რუბრიკა: მედია

ჟურნალი: ნომერი 10




“განწმენდილების“ მეორე სიცოცხლე

ავტორი : თინათინ ერაძე 

„მე არ შევმცდარვარ არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის დროს!“ - იჯდა ერთი, ყველამთავრობაგამოცვლილი ყოფილი “მეოცნებე“ ამას წინათ კრიტიკული არხის ეთერში და თავის პოლიტიკურ სისპეტაკეში თავგამოდებით არწმუნებდა საზოგადოებას.

ორი რამის არ მწამს ქართულ პოლიტიკურ სამყაროში: რაფალიანცის შემზარავი ამბის მერე „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილთა სინდისიერების და ყველა პოლიტიკურ დროებასა და მოცემულობაში მართალი პოლიტიკოსების ზნეკეთილობის - როცა ივანიშვილს აძლიერებდა, მაშინაც რომ მართალი იყო და ახლაც რომ მართალია, ოღონდ ისე, რომ იმ ძველზე პასუხიმგებლობა არ აუღია, არაფერი უღიარებია, არც ბოდიში მოუხდია და არც სინანული გამოუხატავს.

„ჩვენ რომ წამოვედით, მერე დაიწყო ივანიშვილმა გაფუჭება, მანამდე ყველაფერი სწორად კეთდებოდა.“
„2019 წელს დაიწყო კურსის ცვლილებები ოცნებამ.“
„მე ვიყავი კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი, პარტიის წევრი არ ვყოფილვარ.“
„უზენაესი სასამართლოს რეფორმა ჩავატარეთ!“
„მთავრობის წევრი რომ ვიყავი, შიგნით ვაკრიტიკებდი.“

ამ და მსგავს ციტატებს ძირითადად კრი­ტი­კული არხების ეთერებში მოისმენთ - საკ­უ­თარი რიგებიდან გამოგდებულებს სამთავ­რობო მედიები ეთერს, ცხადია, აღარ უთ­მობენ, მხოლოდ პროპაგანდის თანმხვედრ მონაკვეთებს ამოჭრიან ხოლმე და ისე სთავაზობენ მაყურებელს. ასეთ ფრაზებს ხშირად მოისმენთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც სწორედ მაშინ აძლიერებდნენ „ოცნების“ ხელისუფლებას, როცა ავტორი­ტარიზმის საფუძვლები იყრებოდა, პოლიტი­კური ოპონენტების განადგურება იწყებოდა, როცა დაკვირვებული თვალისთვის იმთავითვე ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ „ოცნების“ მმართველობა ქვეყანას არათუ რაიმე კარგს მოუტანდა, არამედ უფსკრულისკენ წაიყვანდა.

„ოცნების“ ყოფილი სახეები კრიტიკული მედიის ეთერებში სტუმრობაზე უარს არ ამბობენ, თუმცა, ამ ეთერებში საკუთარი პოლიტიკური წარსულის შეფასება ან გადაფასება დიდად არავის სურს. წარსულის შესახებ კრიტიკული კითხვები მათთვის გამაღიზიანებელია, მხოლოდ საკუთარი „ექსპერტული“ ანალიზის გაზიარება სურთ. თუ წარსულზე კრიტიკულ კითხვებს დაუსვამენ, ღიზიანდებიან და ჟურნალისტს მიკერძოებაში ადანაშაულებენ (სხვათა შორის, მოქმედი „მეოცნებეების“ ერთ-ერთი მთავარი მა­ხასიათებელიც სწორედ ეს არის, კრიტიკულ კითხვებზე გაბრაზება და ჟურნალისტებზე თავდასხმა). ყოფილი „ქოცი“ არ არსებობსო, იტყვის ზოგიერთი და შეიძლება მართალიც იყოს: ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი „ყო­ფილის“ დასახელება, რომელმაც საკუთარი წარსული გაიაზრა, პასუხისმგებლობა აიღო და ბოდიში მოიხადა - ბოდიში იმის გამო, რომ რუსულ რეჟიმს აძლიერებდა, რომ რუსი ოლიგარქის ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყო ხელი და შემდეგ წლების განმავლობაში მის სიმყარეს უზრუნველყოფდა იმის გამო, რომ თქვა, პუტინი მტერი არ არისო, იმის გამო, რომ „პოლიტპატიმრების“ სიაში ათასი ჯურის კრიმინალი და ჯაშუში ჩაწერა და ციხიდან გამოუშვა, იმის გამო, რომ ათას მავნებლურ კანონს მისცა ხმა, პარტიული კონიუნქტურის გამო ან თანამდებობრივი წინსვლის თუ სხვა მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ.... 2008 წლის აგვისტოს ომი რომ საქართველომ დაიწყო, არც ამის მტკიცების გამო მოუხდია ბოდიში არავის დღემდე. ყველა ცოდვა წარსულში დატოვეს და სრულიად სპეტაკნი მოგვევლინენ ახალ დროებაში. ახლა გახდა კობახიძე ქვეყნის დამაქცევარი, თორემ სანამ თავად იქ იყვნენ, ივანიშვილი სამშობლოზე თავგადაკლული, პროდასავლელი მეცენატი იყო. ჰო - ივანიშვილზე მწვავე კრიტიკას ვერც ახლა მოისმენთ დიდად (ხიდების დაწვა ბოლომდე არავის უნდა, როგორც ჩანს).

დღეს მათი ერთადერთი პლატფორმა კრიტიკული მედიაა, დასხდებიან და მიმდინარე პროცესებს მჭმუნვარე სახით აფასებენ, ოპოზიციას იწუნებენ, ნაცებს ემიჯნებიან, არც მწვადს წვავენ და არც შამფურს, არც ქოცია და არც ნაცი,  ოპოზიციაშიც დიდად არავინ მოსწონთ, ნაციც და ქოციც რომ ერთნაირი ბოროტებაა - ამის ხაზგასმაც არ ავიწყდებათ.  ერთ-ერთმა ისიც თქვა, 30 წელია ასე ვართ, არაფერი განსაკუთრებული ახლა არ ხდებაო. ანუ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქარ­თველოში ხდება - ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილება, ნატო-ში გაწევრიანების დღის წესრიგიდან გაქრობა, მაღალჩინოსნებისა და მოსამართლეების ერთმანეთის მიყოლებით დასანქცირება ევროპისა და ამერიკის მიერ, არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა...

ცოდვა გამხელილი სჯობს და მეც მქონია მცდელობები, ჩამეწერა რამდენიმე მათგანი, არა როგორც ექსპერტი, არამედ როგორც „ოცნების“ შიდა სამზარეულოს კარგი მცოდნე, თუმცა ყველა მცდელობა, რამე ისეთი მოეყოლათ ძველი ამბებიდან, რაც ივანიშვილის რეჟიმს შეარყევდა, უშედეგოდ დასრულდა.

პოლიტიკური თემების გარდა, „განწ­მენ­დილნი“ პერიოდულად გასართობ შოუებშიც არიან წარმოდგენილი, სადაც მათი პოზიტიური საიმიჯო პიარი კულმინაციას აღწევს... ერთხელ ერთ-ერთი  ყოფილი ბობოლა ქოცი კრიტიკული მედიის ეთერში აჭარულს ცეკვავდა. ვინმე შანდალივით ან პანტერასავით მის ფორმაში კი არ იყო გადაცმული და ბოლოს კი არ გაირკვა ვინ ვინ არის, არა - ის ნამდვილად ის იყო და ნამდვილად აჭარულს ცეკვავდა, გარშემო ტაშით ამხნევებდნენ, ძალიან საყვარლობა იყო, სულ დამავიწყდა, 2012 წელს გრუ-ს ოფიცრებითა და ტერორისტებით სავსე „პოლიტპატიმართა” სია რომ შეადგინა.
მათი გათეთრებისა და გაკეთილშობილების მცდელობას რომ თავი დავანებოთ, მთავარი კითხვა მაინც ისაა, რა ელექტორალური წონა აქვთ ამ ადამიანებს და რას აძლევს მათთვის დროისა და პლატფორმის დათმობა „ოცნების“ რეჟიმის მოწინააღმდეგე მხარეს? რამდენად „ინსტრუმენტალიზდება“ ყოფილი ქოცი, როგორც ახალი რესურსი? თეორიულად შესაძლებელია, „ოცნების“ ყოფილი წევრები  გამოიყენო „ხიდად“ ამომრჩევლის ტრანსფერისთვის, მაგრამ არა იმ ვითარებაში, როცა მას საკუთარი წარსულის გააზრების სურვილი არა აქვს, რეალურად, ეს მხოლოდ მათი თვითლეგიტიმაციის მცდელობაა, რის მისაღწევადაც ისინი უბრალოდ იყენებენ კრიტიკულ მედიას, განსაკუთრებით მაშინ, როცა არც ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ და მხოლოდ იმ „ექსპერტულ“ მოსაზრებებს გვიზიარებენ, რომლებიც, როგორც წესი, აცდენილია მოქალაქეთა უმრავლესობის მაჯისცემას (ისე როგორც, მაგალითად, 2025 წლის „თვითმმართველობის არჩევნებში“ ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხი - კვლევების მიხედვით, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას არ ემხრობა, „ოცნების“ ყოფილი, ახლა კი უკვე ოპოზიციურ ფლანგზე გადმობარგებული ექსპერტ-პოლიტიკოსები ავტორიტარულ რეჟიმთან არჩევნებში შესვლის აუცილებლობაში მთელი მონდომებით გვარწმუნებენ).  მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო მედია ამ ადამიანებს არ სწყალობს, მსგავს საკითხებზე პოზიციის დაფიქსირებისას, მცირე დროს მაინც უთმობს მათ (დამსახურება უნდა ყველაფერს!).

სახელისუფლებო მედიიდან, იქნება ეს სატელევიზიო, ონლაინ თუ ბეჭდური, ამ ყველაფერს უპირისპირდება მწყობრი სა­ინფო­რმაციო პოლიტიკა კარგად გაწერილი გეგ­მითა და ერთიანი მესიჯბოქსით. რუტინულად ერთი და იგივე, სიუჟეტები ერთი და იმავე თემებით, ერთი და იმავე სათაურებითა და რესპონდენტებით... რაც უფრო აბსურდულია ამბავი, მით მეტი მონდომებით ტენის პროპაგანდა ადამიანებს...

ინფორმაციული სტრესის გარდა, „ოცნების“ მედია საკუთარ მაყურებელს გასართობი სანახაობითაც სტრესავს. არაფრისგან შექმ­ნილი შოუები, რომელთა შედეგადაც გამო­წვეული შოკი მსმენელს ეკრანთან აჯაჭვებს და ის სრულიად მოწყვლადი ხდება ყველანაირი ინფორმაციის წინაშე. პარალელურად კრიტი­კული მედიიდან ამომრჩევლის ნდობის არმქონე ექსპერტ-პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ფეისბუკგვერდებზეც კი ვერ ახერხე­ბენ ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს თუ ივანიშვილთან 13-წლიან ბრძოლაში მყოფ ადამიანებს ჭკუას არიგებენ, როგორ უნდა მოიშორონ ის ჭირი, რომლის ამ ქვეყანაში გაბატონებასაც თავად შეუწყვეს ხელი წლების განმავლობაში.

და მაინც, ვინ არის ამ ხალხის ამომრჩეველი? ვისზე ახდენს გავლენას მათი აზრი? მით უმეტეს მაშინ, როცა ისინი ან საერთოდ არ წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიებს, ან იმ პარტიების წევრები არიან, რომელთა რეიტინგიც კვლევებით არ იზომება და  „სხვა პარტიების“ ჩამონათვალშიც კი ვერ ხვდება. 
ვიფიქროთ ამაზე. 

სტატიები

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა