ავტორი : გიგა ჯოხაძე
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესია შეუქცევადი გეოპოლიტიკური ძვრების დასაწყისი გახდა. თებერვლის იმ მძიმე დღეებში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ომი 1400 დღეზე მეტხანს გაგრძელდებოდა და ხანგრძლივობით „დიდ სამამულო ომსაც“ გადაუსწრებდა, თან ისე, რომ ომის მეოთხე წელს რუსეთის გლობალური გავლენები შესამჩნევად შესუსტებული იქნებოდა.
უკრაინაში გაწელილმა ომმა, რომელმაც პუტინის რეჟიმი შესამჩნევად გამოფიტა, ყოფილი საბჭოთა სივრცისა და კომუნისტური ბლოკის ქვეყნებისთვის (და არამხოლოდ) შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა გახსნა. მრავალმა მათგანმა ეს ისტორიული შანსი უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საკუთარ ქვეყნებში რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესასუსტებლად გამოიყენა. უკვე შემდგარი ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალას ისე დომინანტურად ვეღარ პროეცირებს, როგორც, თუნდაც, 5 ან 10 წლის წინ. კრემლის გავლენის მასშტაბი არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან რეგიონში, მათ შორის: ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და დასავლეთ ნახევარსფეროში - უპრეცედენტოდაა შემცირებული.
ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის დასუსტებით ნაჩუქარი ისტორიული შანსი გაანიავა - საქართველოა. გადავხედოთ იმ სახელმწიფოების სიას, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლის გავლენებს „დაუძვრნენ“:
ფინეთი: ზამთრის ომში (1939-1940) სამხედრო გამარჯვების მოპოვების მიუხედავად, ფინეთი იძულებული გახდა საბჭოთა კავშირისთვის საკუთარი ტერიტორიის ნაწილი დაეთმო. ამის შემდეგ ფინეთი თითქმის 75 წლის განმავლობაში ნეიტრალური სახელმწიფო იყო. უკრაინაზე სრულმასშტაბიანი რუსული თავდასხმის შემდეგ ფინელებმა გააცნობიერეს, რომ ნეიტრალიტეტის პირობებში შესაძლოა რუსეთის შემდეგი სამიზნე გამხდარიყნენ და რომ უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტია მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსში - ნატოში გაწევრიანება იქნებოდა. 2023 წელს ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი სახელმწიფო გახდა. უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად კრემლი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას ასახელებდა. პუტინმა საპირისპირო შედეგი მიიღო - ფინეთის ნატოში გაწევრიანებით ალიანსსა და რუსეთს შორის საერთო საზღვარი 1340 კმ-ით - ანუ ორჯერ - გაიზარდა.
შვედეთი: ფინეთის ომში (1808-1809) განცდილი მარცხის შემდეგ შვედეთის სამეფო იძულებული გახდა, საკუთარი ტერიტორიების მესამედი დაეთმო. ამის შემდეგ შვედეთი ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ნეიტრალური სახელმწიფო იყო. შვედეთს ნეიტრალიტეტის პოლიტიკისთვის არ უღალატია არც ორი მსოფლიო ომის განმავლობაში, არც ცივი ომის დროს და არც მისი დასრულების შემდეგ. ნეიტრალიტეტის ორსაუკუნოვანი ტრადიციის შეწყვეტის მიზეზი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია გახდა. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთს რუსეთთან პირდაპირი საზღვარი არ გააჩნია, რუსეთისგან მომდინარე საფრთხემ შვედეთი აიძულა, სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი ეთქვა და მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსში - ნატოში გაწევრიანებულიყო.
სომხეთი: ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას სომხეთმა კრემლის მიერ კონტროლირებად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მე-4 მუხლის ამოქმედება და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში დახმარება სთხოვა, თუმცა ორგანიზაციამ წევრი სახელმწიფოს დასაცავად თავი არ შეიწუხა. ომში განცდილმა მძიმე მარცხმა სომხეთის ხელისუფლება საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ რუსეთი სანდო მოკავშირე არ არის. რუსული უსაფრთხოების ძირგახვრეტილი ქოლგით იმედგაცრუებულმა სომხეთმა თვალი დასავლეთს მიაპყრო. 2025 წლის იანვარში სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. სომხეთმა პროაქტიულად დაიწყო მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ვიზალიბერალიზაციის მიღებაზე. გარდა ამისა, სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, აქტიურად უპირისპირდება სომხეთის საპატრიარქოში ჩაბუდებულ კრემლის აგენტურულ ქსელს. სომხეთში ივნისში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული, რომელშიც, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, აშკარა ფავორიტი ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტია“.
აზერბაიჯანი: რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა 2024 წლის დეკემბერში, როდესაც რუსულმა საჰაერო თავდაცვამ აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდო. პასუხად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რამდენიმე მკვეთრი ანტირუსული ნაბიჯი გადადგა: (1) 2025 წლის 9 მაისს დემონსტრაციულად არ ჩავიდა მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღმნიშვნელ ღონისძიებაზე; (2) აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა „სპუტნიკის“ ოფისში რეიდი ჩაატარეს და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს; და (3) აზერბაიჯანმა სკოლებში რუსულ ენაზე სწავლება აკრძალა.
მოლდოვა: უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე მოლდოვამ უკრაინასა და საქართველოსთან ერთად განაცხადი გააკეთა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 23 ივნისს მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიიღეს. მალევე, 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა მოლდოვას გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები გაუხსნა. პარალელურად, მოლდოვის ეროვნულმა პროევროპულმა ხელისუფლებამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის პროცესიც დაიწყო.
კრემლმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე სცადა მოლდოვის შიდა საქმეებში ჩარევა, თუმცა, თითოეულ შემთხვევაში კოვზი ნაცარში ჩაუვარდა: პირველად, 2024 წლის ოქტომბერში, როდესაც მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩაატარა. მძიმე რუსული ჩარევის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. მეორედ რუსული ჩარევა 2025 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირდა, თუმცა, კრემლის ჰიბრიდული სპეცოპერაციის მიუხედავად, არჩევნებში მოქმედი პრემიერის, მაია სანდუს, პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა.
2026 წლის იანვრიდან მოლდოვამ და უკრაინამ ლოჯისტიკურ ბლოკადაში მოაქციეს რუსეთის მიერ ოკუპირებული დნესტრისპირეთის რეგიონი, რაც რუსეთისთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა, რადგან ოკუპირებულ რეგიონთან მას პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ აქვს, შესაბამისად, რეგიონში დისლოცირებულ 1500 სამხედროს ვეღარ ამარაგებს. ბოლო პერიოდში მოლდოვის მოქმედი ხელისუფლება აქტიურად განიხილავს რუმინეთთან გაერთიანების პერსპექტივასაც, რასაც მოლდოვის მოქალაქეთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს.
რუმინეთი: 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა უპრეცედენტო მასშტაბის იყო. შედეგად, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა. ხელახალ არჩევნებში კრემლის წინააღმდეგობის მიუხედავად, პროევროპელმა კანდიდატმა, ნიკუშორ დანიმ, გაიმარჯვა. ნატომ რუმინეთში, როგორც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის კრიტიკულად მნიშვნელოვან სახელმწიფოში, სამხედრო წარმომადგენლობა გააძლიერა. რუმინეთმა მოკავშირეებისგან ათობით F-16 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი შეისყიდა და გამოსცა კანონი, რომელიც რუმინეთის სამხედრო ძალებს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოფრენილი ნებისმიერი მფრინავი ობიექტის ჩამოგდების უფლებას აძლევს. რუმინეთმა კანონმდებლობა გაამკაცრა იმ კომპანიებისა და ინდივიდებისთვისაც, რომლებიც რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
ყაზახეთი - ათწლეულების განმავლობაში ყაზახეთი რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ზონად ითვლებოდა. ქვეყნის ახალმა ლიდერმა თანდათანობით რუსული გავლენის შემცირება და მისი მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკით ჩანაცვლება დაიწყო. კრემლის გავლენის შემცირებას ყაზახეთი, ძირითადად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით ცდილობს. ტოყაევის ხელისუფლებამ 2023 წელს „ენის განვითარების ინიციატივა“ წარმოადგინა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში ყაზახური ენის პოპულარიზაცია და თანდათანობით რუსული ენის ყაზახურით ჩანაცვლებაა. უკანასკნელ წლებში ყაზახეთში მრავალმილიარდიანი ჩინური ინვესტიციები შევიდა. ორი ათწლეულის განმავლობაში ყაზახეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი იყო, 2023 წელს კი ამ კატეგორიაში მოსკოვი პეკინმა ჩაანაცვლა. ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ინიციატივაში ყაზახეთს ცენტრალური როლი აქვს. რუსეთს უკრაინაში გაწელილი ომის გამო ყაზახეთში ჩინეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენის ზრდის დასაბალანსებლად რესურსი არ ჰყოფნის.
სირია: სირიის სამოქალაქო ომში ჩართვის გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა 2015 წლის შემოდგომაზე მიიღო, როდესაც ბაშარ ასადის რეჟიმი გადარჩენისთვის იბრძოდა. ასადის ხელისუფლებაში დარჩენა, დიდწილად, სწორედ რუსული ავიაციის მიერ აჯანყებულთა პოზიციების გამუდმებულმა დაბომბვებმა განაპირობა. მადლიერმა ასადმა რუსეთს ტარტუსის საზღვაო პორტი 49 წლით გადაუფორმა და ლატაკიაში ჰმეიმის საჰაერო ბაზა აუშენა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ასადის პოზიციები თანდათანობით შესუსტდა. 2024 წლის დეკემბერში აჯანყებულებმა დამასკო აიღეს, ასადი იძულებული გახდა, მოსკოვში გაქცეულიყო, სირიაში მდებარე ბაზებიდან კი რუსული საჯარისო ნაწილები სრულად ევაკუირდა. ასე დაკარგა რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ბაზები და შესაბამისად, რეგიონზე ძალის პროეცირებისთვის საჭირო ბოლო ინსტრუმენტი.
ირანი: აიათოლების რეჟიმი ახლო აღმოსავლეთში პუტინის ბოლო მოკავშირეა. ირანი რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დრონებითა და საარტილერიო ჭურვების გადაცემით ეხმარება. 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მიზნით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ისლამურ რესპუბლიკაზე იერიში მიიტანეს. ჯერ ისრაელმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები (მათ შორის რუსული S-400-ები) გათიშა, შემდეგ კი აშშ-მა B2 ტიპის ბომბდამშენებით ირანის მთავარ ბირთვულ ობიექტებს დაარტყა. 13-დღიან ომში მარცხმა აიათოლების რეჟიმს წყალი შეუყენა. ომის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდა - გაზრდილი ფასებისა და ინფლაციის წინააღმდეგ 2025 წლის დეკემბერში დაწყებული პროტესტი მალე მთელ ქვეყანას ხანძარივით მოედო და სრულფასოვან რევოლუციად გარდაიქმნა.
ირანში აქციები დღემდე მიმდინარეობს. დასრულდება თუ არა მალე აიათოლების რეჟიმი, ამას უახლოესი კვირები გვიჩვენებს, თუმცა უკვე მოცემულობაა, რომ დასუსტებული ისლამური რესპუბლიკა უკრაინის ომში რუსეთს ისეთი მასშტაბით ვეღარ ეხმარება, როგორითაც გასული 3 წლის განმავლობაში.
ვენესუელა: დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ჯერ კიდევ მონროს დოქტრინიდან (1823) მოყოლებული, საკუთარი ექსკლუზიური გავლენის ზონად მიიჩნევს, პუტინის ბოლო დასაყრდენი მადუროს რეჟიმი იყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2026 წლის 3 იანვარს ვენესუელაში წარმატებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, არასრულ 2 საათში დააპატიმრა და ამერიკაში გადაიყვანა ვენესუელის პრეზიდენტი. ამასთან, ამერიკულმა გემებმა ატლანტის ოკეანეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი რამდენიმე ნავთობტანკერიც შეიპყრეს, რომელთაც სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა. შედეგად, მადუროს რეჟიმის დამხობით პუტინმა დასავლეთ ნახევარსფეროში ბოლო ძლიერი მოკავშირეც დაკარგა.
ევროპა: უკრაინაზე თავდასხმამდე ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე კრიტიკულად იყო დამოკიდებული. ბებერი კონტინენტი ბუნებრივი აირის 40%-ს, ნავთობის 27%-სა და ქვანახშირის 45%-ს რუსეთისგან იღებდა. უკრაინის ომის მეოთხე წლისთვის ეს რიცხვები, შესაბამისად 15, 10 და 5%-მდე შემცირდა. პოლონეთმა, ბალტიისპირა სახელმწიფოებმა და ჩეხეთმა სრულად შეწყვიტეს რუსული ენერგორესურსების შესყიდვა.
უკრაინის ომმა ახალი სიცოცხლე შთაბერა ევროპის რემილიტარიზაციის გეგმას. გერმანიამ 2029 წლისთვის თავდაცვითი ხარჯების 85-დან 152 მილიარდამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპის კავშირმა 800 მილიარდიანი „თავდაცვის ფონდი“ შექმნა, რომლის მიზანი მომავალ ათწლეულში ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაა. ევროპის რემილიტარიზაციას ხელს უწყობს ტრამპის ადმინისტრაციის ხისტი ტრანსატლანტიკური პოლიტიკაც, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვითი ხარჯების 2%-დან 5%-მდე გაზრდას აიძულებს.
საქართველო: ხელიდან გაშვებული შანსი - ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც უკრაინაში ომის შედეგად გაჩენილი შესაძლებლობების ფანჯარა არ გამოიყენა, საქართველოა.
„ქართულმა ოცნებამ“ ომის შემდეგ რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულება მკვეთრად გაზარდა. საქართველო გახდა „უსაფრთხო თავშესაფარი“ ომს გამოქცეული რუსებისა და ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში გატანისთვის.
ომის პირველივე დღეებიდან ქართულმა ოცნებამ რუსეთის მხარე დაიჭირა - უკრაინა ომის თავიდან ვერარიდებაში (ანუ კაპიტულაციაზე არდათანხმებაში) დაადანაშაულა, ხოლო ომის მთავარ გამჩაღებლად - ჯერ წარმოსახვითი „გლობალური ომის პარტია“, შემდეგ ასევე წარმოსახვითი „დიფსთეითი“, სინამდვილეში კი, დასავლეთი გამოაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის გაზაფხულზე რუსული კანონი მიიღო, რომლის მეშვეობით კრიტიკული ხმის გაჩუმება, ავტორიტარიზმის ჩაცემენტება და ქვეყნიდან დასავლეთის გაძევება სცადა. შემდეგ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა, რომელიც არცერთმა დასავლურმა სახელმწიფომ არ აღიარა. არჩევნების გაყალბებიდან ერთ თვეში ივანიშვილის პრემიერმა, კობახიძემ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გამოაცხადა. გაყალბებული არჩევნებითა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტით განრისხებული მოქალაქეები, რომლებიც მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ, „ოცნებამ“ იგორ როდიონოვის სტილში დაარბია, ქიმიური იარაღით მოწამლა, ასობით ადამიანი კი უკანონოდ დააკავა და აწამა. 2025 წელს „ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო ისეთი რეპრესიული კანონები, რომელთა მსგავსი რუსეთსა და ბელარუსშიც კი არაა.
ეროვნული ხელისუფლება უკრაინაში რუსეთის დასუსტებით ისარგებლებდა და, სულ მცირე, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ სასწრაფოდ გახსნიდა ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს, დაიწყებდა გასაწევრიანებლად საჭირო დავალებების შესრულებას, გააძლიერებდა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, რათა საჭირო მომენტში ევროკავშირის გაფართოების მომდევნო ტალღას მომზადებული შეხვედროდა. „ოცნებამ“ კი ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა. მაშინ, როდესაც ყველა თავმოყვარე სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, რომელსაც ეროვნული ხელისუფლება მართავს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტთან მორგებას და რუსული გავლენის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს, საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების მოქმედებები არა მხოლოდ ისტორიული შანსის განიავება, არამედ ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული და თანმიმდევრული ღალატია.