რუბრიკა: მართლმსაჯულება

ჟურნალი: ნომერი 10




რისი მაქნისია სასამართლო, თუკი სამართლიანობამდე არ მიგვიყვანს?!

ავტორი : მარიამ ქვარიანი 

კარგი მოსამართლეებისა და სასამართლოს არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ადა­მიანის უფლებების დასაცავად, ისე კანო­ნის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, ხელი­სუფლების თვითნებობის აღსაკვეთად და ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური განვი­თარების მხარდასაჭერად. თუმცა, კარგი მოსამართლე ასევე აუცილებელია საზო­გადოების უფრო ვიწრო სპექტრისთვისაც - იურისტებს ვგულისხმობ.

მოსამართლე იურიდიულ პროფესიათა იე­რარქიაში უმაღლეს პოზიციას იკავებს და აწესებს სტანდარტს ნებისმიერი პროფე­სიონალისთვის. იდეალურ სურათში, იგი და­მოუკიდებლობის, გამბედაობისა და სა­მა­რთლიანობის სიმბოლოა, რომელიც ავტო­რიტეტით სარგებლობს პროფესიულ წრეებსა და ფართო საზოგადოებაში. 

მოსამართლის თანამდებობაზე ინიშნებიან მაღალი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირ­ები, რომელთა წარსული საქმიანობა და პროფესიული ეთიკაც ამყარებს ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. მა­თი გადაწყვეტილებები აზუსტებს კანონს და უძღვება სამართლებრივი პრაქტიკის განვი­თარებას. მოსამართლის გამბედაობა, პრინ­ციპულობა და ტრანსფორმაციული გადაწ­ყვეტილებები ამაგრებს სამართლებრივ ჩა­რ­ჩოებს და აყალიბებს საფუძველს მომა­ვალი განვითარებისათვის.

კარგი მოსამართლის გადაწყვეტილება გასაგებად განმარტავს კომპლექსურ სამართ­ლებრივ პრობლემებს და შთააგონებს მიმ­დევრებს. იურიდიულ სფეროში მოსამართლის თანამდებობა ყველაზე პრესტიჟული პოზიციაა, რომლისკენაც შეიძლება ახალგაზრდა იური­სტი მიისწრაფვოდეს.

როგორ სტანდარტსაც აწესებს მოსამარ­თლე, ისეთ სტანდარტს მიჰყვება სახელმწიფოს სამართლებრივი სპექტრი.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

სისტემის გაჯანსაღება დამოუკიდებელი სა­ქართველოს ისტორიაში გადაუჭრელ პრობ­ლემად რჩება. ყოველი მცდელობა, ჩამო­ყალიბდეს ინსტიტუციური ხერხემალი, მარ­­ცხით მთავრდება. დღეს, მიუხედავად რე­ფორმების 4 ტალღისა, სასამართლო იმაზე მეტად ჩაკეტილი და მიკერძოებულია, ვიდრე რეფორმების დაწყებამდე იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეთა კლანს მწვანე შუქი აუნთო და ყველა სამართლებრივი ბერკეტით აღჭურვა სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის დასამყარებლად.

გაერთიანებული სამეფოს მიერ მოსა­მართლეების - მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის - სანქცირების შემდეგ ირ­აკლი კობახიძემ მთავრობის სახელით მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა სასა­მართლო ხელისუფლებას და დაჰპირდა, რომ გულისხმიერებას გამოიჩენდა სასა­მართლო ხელისუფლების მიერ დასმული თითოეული საკითხის მიმართ. ამ გან­ცხადებიდან 2 თვეში „ქართული ოცნების“ პარლა­მენტმა მიიღო ცვლილებები, რომ­ლებიც საკანონმდებლო პროექტზე მეტად წარმოადგენდა კლანის მოთხოვნათა სიას, რათა შური ეძია სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მოსამართლეებზე. სასა­მართლოს ტერიტორიაზე, ვიდეო და აუდიო გადაღების გარდა, გამკაცრდა სანქციები როგორც მოსამართლის, ისე სასამართლოს შეურაცხყოფისთვის. განადგურდა რეფორ­მების ფარგლებში შექმნილი შემაკავე­ბელი მექანიზმები. დამოუკიდებელი მოსამარ­თ­ლეებისთვის სასამართლო სისტემაში მუ­შაობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც, „ქართულმა ოცნებამ“ მოსა­მართლეებს საბჭოს ნებართვის გარეშე აკადემიური საქმიანობაც კი აუკრძალა, გა­ამარტივა ავად სახსენებელი იძულებითი მივ­ლინების წესი და გაამკაცრა დისციპლინური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორ­მები.

ასეთ სისტემაში სასამართლო მხოლოდ სცენაა, მოსამართლე - მსახიობი, ადვოკატი - ფსიქოლოგი, მანდატური - ჯალათი, დამსწრე საზოგადოება კი - უძლური მაყურებელი.

მაშინ, როცა მსოფლიო იურიდიული სპექტრი საუბრობს სასამართლო წარმოების სრულად გაციფრულებაზე, მონაცემთა ბაზის ახალი ფორმით დამუშავებასა და სხვა სა­ხელმწიფო ინსტიტუტებისთვის გაზიარებაზე, ბაზებში საძიებო სისტემის განვითარებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ეთი­კურ სტანდარტებზე, ჩვენ, იურისტები სა­ქართველოში, მორიგი პოლიტპატიმრის გა­მამ­ტყუნებელ განაჩენს მოველით და მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევრო­პული სასამართლოს სამართლიანი გა­და­წყვეტილების იმედი გვაქვს.

თუ ვთანხმდებით, რომ, მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, არავითარი ძალა ამ გზას სამართლიანობამდე არ მიიყვანს, აშკარაა, რომ ახალი გზაა გასაკვალი და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ჩვენი თაობის პრივილეგია და პასუხისმგებლობა.

პირველ ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში ყოველთვის გვაქვს ადამიანური კომპონენტი. შესაბამისად, აუცილებელია მოსამართლეთა კორპუსი დაკომპლექტდეს არაკონფორმისტი, ამბიციური, გამბედავი და კვალიფიციური პერსონალით. პერსონალის რეფორმა არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ მინიმალურ, ფორმალურ საკანონმდებლო სტან­დარტს, არამედ დეტალურად უნდა შეის­წავლოს კანდიდატთა პროფესიული და აკადემიური საქმიანობა, ფინანსური მდგო­მარეობა და ხასიათის მედეგობა. დამოუკიდებელ კომისიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს როგორც პირის კომპეტენცია, ისე მისი კეთილსინდისიერება და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა. დანიშნულ მოსამართლეებს უნდა ჰქონ­დეთ პასუხისმგებლობის განცდა როგორც საკუთარი გადაწყვეტილებების, ისე ზოგა­დად სასამართლო სისტემისა და მისი განვითარების მიმართ.  მიუხედავად ინდი­ვიდუალური დამოუკიდებლობისა, ყველა მო­სამართლეს უნდა ესმოდეს საკუთარი გადამ­წყვეტი როლი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური კულტურის ჩამოყა­ლიბების პროცესში.

მოქმედი და მომავალი მოსამართლეების დამსახურებაზე დაფუძნებული შეფასების პროცესი, რა თქმა უნდა, საჯაროდ უნდა წარიმართოს და მაღალი პროფესიული სტანდარტით უზრუნველყოს სასამართლოს სისტემის მიმართ ნდობის დანერგვა.

მართლმსაჯულების სისტემის ღირსეული პირებით დაკომპლექტების პარალელურად აუცილებლად უნდა შეიცვალოს არსებული სტრუქტურა და საკანონმდებლო ბაზა. საქართველო, როგორც პატარა, ახლო კავშირებისა და შიდა გავლენების მქონე სახელმწიფო, რომელსაც უახლეს ისტორიაშიც არ აკლია ნეპოტიზმის, კორუფციისა და პოლიტიკური გავლენების გამოცდილება, ძალიან მარტივად მოახერხებს ინსტიტუციური მეხსიერებით ამ მავნე პრაქტიკასთან მიბრუნებას და ძველ კალაპოტში ჩადგომას, თუ ამის შესაძლებლობა თავიდანვე არ აღ­მოიფხვრა. გასათვალისწინებელია, რომ კლა­ნის გავლენები მხოლოდ მოსამართლეებზე არ ვრცელდება და ინსტიტუციის ყველა შრეში გვხვდება. შესაბამისად მავნე თვისებებისგან გადასაჩვევად აუცილებელია ვიყოთ თანმიმდევრული. უნდა მოვიკვლიოთ, რატომ არის ქართული მართლმსაჯულების სისტემა მიდრეკილი სხვადასხვა გავლენის დამორჩილებისკენ და რა იწვევს ასეთ ქცევას. ამ მავნე ციკლის იდენტიფიცირება შესაძლებელია საპარლამენტო კომისიის მოკვლევით და ინდივიდუალურ მოსამარ­თლეებთან გასაუბრებით. თუმცა, კვლევას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები. საკანონმდებლო ბაზამ მაქსიმალურად უნდა მოარიდოს მოსამართლეები ცდუნებას, უნდა შეიცვალოს გარემო, რომელიც მსგავს ქცევას ახალისებს და ჩამოყალიბდეს ახალი ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც იქნება ნაკლებად ცენტრალიზებული და ბიუროკრატიით გაჯერებული. 
სასამართლო ხელისუფლება, ისევე რო­გორც თითოეული ინდივიდუალური მოსა­მართლე, უნდა მიისწრაფვოდეს სისტ­ე­­მის თვითმყოფადობისაკენ, ხოლო კანონმდებ­ლობამ უნდა უზრუნველყოს ასეთი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი პირობები. ყველა მოსამართლეს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ არის საჯარო სერ­ვისის მიმწოდებელი და გრძნობდეს ანგა­რიშ­ვალდებულებას საზოგადოებისა და საკუთარი კოლეგების მიმართ. სისტემამ უნდა ჩამოიყალიბოს შიდა დისციპლინა, იყოს თანმიმდევრული და იზრუნოს დაწესებული მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვაზე.

ამ გზაზე აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებიც. ევ­როკავშირმა წელს გამოაქვეყნა ციფრ­უ­ლი მართლმსაჯულების (e-Justice) სტრატე­გია, რომელიც მიზნად ისახავს წევრ სა­ხელმწიფოთა სასამართლო სისტე­მის ერთიან დიგიტალიზაციას, ამავე მიმართუ­ლებით ვითარდება სასამართლო სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვა განვითარებულ რეგიონებში.

დღეს არსებული რეალობის ფონზე შესა­ძლოა ციფრული სასამართლოს კონცეფცია სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა ეს მიმართულება განვითარებულ სამყაროში აქტუალურია და თუ გვინდა, რომ არ ჩამოვრჩეთ, სასამართლოს რეფორმირების პროცესში ფოკუსი მომავლი­სკენ უნდა გვქონდეს მიმართული.

ქართული მართლმსაჯულების სისტემის უპირატესობაა მისი არსებობის ხანმოკლე ისტორია. სასამართლო პრაქტიკა და დოკუ­მენტაციის წარმოება დამოუკიდებლობის აღ­დგენის მომენტიდანაა რელევანტური, ხო­ლო გაციფრულების პროცესი მხოლოდ 29 სასამართლოში უნდა წარიმართოს.

გარდა თანამედროვე სამყაროსთვის ფე­ხის აწყობის საჭიროებისა, ციფრული სა­სა­მართლო კულტურის შემუშავება და სამარ­თლებრივი ტექნოლოგიების განვი­თარება გვჭირდება სასამართლოში ინდივიდუალური თუ პოლიტიკური გავლენების შესამცირებლად და ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად, სა­სამართლოს გადატვირთულობის შესამცი­რებლად, სამართალწარმოების დასაჩქა­რებლად და ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც მნიშვნელოვნად გამწვავდება პერსონალის რეფორმის გატარების შემთხვევაში.

გარდა ბიუროკრატიული ხარვეზების აღ­მო­ფხვრისა და სასამართლოს გადაწყვე­ტი­­ლე­ბების გაუმჯობესებისა, ციფრული ტექ­ნო­ლო­გიების დანერგვა გააუმჯობესებს სა­სა-მართლოს გამჭვირვალობასა და ანგარი­შ­ვალდებულებას, გაამარტივებს წვდომას მარ­თლმსაჯულებაზე და შეამცირებს სახელ­მწიფო ხარჯებს.

სამართლიანი, გამჭვირვალე და თანამე­დროვე სასამართლო სისტემა დემოკრატიულ სახელმწიფოში ფუფუნების საგანს არ უნდა წარმოადგენდეს. მსგავსი თამამი ნაბიჯების გარეშე კი წარმოუდგენელია ისეთი წრის გარღვევა, სადაც იჭერენ შავ კატას ბნელ ოთახში მაშინაც კი, როდესაც ის იქ არ არის.

სტატიები

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა