შეხვედრა წარსულთან

ავტორი : დავით ხვადაგიანი 

რამდენიმე წლის წინ, რაჭაში, ჩემს სოფელში, შემთხვევით დაახლოებით ათი წლის წინანდელი გაზეთის ნაგლეჯი ვიპოვნე, რომელსაც არც თარიღი და არც გარეკანი არ ჰქონდა, თუმცა მარტივად მივხვდი, რომ ის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 2012 ან 2013 წლის ერთერთი ნომერი იყო, შემორჩენილი ნაწილი მკითხველს აუწყებდა რომ „სააკაშვილი დამხობილია“ და „საქართველო თავისუფლდება“.  ამ გადიდებული სათაურებით გამოტანილ ტექსტსა და კონტექსტიდან ამოგლეჯილ, მანიპულირებულ ფოტოსურათს ქვემოთ, მისალოც ტექსტებში რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი და საქართველოს „ერთიანი კომუნისტური პარტიის“ ფართო საზოგადოებისთვის ყოვლად უცნობი და გაურკვეველი ლიდერები, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს „ბრწყინვალე საერთო-სახალხო გამარჯვებას“ ულოცავდნენ და იმედს გამოთქვამდნენ, რომ „განახლებულ საქართველოში“ მშვიდობიანი შრომისა და კეთილდღეობის პირობებში თავის ადგილს დაიჭერდა ყველა პოლიტიკური ძალა. 

ათი წლის წინ, რუსული პროპაგანდით მოტყუებული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მსგავსი სახიფათო სიმპტომების შემჩნევა, რუსული იმპერიული წარსულის ნაშთის - კომუნისტური პარტიის მსოფლმხედველობის სრული დამთხვევა ხელისუფლებაში მოსულ ახალ პოლიტიკურ ძალასთან და ამ დამაკავშირებელი რგოლების დანახვა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. საზოგადოების აქტიური ნაწილი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების და მაშინდელი მმარ­თველი პოლიტიკური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, მსგავს ანომალიურ გამოვლინებებს არასერიოზულად აღიქვამდა და საკუთარ თავსაც და ოპონენტებსაც დაჟინებით არწმუნებდა, რომ ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქის მოსვლა და საგარეო პოლიტიკური ვექტორის მოსალოდნელი ცვლილება, პოლიტიკური მანიპულაცია და მოჩვენებითი რეალობის შექმნის მცდელობა იყო. თუმცა გასული ათწლეულის განმავლობაში განვი­თარებულმა მძიმე და დამაზიანებელმა პოლიტიკურმა პროცესმა არაერთხელ ნათ­ლად დაგვანახა რუსეთის საბედისწერო გავლენა ხელისუფლებაში მოსულ მმარ­თველ პოლიტიკურ პარტიაზე და საზოგადოების გათვითცნობიერებულ ნაწილს ახლო წარსულში განვითარებული მოვლენებისადმი პარალელების ძიებისკენ უბიძგა, მაგრამ წარსულის პროცესების გარკვევა და თანამედროვე მოვლენებთან მისი დამაკავშირებელი ლოგიკური ჯაჭვის დანახვა, საზოგადოების კოლექტიური მეხსიერებიდან ათწლეულების განმავლობაში, შეგნებულად ამოგლეჯილი მნიშ­ვნელოვანი ისტორიული და პოლიტიკური პროცესების უცოდინარობის გამო არცთუ იოლი დასანახი და გასააზრებელი გამოდგა. 

საქართველო და რუსეთი 
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თითქმის ორნახევარი საუკუნე კაცობრიობის ისტორიის უმნიშვლელოვანესი მოვლენების ფონზე ვითარდებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისი, როდესაც გაფართოების პროცესში მყოფმა რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფო-სამთავროები თანმიმდევრულად დაიპყრო და მიიერთა, დიდი იმპერიების განვითარების პიკს დაემთხვა, როდესაც იმპერიას, მაშინდელი საერთაშორისო სამართლის და პოლიტიკური წესრიგის თანახმად სრულიად ლეგიტიმური უფლება და საშუალება ჰქონდა პატარა ერების დაპყრობის, სუვერენული, სახელმწიფოებრივი ნიშნების გაუქმების და მიერთებისთვის. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქართული სამეფო ოჯხის და ელიტების არაერთმა მცდელობამ თუ შეიარაღებულმა აჯანყებამ რუსეთის გავლენისგან თავი დაეღწიათ შედეგი არ გამოიღო და ძლიერი იმპერიის პირისპირ დარჩენილი მებრძოლი ძალების წინააღმდეგ რეპრესიებით და მათი განადგურებით დასრულდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც რუსეთმა საბოლოოდ განიმტკიცა მდგომარეობა კავკასიაში, საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის და თვითმმართველობისთვის ბრძოლამ ქართველი განმანათლებლების და სოციალური მოძრაობების აქტიურობაში ჰპოვა განვითარება, თუმცა ათწლეულების განმავლობაში ქართული აქტიური საზოგადოების და მე-19 საუკუნის დასასრულს წარმოქმნილი პოლიტიკური პარტიების ბრძოლამ, თუნდაც შეზღუდული ადგილობრივი თვითმმართველობის-ერობისთვის და პოლიტიკური ავტონომიისთვის არათუ შედეგი გამოიღო, პირიქით რუსული იმპერიული ხელისუფლებისგან მას ყრუ კედელი დახვდა აღმართული, რამაც 1905-1906 წლებში რევოლუციური პროცესებს, მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით საქართველოში თითქმის ყველაზე აქტიურ განვითარებასაც კი შეუწყო ხელი, თუმცა რუსეთის იმპერიის ხელისუფლების რეაქცია მკაცრი და დაუნდობელი იყო, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა. 

ერთი შეხედვით თითქმის უიმედო და გამოუვალი სიტუაცია, კაცობრიობის ისტორიის ერთერთმა ყველაზე დიდმა და დრამატულმა მოვლენამ შეცვალა; 1914 წელს დაწყებულმა დიდმა ომმა, რომელსაც მაშინ „საერთაშორისო ომის“ „ინდუსტრიული ომის“ თუ სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ და დღეს პირველი მსოფლიო ომის სახელითაა ცნობილი, მთლიანად შეცვალა, ევროპის, განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთ ნაწილის პოლიტიკური რუკა და, ასევე, მსოფლიოს ისტორიის განვითარების ხაზი. ომმა, რომელმაც მთელ ევროპას მანამდე წარმოუდგენელი ადამიანური მსხვერპლი, ინფრასტრუქტურის და მეურნეობის ნგრევა მოუტანა, ამასთანავე წერტილი დაუსვა დიდი იმპერიების ეპოქასაც და პატარა, დაპყრობილ ერებს, მათ შორის, საქართველოს თავისუფლების ისტორიული ფანჯარა და შესაძლებლობა გაუხსნა. მიუხედავად საბჭოთა პროპაგანდის მიერ ათწლეულების მანძილზე დანერგილი დეზინფორმაციისა და მითებისა, ქართული პოლიტიკური ელიტა ამ ისტორიულ შესაძლებლობას მომზადებული შეხვდა. საქართველოში ამ დროისთვის ოთხი ძლიერი პოლიტიკური პარტია არსებობდა, რომელთაც  თითქმის ორი ათწლეულის პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება ჰქონდა:
●    მე-19 საუკუნის დასასრულის და მე-20 საუკუნის დასაწყისის განმავლობაში გან­ვითარებული პროცესების შედეგად, ყველაზე დიდი და პოპულარული სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც რუსეთისგან განსხვავებით საქართველოში, პარტიული განხეთქილების შემდეგ მთლიანად ე.წ „მენშევიკური“ სახე მიიღო და ბოლშევიკები მარგინალურ უმცირესობაში დატოვა, როდესაც მისი ლიდერი ნოე ჟორდანია ევროპაში სწავლის და მოგზაურობის შემდეგ მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში დაბრუნდა და ევროპული სოციალ-დემოკრატიული პლატფორმა აირჩია, ჩამორჩენილი რუსული „ნაროდნიკული“ პლატფორმის საპირისპიროდ.
●    სოციალ-ფედერალისტთა პარტია, რომელიც 1904 წელს ჟენევაში შექმნა ქართ­ველი ნაციონალისტების ჯგუფმა და პირველად წამოაყენა საქართველოს პო­ლიტიკური დამოუკიდებლობის და თავისუფლების საკითხი.
●    სოციალ-რევოლუციონერთა პარტია, რომელსაც მისი პოპულარული რუსული ანალოგისგან განსხვავებით, საქართველოში მცირე მხარდაჭერა ჰქონდა.
●    ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც 1917 წელს შეიქმნა სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფების გაერთიანებით.

რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მალე, იმპერიის ნანგრევებზე დაწყებული სამოქალაქო ომის და ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, ამიერკავკასიაში ხელისუფლებაში მყოფმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც ოსმალეთის და რუსეთის იმპერიების ნანგრევებზე წარმოქმნილ კატასტროფულ პროცესებს შორის აღმოჩნდა, რუსეთისგან ჩამოშორებით, ამიერ­კავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნით და ბაქო-ბათუმის სტრატეგიული მაგისტრალის კონტროლის მცდელობით დააპირა ახალ პოლიტიკურ პროცესში პოზიციონირება, რამაც პირველი დაპირისპირება და სისხლიანი შეტაკება გამოიწვია ამიერკავკასიის ბოლშევიკურ ორგანიზაციასთან. ადგილობრივმა ბოლ­შევიკებმა 1918 წლის 10 თებერვალს, ამიერკავკასიის სეიმის გახსნის დღეს, საპ­როტესტო დემონსტრაციით სასტიკად გააკრიტიკეს ამიერკავკასიის რუსეთისგან ჩამოშორება, რასაც ხელისუფლების მხრიდან მათი დარბევა და მსხვერპლი მოჰყვა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ეს ამბავი საბჭოთა პროპაგანდისთვის საეტაპო მოვლენად იქცა.

1918 წლის 26 მაისს, ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბ­ლიკის წარუმატებლობამ, რაც ძირითადად სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთ­შეუთავსებლობამ და მუდმივმა დაპირისპირებამ გამოიწვია, მისი დაშლა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიტანა. საქართველოს რეფორმისტულმა ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ, რომლებიც თამაშის მთავარ წესზე თანხმდებოდნენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო, ახლადშექმნილ საქართველოს თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოს დიდი წარმატებები მოუტანა, ჩატარდა საქალაქო და ადგილობრივი თვითმმართველობის-ერობის თანასწორი არჩევნები, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა თუ რელიგიური კუთვნილებისა, სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება ჰქონდა. ერობის არჩევნებში, თბილისის სამაზრო ერობაში, ყარაიაზის ოლქიდან არჩეული იქნა პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი. 1919 წლის თებერვალში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები სადაც სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა და მისი სიით მრავალპარტიულ დამფუძნებელ კრებაში არჩეული იქნა ხუთი ქალი დეპუტატი, რაც იმ დროისთვის დიდად პროგრესული მოვლენა იყო მსოფლიოს მასშტაბით. პირველად გატარდა სასამართლო რეფორმა და შეიქმნა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. გატარდა აგრარული რეფორმა და სხვა რეფორმები რაც ახლადშექმნილ საქართველოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს არსებობის მყარ ნიადაგს უქმნიდა. საქართველოს ახლად შექმნილმა სახელმწიფომ, მისმა რეგულარულმა არმიამ, სახალხო გვარდიამ და სპეცსამსახურებმა მოახერხეს, 1919 წელს როგორც რუსეთის მოხალისეთა არმიის პირდაპირი თავდასხმის მოგერიება ასევე, 1920 წელს რუსეთის სამოქალაქო ომში გამარჯვებული საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის თავდასხმის მოგერიება, მას შემდეგ რაც მათ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინეს და საქართველოს საზღვრებში შემოიჭრნენ. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო რამდენიმე ბოლშევიკური აჯანყების ლიკვიდაცია და რუსული პროვოკაციის აღკვეთა, თუმცა 1921 წლის თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს სრულმაშტაბიან ომში, რომელიც თითქმის ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველო დამარცხდა და ხელისუფლებას ემიგრაციაში მოუწია წასვლა, რომელსაც მიუხედავად საოკუპაციო ხელისუფლების მცდელობისა, კაპიტულაცია არ გამოუცხადებია და აგრესორისთვის ხელისუფლება ლეგიტიმურად არ გადაუცია.

„თავისუფლად სუნთქვის“ ეპოქაში „სამი წლის ბორკილების ტარების შემდეგ, საქართველოს მუშები და გლეხები განთავისუფლდა მოღალატე მენშევიკების ტირანიიდან. 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქში აფრიალდა წითელი დროშა. 25 თებერვალს დიდი ხნის დატანჯულმა და ყოველმხრივ შევიწროებულმა მუშებმა პირველად თავისუფლად ამოისუნთქეს.“

ასე ამცნობდა ნახევარ საქართველოს ახალი რეალობის დადგომას გაზეთი „კომუნისტი“ 1921 წლის 4 მარტის ერთერთი პირველი ნომრით, რომელიც საქართველოს დედაქალაქში საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ გამოვიდა.

1921 წლის მარტის შუა რიცხვებში, გურიის მისადგომებთან საქართველოს და საბჭოთა რუსეთის ჯარებს შორის ბოლო საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამ დროს თბილისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სასახლეში ახლადშესულმა რევკომმა, დედაქალაქში დარჩენილი დამფუძნებელი კრების რამდენიმე დეპუტატი დაიბარა და დასავლეთ საქართველოში გადასულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან მოლაპარაკებისთვის შუამდგომლობა სთხოვა. სასახლიდან გამოსული დამფუძნებელი კრების დეპუტატი გერონტი ქიქოძე თვითგამოცხადებული მთავრობის ახალი საინფორმაციო-პრო­პაგანდისტული პოლიტიკის პირველი ნაბიჯის მომსწრე გახდა: „...დავინახეთ, რომ დიდ ფიცარზე გამოფენილი იყო დასახიჩრებული გვამების ფოტოსურათები, იმ ძალმომრეობის ილუსტრაცია, რომელსაც მენშევიკების გვარდიელები და მილიციონერები კომუნისტებზე ახდენდნენ, ეს იყო აშკარა მოწოდება შურისძიებისკენ.“ 
1921 წლის 11 აპრილს საქართველოს რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე „განთავისუფლებულ“ ქუთაისში ჩავიდა, მას ქუთაისის რევკომის თავმჯდომარემ დავით ლორთქიფანიძემ და ადგილობრივმა ბოლშევიკებმა „მენშევიკების მიერ ნაწამები და დახოცილი“ ცნობილი ბოლშევიკი ტერორისტის, პავლე მარ­დალეიშვილის და საბჭოთა რუსეთის დაზვერვის აგენტის, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ივანოვის დამწვარი გვამების ფოტოსურათები უჩვენეს: „მეთორმეტე საუკუნის ინკვიზიცია ამასთან ხომ აჩრდილია, სუსტი აჩრდილი! - სთქვა ამხ. ფილიპემ ნელი ხმით“  წერდა გაზეთი „კომუნისტი.“ 
საქართველოს რევკომის თავმჯდომარეს არ გამოჰპარვია ასეთი მტკიცე­ბულებების მნიშვნელობა, რომელიც „სამარცხვინო ბოძზე გააკრავდა“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და პარტიულ ამხანაგებს უთხრა, რომ ასეთი მასალის „დახუ­რულ კარებში“ დატოვება შეუძლებელი იყო და განკარგულება გასცა ფოტოები გაედიდებინათ და ქუჩებში გამოეკიდათ, რათა ხალხს კარგად დაენახა „ჯალათი მენშევიკების ინკვიზიტორობა.“ მახარაძის განკარგულება დაუყოვნებლივ იქნა შეს­რულებული და ქუთაისის და თბილისის ცენტრალურ ქუჩებში თვეების განმავლობაში იყო გამოფენილი დაღუპული ბოლშევიკების გადიდებული ფოტოები.

„ივანოვ-მარდალეიშვილის საქმე“ საოკუპაციო ხელისუფლების პირველი და მძლავრი პროპაგანდისტული აქცია იყო, რომლის უკან რეალურად დამოუკიდებელი საქართველოს და საბჭოთა რუსეთის სპეცსამსახურების მძიმე და დაუნდობელი ბრძოლის ეპიზოდი იდგა, თუმცა ქართველი ბოლშევიკები დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ ამას და დაღუპულებს „უდანაშაულო მსხვერპლად“ წარმოაჩენდნენ, რომლებიც წინა ხელისუფლების სისასტიკეს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ემსხვერპლნენ.

ოკუპაციის შემდგომ, 1921 წლიდან 1924 წლის ჩათვლით მომხდარი ანტისაბჭოთა აჯანყებები, საზღვარგარეთიდან „ევროპელი კაპიტალისტების დახმარებით ორგა­ნიზებულ მენშევიკურ ავანტურად და რევანშად“ იქნა გამოცხადებული ხოლო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლება „ქართველი ხალხის დაუძინებელ მტრად,“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავ­რობას ბოლშევიკური პროპაგანდისტული საშუალებები ბრალს სდებდნენ:
● საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორებაში.
● ქვეყნის დასავლელი კაპიტალისტებისთვის მიყიდვაში.
● აჭარის თურქეთისთვის გადაცემის განზრახვაში.
● საბჭოთა რუსეთთან ომის გაჩაღებაში.
● უცხო ქვეყნების ჯარების შემოყვანაში.
● საქართველოს ეროვნული განძის გატაცებაში.

და რაც მთავარია მათ „ქართველი მუშების და გლეხების ჯალათად“ აცხადებდნენ, რადგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სამი წლის განმავლობაში საბჭოთა რუსეთის მიერ დაფინანსებული და ორგანიზებული არაერთი ბოლშევიკური აჯანყება სასტიკად ჩაახშო და ბევრი „მოსკოვის ოქროთი მოსყიდული აგენტი“ დააპატიმრა ან ქვეყნიდან გააძევა.
საინტერესოა ასევე გერონტი ქიქოძის მოგონება, როდესაც ის დამფუძნებელი კრების ყოფილ სასახლეში საქართველოს რევკომის წევრ მამია ორახელაშვილს შეხვდა და ორახელაშვილმა საბჭოთა რუსეთთან ომის დაწყებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია დაადანაშაულა: „ნოე ჟორდანიას უგუნური პოლიტიკის წყალობით ამდენი ჯანსაღი ჭაბუკი გაიჟლიტა, როდესაც კოჯრის სანგრებში ჩავიხედე და შიგ ახლად წვერ-ულვაშ აშლილი ჯარისკაცების და იუნკრების გვამები დავინახე კინაღამ გული შემიღონდაო.“ უთხრა გერონტი ქიქოძეს ორახელაშვილმა.

დაუსრულებელი ოკუპაცია
მე-20 საუკუნის 1920-30-იან წლებში ოკუპირებულ საქართველოში წინააღმდეგობის ფრონტის, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განადგურების, მეორე მსოფლიო ომის უმძიმესი შედეგების და სრული საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში, საბჭოთა საქართველოში დაბადებული ახალი თაობების მეხსიერებიდან საბოლოოდ გაქრა და წაიშალა როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის ცნება, ასევე თავისუფალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის ელემენტები.

1980-იანი წლების ბოლოს განვითარებული პროცესების და საბჭოთა რუსული იმპერიის დაშლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება და პირველი პრეზიდენტი გამსახურდია, ზუსტად ისეთივე გამოწვევების და რეაქციული რუსეთის რევანშის პირისპირ დადგა, რა პროცესებიც თითქმის ერთი საუკუნით ადრე ვითარდებოდა, თუმცა მეფის რუსეთისგან განსხვავებით, საბჭოთა რუსული ტოტალური წნეხის და კარჩაკეტილობის პირობებში გაზრდილი თაობებიდან გამოსულ პოლიტიკურ ლიდერებს ვერ აღმოაჩნდათ ხანგრძლივი პოლიტიკური ბრძოლის და წინააღმდეგობის უნარი, რასაც მოსკოვიდან ორგანიზებული და ადგილზე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მიერ იარაღით მხარდაჭერილი სამხედრო გადატრიალება, კანონიერი ხელისუფლების და პრეზიდენტის დამხობა მოჰყვა.

1992 წლის 8 იანვარს რუსეთის ორგანიზებული შეიარაღებული გადატრიალების შემდეგ პირველად გამოსული გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 8 იანვრის ნომერი, ე.წ სამხედრო საბჭოს სახელით, მსგავსად შვიდი ათწლეულის წინანდელი მოვლენებისა აცხადებდა, რომ – „დიქტატორული რეჟიმი დამხობილია“ და ხალხის „თავისუფლების“ სახელით მანიპულირებდა. მსგავსად საბჭოთა რუსული ოკუპაციისა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საბჭოთა რუსეთი არაფერ შუაში იყო და „მჩაგვრელი მენშევიკური ხელისუფლება“ ქართველმა მუშებმა და გლეხებმა დაამხეს, არალეგიტიმური და სამხედრო გადატრიალებით მოსული ხელისუფლებაც თითქმის მთელი 90-იანი წლების განმავლობაში უარყოფდა სამხედრო გადატრიალების რუსეთთან კავშირს და მას პრეზიდენტ გამსახურდიას „დესტრუქციულ მოქმედებების საპასუხო მოვლენად“ ასაღებდა.

მიუხედავად პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან პრორუსული კურსის ცვლილებისა და პირველი ნაბიჯების გადადგმისა დასავლური ინტეგრაციის გზაზე, საქართველო მაინც არშემდგარ და წარუმატებელ ქვეყნად რჩებოდა. სიტუაცია მკვეთრად შეცვალა 2003 წელს მომხდარმა მშვიდობიანმა „ვარდების რევოლუციამ“ რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოსულმა რეფორმისტულმა გუნდმა რეალური გახადა საქართველოს სუვერენული უფლებები, რეფორმებთან ერთად მკვეთრი ნაბიჯებით დაიწყო რუსული გავლენისგან თავის დაღწევა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რეალისტური გახადა, რასაც საპასუხოდ 2008 წლის რუსული აგრესია და სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს წინააღმდეგობის გაწევა, რასაც მალე დასავლეთიდან რეაქცია, ომის შეჩერება მოჰყვა და რუსეთმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, საქართველოს დედაქალაქის აღებას, პოლიტიკური ხელისუფლების განადგურებას და მარიონეტული მთავრობის დასმას, რამდენიმე წლის შემდეგ რუსული ჰიბრიდული ომის მანქანამ, ფინანსურმა უზრუნველყოფამ, საქართველოს გარშემო დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების კონცენტრაციამ და ზეწოლამ, სხვა გარემო ფაქტორების და პირობების დახმარებით საქართველოს ხელისუფლებაში, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი მოიყვანა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესაფერხებლად და ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით საქართველო კვლავ მჭიდროდ დაუკავშირა რუსულ გავლენებს.

საქართველოს ბოლო საუკუნის ტრაგიკული ისტორიის გამოცდილებით ქართული ოცნების ხელისუფლებამაც აქტიურად დაიწყო წინა მთავრობის დევნა და დემონიზება. მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ რაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს ჩაეყარა საფუძველი, მისი სამი გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი: ნოე ჟორდანია, ზვიად გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად ერთმა­ნეთისგან მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური განსხვავებებისა, მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში, რასაც რუსული გავლენისგან თავის დაღწევა და დამოუკიდებელი პოლიტიკური დღის წესრიგის წარმოება ჰქვია, ერთი მიმართულებით მიდიოდნენ და სამივე მათგანის მიმართ რუსული იმპერიული პოლიტიკის რეაქციაც ერთგვაროვანი იყო. ნოე ჟორდანია რუსული საოკუპაციო არმიის მიერ განდევნილი იქნა საქართველოდან და ემიგრაციაში გარდაიცვალა. ზვიად გამსახურდია მოსკოვიდან ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების შედეგად ჯერ განდევნილი და შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში ფიზიკურად იქნა განადგურებული. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში რუსული გავლენის ჯგუფების მოსვლის შემდეგ, პოლიტიკური დევნის გამო იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო და წლების შემდეგ სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, აბსურდული ბრალდებებით იქნა დაპატიმრებული და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დღემდე საფრთხე ემუქრება.

ბოლო თვეებში რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმამ, მისი ოკუპაციის და იმპერიის აღდგენის მცდელობამ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინის შეაიარაღებულმა ძალებმა არათუ დედაქალაქ კიევზე თავდასხმის მოგერიება მოახერხეს, კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მეთოდურად ათავისუფლებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიას. რუსული არმიის დიდმა დანაკარგებმა და დასავლურმა სანქციებმა იმედი გააჩინა, რომ ისტორიულად გამოცდილ, დიდ ომებში რუსული სამხედრო მანქანის მარცხი იმპერიის საბოლოო კოლაფსს გამოიწვევს და მისი გავლენის ქვეშ მყოფი და ოკუპირებული ქვეყნები სამუდამოდ მოიპოვებენ თავისუფლებას.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა