ავტორი : ქეთი ქურდოვანიძე
მე-18 საუკუნის მიწურულს, იმ საბედისწერო გეორგიევსკის ტრაქტატის ამოქმედებიდან მალევე, ქართველი კაცის ოცნება ერთგვარად დაეფუძნა რუსულ ნარატივს, რომლის ძირითადი მახასიათებლები იყო: თვითმპყრობელობა, სენტიმენტალიზმი, წარსულის იდილიად წარმოჩენა, უმოქმედობა, პასიური საზოგადოებრივი თვითშეგნება და ცხოველური ტკბობა მარტივი, სტაბილური და უღიმღამო ყოველდღიურობით. ქართველმა ეს ოცნება მალევე ცხოვრების წესად აქცია: მოიწყო კონფორმისტის მშვიდი ყოფა იმ საზოგადოებაში, სადაც არც ბრძოლაა, არც შრომა, არც კრიტიკული აზრი და კამათი, სადაც კარგი ცხენი და თოფი განსაზღვრავს ადამიანურ სტატუსს, სწავლა-განათლება - ბედნიერების მტრადაა მონათლული, წიგნი კი - ქალის საქმედ მიიჩნევა, თავისთავად, დისკრიმინაციული კონტექსტის გათვალისწინებით.
იმედია, გეცნოთ ამ ეპოქის მთავარი პერსონაჟის - ლუარსაბ თათქარიძის საარსებო გარემო. ანუ სამყარო, სადაც ცვლილებები საფრთხეს უქმნის არა მარტო დამპყრობლის პოლიტიკას, არამედ რუსული მმართველობისადმი გაუცნობიერებელი ლოიალურობით განწყობილი დაპყრობილის ჩვეულ, თუნდაც პირუტყვულ, ყოველდღიურობას. შესაბამისად, ამ ეპოქის ქართველის ოცნება მთლიანად რუსული ნარატივითაა ნასულდგმულევი: რუსეთი პატრონი და სიმშვიდის გარანტია, მდიდარი და უძლეველი ხელმწიფე ჩამოახრჩობს მას, ვინც კრინტს დაძრავს ბატონყმობის გაუქმებაზე. ლუარსაბის საოცნებო ალმასისა და იაგუნდის მსხმოიარე ხეც ხომ სწორედ რუსეთის ხელმწიფის კარზეა, თუმცა მას იცავს დიდძალი ჯარი და ის ლუარსაბისნაირებისთვის მიუწვდომელია, ამიტომაც თათქარიძეს მხოლოდ მასზე ოცნება შეუძლია. კრიტიკული აზროვნების დაქვეითების თვალსაზრისით, ლუარსაბი მახინჯი რუსული პროტექტორატის ლიტერატურული ანარეკლია, ობლომოვშჩინასი კი - თათქარიძეობა.
კიდევ უფრო მჭიდროდ უკავშირდება რუსულ ნარატივს სტალინური ეპოქის ქართველის ოცნება, რაც რევოლუციამ, ომებმა და კოლექტიური გამარჯვების განცდამ განაპირობა, განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომში, სტალინის ლიდერობით. კოლექტივიზმი, სიძულვილი ინტელექტუალური ელიტებისა და ყოველივე განსხვავებულისა, ინდივიდუალური თავისუფლების გაქრობა სტალინური ეპოქის ქართველის ოცნებას დაუკავშირდა, „ჩვენი სოსო (ჯუღაშვილი)“ - იმპერიული იდენტობის მქონე ქართველის მეშვეობით მიღწეული ტრიუმფი ეროვნულ გამარჯვებად გადაითარგმნა და დღემდე ცოცხლობს სექტად ქცეულ სტალინისტურ ჯგუფებში. ძველი ინტელექტუალური ელიტების განადგურებამ და რეპრესიებმა ახალი სოციალური ფენების - წითელი ინტელიგენციისა და მუშათა კლასის აღმოცენება განაპირობა, შესაბამისად, გაჩნდა ახალი ოცნება - ინტელიგენციას ხელისუფლების ერთგულებითა და მორჩილებით მიეღო პრივილეგიები, მუშათა კლასსა და გლეხობას კი - შრომის წითელი დროშის ორდენები, რაც, ერთი მხრივ, გაათავისუფლებდა მათ დამოუკიდებლად არსებობის თანდაყოლილი შიშისა და პასუხისმგებლობისგან, მეორე მხრივ კი, პარტიის წინაშე სამუდამო ვალდებულებას დააკისრებდა.
თუ დავაკვირდებით, საერთო მაგისტრალური მიმართულებებით საბჭოთა ადამიანის ოცნება არაფრით განსხვავდებოდა ზოგადადამიანური სურვილებისგან, თუმცა ამ სურვილების მასშტაბი იმდებად მწირი, ბეჩავი, ინფანტილური და ზოგჯერ ღირსების შემლახველიც კი იყო, რომ საბჭოთა ადამიანს ცივილიზებულ სამყაროსთან აფილირების შანსს აღარ უტოვებდა.
მაგალითად, განა სტაბილურ და უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე არ ოცნებობს ყველა, თუმცა რას გულისხმობდა ასეთ ცხოვრებაში საბჭოთა ადამიანი? - პირველ ყოვლისა, არ ყოფილიყო ომი და შიმშილი, პურისა და ნავთის დეფიციტი, ჰქონოდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თავშესაფარი. როგორი იქნებოდა ეს ყოველივე, ამას სტალინური ეპოქის ქართველი არც კი დაეძებდა, რადგან მაშინ მისი მთავარი მიზანი ფიზიკური გადარჩენა იყო. ამიტომ რეპრესიებგადატანილი და ომგამოვლილი ადამიანები ისე დეგრადირდნენ, რომ მოთქმით დასტიროდნენ გარდაცვლილ ბელადს, რომელმაც მშობლები, მეუღლეები, ახლო ნათესავები დაუხვრიტა, გადაუსახლა და სხვის ომს შესწირა. მეტიც, ეს ადამიანები წლების განმავლობაში სტალინის ეპოქის დაბრუნებაზეც კი ოცნებობდნენ ყველაზე შემზარავი მოტივით: „ომის შემდეგ სტალინი ყველაფერს აიაფებდა და, რომ დასცლოდა, ახლა ყველაფერი უფასო გვექნებოდაო.“ აი, სადამდე შეიძლება მივიდეს დაბეჩავებული და სულელი ადამიანის ფანტაზია. ჩვენ კი ის გაგვიკვირდა, რომ უბრალო გლეხმა არტისტების პირით გაჟღერებული მილიარდერის 5 -მილიონიანი დაპირება დაიჯერა.
პოსტსტალინურ ეპოქას მოჰყვა ე.წ. „ზასტოის“ პერიოდი, პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა, ანუ სტაბილური ჭაობი. ქართველის ოცნებას, რუსული ნარატივის შესაბამისად, მერკანტილური ელემენტი - ანუ „საბჭოთა ბედნიერება“ დაემატა. რას გულისხმობდა ეს ბედნიერება? პირველ ყოვლისა, ბინას, რომელსაც წლობით ელოდებოდა ქართველი მშრომელი და რომელიც არ იყო მისი კერძო საკუთრება, სახელმწიფოს ეკუთვნოდა და, როცა მოისურვებდა, მაშინ გამოასახლებდა იქიდან, ანუ ეს საკუთარი, პრივატული სივრცე კი არა, დროებითი თავშესაფარი იყო. ამავე შინაარსს ატარებდა საბჭოთა არქიტექტურა, თავისი ათასგვარი მახინჯი სამშენებლო პროექტით: ხრუშჩოვკა, ჩეხური, მოსკოვის, ლვოვის, ყავლაშვილის პროექტები და ა.შ. ეს პატარა თავშესაფრები საბჭოთა ადამიანს სხვადასხვაგვარად მოწყობილი წარმოედგინა და ცდილობდა ამ სივიწროვეში დაეტია ყველა თავისი საოცნებო ნივთი. მოგვიანებით კოოპერატიული ბინათმშენებლობის შემოღებამ სწორედ ეს პირადი სივრცე გააჩინა - სიმდიდრისა და თავისუფლების გამომხატველი, ასეთი ბინები მხოლოდ საბჭოთა ელიტისთვის იყო ხელმისაწვდომი და ჩვეულებრივი მოკვდავი ამაზე ოცნების უფლებასაც კი ვერ მისცემდა საკუთარ თავს.
ავტომობილის ყოლა, მაგალითად, „ვოლგა“ ან „ჟიგული“, წარმატების სიმბოლო იყო. საბჭოთა ადამიანი წლების განმავლობაში აგროვებდა ფულს, რომ რიგში ჩამდგარიყო და „თავის ფასში“ ეყიდა საოცნებო მანქანა. ურიგოდ მარტო ზაპოროჟეცი და მოსკვიჩი იყიდებოდა მუშათა კლასისთვის. ხშირად ისე ხდებოდა, რომ მანქანა ძვირდებოდა და შეგროვილი თანხა მხოლოდ ზემოთ ნახსენებ მოსკვიჩსა და ზაპოროჟეცს ჰყოფნიდა, რომლებშიც „პატივმოყვარე ქართველი“ ტაქსისტსაც კი არ უჯდებოდა, საკუთარ ეზოში მსგავსი მანქანის დაყენებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
დასვენება ფრიად საჭირბოროტო საკითხი იყო საბჭოელი ქართველისთვის. არსებობდა ელიტური სანატორიუმები: სინოპი, ბორჯომის პლატო, ლიტფონდი, ხელოვანთა სახლი ბიჭვინთაში... აქ მხოლოდ საბჭოთა ელიტა ისვენებდა, უბრალო მოკვდავებისა და მათი შვილებისთვის იყო საგზურები იაფფასიანი დასასვენებელი სახლების 10-კაციან ნომრებსა და პიონერთა ბანაკებში. უცხოეთში გამგზავრება კი, აი, რა იყო ნამდვილი ოცნება სრული საბჭოთა ბედნიერებისთვის, სოციალისტურ ქვეყნებში - „ახდენადი“, კაპიტალისტურში კი - აუხდენელი. კაპიტალისტურ ქვეყნებში მხოლოდ ელიტური პარტნომენკლატურა და წითელი ინტელიგენცია დადიოდა, ისიც უშიშროების თანამშრომლების თანხლებით.
მიუხედავად ამისა, სამართლიანობის ილუზია საბჭოთა ადამიანს არ დაუკარგავს, ხშირად გულწრფელად სჯეროდა, რომ მისი შრომა დაფასდებოდა, ადამიანები იქნებოდნენ თანასწორნი, სახლიც ექნებოდა, მანქანაც, საზღვარგარეთაც წავიდოდა და უმაღლესშიც მოეწყობოდა პროტექციისა და ფულის გარეშე. სჯეროდა ამ გაპიარებული სიყალბის და უკეთეს მომავალს ელოდებოდა, ჰოდა, აი, დადგა ისიც, ანუ ე. წ. „პერესტროიკის“, ანუ გარდაქმნის, ეპოქა. რუსული ნარატივი სისტემის შიგნიდან შეცვლის მითს ავრცელებდა და ხალხსაც სჯეროდა გორბაჩოვის „ახალი აზროვნებისა“ და დემოკრატიის ფარსის.
ქართველის ოცნება ეროვნული იდენტობის აღდგენა და დამოუკიდებლობის მოპოვება გახდა. ომის, სისხლისღვრისა და რუსული ტანკების გარეშე, ვერც ამ ოცნების ახდენა მოხერხდა. პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დამხობამ და შევარდნაძის ჩამოსვლამ ათი წლით დააბრუნა საქართველოში პოსტსაბჭოთა კორუმპირებული ელიტა, კრიმინალი, სახელმწიფო ორგანოების არაფორმალური კონტროლი, ნეპოტიზმი, ქრთამი და ეკონომიკური სიდუხჭირე. რუსული ოკუპაცია კი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დე ფაქტო დაკარგვით გაგრძელდა. არადა, ქართველის ოცნება დასავლეთთან დაახლოება იყო, მაგრამ პასიური მიდგომით: ევროპამ მოგვხედოს, ამერიკა დაგვეხმაროს, ღვთისმშობელმა გვიშველოს. რუსულ ნარატივს კარგად მოერგო შევარდნაძის პოზიცია: რუსული თამაშის წესებით გაჯერებული პროდასავლური პოლიტიკა. ვარდების რევოლუციამ ერთხელ და სამუდამოდ გამიჯნა ამ ორი ანტინომიის პოსტსაბჭოთა სიმბიოზი, დაამხო მითი ორი რუსეთისა და ორი დასავლეთის შესახებ, რაც საბედისწერო აღმოჩნდა რუსული რეჟიმებისთვის საქართველოში. დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ამ რუსული ნარატივის აღდგენას ცდილობს და მთელი მისი პროპაგანდისტული მანქანა ორი რუსეთისა და ორი დასავლეთის ლეგენდის რეაბილიტაციაზე მუშაობს, რეჟიმის პროპაგანდისტებისა და გონებასუსტების გარდა, ამ სისულელეს ყველა აბუჩად იგდებს.
არადა ისტორიის გადასახედიდან ივანიშვილის რეჟიმი ყველაზე წარმატებით მოერგო რუსულ ნარატივს, თითქმის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დააჯერა დასავლურ კეთილდღეობაზე მეოცნებე ქართველები, რომ ოლიგარქი რუსეთში ნაშოვნ მილიონებს ქართველების კეთილდღეობას მოახმარს, რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, „ქართველობას არ წაგვართმევს“ და მხოლოდ(!) ტერიტორიების მიტაცებით შემოიფარგლება; დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა უნდა და ამიტომ სახელმწიფო გადატრიალებას უწყობს ივანიშვილის რეჟიმს, რომელმაც, ევროკავშირში შესვლაზე უარის თქმით, ქვეყანა ომისგან იხსნა, ქართველი კაცები კი - გათხოვებისგან. ასე თანდათან ჩაანაცვლა ქველმოქმედის იმიჯი, მშვიდობისმყოფელისამ, რომელსაც არც ფულის დახარჯვა სჭირდება, არც ინტელიგენციისა და ამომრჩევლის მოსყიდვა და არც ზედმეტად თავის გაცხელება.
ამას წინათ ჩემმა ძმისშვილმა ის ფურცლები გაიხსენა, „ოცნებამ“ 2012 წლის არჩევნების წინ რომ დაარიგა და ამომრჩეველს სთხოვა, თავისი ოცნებები ჩამოეწერა. მახსოვს, როგორი ენთუზიაზმითა და შთაგონებით წერდნენ „ოცნების“ მოიმედენი თავიანთ ოცნებებს ამ ფარატინა ფურცლებზე, შემდეგ ფოტოებს უღებდნენ და პირად გვერდებზე აზიარებდნენ, როგორც უეჭველად შესრულებად მოცემულობას. რას აღარ მოიცავდა მათი ოცნებების კალეიდოსკოპი: ბინებს, მანქანებს, სამსახურებს, მაღალ ხელფასს, მიწის ნაკვეთებს, სწავლის დაფინანსებას... იყო უფრო გულუბრყვილო და მარტივი ოცნებებიც, მაგრამ არცერთი მათგანი ისე ზუსტად და ზედმიწევნით არ გამოხატავს ჩვენი ბეჩავი ხალხის ეკონომიკურ, მენტალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როგორც ეს ბარათი:
„დაწერე შენი ოცნება
ვოცნებობ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ოცნების მიღწევას, ვოცნებობ თბილისში მქონდეს ახალი გარემონტებული სამ-ოთახიანი ბინას და ავტომანქანას.“ (ავტორის სტილი, ორთოგრაფია და პუნქტუაცია დაცულია).
ნეტავ სად არის ან როგორ არის ახლა ამ ბარათის ავტორი, საქართველოშია ტახტზე წამოწოლილი და ნადეჟდა ტვ-ის ალაყებინებს თავს თუ მექსიკურ ფათერაკებს გადარჩენილი დაუღალავად შრომობს, ოჯახსა და ახლობლებს მოწყვეტილი, რომ პირველი ახდენილი ოცნების მსგავსად მეორე და მესამეც აიხდინოს. ეჰ, ვინ იცის, შეუცნობელია გზანი უფლისანი.
ქაღალდის ამ პატარა ნაგლეჯმა არა მხოლოდ ჩემს ქვეყანაში 2012 წელს დატრიალებული უბედურება გამახსენა, არამედ საკითხის უფრო ფართო განსჯისკენ მიბიძგა. როგორ დარჩა საბჭოთა ოცნება პოსტსაბჭოთა ადამიანის ცნობიერებაში და როგორ იქცა იგი ე.წ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პროგრამად. „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა და კულტურული ფენომენი, სწორედ ამ ჩამოუყალიბებელი, პოსტსაბჭოთა ცნობიერების ბუნებრივ გაგრძელებად გვევლინება. შედეგად ვიღებთ სახელმწიფოს, სადაც მოქალაქეებს ეშინიათ ცვლილებებისა და პროგრესის, ამიტომაც უპირატესობას ანიჭებენ მონობას და ძლიერი მფარველის ფრთის ქვეშ ცხოვრებას, იტანენ მისგან ძალადობას, უსამართლობას, რეპრესიებსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს.
დღეს, ამ განსაცდელის ჟამს, უნდა გვესმოდეს, რომ ვერც დამოუკიდებლობა, ვერც ევროკავშირში ინტეგრაცია და ვერც დემოკრატია ვერ გახდება თავისუფლების საწინდარი, რადგან თავისუფლება იწყება იქ, სადაც ოცნება აღარ ნიშნავს სხვის იმედად ყოფნას, უმოქმედობას, შიშსა და კონფორმიზმს. ჰოდა, ვიდრე ეს ოცნება არსებობს, ქვეყანას - განვითარება, ადამიანებს კი მოსვენება და კეთილდღეობა არ უწერიათ.