რუბრიკა: მართლმსაჯულება

ჟურნალი: ნომერი 5




მედიაცია - სასამართლოს გაჯანსაღების ალტერნატიული გზა

ავტორი : ანა ხურციძე 

ამას წინათ ერთი საბჭოთა ანეკდოტი მოვისმინე, რამაც ამ სტატიის დაწერისკენ მიბიძგა. სამი მოსამართლე ზის და ერთმანეთს ეტრაბახება, ვის უფრო გავლენიანი საქმე განუხილავს. ერთი ამბობს: „მე აღმასკომის მდივნის სამეზობლო დავა მქონია“.  მეორე ამბობს: „მე სახალხო არტისტის განქორწინების საქმე განმიხილავს“. მესამემ დიდი ხანი უსმინა და ბოლოს ამ ორს უთხრა: „ეგ რა არის, მე საქმეში ორივე მხარისგან ფული ამიღია და ორივე კმაყოფილი დარჩენილა“.

ეს კი ანეკდოტია, მაგრამ სინამდვილეში რეალურად შესაძლებელია ორივე მოდავე მხარე კმაყოფილი დარჩეს შედეგით, შესაბამისად, მზად იყოს დავის პროცესის წარმართვისა და შედეგის კონტროლისთვის ფულიც კი გადაიხადოს. ამ გზას კი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალება - მედიაცია - სთავაზობს მოდავეებს.

ამ სტატიის მიზანია, მკითხველმა გაისიგრძეგანოს ის შესაძლებლობები, რომლებსაც მედიაცია სთავაზობს დავის მხარეებს, სხვანაირად დაინახოს მისი სარგებელი,  დარწმუნდეს, რომ დავის გადაწყვეტის ეს საშუალება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისთვის და ქმნის ნოყიერ ნიადაგს მართლმსაჯულების წარმატებული რეფორმირებისთვის, რაც, თავის მხრივ, ევროპის კავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

მედიაციის აკადემიური და პრაქტიკული განმარტებები რომ შევაჯეროთ, ის არის დავის მოგვარების მეთოდი, რომელშიც ნეიტრალური მესამე პირი (მედიატორი) ხელს უწყობს ორ ან მეტ მხარეს შორის მოლაპარაკებას, რომ აღმოიფხვრას დავა და მოდავეებმა მიაღწიონ ორმხრივად მისაღებ შეთანხმებას. ტრადიციული სასამართლო პროცესისგან განსხვავებით, მედიაცია საშუალებას აძლევს მოდავე მხარეებს, მეტი კონტროლი ჰქონდეთ დავის შედეგზე, რომელიც, თავის მხრივ, ნულოვანჯამოვან (გამარჯვებული-დამარცხებული) თამაშს გამორიცხავს. აქ ნაცვლად ერთი გამარჯვებულისა და ერთი დამარცხებულისა, ვიღებთ შეთანხმებით კმაყოფილ ორ მხარეს. ამასთან, მედიაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო და კონფიდენციალურ გარემოს, რომელშიც დავის მონაწილეებს შეუძლიათ, გამოხატონ წუხილები კონფლიქტის დეტალების გახმაურების შიშის გარეშე.

მედიაცია არის სასამართლო დავის უფრო სწრაფი და იაფი ალტერნატივა, რადგან ის თავიდან აცილებს მხარეებს დროში გახანგრძლივებულ პროცესს და მასთან დაკავშირებულ მაღალ ხარჯებს. ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო საინტერესო და ფართო მოქმედების არეალს ხსნის კომერციული მედიაცია, რომელიც საინვესტიციო კუთხით მიმზიდველ გარემოს აყალიბებს. კომერციული მედიაცია არის ნებაყოფლობითი და კონფიდენციალური პროცესი ბიზნესსა თუ ორგანიზაციებს შორის სასამართლო სისტემის გარეთ დავების გადაწყვეტისთვის. ის მოლაპარა­კებების განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც მორგებულია ბიზნესის სპეციფიკურ საჭიროებებსა და გამოწვევებზე. მედიაცია აჯანსაღებს ეკონომიკურ გარემოს და ხელს უწყობს ბიზნესს, რადგან მედიაციის დროს ბიზნესი არ კარგავს გაუმართლებლად დიდ დროსა და ფინანსებს სასამართლო პროცესების წარმართვაზე. ინვესტორსაც მეტი სტიმული აქვს, როდესაც ოპერირებისთვის შედის ისეთ ქვეყანაში, სადაც დავების გადაჭრის ბევრი ალტერნატიული მექანიზმია განვითარებული და პოტენციური დავის პირობებში მხოლოდ გადატვირთული სასამართლოს და დროში გაწელილი პროცესის იმედად არ რჩება.

დღეისათვის კერძო კომერციული მედიაცია პოპულარულია მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებში. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროპის კავშირის წევრ-სახელმწიფოებში, ჩინეთსა და იაპონიაში სულ უფრო მზარდია დავების გადაწყვეტა მედიაციით. კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ იზრდება მედიაციის პროვაიდერი კომპანიების რაოდენობა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში  მედიაციის ბაზარი, საშუალოდ, ყოველწლიურად დაახლოებით 9%-ით იზრდება. პროპორციულად იზრდება კერძო მედიატორთა რიცხვიც. ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში, შესაბამისი ევროპული დირექტივით, მედიაციას დაქვემდებარებულია ტრანსსასაზღვრო (Cross-Border) დავები. ღია ბაზარმა და გახსნილმა საზღვრებმა ევროპის კავშირის შიგნით წარმოშვა ბევრი დავა სხვადასხვა ქვეყანაში დაფუძნებულ კომპანიებს შორის, რომლებიც საერთო სამომხმარებლო ბაზარზე ოპერირებენ, შესაბამისად, მათ შორის არსებული დავების განხილვა უფრო ლოგიკურია მოხდეს კერძო მედიატორთან, ვიდრე რომელიმე ამ ქვეყანაში არსებულ სასამართლოში, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს იურისდიქციული გაუგებრობა  და ნაკლები ნდობა მოდავე კომპანიების მენეჯმენტის მხრიდან.  ეროვნული სასამართლოები არ არიან აღჭურვილნი ტრანსნაციონალური დავების განსახილველად. შიდა სამართლებრივი სისტემები არ არის შექმნილი კომპლექსური, განსხვავებულ იურისდიქციაში წარმოშობილი დავების მოსაგვარებლად და არ გააჩნია შესაბამისი სტრუქტურა და გამოცდილება.  

აღწერილი გამოწვევების წინაშეა საქართველოს მართლმსაჯულებაც. სასამარ­თლო სისტემა გადატვირთულია და, შესაბამისად, საქმეთა განხილვის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია. თითოეულ მოსამართლეზე იმდენი საქმეა მიწერილი, რომ ფიზიკურად შეუძლებელია დავები სწრაფად და ეფექტურად გადაწყდეს. სასამართლო ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთნაირად უნდა გააცნობიეროს, რომ იმ დაშვებითაც კი, თუ სასამართლო სისტემაში სულ მცირე მიკერძოებასაც არ ექნება ადგილი, მაინც ძალიან შეზღუდულია  რესურსები იმისთვის, რომ სასა­მართლო პროცესები წლობით არ გაიწელოს, რაც სხვა დამაზიანებელ შედეგებთან ერთად, ინვესტორებს ქვეყანაში თავისუფალი კაპიტალის დაბანდების სტიმულს უქრობს. აღნიშნულის მოგვარების ძლიერ ინსტრუმენტად კი თავად სასამართლოს მიერვე წახალისებული და ხელშეწყობილი მედიაცია შეიძლება განვიხილოთ. მოსამართლეებს არ უნდა ეშინოდეთ მედიაციის ფართოდ დანერგვის, რადგან მედიაცია სრულად ვერასდროს ჩაანაცვლებს სასამართლოს. მათ უნდა შეძლონ და დათმონ ძალაუფლების ნაწილი მედიატორთა სასარგებლოდ, რაც, პირველ ყოვლისა, თავად მოსამართლის საქმიანობის ეფექტიანობას გაზრდის და გრძელვადიან პერსპექტივაში სასამართლოს მნიშვნელოვნად განტვირთავს. ამასთან, ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში, ქართული სამართლებრივი პრაქტიკა მეტად დაუახ­ლოვდება ევროპულ სტანდარტს და ტრანსსასაზღვრო დავებისთვის სასამარ­თლოს ეფექტური ალტერნატივა გაჩნდება.

საზოგადოების დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი საზომი არის საზოგა­დოების მცდელობა, მოაგვაროს კონფლიქტები შეთანხმების გზით. მოლაპა­რაკებების წარმატებულ ფორმად კი განვითარებულმა სამყარომ დიდი ხანია მედიაცია აღიარა და სამართლებრივ სისტემაში ფართოდ დანერგა. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ მედიაციის პრაქტიკის განვითარებამ გააჯანსაღა სასამართლოები და ეკონომიკური აქტივობის სტიმული გააჩინა. მართლმსაჯულების რეფორმების ტალღებმა ვერ გააჩინა საქართველოში იმ ტიპის სასამართლო, რომელიც მოქალაქეებს სამართ­ლიანობის აღქმას გაუჩენდა და დემოკრატიის კონსოლიდირებას მყარ ნიადაგს შეუქმნიდა.  აღნიშნული, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური ნების არარსებობის ბრალია. თუმცა, პოლიტიკური ნების პირობებშიც კი, გასათვალისწინებელია რესურსების სიმწირე. გადატვირთული სასამართლოს განტვირთვას ეფექტური ინსტრუმენტი სჭირდება - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების წახალისებაა. უკანასკნელ 10 წელიწადში თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრს 635 საქმე გადაეცა განსახილველად, მათგან მორიგების მაჩვენებელი 70% იყო. მიუხედავად მორიგების ესოდენ მაღალი მაჩვენებლისა, ძალიან დაბალია თავად მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეთა მაჩვენებელი.  ცნობიერების ამაღლების აქტიური კამპანიის პირობებში კი ამ საქმეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სიახლეთა შიში  ყველა საზოგადოების მახასიათებელი მდგომარეობაა. ამ თვალსაზრისით, ქართველი საზოგადოებაც არ არის გამონაკლისი. საქართველოს მოქალაქის ცნობიერებაში უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის ნებას ხშირად გარდასულ დღეთა მონატრება ჩაანაცვლებს და ის გულგრილია, თუ ეს „დიდებული წარსული“ მხოლოდ ისტორიის შელამაზებულ, გაყვითლებულ ფურცლებზე არსებობს. წარმოუდგენელი შესაძლებლობების ფანჯრები გახსნა 21-ე საუკუნემ ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების კომპლექსს დამორჩილებულნი, ძალაუფლების არარსებულ, შეუმჩნეველ ძაფებს ვეჭიდებით და „წარმოუდგენელ საქმეებს ვატრიალებთ“, რომ წინ აღვუდგეთ პროგრესს. ის სიახლეებიც კი გვაშინებს, რომლებიც დავიწყებული და დროში კარგად გამოცდილი ძველის თანამედროვე ვარიაცია და ახალი სიცოცხლეა. სწორედ ამ ტიპის სიახლეს წარმოადგენს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ყველაზე უფრო ეფექტური ინსტრუმენტი - მედიაცია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების უძველესი ნორმებისა და სამართლის სფეროში უახლესი მიღწევების კოლაბორაციას წარმოადგენს.

რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ უნდა იტვირთოს ლიდერობა ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, ეს უნდა გააკეთოს თავად სასამართლომ, ისევ საკუთარი ეფექტიანობის გასაზრდელად. სასამართლო უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და კარი გაუხსნას ადამიანების ინტერესებზე მორგებულ ახალ შესაძლებლობებს. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა