რუბრიკა: ცოცხალი ისტორია

ჟურნალი: ნომერი 11




თბილისი ჩემებურად...

ავტორი : ნანა კალანდაძე 

თბილისზე მინდა დავწერო, მე რომ გავიზარდე, იმ დროის თბილისზე!   უამრავი ფაქტი, სურათი, მოგონება  მეხვევა თავს, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო... ახლა ისეთი რამ დამემართა სკოლაში   ქართულის საკონტროლო წერის დროს, „თემის“ დაწყება რომ გიჭირდა და შეიძლება რვეულის ფურცელიც ამოგეხია საკუთარი პრიმიტიულობით   შეწუხებულს. „ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ!„, „ყველას ჩვენი წილი თბილისი გვაქვს!“, „თბილისის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ!“ და სხვა მსგავსი ფრაზები უკვე ითქვა, თანაც ბევრჯერ და, ცოტა არ იყოს, შაბლონის ელ­ფერმაც დაჰკრა. ორიგინალურობაზე თავს ვერ დავდებ,  თუმცა ვეცდები ამ ფრაზების თავის არიდებით ჩემი მოგონებები გავაცოცხლო თბილისში და, პირიქით, თბილისი გავაცო­ცხლო ჩემს ნოსტალგიაში...

ამას წინათ, „ფეისბუქზე“ ვიღაცამ თბილი­სური, ასე ვთქვათ, სიმბოლოები „შემოყარა“ და რას დაამატებთო, გამოგვიწვია. წამოვ­იდა ნაირნაირი მოგონების ჩანჩქერი - აქეთ ლაღიძის წყლებიო, იქით „ფრანციაო“, „გოფილექტის ბაღი“  და „კირიჩნიო“,  „პლე­ხანოვი“ და „ნახალოვკაო“, „ზემელის  აფთიაქი“ და „ჩაშკას“  წამლებიო... მოკლედ, ვისაც რა ახსენდებოდა...     რასაკვირველია, მეც  ბევრი მი­ვიწყებულ-მიძინებული თბილისური ფაქტი თუ სახელი ამომიტივტივდა გონებაში.

როგორც ადრე მოგახსენეთ, მთაწმინდელი ვარ და დღემდე არ მიღალატია ჩემი უბნი­სთვის. სახლი, სადაც ვცხოვრობ, არაფრით არაა გამორჩეული, მეტიც, უღიმღამოა და, მიუ­ხედავად მხცოვანი ასაკისა, ისტორიული ძეგლის სტატუსი არ გააჩნია, მაგრამ ჩემთვის ის ვერსალის სასახლეცაა და ტაჯმაჰალიც.

როცა მეკითხებიან, სად ცხოვრობო, ხშირად ვუპასუხებ, რუსთაველზე, მთაწმინდაზე –თქო და არ ვტყუი, რადგანაც თბილისის უმთავრესი  პროსპექტიდან სულ რაღაც ასიოდე მეტრი მაშორებს. ეს ადგილი მართლაც რომ ქალაქის გულის გულია და ამას აქ განლაგებული  მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და კულ­ტურული დაწესებულებები ადასტურებს, თუმცა ზოგი მათგანი დაანგრიეს, ზოგი დაწვეს, ზოგი გადააკეთეს, ზოგიც უცხოტომელებს მი­ჰყიდეს...

მე ვეკუთვნი თაობას, ვისაც ახსოვს, რომ მეცნიერებათა აკადემიის შენობაში „შა­ხტასტროი“ იყო განლაგებული, ვინც კი­ნო „სპარტაკსა„ და „დეკაში“ (ოფიცერთა სახ­­ლში) დადიოდა, ვინც „დომ კინოს“ საშვს დიდი ძალისხმევით შოულობდა არა­საბჭოური ბაზრის ფილმების სანახავად ... ვინც გათითხნილ სამელნეში გამჭვირვალე ვარდ­ისფერტარიანი ნახევარკალმით დაწერილ  დეპეშებს აგზავნიდა „ფოსტა-ტელეგრაფიდან“,  ვისთვისაც „პიონერთა სასახლე“  ბავშვური ბედნიერების მექას წარმოადგენდა, ვინც კაფე  „მეტროში“ და სასტუმრო „თბილისის“  გვერდით, „ბამბუკებიან“ კაფეში დადიოდა ვი­თომხორციანი „ბლინჩიკების“ საჭმელად, ვინც ზაფხულობით ალექსანდრეს (ანუ როგორც უმრავლესობა ეძახის, „ალექ­სანდროვის“) ბაღის სანაყინეში ფეხიანი „ნერჟავეიკის“ თასიდან ალუმინის გაღუნ­ული კოვზით მიირთმევდა პლომბირს, ვისთ­ვისაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო „აჭარ­ულები“ და დიდი მიტროფანე ლაღიძის წყლები, რომელთა შორისაც ყოველთვის ლიდერობდა უნიკალური და მთელ დუნიაზე  არსადარსებული  „ნაღები შოკოლადით“ და რომლის გასასინჯადაც საიდან აღარ მოდი­ოდა ხალხი; ვისაც „ბორჯომის“ მაღაზიაში ერთხელ მაინც დაულევია მინერალური წყალი გაქონილი თლილი ჭიქით, რომელსაც პირქუში დეიდა  გაბრაზებული სახით გამოგიცურებდა  ხოლმე  წყლით დაჭუპჭუპებულ მარმარილოს ზედაპირზე შენ მიერ „გაცურებული“ ათ­კაპიკიანის სანაცვლოდ; ვისაც ახსოვს „ჩაი გრუზიას“ მაღაზია შოკოლადის არნახული „სუფლეთი“, „ზეფირით“, „ოცნებითა“ და ვაფლის „კაკლუჭებით“, ასევე კაფე-საკონ­დიტრო „ნარგიზის“  წყალწყალა კაკაო და ოცდაორკაპიკიანი ნამცხვრები; ვისთვისაც ძალიან ნაცნობი იყო „სგუშჩონკების“  პი­რამიდებით  და შვეიცარიული ყველის წით­ელ-ყვითელი „დოლაბებით“  გაფორმებული რძის მაღაზიის თაროები და რკინის ბად­ურებში მოთავსებული მინის ბოთლების წკარუნი; ვისაც დარწმუნებით აჯერებდნენ, რომ „კვასის“ (ბურახის) ცისტერნა მატლების სავანე იყო და იმის დალევა კატეგორიულად არ შეიძლებოდა;  ვინც „საუნჯეში“  ყიდულობდა წიგნებს (თუ დურმიშხანს იცნობდა - იშვიათ გამოცემებს!) და საკანცელარიო ნივთებს, მაგალითად, „ისკუსტვოს“  ფერად ფანქრებს, ნავთის სუნით გაჯერებულ  უღიმღამო „ფერად“  პლასტელინს, „ჟატის“  ქაღალდებს, კალმებს და ნატურალური „ზამშის“  რამდენიმეფენიან  კალმის საწმენდს და ა.შ.; ვინც განებივრებული იყო ქართული აბრეშუმის ქსოვილით, უპრობლემოდ რომ იყიდებოდა  ალექსანდრე  ჭავჭავაძის ქუჩის კუთხის მაღაზიაში, რომლის გამყიდველიც ჯერ ოსტატურად გადაჭიმავდა ნაჭერს რკინისბოლოებიან გაპრიალებულ მეტრიან საზომზე და მერე მაკრატლის უსწრაფესი „ამოტარებით“  გადაგიჭრიდა, აუ­ცილებლად ირიბად; ვისაც ახსოვს მაღაზია „ლუქსი“  თავისი „ქსოვილების კარუსელებით“  და უზარმაზარი სარეკლამო ფეხსაცმლით ვიტრინაში; ვინც მელიქ აზარიანცის სახლში მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადიოდა და სპექტაკლიდან გამოსული მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რვაკაპიკიანი „პონჩიკები“ რომ  ეყიდა იქვე, კუთხის  გასტრონომში; ვისაც ახსოვს აეროფლოტის სალაროების „აჟ­ურული“  შენობა  და აეროპორტისკენ მი­მავალი „იკარუსების“ ბოლო გაჩერება, მა­თი გამონაბოლქვით გაშავებული შოთა რუსთაველის ოდესღაც თეთრი ძეგლი რომ დაჰყურებდა ზემოდან;   ახსოვს ფუნიკულიორზე მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგურის რიკულებიანი „სერპანტინები“;

დიახ, ის თაობა ვარ, ვისაც ასეთი რუს­თაველის გამზირი შემორჩა მეხსიერებაში, ვინც მეტროს წინ ქალის წვრილქუსლიანი ფეხსაცმელებით დაკეჭნილ ასფალტზეც დააბიჯებდა და ქართველისაგან ქართველის მისამართით გასროლილი ტყვიის ჰილზებზეც... ვისაც საშვიდნოემბრო და საპირველმაისო პარადზე ჩავლილი სასულე ორკესტრის საზეიმო მარშების ხმაც გაუგონია და რუსი „სპეცნაზელების“ მიერ გამჭვირვალე ფარებზე  „დუბინკის“ ბრაგუნისაც... ვისაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი ცეცხლში გახვეული ოპერის თეატრი და პირველი გიმნაზიის დაბომბვა ვერტმფრენიდან... 
ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ ...

ჩემს თაობას კომუნისტურ და პოსტკო­მუნისტურ  წყობილებათა გასაყარზე მოუწია ცხოვრებამ. ერთპარტიული, ერთმიზნიანი, დე­ფ­იციტებისა და კორუფციის გაქვავებული ქვეყანა ერთ მშვენიერ დღეს გადაიქცა პო­ლიტიკურ და ეკონომიკურ დომხლად და ზოგი იმ „ბედნიერი და წყნარი“ ცხო­ვრების გამტირებლად აქცია, ზოგიც კიდევ თავისუფლებისა და ცივილიზებუ­ლი მომა­ვლის მჭვრეტლად. რამდენჯერ ოხვრით წარმოგვითქვამს ფრაზა „ნეტავ იმ დროს!..“, მაგრამ ის ხომ  სხვადასხვა შინაარსს იტევს.  ვიღაცას დანგრეული სსრკ ენანება, ვიღა­ცისთვის  კი  სამი სიტყვა ნოსტალგიური შინაარსისაა და  გულისხმობს  იმ უზრუნველ ხანას, როცა  გარს  გეხვეოდნენ  საყვარელი ადამიანები, როცა შეძლებისდაგვარად უზ­რუ­ნველ ბავშვობასა და ახალგაზრდობას გი­ქმნიდნენ, როცა ყველაფერს სუფთად და ნათლად ხედავდი შენ ირგვლივ... ასეა, გვენატრება ის, რაც აღარ დაბრუნდება და გამეორდება...

ვიღაც დაჟანგებული კომუნისტი რომ იტყვის, რა ქვეყანა დაგვინგრიესო, დიაგნოზი  ხომ დასმულია! მაშინვე ეტრატივით ჩამ­ოიშლება ხოლმე ასეთების ცხოვრება-კა­რიერის გზა. რას იზამ, მათი ნოსტალგია კიდევ ეს არის! ახალმა ცხოვრებამ ახალი წესები შემოგვთავაზა, რასაც ყველამ ვერ აუღო ალღო. თუმცა, ზოგი ალბათ დამეთანხმება, რომ ბევრი ქართველისთვის ნებისმიერი სიახლე  რთულად შესაგუებელ-გადასახარშია, ამიტომაც ის და იქ ურჩევნია, სადაც ასე თუ ისე მოკალათებულად გრძნობს თავს (დიდება სულმნათი ილიას სახელს!).  ჰოდა, ბევრ „კარგქვეყანადანგრეულს“, რომლებიც ზემოდან დარეკვით, თვალის ჩაკვრით, „ჩაწყობით“, დახლქვეშა პრივილეგიებით, „ბლატით“  და ათასი ხრიკით ცხოვრებას იყვნენ მიჩვეული, გამოყოლილი აქვს ის „გემო“ და დღემდე ვერ იჯერებს, რა სიმახინჯის შედეგი იყო ყოველივე. გვინდოდა თუ არ გვინდოდა, მეტ-ნაკლებად ყველა ასეთ ყოფაში ვიყავით ჩართული. ვერაგი სისტემა თავის ჭკუაზე გვაცეკვებდა.  „გოსსტანდარტის“   ბეჭედი იგრძნობოდა ყველგან და ყველაფერში. სიტყვა „სტანდარტი“ ტყუილად არ გამხსენებია. როგორც ვთქვი, მისი მნიშვნელობა მკაფიოდ იყო გამოკვეთილი „მაშინდელი“  ყოფის ფონზე, თუმცა სტანდარტს გააჩნია... ბევრი მათგანი მავნებელი იყო, ბევრი კი რაღაცნაირად სიტყვა „ტრადიციას“  მიუახლოვდა და, კაცმა რომ თქვას, მთლად ცუდიც  არაფერი „ჩაუდენია“.  

თბილისს თბილისური ჰქონდა სტანდარტიც, ტრადიციაც, წესიც და, თუ გნებავთ, მოდაც! რამდენ სითბოს და ზოგჯერ ღიმილს გვგვრის მაშინდელი ნივთები, ადგილები, ფაქტები ან ეპიზოდები. ერთი-ორზე შევჩერდები...

ჩვენი ბავშვობა წარმოუდგენელი იყო ქალაქის  სამი მთავარი, როგორც დღეს უწოდებენ,  სარეკრიაციო  ზონის გარეშე; ეს გახლდათ და გახლავთ ვაკის პარკი, მუშთაიდის ბაღი და მთაწმინდის პარკი, ანუ როგორც ვუწოდებთ - „ფუნიკულიორი“ (არადა, ეს თავად სატრანსპორტო საშუალებას აღნიშნავს და არა პარკს, მაგრამ არა უშავს).  უფრო მცირე სკვერებიც იყო და თავის საქმეს უდავოდ აკეთებდა, მით უმეტეს, რომ ასეთი მაღალ- და უხვშენობიანი არ იყო მაშინ თბილისი.  ყველა პარკს თავისი „იმიჯი“  ჰქონდა.

ჩემთვის ყველაზე ახლო და ხელსაყრელი  სწორედ მთაწმინდის პარკი გახლდათ. იქ ასასვლელად იყო და არის სამი გზა: სამანქანო, ტრამვაის და საბაგირო  (თუ არ ჩავთვლით მრავალწლიან პაუზას, რადგანაც 1990 წლის 1 ივნისის საბაგირო გზის საშინელი ტრაგედიის შემდეგ ეს ტრანსპორტი გაუქმდა და ახლახან აღდგა სრულიად ახლებური ტექნოლოგიით აღჭურვილი).

ყველაზე მეტად ტრამვაი მიყვარდა და, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ჰქონდა გარკვეული „საავარიო ისტორია“, მაინც დღესაც მისკენ მიმიწევს გული.

 
გასული საუკუნის დასაწყისში ვიღაცას უთქვამს, რა მშვენიერი პლატოა მამადავითის ეკლესიის თავზე, „ზედა ქალაქი“  ხომ არ გაგვეშენებინაო. იდეა მოსწონებიათ, მაგრამ მთაზე ასვლა-ჩამოსვლა მთლად ადვილი საქმე რომ არ იქნებოდა „ზედაქალაქელებისა“ და, გნებავთ, მათთან მიმსვლელებისთვის, ხომ ცხადია. იმხანად თბილისის ტრამვაის ქსელს თურმე ბელგიური კომპანია განაგებდა. ინჟინერი ჰყოლიათ მეტად გამჭრიახი სპეციალისტი - ალფონს რობი და უთქვამს, ამ საკითხს ფუნიკულიორით, ანუ სამთო ტრამვაით, თუ გადავჭრითო. დატრიალებულან  ჩვენი და ევროპელი ბიჭები. ფრანგი ინჟინრის ბლანშის სამშენებლო პროექტის არქიტექტურული ნა­წილი თბილისელ ხუროთმოძღვარს, წარმო­შობით პოლონელ ალექსანდრ შიმკევიჩს შეუსრულებია, ჩართულან საქმეში ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები, მაგრამ კარგი ხარისხის მშენებლობას ასეთივე ხარისხის მასალაც ხომ სჭირდებოდა. ჰოდა, ნათელში იყოს ნიკო ნიკოლაძის სახელი, მისი მხარდაჭერით შესრულდა ყველაზე მთავარი – რკინა-ბეტონის სამუშაოები და ასე ქართულ-ევროპული მეგობრობა-თანამშრომლობით აშენდა თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა თავისი სტუმრებით და „დუხავოი ორკესტრით“. ვითომ საიდუმლოდ გეტყვით, რომ ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ კარგი ფულადი ჯილდო გამოაცხადა პირველი გულადი მგზავრებისათვის, მაგრამ მათი ვინაობა შეერია ისტორიას. სამაგიეროდ, არსად დაკარგულა და თან არავის წაუღია ეს ჩვენი საბაგირო რკინიგზა, რომელიც სულ რაღაც 45 წლით იყო იმ უსახელო ბელგიელების კუთვნილება და მერე, პირობისამებრ, უსასყიდლოდ გადაეცა ქალაქს. ფაქტია, „ზედა ქალაქის“  პროექტი თავისი ქუჩა-სახლებითა და მიდი-მოდით ვერ შედგა, სამაგიეროდ, საყოველთაოდ საყვარელი პარკი გაშენდა.

ისე, სიტყვამ მოიტანა და, თბილისის მთები დღეს ძალიან გადაიტვირთა შენობებით, მაგრამ არა მგონია, ეს „ზედა ქალაქის“ იდეის ცოდნით იყოს განპირობებული. უსისტემოდ მიმოფანტულ, ბევრწილად უგემოვნო ნაგებობებს ვერ იხდენს ჩვენი ქალაქი ვერც მთებზე და ვერც უბნებში, მაგრამ ვინც უნდა კრძალავდეს ამას, სწორედ ის „აშენებს“ და რას ვიზამთ... არადა, დარწმუნებული ვარ,  ის  მაშინდელი იდეა ნაკლებად ვანდალური იყო ბუნების და, გნებავთ, ხედის მიმართ...  

და მაინც, ამ პარკს ყოველთვის ჰქონდა ჯადოსნური ანდამატი, რითაც იზიდავს ჩვენ­იანს თუ სტუმარს. ჰოდა, აბა, როგორ გამოვაკლდებოდი ამ „მოჯადოებულთა“ ლაშ­ქარს! არაფრით განვსხვავდებოდი ატრა­ქციონების მოყვარული და მათზე „კატაობით“ გულგახარებული ბავშვებისაგან. მეც ჩვეული გულისფანცქალით ვიდექი კარუსელების რიგში შაურიანით ხელში, თავგამოდებით ვუქნევდი ხელს დედას ყოველი ბრუნის დროს, ვქანაობდი ჯერ პატარების, მერე დიდების „ნავებზე“, რომელსაც „დასპეცებული“ ბუქნით ავკრავდი ხოლმე სიმაღლის დასაპყრობად, ვკიოდი ჯაჭვებიან კარუსელზე, როცა უკანა „მეზობელი“ დატრიალებით „გაისროდა“  ჩემს დასაჯდომ სკამს; კანკალით, მაგრამ მაინც ვჯდებოდი „ეშმაკის ბორბალზე“... ტირი? ვგიჟდებოდი ტირში სროლაზე. ცალთვალდაკარგული (იმ დროს რატომღაც ბევრ მეტირეს შეხვდებოდით ამ პრობლემით. მათი თვალი ვინმეს მიერ აცდენილი ტყვიის მსხვერპლი იყო თუ სხვა მიზეზი ჰქონდათ, ვინ იცის...) პირქუში კაცი გულგაწყალებული გამომეტყველებით დაგიგდებდა ე.წ. თოფს დახლზე, მერე ჩაშავებულფრჩხილიანი სა­ჩვენებელი თითით გადმოგითვლიდა ფუნჯიან „ფისტონებს“ და უგულოდ აგიხსნიდა, რა წერტილს უნდა დაუმიზნო  „მუშკა“. გა­ნსაკუთრებით აღიზიანებდა მეტიჩარა გო­გოები, მაგალითად მე, მაგრამ სამსახური ჰქონდა ასეთი და რა ექნა.

ერთხელ ბიძაჩემმა დედა და მე დაგვპატიჟა რესტორანში. ძველებს აუცილებლად გახსოვთ ფუნიკულიორის რესტორანი, ოღონდ ის კი არა, მთლად თბილისს რომ გადმოჰყურებს და მთელი თბილისი რომ უყურებს, უფრო პარკის სიღრმეში, სტალინის ნაძეგლარი კვარცხლბეკისკენ კიბეს რომ აუყვებოდი, ხელმარცხნივ ... ეს კვების საზოგადოებრივი ან, თუ გნებავთ, საზოგადოებრივი კვების პუნქტი, ცისფრად შეღებილი ცხაური მოა­ჯირით შემოვლებული, რამდენიმე მრგვალი ფანჩატურისაგან შედგებოდა და ერთიდან მეორეში  დარბოდნენ თეთრწინსაფრიანი და თეთრივე გახამებული „გვირგვინით“ თავშემკული  „ოფიციანტკები“  ალუმინის გადაძეძგილი სინით ხელში. ეს რესტორანი მე ავირჩიე, იმიტომ რომ მის გარშემო ყველაზე მეტი ატრაქციონი იყო და ჭამის შემდეგ „გართობა-დესერტიც“ გარანტირებული მქონდა (გეგონება,  ვინმე ამაზე უარს მეუბნებოდა). რადგან რესტორანი ჩემი მოწონებული იყო, ბიძაჩემმა ვახშმის მენიუს შერჩევაც მე მომანდო. საჭმელების ჩამონათვალი, რა თქმა უნდა,  გაქონილ მუყაოზე დაბეჭდილი სახითაც ჰქონდათ, მაგრამ შეკვეთა ხშირად კლიენტისა და ოფიციანტის დიალოგით მიმდინარეობდა. ოფიციანტი - მეტწილად უხეში  - თავზე გედგა ფურცლებაპრეხილი ბლოკნოტითა და ქიმიური  ფანქრით და  დაღეჭილ-და­ზეპირებული ტექსტის მონოტონური და შეღონებული შესრულების შემდეგ  გამოღმა კითხვების დასმის გარეშე იწერდა შეკვეთას.    ვინც არ იცით, მოგახსენებთ, რომ საბჭოთა რესტორნები არ გამოირჩეოდა დიდი კრეატიულობით, თუმცა, ოფიციანტი ქალის „მონოლოგში“  ერთმა დასახელებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, ეს იყო „ჩიჟი-ბიჟი“. შევატყვე, ჩემს გადაწყვეტილებას ჩვენების დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია, მაგრამ სიტყვა სიტყვა იყო და ნიორწყალში წამოწოლილ წი­წილასთან, ვარდისფერხახვებმოყრილ ნა­მ­­დ­ვილად ჭოპორტის პომიდვრიან და ნამდვილად მუხრანის კიტრიან სალათთან, კიდევ სხვა რაღაც-რაღაცებთან ერთად ბიძაჩემმა ისიც შეუკვეთა. ჰო, კიდევ თბილი და საშინელი  ლიმონათი და ღვინო პატარა დოქით.

გაიშალა სუფრა. „ჩიჟი-ბიჟი“ აღმოჩნდა, ჩვენებურად რომ ვთქვათ, პომიდვრიანი ერბოკვერცხი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და ცოტა გეახელით. შებრაწული წიწილის თეთრმა ხორცმა მაინც თავისი გაიტანა და „შემოსწრებულმა“ ცხელ-ცხელმა ხაჭაპურმაც არ დააყოვნა, დაეგვირგვინებინა ტრაპეზი.

ასე დაწვრილებით ეს დღე მახსოვს იმიტომ, რომ ატრაქციონებზე პირველად „მოვიგე“ რაღაც, რამაც უზომოდ გამაბედნიერა. ჩვენი ფანჩატურის გვერდით იყო ატრაქციონი „სერსო“. ყიდულობდი, ვთქვათ, 10 რკინის რგოლს, რომლებსაც ქსოვილის ტურტლიანი ლენტი ჰქონდა შემოხვეული  (ძირითადად მაინც ალაგ-ალაგ მოგლეჯილი)  და გარკვეული მანძილიდან ნასროლი უნდა ჩამოგეცვა საგანგებო ხის პალოებზე, რომელთაც  ქულები ჰქონდა მიწერილი. თამაშის წესებს არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ გეტყვით, რომ ამ ატრაქციონზე სრული მარცხი განვიცადე. გადავინაცვლეთ გვერდით ფარდულთან, სადაც ბურთებით უნდა გაგენადგურებინა კონსერვის ცარიელი ქილებით აღმართული პირამიდა. ამ ჟანგიან ქილებს კიდევ რა უჭირდა, მაგრამ ბურთები იყო მეტად შთამ­ბეჭდავი: როგორც ჩანს, სადღაც, „ცეხში“,  მათ კერავდნენ ყავისფერი ბამბის  გადაყრილი „ჩულქებისაგან“ და მერე ურიგებდნენ მსგავს ატრაქციონებს, რადგანაც ყველგან იმავეს ნახავდით. ფაქტია, რაღაც ხარახურით გამოტენილი „ბურთები“ ცვდებოდა და ახლით ანაცვლებდნენ ხოლმე, „ჩულქებს“ კიდევ რა გამოლევდა... ბიძაჩემმა „ჩამიწყო“, რომ შედარებით ახალი ბურთები მოეცათ ჩემთვის, მერე მომიბრუნდა და დამიწყო ახსნა, თუ როგორ უნდა დამემიზნებინა. ერთი ახედვა ავხედე საპრიზო თაროზე შემოსკუპებულ ფუმფულა სათამაშო ლეკვს, რომელიც არცერთ საბჭოურ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა, რადგანაც ფერიც  ნორმალური ჰქონდა და ფორმაც. ეს აღსანიშნავი ფაქტია! ვიცი, ბევრს გაგახსენდებათ გია დანელიას „მიმინოდან“ ნარინჯისფერი ნიანგის ამბავი, რომლის მწვანედ შეღებვის მცდელობა ჰქონდა გულდაწყვეტილ  რუბიკ ხაჩიკიანს თავისი „ალბერწიკას“  გულის გასახარად. რას ვიზამთ, ასეთი „არანჟევი“  იყო მაშინ ყველაფერი...

ჰოდა, დავილაგე ერთი სეანსის ხუთბ­ურთიანი ულუფა და დავიწყე თვალით ზომვა, ვითომ რამე მესმოდა. ავიღე ერთი ჩულ­ქბურთი და სანამ ბიძაჩემის ხმა მომწვდა, ჯერ ქვემოთ დაუმიზნეო, მოვისროლე სადღაც მოუსავლეთში. დამრჩა ოთხი „ყუმბარა“.  ავიღე მომდევნო  და... მოვახდინე სასწაული! ეს ბურთად წოდებული რაღაც პირდაპირ ქვედა რიგს მოხვდა (შემთხვევით, რასაკვირველია!) და ერთიანად წალეკა მთელი კონსტრუქცია. დარჩა სამი ქილა. ატრაქციონის მუშაკი დამემუქრა, ესაა, რაცაა, ამას ვერაფერს უზამო.  მოვიკრიფე მთელი სნაიპერული ძალები და იმ  სამიდან ორი ქილა არ გავისტუმრე  კულისებში?! იმ ორი ბურთით რომ დარჩენილ ეულ ქილას ვერაფერს დავაკლებდი, ცხადია. ვისროლე ერთი და, შენც არ მომიკვდე, აი მეორემ კი ქილა გვარიანად გასწია გვერდით, თუმცა ვერ გადმოაგდო...
უკნიდან შეძახილები გავიგონე, რა ყოჩაღი ხარო, ვიღაც ბიძები სროლის „იშტაზეც“ მო­ვიდნენ. მე გულდაწყვეტილი გამოვბრუნდი, დედა რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ ჩემი ყურადღება იმ საპრიზო სათამაშოსთან დამრჩა. ამ დროს ბიძაჩემმა დაიძახა, სად მიდიხარ, საჩუქარი არ მიგაქვსო? ყურებს არ დავუჯერე, მივბრუნდი და პატიოსნად ჩავილუღლუღე,  ყველა ხომ არ გადამიგდია-მეთქი. რას ჰქვია არ ჩამოგიგდია, იმხელა მანძილზე გასწიე ბოლო ქილა, ყველას კი არ შეუძლიაო, მითხრა ბურთების დამრიგებელმა და საზეიმოდ გადმომცა საყვარელი სათამაშო. ბიძაჩემის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დღემდე არ ვიცი, იმ ატრაქციონის მუშაკმა გამოიჩინა ადამიანობა თუ ბიძაჩემი „ჩაერია“ ამ საქმეში, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ბედნიერი დავბრუნდით.

მთაწმინდის პარკში ჩემს ყურადღებას იპყრობდა კიდევ ერთი ობიექტი, რომელსაც ვიღაც ობსერვატორიას უწოდებდა, ვიღაც ტელესკოპს, ვიღაც ასტრონომიულ ოთახს, მაგრამ მთავარი არა სახელი, არამედ დანიშნულება იყო. თუ სწორად მახსოვს, არცთუ დიდი, მომრგვალებული ოთახი იყო, ასევე მომრგვალებულად განლაგებული სკამებით.  სანახევროდაც რომ შევსებულიყო ეს ადგილები, სეანსი  გარკვეული დროის რიტმით მეორდებოდა: დარბაზს ჩააბნელებდნენ, შიდა გუმბათზე  ჩნდებოდა მთელი კოსმოსი თავისი პლანეტებით, ვარსკვლავებით, კომეტებით და ინსტრუქტორი გიტარებდა ჩვეულებრივ ლექცია-გაკვეთილს.  შესანიშნავი შემეცნებითი დანიშნულება  ჰქონდა ამ ოთახს და მართლა ძალიან მიყვარდა იქ შევლა. ახლა მინდოდა რაიმე ცნობა მომეძიებინა მის შესახებ, მაგრამ ვერაფერს გადავაწყდი. ალბათ აღარც არსებობს და, რომც ეარსება, მაინც ვეღარ დაეწეოდა თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაგრამ თავის დროზე, ოდნავ დაინტერესებული ბავშვი და, ვინ იცის, მოზრდილიც, მშვენიერ ინფორმაციას იღებდა და ატრაქციონებზე გართობასთან ერთად - კარგ განათლებასაც  ამ თვალსაზრისით. თანაც კოსმოსი 60-იან წლებში ხომ განსაკუთრებულად აქტუალური იყო.

როგორ ავუარო გვერდი  სატელევიზიო ანძას,  რომელიც  მთაწმინდის ადმინისტრ­აციულ შენობასთან ერთად თბილისის სი­მბოლოდ იქცა. დაინტერესებული ადამიანი სულ ადვილად მოიძიებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პირველი ტელეანძა 1955 წელს დაიდგა და მალე იქვე აშენდა ტელევიზიის სასტუდიო-სააპარატო ბლოკიც, საიდანაც პირველი გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში. მაგრამ ჩემთვის  ეს ანძა და სატელევიზიო სტუდია განსაკუთრებულად ძვირფასია, რადგანაც სულ რაღაც ოთხი წლის ასაკში  აღმოვჩნდი ამ სამყაროში. ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ კარგად მახსოვს კამერები და მათგან  გამოსული იატაკზე გაშლილი შავი, მსხვილი კაბელები... იქაურობის სუნიც მახსოვს და ტელემუშაკების ფუსფუსიც... კედელთან პიანინო იდგა. „როიალისთვის“ ან ადგილი იყო არასაკმარისი, ან ბიუჯეტი... ასე იყო თუ ისე, „პატარა ვირტუოზის“ სტატუსით შემკული, დედას შეკერილ ულამაზეს ჟოლოსფერ კაბაში გამოწყობილი მივუჯექი ინსტრუმენტს და დავუკარი  მაიკაპარის ორი პატარა პიესა.  ფეხები რაღაც ყუთზე შემომაწყობინეს, რადგანაც იატაკამდე გვარიანი მანძილი იყო. მაშინ სასცენო ღელვა რა იყო, არ ვიცოდი და მშვიდად და გულდასმით შევასრულე ჩემი მისია.  ვიღაცა ლექსებს კითხულობდა, ვიღაც მღეროდა, ვიღაც ცეკვავდა. გადაცემა კი მიჰყავდა უმშვენიერეს ლია მიქაძეს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სით­ბოთი და სიყვარულით აცნობდა მაყურებელს. არ დაგავიწყდეთ, პირდაპირი ეთერი იყო!

1972 წელს პირველი ანძა შეცვალეს  274.5-მეტრიანი კონსტრუქციით, რომელიც დღეს დაჰყურებს ჩვენს დედაქალაქს და საღამოობით სხვადასხვა ფერის განათებით გვახალისებს. სხვათა შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის პატივსაცემად მას შესაბამისი დროშის ფერებში ანათებენ ხოლმე.

დაბოლოს, შენობა! დიახ, ესეც ისტორიული და თბილისის ხედებთან შეზრდილი, რომლის ახალგაზრდა არქიტექტორებმა - ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანებმა - ოსტატურად განალაგეს მასში ფუნიკულიორის ტრამვაის ზედა სადგური და რესტორანი, საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანს. 60-იანი წლების ბოლოს სადგურის ნაგებობა შეიცვალა, მაგრამ ხელუხლებელი დარჩა თვით ლავრენტი პავლოვიჩ ბერიას მიერ „ნაკურთხი“ რესტორანი. მას დაემატა ერთი სართული და კოკა იგნატოვის პანო, რომელიც ამ შენობის, შეიძლება ითქვას, ორგანულ ნაწილად იქცა.  ამ რესტორანს არასდროს დაუკარგავს თავისი პოპულარობა. ჯერ მარტო რამდენ ფილმშია გადაღებული. სულ მახსენდება ხოლმე „აბე­ზარა“, როდესაც აკაკი კვანტალიანის გმირი ოფიციანტს უკვეთავს შებრაწულ გოჭს ტყემლით... ეს ისე, გასაღიმებლად, თორემ როგორ გამოეპარება თვალს აივნის რიკულებს შორის თბილისის მოლიცლიცე ხედი  სულხან ცინცაძის შესანიშნავ მუსიკის თანხლებით.  იმაზე ხომ აღარცაა ლაპარაკი, რომ თბილისის თითქმის არცერთი საპატიო სტუმარი არ გაუშვიათ აქ გამასპინძლების გარეშე.

მთაწმინდის პარკის შესახებ კიდევ ბევრი ამბის მოყოლა შეიძლება, მაგრამ სხვა თემაში ამოვყოფ თავს. უბრალოდ, ჩემი გულწრფელი სიყვარული  გამოვხატე ამ ადგილის მიმართ, სადაც ბავშვობის უტკბესი დღეები გამი­ტარებია. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა