნიკოლოზ ნიჟარაძე გადასახლებაში გარდაიცვალა და მისი კვალი დაიკარგა. მისი გარდაცვალების შესახებ დაუზუსტებელ ცნობებს შეიცავს ზემოხსენებული რეემიგრანტი პორფილე მეხუზლას მოგონებები.

1954 წელს ქმარ-შვილზე დარდით ნაად­რევად გარდაიცვალა ნიკოლოზ ნიჟარაძის მეუღლე ელიზაბეთ (ვარდო) თევდორეს ასული ნიჟარაძე-ჩიკვაიძე. 

აკაკი ნიჟარაძე სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წელს, გაათავისუფლეს და მან თბილისში, რადიოკომიტეტში, დაიწყო მუშაობა. ზოგიერთი ცნობით, აკაკი გარდაიცვალა 1960-იანი წლების ბოლოს. 
საქართველოს დემოკრატიული რესპუბ­ლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი და საინფორმაციო-პოლიტიკური გან­ყოფი­ლების უფროსი, ლეო რუხაძე, მრავალ­წლიანი პატიმრობის და გადასახლების შემდეგ, 1937 წელს, დახვრიტეს, როგორც შეურიგებელი ანტისაბჭოთა მებრძოლი, რომლის გატეხვა და გადაბირება ჩეკისტებმა შეუძლებლად მიიჩნიეს.

საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშრო­ების მინისტრი, ნიკოლოზ რუხაძე, 1952 წლის 11 ივლისს დააპატიმრეს. სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ თბი­ლისში 1955 წლის 19 სექტემბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1955 წლის 15 ნოემბერს. ფიზიკურ განადგურებამდე მას საბჭოთა რეჟ­იმმა გენერალ-ლეიტენანტის წოდება და ყველა სახელმწიფო ჯილდო ჩამოართვა. საბჭოთა რეჟიმის არსებობის ბოლომდე იგი რეაბილიტირებული არ ყოფილა.

P.S. ნიკოლოზ და აკაკი ნიჟარაძის ოჯახის პირდაპირი შთამომავლების კვალი 1970-იანი წლების შემდეგ იკარგება, შესაბამისად - მათი საოჯახო არქივი და ზეპირი ისტორიები  ჯერჯერობით ვერ მოვიპოვეთ.  მამა-შვილი ნიჟარაძეების ფოტოსურათები მათივე სისხლის სამართლის საქმეში, საქართველოს შსს აკადემიის არქივში ინახება, რომელიც ამჟამად დახურულია. 1949 წელს გაცემული საპასპორტო სურათის შედარებით, 1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების გახსნის დროს გადაღებულ ცნობილ ფოტოსურათთან,  ვვარაუდობთ, რომ - ახალგაზრდა ნიკოლოზ ნიჟარაძე ჟურნალისტებსა და ერობის წარმომადგენლებთან ერთად პრესის ლოჟაში ზის სმოკინგითა და ბაფთით.

ნიკოლოზ ნიჟარაძის თავგადასავალი ჯერ კიდევ ბევრი დეტალის დაზუსტებას მოითხოვს. მზის სინათლეს ელის მისი იმ თანამებრძო­ლების მთელი თაობის მივიწყებული ისტორია, რომლებიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკი­დებლობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკ­რა­ტიისა და ევროპული მომავლისთვის. მათი სახეები საბჭოთა რეჟიმმა ამოშალა ჩვენი საზოგადოების კოლექტიური მეხსიერებიდან და რუსული პროპაგანდა დღემდე სარგებლობს საქართველოს „დაკარგული ისტორიით“ გამო­წვე­ული შედეგებით.

Articles

brand

Contact

20, Giorgi Akhvlediani str., 0108 Tbilisi, Georgia

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here