რუბრიკა: უსაფრთხოება

ჟურნალი: ნომერი 1




ქართული სპეცსამსახურები და რუსეთი 2012-2022

ავტორი : გიგა ჯოხაძე 

საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილში დამკვიდრებული მოსაზრებით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში რუსული გავლენები მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსეთის ფედერაციის გაზრდილი გავლენის გან­საკუთრებით მნიშვნელოვანი ინდიკატორი ქართულ ძალოვან სტრუქტურებსა და სპეცსამსახურებში კრემლის ინფილტრაციაა. ტრისტან წითელაშვილის საიდუმლო სამხედრო ობიექტზე შეშვება, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი საერთაშორისო ტერორისტის, აჰმედ ჩატაევის, ციხიდან გათავისუფლება თუ დროის მცირე მონაკვეთში კოდორი 2007-ის სპეცრაზმელთა საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება ზემოხსენებულ მოსაზრებას დამაჯერებლობას მატებს. განსაკუთრებით საეჭვო ეს უკანასკნელი შემთხვევაა, რომელიც რამდენიმე ჟურნალისტური სიუჟეტის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ თითქოს მიივიწყა.

2007 წლის 20 სექტემბერს ქართულმა სპეცსამსახურებმა კოდორის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზებისა და რუსების ერთობლივი დივერსია აღკვეთეს. დივერსიის მიზანი კოდორის ხეობის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ გზაზე თავდასხმა იყო. ქართულმა სპეცრაზმმა დივერსანტთა ორი რუსი მეთაურის ლიკვიდაცია შეძლოდ და ტყვედ ჯგუფის 7 წევრი აიყვანა. ქართული სპეცსამსახურების მიერ განხორციელებულმა წარმატებულმა სამხედრო ოპერაციამ რუსეთის ხელისუფლება აშკარად გააღიზიანა. რუსეთის დუმის დეპუტატები, მთავრობის წევრები თუ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ერთხმად მოითხოვდნენ აფხაზ „მესაზღვრეებზე“ თავდასხმის ორგანიზატორებისა და აღმსრულებლების დასჯას.

აქედან მოყოლებული რუსული სპეცსამსახურები კოდორი 2007-ის სპეცრაზმელ­თა ვინაობის დადგენას ცდილობდნენ. სპეცოპერაციის პირველი წევრი, რომლის ლიკვიდაციაც რუსულმა სპეცსამსახურებმა შეძლეს, დიმიტრი კორძაძე აღმოჩნდა, რომელიც 2010 წელს საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს. შინაგან საქმეთა სამი­ნისტრომ ეს საქმე მალევე გახსნა. აღმოჩნდა, რომ მკვლელობა საქართველოს მოქალაქეებმა: ოთარ როგავამ და თემურ ბუთბაიამ განახორციელეს. შსს-ს გამოძი­ებამ დაადგინა, რომ მათ ცნობილი აფხაზი კრიმინალი ვალტერ ბუთბა და აფხათის დე-ფაქტო პარლამენტის წევრი სლავიკ ვარდანიანი დაუკავშირდნენ და მათ ორი რუსი ადამიანი გააცნეს. რუსებმა როგავასა და ბუთბაიას კორძაძის ფოტოსურათი აჩვენეს და მისი ლიკვიდაცია დაავალეს.  ბუთბაიამ და როგავამ კორძაძის მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს. კორძაძის აფეთქების შემდეგ ისინი რუს დამკვეთებს აფხაზეთში შეხვდნენ და მათგან გასამრჯელოს სახით 42 000 აშშ დოლარი მიიღეს. უცნობია, საიდან გაიგეს რუსულმა სპეცსამსახურებმა კოდორი 2007-ის სპეცოპერაციაში კორძაძის მონაწილეობის შესახებ, თუმცა, წინა ხელისუფლების პირობებში მათთვის ასეთი გასაიდუმლოებული ინფორმაციის მოპოვება მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენდა.

ვითარება 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ შეიცვალა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. ახალი ხელის­უფლების პირობებში, კოდორი 2007-ის ყველა სპეცრაზმელი დაკითხვაზე დაიბარეს. მათ ეკით­ხებოდნენ სპეცოპერაციის თითოეულ დეტალს, განსაკუთრებით კი სპეცოპერაციაში მონაწილე ინდივიდების ვინაობა და მათი პერსონალური ინფორმაცია აინტერესებდათ. მალევე, 2014 წელს კოდორი 2007-ის 5 სპეცრაზმელი ერთმანეთის მიყოლებით, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მხოლოდ ეს ფაქტიც კი მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს - რამდენია იმის ალბათობა, რომ სპეცრაზმელთა საერთო რაოდენობის 1/3 დროის მცირე მონაკვეთში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა? განვიხილოთ ხუთივე სპეცრაზმელის სიკვდილის დეტალები.

კოდორი 2007-ის ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც 2014 წელს გარდაიცვალა, ივანე ივანიძე იყო. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ავტოავარია სახელდება. გარდაცვლილი სპეცრაზმელის ძმა, დავით ივანიძე ძმის მონაყოლიდან იხსენებს, რომ ის დაკითხვაზე 2014 წელს დაიბარეს, რომელზეც მას კოდორი 2007-ის სპეცოპერაციის დეტალებზე ეკითხებოდნენ. დამკითხველებს აინტერესებდათ ის, თუ ვინ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, ვინ იყვნენ მისი მონაწილეები, რა სახის იარაღი გამოიყენეს და ა.შ. ივანიძემ ძმას უთხრას, რომ დაკითხვას ორი რუსი ადამიანი ხელმძღვანელობდა, რომელთა ვინაობა მისთვის უცნობი იყო. მალევე ივანიძე მეორე დაკითხვაზე დაიბარეს, რომელზეც ის უკვე სიგარეტის კოლოფში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატით შევიდა. დავით ივანიძის თქმით, მისი ძმა ნივთმტკიცების ჟურნალისტ რუსუდან მჭედლიძისთვის გადაცემას აპირებდა. ივანიძე ჟურნალისტთან შეხვედრამდე ავტოავარიაში მოყვა. სპეცრაზმელი მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მის ძმას ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, რომ ავტოავარიიდან რამდენიმე წამში, შემთხვევის ადგილას ორი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა, რომელთაც მძღოლის მხარეს ავტომანქანის სალონში ჩაიხედეს და ადგილიდან მალევე გაუჩინარდნენ. კიდევ ერთ საეჭვო ფაქტს წარმოადგენდა ისიც, რომ სპეცრაზმელის ავტომანქანას ტყვიის კვალი აჩნდა.

ძმის გარდაცვალების შემდეგ, დავით ივანიძე გამოძიებას განაგრძობდა, თუმცა, შემთ­ხვევის ყველა მოწმე თუ ნივთმტკიცება საქმიდან გააქრეს. დავით ივანიძეს უც­ნო­ბი პირები სთხოვდნენ სამუდამოდ დაევიწყებინა მომხდარი. ერთ დღესსამსახურის­კენ მიმავალი ივანიძე გაიტაცეს კიდეც და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ივანე ივანიძის გარდაცვალება რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას ბადებს: 1. ვინ იყო ის ორი რუსი, რომელიც სპეცრაზმელის დაკითხვას ხელმძღვანელობდა? 2. რაიმე კავშირში იყო თუ არა ივანიძის გარდაცვალება მის მცდელობასთან, დაკითხვის ჩანაწერი ჟურნალისტისთვის გადაეცა? 3. თუ გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ავტოავარია იყო, საიდან გაჩნდა მანქანაზე ცეცხლსასროლი იარაღის ნატყვიარი? 4. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომელიც ავტოავარიის ადგილას წამებში გაჩნდა, რატომ ჩაიხედეს ავტომანქანის სალონში და რატომ გაუჩინარდნენ მალევე? 5. სად გაქრა საქმის ერთადერთი მოწმე? 6. ვინ და რატომ ემუქრებოდა გარდაცვლილი სპეცრაზმელის ძმას?

2014 წელს გაირდაიცვალა კოდორი 2007-ის კიდევ ერთი სპეცრაზმელი, შალვა თათუხაშვილი. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სუნთქვის მწვავე უკმარისობა დასახელდა, თუმცა, საქმეში რამდენიმე საეჭვო დეტალი იკვეთება, მათ შორის ის, რომ გარდაცვლილს მარცხენა ხელზე, მარჯვენა ხელის თითსა და მარცხენა მუხლზე ნაჭდევები ჰქონდა. გარდა ამისა, სიკვდილამდე თათუხაშვილი აცხადებდა, რომ მასზე პროკურატურა ზეწოლას ახორციელებდა და სთხოვდა, რომ ხელი დაედო ბაჩო ახალაიასა და ლევან ქარდავასთვის. თათუხაშვილმა გარდაცვალებამდე დას, ქეთევან კობიაშვილს, უთხრა, რომ მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ და წყალში ახრჩობდნენ. ქეთევან კობიაშვილის თქმით, მის ძმას ცრუ ჩვენებაზე ხელის მოწერა აიძულეს, თუმცა, სასამართლოზე ის სიმართლის თქმას აპირებდა. საინტერესოა, გარდაცვლილს რისგან გაუჩნდა სხეულზე ნაჭდევები, თუ გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სუნთქვის უკმარისობა სახელდება. გარდა ამისა, ეჭვს იწვევს მოწმის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა თათუხაშვილის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობდა და მისგან ცრუ ჩვენების მისაღებად მასზე ფიზიკურადაც ძალადობდა.

კოდორი 2007-ის კიდევ ერთი გარდაცვლილი სპეცრაზმელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სუს-ის სპეცრაზმის უფროსი, ზვიად ლაგვილავაა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად უბედური შემთხვევა სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგვილავას ოფისში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა, რამაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. ამოღებულ ვიდეოკადრებში ლაგვილავას ოჯახმა შეამჩნია, რომ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე უცნობი მამაკაცი მის ოთახში შედის და მალევე იქაურობას ტოვებს. გარდა ამისა, აფეთქების მომდევნო დღეს, შენობა მთლიანად დაანგრიეს. ლაგვილავას სიკვდილის საქმე ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას აჩენს: 1. ვინ იყო ის მამაკაცი, რომელიც აფეთქებამდე ლაგვილავას ოთახში შევიდა? 2. რატომ დაანგრიეს ის შენობა მთლიანად, რომელმაც აფხაზეთის სუს-ის უფროსის სიცოცხლე იმსხვერპლა? ხომ არ იყო ეს ხელისუფლების მხრიდან სამხილების სრულად განადგურების მცდელობა? 3. რატომ არ გამოიძია ხელისუფლებამ მომხდარი და ის, თუ რამ გამოიწვია წყლის გამაცხელებლის აფეთქება?

2014 წელსვე გარდაიცვალა კოდორი 2007-ის სპეცოპერაციის კიდევ ორი მონაწილე: ალექსანდრე დანელია და სერგო უბილავა. დანელია და უბილავა 2012 წლის 13 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიტაცეს. შსს-მა მალევე აღიარა, რომ ყოფილი სპეცრაზმელები პატიმრობაში იყვნენ. აქედან მალევე, დანელია გარდაიცვალა, რის მიზეზადაც თვითმკვლელობა დასახელდა. თუმცა, ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ დანელიას სხეულზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ორი ტყვიის კვალი. ტყვია დანელიას მკერდზე და მარცხენა ხელზე მოხვდა. რბილად რომ ვთქვათ უცნაურია თვითმკვლელობისას გასროლის ამგვარი ტრაექტორიის გამოყენება. რაც შეეხება სერგო უბილავას, ის 2014 წლის მარტში საპატიმროში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ციროზი სახელდება. უბილავას ოჯახი ამბობს, რომ მისგან ცრუ ჩვენების მისაღებად უბილავას გარკვეულ მედიკამენტებს აძლევდნენ, საბოლოოდ კი ის მედიკამენტოზური მოქმედების გადაჭარბებისგან მოკლეს.

კოდორი 2007-ის დანარჩენი სპეცრაზმელების ნაწილი ხელისუფლებამ დააპატიმრა, ნაწილი კი უცხოეთში გაიქცა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. რთულია იმის დაჯერება, რომ სპეცრაზმელთა დიდი ნაწილი დროის მოკლე მონაკვეთში მართლაც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ თითოეულ ამ საქმეში ბევრი საეჭვო ადამიანი თუ გარემოება ფიგურირებს. ეს უფრო მეტად რუსული სპეცსამსახურების მხრიდან სპეცოპერაციის მონაწილეებზე შურისძიებას ჰგავს, რაშიც პირდაპირ უნდა ყოფილიყო ჩართული საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რომელმაც სპეცოპერაციის ყველა მონაწილე დაკითხა, მათი დიდი ნაწილი კი დააკავა. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, როგორ შეძლეს რუსულმა სპეცსამსახურებმა სპეცრაზმელთა ვინაობის დადგენა. კოდორი 2007-ის სპეცრაზმელთა ისტორია გვაჩვენებს, თუ რამდენად წარმატებულად შეძლეს კრემლის ძალოვანმა სტრუქტურებმა ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოს სადაზვერვო სტრუქტურებსა და სპეცსამსახურებში ინფილტრირება. 

 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა