რუბრიკა: აფხაზეთი

ჟურნალი: ნომერი 11




გაგრა 1992 - რუსული განაჩენი, პირველი მოქმედება

ავტორი : გიგი გიგინეიშვილი 

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწ­ყე­ბი­დან ორ დღეში, 1992 წლის 16 აგვი­სტოს, ქართულმა საჯარისო ნაწილებმა განახორ­ციელეს საზღვაო დესანტირება გაგრის ზონაში. იმ პერიოდში საქართველოს სამხედრო და­ნიშნულების მცურავი საშუალებები არ გააჩნდა, ამიტომ შევარდნაძის ხელისუფლებას „მეგობრული დახმარება“ რუსულმა არმიამ გაუწია. სეპარატისტული პროპაგანდა რუსეთის ამ ნაბიჯს დღემდე ისე ფუთავს, თითქოს აფხაზთა რიგებში დაბნეულობის შესატანად, დესანტირებისას ქართულმა სამხედრო კა­ტარღებმა რუსული დროშები აღმართეს გემებზე. უფრო სარწმუნო ვერსიით, რუსებმა ამ გზით წინასწარ დაგებულ ხაფანგში გააბეს სამხედრო გადატრიალების შედეგად ისედაც ქაოსში მყოფი საქართველო. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ სეპარატისტების უკანო­ნო სამხედრო ფორმირებებმა წინასწარ იცოდნენ დესანტირების დროცა და ადგილიც და ქართულ შენაერთს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებისას დაიჭრა ათამდე ქართველი მებრძოლი და გარდაიცვალა ერთი. დესანტის პირველადი ამოცანა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფსოუს მონაკვეთის კონტროლი იყო, რაც წარმატებით შესრულდა.  სეპარასტისტების უკანონო ფორმირებებმა ფრონტის ხაზი მდი­ნარე ბზიფის მარცხენა სანაპიროზე მოაწყვეს. შევარდნაძის ხელი­სუფლება ფიქრობდა სეპარატისტული შენა­ერ­თის ბლოკირებას ბიჭვინთა-გუდაუთა-ახალი ათონის მონაკვეთში. შევარდ­ნაძის გათვლით, ზამთარში აფხაზური დაჯგუ­ფებების მომარაგება გართულდებოდა და სეპარატისტები მსხვერპლის გარეშე დანე­ბდებოდნენ. საგულისხმოა, რომ ამ დროს ქართულ შეიარაღებულ ძალებს რუსული არმია, სულ მცირე, ნეიტრალური მხარე ეგონა თუ მოკავშირე არა, თუმცა მალე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. წინასწარ შეთანხმებული სცენარით, რუსმა სამხედროებმა და აფხაზმა სეპარატისტემა გაითამაშეს გუდაუთასთან რუს მედესანტეთა ბაზის ალყაში მოქცევის სპექტაკლი, რომელსაც „შეშინებულმა“ რუსმა მედესანტეებმა თითქოს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, რის შედეგადაც სეპარატისტებმა დი­დძალი იარაღი ჩაიგდეს ხელში. იგივე სცენარი გათამაშდა მომდევნო დღეს გუდაუთის რუსულ სარაკეტო-სამხედრო ბაზაზეც. ასე დაიწყო რუსეთის იმპერიამ თავისი ნამდვილი სახის გამოჩენა, მას შემდეგ, რაც სამხედრო საბჭოს წევრმა, თენგიზ კიტოვანმა, „პირნათლად” შეასრულა მათი რჩევა-დარიგებანი.

გაგრის ზონაში ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადასვლა ეტაპობრივად დაიწყეს, იქ იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 101-ე, 102-ე, 103-ე ბატალიონები, ბატალიონი „ავაზა“, „თეთრი არწივი“, „შავნაბადა“, „მხედრიონი“ და ადგილობრივი თუ სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოხალისეთა ჯგუფები. მთელი ამ დროის განმავლობაში, ვერ მოხერხ­და სამხედრო ნაწილებში წესრიგის დამყარება, მათ შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა. ხშირი იყო სპორადული კრიმინალური შემთ­ხვევებიც. შეიარაღებული პირები თავია­ნთი სურვილისამებრ, გაუფრთხილებლად შე­დი­ო­­დნენ გარკვეულ პოზიციებზე და ასევე გაუფრთხილებლად  ტოვებდნენ მათ. მამზიშხას მთების მხრიდან გაგრა თითქმის მთლიანად დაუცველი იყო, ამ განუკითხაობის შემხედვარე, „მხედრიონის“ ლიდერი ჯაბა იოსელიანიც კი აღშფოთდა და კატეგორიულად ითხოვდა თბილისიდან სამხედრო საქმეში ჩახედული ხალხის  გაგრაში გაგზავნას.

ამავე პერიოდში, საქართველოს ომი გამოუცხადა ე.წ. „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ (რომელიც, როგორც შემდ­გომ დადგინდა, რუსეთის ფედერაციის სპეც­სამსახურების მიერ შეიქმნა და კონტრო­ლდებოდა, მათ საბოლოო თვით­ლუსტრაცია ჩეჩნეთის პირველი ომის დროს მოახდინეს, როდესაც კონფედერაციამ უარი განაცხადა, დახმარებოდა ჩეჩენ ხალხს რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში, ხოლო აფხაზეთში თი­თქმის შეუზღუდავად მარაგდებოდნენ რუსული იარაღით, ГРУ უზრუნველყოფდა მათ დაქირავებას სპეციალურ სამობილიზაციო პუნქ­ტებში (მოსკოვში, პეტერბურგში, მაიკო­პში, სოჭსა და სხვა დიდ ქალაქებში), მათ წვრთნას, დაფინანსებას, ხშირ შემთხვევაში ტრანსპორტირებას, სამედიცინო მომსახურებასა და ა.შ.). ე.წ. კონფედერაციამ 1992 წლის 19 აგვისტოს მიიღო დადგენილება აფხაზეთში მებრძოლების გაგზავნის შესახებ:

„კონფედერაციაში შემავალმა ყველა დაჯ­გუფებამ უზრუნველყოს მებრძოლთა გა­დას­როლა აფხაზეთში; კონფედერაციის ტერი­ტორიაზე არსებული ყველა ქართველი ერო­ვნების ადამიანი გამოცხადდეს სამხედრო ტყვედ“; საქართველოსათვის განკუთვნილი ყველა ტვირთი დაკავდეს; თბილისი გამოც­ხადდეს უბედურების ზონად; ამ მიზნების შესასრულებლად გამოყენებულ იქნეს ყველა მეთოდი, მათ შორის ტერორისტული აქტები.“

ამჟამად უკვე ცნობილია, რომ ბზიფის ხეობის გავლით, რომელიც სეპარატისტებს და მათ რუს ინსტრუქტორებს წინასწარ ჰქონ­დათ შესწავლილი, 15 აგვისტოდან (ანუ ზემოხსენებულ დადგენილებამდე) დაიწყეს დაქირავებული ბოევიკების შემოყვანა რუსეთის ფედერაციიდან. შამილ ბასაევი, მუჰამედ კილბა და სხვები სწორედ ასე გადმოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. საგულისხმოა, რომ 1992 წლის აპრილში აფხაზეთში ჩამოვიდნენ ГРУ-ს მიერ შერჩეული უმაღლესი რანგის რუსი სამხედროები, მათ შორის სულთან სოსნალიევი და წინასწარ დაგეგმეს საომარი მოქმედებების დეტალები, იარაღით მომარაგების წყაროები, ბოევიკების გადასროლის ძირითადი და ალტერნატიული გზები, შეარჩიეს სამხედროები და მოამზადეს სხვა საორგანიზაციო-ლო­გი­სტიკური დეტალები, შეუთანხმდნენ აფხა­ზეთში დისლოცირებული რუსული ბაზე­ბის ხელმძღვანელებს, რომ გარკვეული გა­­რემოებების დადგომის შემთხვევაში მათ უნდა გადაეცათ ბაზაზე არსებული შეიარაღების დიდი ნაწილი.

 
აფხაზეთში დაქირავებული ბოევიკების გა­მოჩენა არ გამოჰპარვია ქართულ სარდლ­ობასაც. ტყვედ აყვანილი ბოევიკები ზუსტად ასახელებდნენ იმ საფეხმავლო გზებს ბზიფის ხეობაში, რომლებითაც შეიარაღებული პირები გადმოდიოდნენ კავკასიონის ქედზე. როგორც შემდგომ  აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე მუჰამედ კილბა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ჰყვებიან სატელევიზიო ინტერვიუებში, იმ რაოდენობით ჩამოვიდნენ მებრძოლები რუსეთის ფედერა­ციიდან, რომ მათ მთლიანად შეავსეს გუ­დაუთის სასტუმრო-სანატორიუმები. საქმე ისე წავიდა, რომ მათი გამოკვებაც კი ძალზე გართულდა, ამიტომ ისინი მოუწოდებდნენ ახალ მსურველებს, აღარ წამოსულიყვნენ აფხაზეთში.

ამ ვითარებაში, ქართული მხარისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანად იქცა ბზიფის ხეობის ჩაკეტვა. იმ პერიოდში ისე ჩანდა, თითქოს, თუ ქართული ძალები მდინარე ბზიფს გადალახავდნენ და ბიჭვინთის მიმართულებით წინ წაიწევდნენ, გადაიკეტებოდა სეპარატი­სტებისათვის სასიცოცხლო საკომუნიკაციო არხი. ბზიფის ხეობას აფხაზებიც საკმაო მნი­შვ­ნელობას ანიჭებდნენ, რადგან ეს იყო ГРУ-ს მიერ შერჩეული ერთ-ერთი (და არა ერთადერთი, როგორც ეს ქართველებს ეგონათ) საკომუნიკაციო მიმართულება. აგვისტოს ბოლოს ქოსში მყოფმა ქართულმა შენაერთებმა ხეობის ჩაკეტვა სცადეს, ზერელე და მოუმზადებელი მანევრით. საპირისპიროდ, რუსეთის ფედერა­ციიდან ჩამოსულმა პროფესიონალი სამხე­დროების ჯგუფებმა ხაფანგი დაახვედრეს ქართველებს. მანევრი 28 აგვისტოს დილიდან დაიწყო. ცენტრში, საავტომობილო გზაზე, ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით ბატალიონი შავნაბადა გადაადგილდებოდა, გეგმის მიხ­ედვით, მისთვის ფლანგებზე მხარი უნდა დაეჭირა გაგრაში მყოფ სხვადასხვა ქართულ შენაერთს. შეტაკებები დაბა კოლხიდიდან რამდენიმე მეტრში დაიწყო, საავტომობილო გზაზე ჯავშანტექნიკით მოძრავმა დაჯგუფებამ, ბუნებრივია, უფრო სწრაფად წაიწია წინ, ვიდრე ფლანგებზე უსწორმასწო რელიეფზე და ტყეში ქვეითად მოძრავმა ძალებმა. დაჯგუფებებს შორის ფაქტობრივად არ არსებობდა კავშირი, შედეგად, საავტომობილო გზაზე მოძრავ ქართულ ძალებს მოწინაარმდეგემ ცეცხლი სამი მხრიდან გაუხსნა. ვითარება საგანგაშო იყო. რამდენიმე საათში დიდი მსხვერპლის გამო ოპერაცია შეჩერდა, ქართულმა ნაწილებმა უკან დაიხიეს.

ეს იყო პირველი დიდი მსხვერპლი ქართ­ულ ლაშქარში. სამხედრო მარცხმა და და­ტრიალებულმა ტრაგედიამ მცირედით პი­რველად დააფიქრა საზოგადოება, თუ რა მასშტაბის პროვოკაციასთან გვქონდა საქმე. დაიღუპა არაერთი ახალგაზრდა, თუმცა ამ ეპიზოდმა ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა ქართველთა მობილიზების, წინდახედულებისა თუ პრობლემის დიაპაზონის გააზრების კუთხით. მეორე დილიდან ბზიფის ხეობიდან ბოევიკების შემოდინება თითქმის გაორმაგდა.

24 აგვისტოს გაძლიერებულმა რუსულ-აფხა­ზურმა შენაერთებმა მძლავრი იერიში მიიტანეს გაგრაზე. მიუხედავად დაქსაქსულობისა, ქართ­ველმა მებრძოლებმა პირადი თავდადებითა და სიმამაცით შეძლეს და სამი დღის განმავლობაში გაუძლეს შემოტევას, ხოლო მეოთხე დღეს მაშველი ჯგუფების დახმარების შედეგად კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მტერი უკუაგდეს.

კარგა ხნის დაგვიანებით გაგრაში მივ­ლე­ნილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე ბატალიონი პოლკოვნიკ მიხეილ მარინაშვილის მეთაურობით და, ასევე, პროფესიონალი სამხედრო პაატა და­თუაშვილი. დაიწყო გარკვეული სამხედრო  ვერტიკალის ჩამოყალიბება, იყო წესრიგის დამყარების მცდელობები, თუმცა, საერთო ხელმძღვანელობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, აღარაფერი ითქმის გამართულ ლოგისტიკასა და მებრძოლთა როტაციაზე. რუსულ-აფხაზური შენაერთი კი გაგრის ზონაში სტრატეგიულ სიმაღლეებს გეგმაზომიერად იკავებდა. პოლკოვნიკი მარინაშვილი შეეცადა, ტაქტიკური უპირატესობა მოეპოვებინა და წამოიწყო შეტევა ბზიფის ხეობაში სოფელ იფნარის მიმართულებით, წაიწია კიდეც წინ, თუმცა მიიღო ბრძანება, დაბრუნებულიყო საწყის პოზიციაზე. იგივე სცენარი განმეორდა მდ. ბზიფის სიახლოვეს არსებულ მეფრინველეობის ფაბრიკასთან - სამხედრო წარმატების მი­უხედავად, თბილისიდან მიღებული ბრძანების საფუძველზე, ქართველებმა ბრძოლით მოპო­ვებული პოზიციები უბრძოლველად დათმეს.

3 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ბო­რის ელცინმა, მოსკოვში მიიწვია ქართული დელეგაცია, საქართველოს სახელმწიფო საბ­ჭოს თავმჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით (ასევე, სახელმწიფო საბჭოს წევრები, თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა). ფორმალურად, ეს იყო ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა, მაგრამ მისი ფორმატი მაინც სპეციფიკური იყო. სინამდვილეში, რუსული სცენარის მიხედვით, ეს იყო „მოლაპარაკებები ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობით“, რომელიც არბი­ტრის როლში გამოდიოდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსე­თის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და მხარეების ხელმძღვანელები. ხელი მოეწერა ე.წ. „მოსკოვის შეხვედრის შემაჯამებელ დოკუმენტს“. უნდა შექმნილიყო კონტროლისა და ინსპექციის კომისია, რომელსაც დაევალებოდა „უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და ჯგუფების“ განიარაღება და დაშლა, მათი არდაშვება აფხაზეთში, აგრეთვე, „კონფლიქტის ზონის მთელ პერიმეტრზე“ მკაცრი კონტროლის უზრ­უნველყოფა. აფხაზეთში უნდა დარჩენილიყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მცირე კონტინგენტი (იმდენი, რამდენიც საჭირო იყო რკინიგზებისა და სხვა ობიექტების დაც­ვისათვის). 1992 წლის 5 სექტემბრის 12:00 სა­ათიდან მხარეებს უნდა შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები და დაეწყოთ მოლ­აპარაკებები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგ­ვარების მიზ­ნით.

ერთი შეხედვით, ეს ქართული მხარისათვის წარმატებას ნიშნავდა, თუმცა კრემლის კულ­უარებში აბსოლუტურად სხვა სცენარი მუშა­ვდებოდა. მოსკოვში მყოფ შევადრნაძეს რუსმა მაღალჩინოსნებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საქართველოს დსთ-ში შესვლის საკითხი, რაზედაც შევარდნაძემ მისთვის ჩვეულ სტილში არც უარი უთხრა და არც თანხმობა მისცა. ქართული დელეგაცია გახარებული დაბ­რუნდა თბილისში, ხოლო არძინბა მოსკოვში 5 სექტემბრამდე დაიტოვეს. გუდაუთაში და­ბ­­რუნებულ არძინბას გაგრის შტურმის გე­გმა დაახვედრეს, რომლის ავტორი რუსი ოფი­ცერი, მუჰამედ კილბა, იყო. მიუხედავად გვარის მსგავსებისა, კილბა ჩერქეზული წარ­მოშობის იყო და არა აფხაზი (ის თავად აღ­ნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ 1992 წლის აგვისტომდე აფხაზეთში ნამყოფიც კი არ იყო). კილბამ გეგმაზე მუშაობა ჯერ კი­დევ 3 სექტემბრის შეთანხმებამდე დაიწყო, თუმცა რუსულ-აფხაზური პროპაგანდა გაგრის ოპერაციის ავტორობას აფხაზ სეპარატისტ სარდალს, ვლადიმერ არშბას, მიაწერს, მისი აფხაზური წარმოშობის გამო. თავად მუჰამედ კილბა იყო ავღანეთის ომგამოვლილი ოფიცერი, წითელი ვარსკვლავის ორდენით ორგზის დაჯილდოებული, უმაღლესი კლასის სამხედრო მზვერავი, ГРУ-ს კადრი. მასთან ერთად ოპერაციის მომზადებაზე მუშაობდა სულთან სოსნალიევი (ასევე უმაღლესი კლასის ოფიცერი რუსეთის ფედერაციიდან), რომელიც შემდგომ ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო მუჰამედ კილბა მის მოადგილედ დაინიშნა). გეგმის შემუშავებასა და მომზადებაში ასევე ჩართულები იყვნენ სერგეი დბარი, ზემოხსენებული ვლადიმერ არშბა და გენადი ჭანბა. გაგრის შტურმის სამზადისი 9-10 სექტემბრიდან არძინბას განკარგულებით აქტიურად დაიწყო. დაზვერვა წარმოებდა სოჭის მხრიდან, რა დროსაც ქართული შეიარაღებული ძალების თითქმის მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო საპირისპირო ბზიფის მიმართულებაზე. პროცესში, ГРУ-ს გარდა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოჭის FSB და სოჭელი აფხაზები. რუსი მზვერავები ფსოუს სასაზღვრო ზოლის მხრიდან შემოდიოდნენ გაგრის ზონაში და დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ გუდაუთაში არსებულ რუსულ-აფხაზურ სამხედრო შტაბს. აქტიური დაზვერვა 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსმა მზვერავებმა ზუსტად შეისწავლეს როგორც ქართული სამხედრო ტექნიკის მდებარეობა, ისე თავდაცვის სხვა წერტილები, ასევე ცოცხალი ძალა და, გარდა წმინდა სამხედრო მითითებებისა, რაც უნდა უცნაური იყოს, დაზვერვის რეკომენდაციის საფუძველზე, სეპარატისტთა სარდლობამ გაგრის ზონაში მოქმედ/ჩატოვებულ აგენტურას პირდაპირ დაავალა, სექტემბრის ბოლოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ალკოჰოლი, კანაფი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები დაერიგებინა ქართველი მოხალისეებისათვის “საჩუქრად“. როგორც შემდგომ გაირკვა, ქართველი მებრძოლების არცთუ მცირე ნაწილმა დიდი სიხარულით მიიღო ეს სასიკვდილო „ძღვენი“.

ზოგადად, რუსებისა და აფხაზების მხრიდან ყველა ე.წ. სამშვიდობო შეთანხმება რეალურად წარმოადგენდა კონკრეტული სამხედრო შე­ტევითი ოპერაციის შემადგენელ კომპონენტს, რომელიც გამოიყენებოდა ამა თუ იმ სამხედრო მიზნების ეფექტურად მომზადებისათვის და არავითარ შემთხვევაში მშვიდობის დას­ამყარებლად. სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში რუსული მხარე უფრო მშვიდ გარემოში ახერხებდა დაზვერვას, დაჟინებით ითხოვდა და აღწევდა კიდევაც ქართული ბრძოლისუნარიანი ძალების გაყვანას ამა თუ იმ მონაკვეთიდან.

19 სექტემბერს ქართულმა დაზვერვამ მო­იპოვა ინფორმაცია, რომ მამზიშხას მთების მხრიდან რუსულ-აფხაზური საკმაოდ დიდი დაჯგუფება აპირებდა გაგრის სიახლოვეს ხელსაყრელი პოზიციების დაკავებას. სიტუ­აციაში გასარკვევად გაიგზავნა 32-კაციანი სადაზვერვო ჯგუფი ავტობუსით.  მამზიშხას გზის მეექვსე კილომეტრზე, ავტობუსს ყველა მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს, დაიჭრა 14 მებრძოლი, დაიღუპა 6 ქართველი. აფხაზთა თავდასხმებს ყოველდღიური სახე მიეცა, ყოველდღე იღ­უპებოდა ხალხი, ხოლო მტრის რკალი ნელ -ნელა უახლოვდებოდა გაგრის ზონას.

25 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის დუმას დეპუტატ სერგეი ბაბურინის (შემდგომში აფხაზური ღირსების ორდენის კავალერი) ინ­იციატივით, გაიმართა უმაღლესი საბჭოს დახ­ურული სხდომა, რომელზეც მიიღეს დად­გენილება, რომლის საფუძველზეც რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა საბჭომ დაგმო საქა­რთველოს მიერ „ძალის გამოყენება აფხაზეთში“, მოითხოვა საქართველოსგან შეიარაღებული ძალების გაყვანა აფხაზეთიდან და მათ ნაცვლად „რუსეთის სამშვიდობო ძალების“ განლაგება. საბჭომ რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინისგან ასევე მოითხოვა, შეეწყვიტა საქართველოსთვის ადრე დადებული შეთანხმებით გათვალი­სწინებული შეიარაღების გადაცემა. მოგეხ­სენებათ, 1992 წლის მაისში საქართველო შეუერთდა ტაშკენტის ხელშეკრულებას ყოფილი საბჭოთა სამხედრო ქონების გაყოფის შესახებ, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ვალდებული იყო საქართველოსთვის გადაეცა ყოფილი საბჭოთა შეიარაღება, მისთვის გათვალისწინებული კვოტით. პირველ ეტაპზე რუსეთს აწყობდა საქართველოსთვის ახალციხის ბაზის შეია­რაღების გადაცემა, რათა კრემლის მიერ შექმნილი და მართული სეპარატისტული ძა­ლების მხრიდან პროვოკაციული ქმედებების კასკადის ფონზე შექმნილიყო ომის გაჩაღების წინაპირობა. შემდგომ ეტაპზე შეიარაღების გადაცემა რუსეთის ინტერესებში უკვე აღარ შედიოდა. ამიტომ, რუსეთმა შეაჩერა ტაშკენტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იარა­ღის გადმოცემა. 27 სექტემბერს რუსეთმა აფხაზეთში მიავლინა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ ე.წ. პრეზიდენტი, მუსა შანიბოვი, რომელმაც მოუწოდა რუს და აფხაზ ბოევიკებს, „სიღრმისეულად გაეაზრებინათ ყვე­ლა სამხედრო ოპერაცია, შეესწავლათ ყველა წვრილმანი და დაეწყოთ მოქმედებები პროფესიონალურად, სასწრაფოდ შესდგომოდნენ მტერი ქართველების ხოცვას, ნაკუწებად და­ჭრას, ცხვირების მოჭრას და ა.შ.“ არსებობს ამ მოწოდების ვიდეოჩანაწერი. შანიბოვის აფხაზეთში ჩასვლისთანავე არ­ძინბამ განაცხადა კავკასიის მთიელ ხა­ლხთა კონფედერაციის შეიარაღებული ფორ­მირებების მიერ აფხაზეთის ტერიტორიის დატოვების პროცესის შეჩერების შესახებ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა 3 სექტემბრის შეთანხმებას.

29 სექტემბერს გაგრის მოსახლეობა შე­იკ­რიბა გაგრის სტადიონზე და მიხეილ მარინაშვილისგან ითხოვდა ახსნა-განმარტებას, იყვნენ თუ არა ისინი დაცულნი. პოლკოვნიკი მარინაშვილი ადგილზე არ მივიდა, მაგრამ მივიდნენ სხვა სამხედრო პირები, რომლებმაც ხალხი დაამშვიდეს და უთხრეს, რომ გაგრაში „ჩიტიც ვერ შემოფრინდებაო“. ამ დროს აფხაზებს გაგრის გარშემო უკვე ყველა სტრატეგიული წერტილი ეკავათ, სრულად ისმინებოდა ქართული სამხედრო რადიოსიხშირეები და ელოდნენ ქალაქის აღების ბრძანებას. მეორე დღეს რუსები და აფხაზები უკვე ქალაქს მიადგნენ.

სექტემბრის ბოლოს ღრმა კრიზისში მყო­ფი გაგრის ქართული დაჯგუფება ყველა მიმარ­თულებით სერიოზულ პრობლემებს განი­ცდიდა - არ ხდებოდა მებრძოლების როტაცია, სე­რიოზული შეფერხება იყო კვების, სამედიცინო და სხვა საჭიროებების უზრუნველყოფის კუთ­ხით.  თენგიზ კიტოვანსა და ჯაბა იოსელიანს შორის ურთიერთობა ამ დროს გამწვავებული იყო. როგორც პოლკოვნიკმა მარინაშვილმა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერვიუში განაცხადა, გაგრა მიჩნეული იყო ჯაბა იოსელიანის გავლენის ზონად.  ამის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქ ტყვია-წამალს არ გზავნიდა. პროკურატურის მასალებიდან ირკვევა, რომ გაგრისკენ ახალციხიდან გაიგზავნა სამი ტანკი და ოთხი ბმპ, რომელიც გაგრის მისადგომებიდან უკან დაატრიალეს და სოხუმში გადმოტვირთეს, მე­ორე შემთხვევაში გაგზავნილ იქნა ორი ტანკი, რა დროსაც ადგილზე შემოწმებისას გაირკვა, რომ ერთს ძრავა არ უმუშავებდა, მეორე არ ისროდა. საუბარი ზედმეტია გაგრაში ჯავშანტექნიკის მომსახურე ტექნიკური დახმარების პუნქტების არსებობაზე (რაც აფხაზებმა სექტემბრის პირველ დღეებშივე მოაგვარეს/ააწყვეს გუ­დაუთაში რუსი ინსტრუქტორების მითითებით). რუსულ-აფხაზურ შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ გაგრაში ტყვიების სერიოზული დეფიციტი იყო რადგან აღმოჩნდა, რომ სექტემბრის ბოლოს გაგზავნილი 40 ყუთი ტყვია-წამალი მთლიანად გაფუჭებული იყო.

მიუხედავად დანაკლისისა, უნდა აღინი­შნოს, რომ გაგრის ზონაში 1992 წლის 1 ოქტომბრისთვის მაინც საკმარისი შეიარაღება, ტექნიკა და ცოცხალი ძალა იყო, თუმცა იქ მყოფი მებრძოლების დიდმა ნაწილმა არ იცოდა, სად უნდა შეკრებილიყვნენ, შეევსოთ ტყვია-წამალის მარაგი ან რა გეგმის მიხედვით ემოქმედათ. არსებულ კრიზისს კარგად ასახავს გაგრაში მომხდარი ერთი შემთხვევა: იმის გამო, რომ თავდაცვისათვის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთებში არ იყო გათხრილი სანგრები, საჭირო გახდა ბეტონის ფილების დალაგება პოზიციების მცირედით  გასამაგრებლად, მაშინ როდესაც რუსები შეტევაზე გადმოვიდნენ, ქართველებმა ვერ იპოვეს საამისოდ მომ­ზადებული ამწე, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, ამ გააფთრებული შემოტევისას გაგრის პორტში იყო წაყვანილი მოროდიორების მიერ ნაძარცვი მანქანების დასატვირთად.

*  *  * 
გაზეთ „იზვესტიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალ-ლეიტენანტი სილფიან ბეპაევი აღნიშნავდა, რომ ქართულმა მხარემ შეასრულა 3 სექტემბრის შეთანხმება და 30 სექტემბრისთვის 1200 კაცი გაიყვანა კონფლიქტის ზონიდან.  

გაგრის ოპერაციას რუს-აფხაზებმა კოდური სახელწოდება „ქარიშხალი“ მიანიჭეს, ქარ­თველებისა და საერთაშორისო საზოგა­დო­ებისათვის კი შეტევით ოპერაციას „კონტრშეტევა გაგრის გათავისუფლებისათვის“ დაერქვა. იგი 30 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გარკვეული ხარვეზების გამო 1 ოქტომბრისთვის გადაიდო. გეგმის მიხედვით, ქალაქისთვის 3 მიმართულებიდან ერთდროულად უნდა შეეტიათ - მამზიშხას მთებიდან; ცენტრალურ მიმართულებაზე  - საავტომობილო ტრასიდან და ზღვის მხრიდან - დესანტის მეშვეობით. ნიშანდობლივია, რომ გაგრის ზონაში, იმ ადგილას, სადაც 16 აგვისტოს რუსული სამხედრო გემები ქართულ ჯარს დესანტირებაში ეხ­მარებოდნენ, რეიდზე კვლავ საბრძოლოდ მზადმყოფი რუსული სამხედრო გემი დადგა. მაგრამ ამჯერად უკვე რუსულ სამხედრო გემს ნაბრძანები ჰქონდა არა ქართველების გადაყვანა გაგრაში, არამედ ქართული მაშველი ძალის არდაშვება გაგრა-ლესელიძის ზონაში.

გაგრის შტურმისას მტრის ძირითად დამ­რტყმელ ძალას წარმოადგენდა რუსეთიდან მოვლენილი რაზმები (ძირითადად, ГРУ-ს მიერ დაქირავებული ოფიცრები რუსეთის სამ­ხრეთ რეგიონებიდან). დაჯგუფებებს ხელ­მძღვანელობდნენ  უმალატ დაშაევი, ჰამზატ ხანკაროვი, იბრაჰიმ იაგანოვი (რომლის ხელ­მძღვანელობით გადაისხა საზღვაო დესანტი გაგრის ზურგში, ე.წ. ცივ მდინარეებთან), იური მალხოჟოვი და შამილ ბასაევი. ეს უკანასკნელი თავისი დაჯგუფებით მთების მხრიდან უტევდა და მაქსიმალური სიღრმისკენ მიიწევდა, შე­დეგად, ალყაში მოქცევის მუდმივ საფრთხეს უქმნიდა ქართულ შენაერთებს. აფხაზურ შე­ნაერთს ხელმძღვანელობდა გენადი ჭანბა, რომელიც  მართალია ცენტრალური გზიდან უტევდა, მაგრამ ფაქტობრივად ე.წ. მეორე ეშელონის ფუნქციას ასრულებდა. გაგრის შტურმში მონაწილეობისათვის სპეციალურად ჩამოვიდნენ დონისა და ყუბანის კაზაკთა ყველაზე ბრძოლისუნარიანი და გამოცდილი დაჯგუფებები.

ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებული და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი შეტევის წინააღმდეგ დაქსაქსულ ქართულ ნახევრად მოხალისე ლაშქარს ძალიან მცირე შანსები ჰქონდა. 1 ოქტომბერს, 18:00 საათზე, რუსული გეგმის ფარგლებში მტერმა ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო. ე.წ. წითელი ჯვრის ქართული საგუშაგოს წინააღმდეგობა რამდენიმე წუთში დაძლიეს, ძალთა უთანასწორობის გამო წინააღმდეგობა ვერ გასწია და უკან დაიხია ბატალიონ „ავაზის“ ქვედანაყოფმაც. ერთ საათში მტერი უკვე კოლხიდას მიუახლოვდა. კიდევ რამდენიმე საათში აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა და­იკავეს. 1 ოქტომბერს, ღამით, კოლხიდა დაეცა.

მიუხედავად სექტემბერში არსებული ზო­გადი დაძაბულობისა, გაგრაზე თავდასხმა მო­ლა­პარაკებებში ჩართული ქართული სარდ­ლობისათვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავზარდამცემი ეფექტი იქონია, არა მარტო გაგრაში, არამედ სოხუმში, ოჩამჩირესა და თბილისშიც. 1 ოქტომბერს, გვიან ღამემდე, სოხუმში მიმდინარეობდა კონტროლისა და ინსპექციის კომისიის სამმხრივი სხდომა. ქართულ მხარეს, ბუნებრივია, უკვე ჰქონდა ინ­ფორმაცია გაგრის მიმართულებით თავდას­მხმის შესახებ და წამოაყენა კიდეც ეს საკითხი. რუსული მხარე ითხოვდა, დღის წესრიგით გა­თვალისწინებლი საკითხებიდან არ გადაეხვიათ და ემსჯელათ 3 სექტემბერის შეთანხმების გარკვეულ პუნქტებზე. აფხაზური და რუსული დე­ლეგაციები ტრადიციულად თვალთმაქცობდნენ და ცდილობდნენ, დრო გაეწელათ უსაგნო სა­უბრ­­ით „სამშვიდობო შეთანხმებაზე“. რუ­სები და აფხაზები არ აღიარებდნენ შეტე­ვის მზადებას, თუმცა, რო­დესაც გაგრის მიმა­რთულებით გააფთრებული ბრძოლები გაჩაღდა, სეპარატისტების ლიდერმა, არძინბამ, ბრალი სა­ქართველოს დასდო, ხოლო აფხაზთა ქმედებებს, საინფორმაციო ომის რუსული მეთოდიკის მი­ხედვით, „კონტრშეტევა“ უწოდა.

ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ არ დაუ­რღვევია 3 სექტემბრის შეთანხმება და ქარ­თული საჯარისო ნაწილების ყველაზე ბრძო­ლისუნარიანი ძალები კონფლიქტის ზონიდან მართლა გაიყვანა. შედგა სხდომის ოქმი, რომლის მიხედვით საჯარისო ნაწი­ლები უნდა დაბრუნებულიყვნენ საწყის პოზიციებზე, მეორე დილის 9 საათამდე უნდა აღდგენილიყო სტატუს-კვო. მიუხედავად ამისა, რუსულ-აფხაზურმა დაჯგუფებამ არ შეასრულა ვალდებულება. ბრძოლები მთელ ღამეს გაგრძელდა. მეორე დილის ექვსი საათისთვის მტერი გაგრისკენ დაიძრა. ქალაქს უტევდნენ მამზიშთის მხრიდან, ზღვიდან და ტრასიდან. ქართველები დაბა ლესელიძისკენ იხევდნენ. 2 ოქტომბერს, მიუხედავად გარკვეული წინა­აღმდეგობისა, გაგრა დაეცა.

იმავე დღეს სახელმწიფო საბჭომ გაავრცელა განცხადება და დაგმო რუსეთის ფედერაციის ქმედებები აფხაზეთში. ეს განცხადება ერთობ უსუსურად და სასაცილოდ იკითხებოდა.

რუსული პროპაგანდის წესების შესაბამისად, დღეს აფხაზურ მოსახლეობას ასწავლიან, რომ თითქოს გაგრას უტევდა 296 მებრძოლი, ძირითადად აფხაზები და მცირე რაოდენობის ჩერქეზი მოხალისეები, 2 ტანკის ამარა და რომ ქართული შეიარაღებული ძალები, რომელიც თავს იცავდა გაგრაში, ითვლიდა 4500 მებრძოლს, რომლებსაც ჰყავდათ 40 ერთეული მძიმე ტექნიკა, ავიაცია და 50-ზე მეტი საარტილერიო საშუალება. ასწავლიან, რომ თითქოს გაგრის „გათავისუფლების“ ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო სასწავლებლებში ისწავლება, როგორც სამხედრო ხელოვნების ისტორიაში უნიკალური შემთხვევა. ამავე ვერსიით, აფხაზურ მხარეს დაეღუპა 53 მებრძოლი, ხოლო ქართულ მხარეს - 900 მებრძოლი. საერთოდ არ ახსენებენ იმ საკვანძო გარემოებას, რომ 3 სექტემბრის ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულმა მხარემ გაგრიდან გაიყვანა ყველაზე ბრძოლისუნარიანი ძალები და რომ გაგრის აღება, რასაც ქართველთა გენოციდისა და ეთნოწმენდის სადისტური სცენები მოჰყვა, მხოლოდ 3 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმების განზრახ, ვერაგულმა დარღვევამ გახადა შესაძლებელი. (იგივე განმეორდა შემდგომშიც: სწორედ სამშვიდობო შეთანხმების მზაკვრულად დარღვევის შედეგად იქნა დაკავებული რუსულ-აფხაზური მხარის მიერ მზაკვრულად  სოხუმის ჩრდილოეთ სიმაღლეები - შრომა და კამანი (14.05.1993 წლის შეთანხმების დარღვევის შედეგად) და ბოლოს, სოხუმი, ოჩ­ამჩირე და გალი (27.07.1993 წლის შეთანხმების დარღვევის შედეგად.)

უმძიმეს ვითარებაში, გია ყარყარაშვილმა სოხუმში შეკრიბა მებრძოლები და განწირულ გაგრაში ვერტმფრენებით ჩაიყვანა 120 ქართველი გმირი, რომელთა ნაწილი დღემდე უგზოუკვლოდ არის დაკარგული, თუმცა უკვე გვიანი იყო, სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელი აღმო­ჩნდა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გაგრის ზონაში ხელფასს იღებდა 3000 მერბძოლი, თუმცა რეალურად რუსებისა და აფხაზების შემოტევისას ყველაზე საჭირო და კრიტიკულ მომენტში 4-კილომეტრიან მონაკვეთზე მხოლოდ 100-120 კაცის მობილიზება შეძლო პოლკოვნიკმა მარინაშვილმა. მთელი ამ ოპერაციის განმავლობაში ქართულმა სარდლობამ 400-500 კაცზე მეტი ვერ შეიკრიბა. ქართველ მებრძოლებს ლოკალურ ბრძოლებში მცირე ჯგუფებით რაოდენობრივად ბევრად მრავალრიცხოვან ბოევიკთა ჯგუფებთან უწე­ვდათ შეტაკებებში ჩართვა, იყო საარაკო გმირობის არაერთი ეპიზოდი, თუმცა ეს შემთხვევები საერთო სურათს ვერ ცვლიდა. გაგრაში სისხლიანი კალოს დატრიალების შემდეგ, 5 ოქტომბერს სეპარატისტებმა აიღეს განთიადი და ლესელიძე, ხოლო 6 ოქტომბერს, 06:40 საათზე, სეპარატისტებმა ფსოუს გამშვები პუნქტიდან ჩამოხსნეს ქართული დროშა და აღმართეს თავიანთი სიმბოლო.

 
ქართულმა მხარემ მოულოდნელობის,  შეია­რაღებულ ძალებში არსებული ქაოსისა და პანიკის გამო, ორგანიზებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია მტერს. როგორც ყაბარდოელი ბოევიკი იხსენებს, ქართველთა წინააღმდეგობა საკმაოდ უცნაური იყო, 20-30-კაციანი ჯგუფები პანიკურად გარბოდნენ, ხოლო 2-5-კაციანი ჯგუფები სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ. ბოევიკი გაგრაში შეესწრო ასეთ ეპიზოდს, ქარ­თული ნაწილები პანიკურად ტოვებდნენ ქალაქს, ერთმა ქართველმა მებრძოლმა რაღაც მომენტში ვეღარ აიტანა მომენტის სიმწარე, მოტრიალდა, იქვე შეკრიბა გადაყრილი შეიარაღება, ამოეფარა ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან არსებულ პატარა ბეტონის ჯებირს და მარტომ დაიწყო რამდენიმე ათეულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა, ქართ­ველის სიმამაცით განცვიფრებულმა ბოევიკებმა შეაჩერეს დაწოლა დაახლოებით ერთი საათით, ვინ იცის, რამდენ ქართველს მისცა ამ კაცმა უბედურების ზონიდან გასვლის სასიცოცხლო წუთები, თუმცა შემდეგ ზურგიდან მოუარეს  სისხლსმოწყურებულმა გადამთიელებმა და ასე გააჩერეს ბეჭდაუდებელი ქართველი.

გაგრის ოპერაცია გამოირჩევა არა მხოლოდ მისი სამხედრო კომპონენტის გამო. გაგრის შტურმს ჰქონდა მეორე, მთავარი, არასამხედრო ნაწილიც, რომელიც გულისხმობდა მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის გენოციდს. გაგრაში 2 დღეში დახოცეს ათასამდე მშვიდობიანი ქართველი. საჩვენებელი სისასტიკით უსწო­რდებოდნენ მოხუცებს, ბავშვებს და ქალებს. ხშირი იყო ადამიანებისთვის თავის კვეთა, მათი ცოცხლად დაწვა. იყო შემთხვევები, როცა ბოძებზე ახრჩობდნენ და რამდენიმე დღე არ ხსნიდნენ გვამებს, მიცვალებულებს უკეთებდნენ ე.წ. კოლუმბიურ ჰალსტუხებს, მშობლების თვალწინ აუპატიურებდნენ გო­გონებს, მათ შორის არასრულწლოვანებს, და შემდეგ ხოცავდნენ მთელ ოჯახს, დახოცილებს ღორებს აჭმევდნენ, ორსულებს ფატრავდნენ, მანქანების სახურავზე ამაგრებდნენ გაშიშვ­ლებულ ქართველებს და ასე დადიოდნენ მერე ხმამაღალი მუსიკით ქალაქში. რამდენიმე დღეში, როდესაც ეგზეკუცია დასრულდა, გვამები და ადამიანთა ნარჩენები შეაგროვეს, ტრაქტორებით აურიეს ერთმანეთში და ბზიფის სიახლოვეს დიდ ორმოში ჩაყარეს.

რაც შეეხება გაგრის სტადიონზე ქართველე­ბის მოჭრილი თავებით ფეხბურთის თამ­აშის სადავო საკითხს, აქ მხოლოდ ვლადიმერ პუ­ტინის მიერ 2001 წლის 18 ივნისს წა­რმოთქმულ სიტყვებს გავიხსენებთ: „იქმ­ნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ოფ­იციალურ ხელისუფლებას დაავიწყდა, თუ როგორ თამაშობდნენ თავის დროს, აფხაზეთში კრიზისის ჟამს ქართველების თავებით ფე­ხბურთს. ასეთი რამ, სამწუხაროდ, მოხდა…“

გაგრის დაცემიდან ერთ თვეში საქართველოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „საქართველოს რესპუბლიკის შეიარა­ღებული ჯარის ნაწილების მიერ გაგრის, ლესელიძისა და განთიადის დატოვების ფაქტთან დაკავშირებით“. საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა პროკურორი არჯევან ლომიძე: „კვლევას ისეთი გზით მივყავდით, ძაფები ისეთ პირებთან მიდიოდა, ისეთი ინფორმაციები შევკრიბეთ, რომ გამოძიების შედეგი სერიოზული და დამაფიქრებელი იქნებოდა. მუშავდებოდა შემდეგი ვერსიები: (1) ღალატი; (2) ერთიანი ხელმძღვანელობის უქონლობა; და (3) პირად შემადგენლობაში მოშლილი სამხედრო დისციპლინა. საჭირო იყო ფაქტების გადამოწმება, ინფორმაციის დაზუსტება და ვერსიების ბოლომდე დამუშავება“. არჯევან ლომიძე აცხადებდა, რომ: „ღალატია, როცა გაქვს უპირატესობა, შანსი, შესაძლებლობა და არ იყენებ. დანაშაულია არა მხოლოდ ქმედება, უმოქმედობაც“. ამ განცხადებიდან სულ მალე, არჯევან ლომიძე თანამდებობიდან გადააყენეს, დაშალეს საგამოძიებო ჯგუფი და შექმნეს ახალი, მაგრამ მალევე ისიც დაიხურა – პროკურატურამ საქმე უპერსპექტივოდ მიიჩნია. ლომიძის ადგილას პროკურორად დაინიშნა ალექსანდრე შუშანაშვილი, თუმცა საქმეს რამე ქმედითი შედეგი არ მოჰყოლია. რამდენიმე თვეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა გაგრის დაჯგუფების ხელმძღვანელი, პოლკოვნილი მიხეილ მარინაშვილიც.

გაგრაში რუსებისა და აფხაზების მიერ მო­წყობილი გენოციდის შემდეგ 34 წელი გავიდა, ქართულ საზოგადოებაში კი გაგრის დაცემის მიზეზები დღემდე არც გააზრებულია და არც - სამართლებრივად და პოლიტიკურად შეფა­სებული. 

 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა