Rubric: Deoccupation

Journal Number 6




აფხაზეთის ომის საკითხი 30-ე წლისთავზე

Author : Giorgi Arziani 

სამსახურებრივი ურთიერთობების დროს საქართველოში ხშირად გიწევს ორი შეხვედრის ჩანიშვნა ერთსა და იმავე დროს, რადგან, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი მაინც გაგიუქმდება. არც უნდა იჩქარო შეხვედრაზე, რადგან შენი მოსაუბრე მაინც თვითონ დააგვიანებს. შეხვედრის დაგეგმვისას ხშირად გესმის, რომ ადამიანი გადარბენებზეა, ან დაკავებულია წლის ბოლომდე და გპირდება, რომ შეგეხმიანება, როცა მოიცლის. ხშირად ხდება, რომ ვერ იცლის.

რა თქმა უნდა, რეალური სამუშაო კულტურის ამდაგვარი აღწერა ზოგს შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოს, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში ხშირად ელემენტარული საქმის გაკეთება მოულოდნელ სირთულეებს უკავშირდება. ამიტომ არცაა პარადოქსული, რომ იმ ქვეყნის საჯარო სივრცეში, რომლის ეგზისტენციალური პრობლემა მისი ტერიტორიების ოკუპაციაა, ძნელად თუ მოიძებნება ადგილი, სადაც ამ თემაზე პროფესიონალურად და მეცნიერულად საუბრობენ. ხარისხიან დისკუსიას მონატრებულ საზოგადოებას კი ერთმანეთში ერევა პოპულისტური საჯარო პაექრობა და ეპიზოდური რეპლიკები მნიშვნელოვან საზოგადოებრივ დისკუსიაში.  

ოქტომბერში „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა სამი სტატია, რომლებშიც ავტორებმა გააანალიზეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და დომინანტი ნარატივები ომიდან 30-ე წლისთავზე. ავტორები სულ სამიოდე ტექსტით შემოიფარგლნენ და ეს გაცვლა-გამოცვლა, სამწუხაროდ და მოსალოდნელად, მალევე დასრულდა. არ ვისაუბრებ ამ სტატიების დადებით მხარეებზე, რომლებიც ბევრია. თუმცა შევეცდები, გავაგრძელო ეს დისკუსია და სადისკუსიო მაგიდასთან ახალი თემები შემოვიტანო, რომლებსაც მოკლე თეზისებად ჩამოვაყალიბებ:
მნიშვნელოვანი საკითხია - რომელიც ხშირად იკარგება, როცა ჩვენ ვცდილობთ კონფლიქტის მხარეების მორიგ ჯერზე იდენტიფიცირებას - პასუხისმგებლობის საკითხი ომის დანაშაულებსა და ეთნიკურ წმენდაზე. ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარ დანაშაულზე - რუსეთი, აფხაზური მხარე, თუ ორივე?

პასუხი ამ შეკითხვებზე ხომ საკვანძოა სამომავლო შერიგებისთვის.

მეორე პრობლემაა ის, რომ მხარეთა იდენტიფიცირების შესახებ დის­კუსიის პარალელურად მუდმივად ვხვდებით მცდელობებს, განისა­ზღვროს რუსეთის ხვედრითი წილი და მნიშვნელობა ამ კონფლიქტში. აქაც კამათი მეორდება მნიშვნელოვანი დამატებითი ღირებულების გარეშე. ჩემი აზრით, რუსეთის როლი საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ კონფლიქტებში უკვე იყო კონცეპტუალური, რაც გულისხმობს არასაკმარის, თუმ­ცა განუყოფელ ნაწილს იმ პირობისა, Inus condition, რომელიც არაა­უცილებელია, თუმცა საკმარისია დამდგარი შედეგისთვის - როგორც ჩვენს შემთხვევაში: ტერიტორიების ოკუპაციისა და რეალური ან/და აღქმული ეთნოკონფლიქტისთვის.

ამასთანავე, ზემოხსენებული კონცეპტუალიზაცია პრინციპულად მნიშ­ვნელო­ვანია სეპარატისტთა „ნების“ და ქმედებების ფორმალიზებული ანალიზისა და შეფასებისთვის. განვაზოგადოთ ორი ვარიანტი: აფხა­­ზური მხარე ან მოქმედებდა, როგორც რუსეთის შემსრულებელი, ან - დამო­უკიდებლად. გვერდზე რომც გადავდოთ რადიკალური ნაციონალური ნარატივები, პოლიტიკური მოთამაშეების მოქმედებები არსებული მაკროსტრუქტურული წინაპირობებით განისაზღვრება და ნაციონალური ნარატივები ამის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. ჩვენს შემთხვევაშიც დამდგარი შედეგისთვის სულ ერთია, მოქმედებდა აფხაზური მხარე დამოუკიდებლად  თუ  როგორც მართული ინსტრუმენტი, რადგან აფხა­ზური მხარის ქმედებების რადიკალიზაცია და ძალადობრივი ხასიათი კონფლიქტის ესკალაციის ეტაპზე განპირობებული იყო ან იმ მოლოდინით, რომ რუსეთი მათ დასახმარებლად ჩაერთვებოდა, ან იმით, რომ ამდაგვარი რადიკალიზაციის გზით ისინი თავად ზრდიდნენ რუსეთის ჩართულობის შანსებს. ანუ აფხაზური მხარის პოლიტიკური „ნების“ ამგვარი რადიკალური გამოვლინების მთავარი და განუყოფელი ფაქტორი რუსეთი იყო.

მესამე პრობლემაა, რომ საზოგადოებრივი დისკურსი კონფლიქტების თემის ირგვლივ თითქმის მთლიანად მიმართულია მხოლოდ წარსულზე. საზოგადოდ, ქართული საზოგადოება თანხმდება რუსეთის ფაქტორის მნიშვნელობაზე, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ დიდი სიახლეების გარეშე ვკამათობთ აღნიშნულზე და ეს კამათი იწვევს ჩვენში სამართლიან იმედგაცრუებას. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ შეთანხმებული მომავალზე. მიმზიდველი იდეალი, რომ დემოკრატიული საზოგადოება შეიძლება შეთანხმდეს წარსულზე, ჩვენს შემთხვევაში ზედმეტად ძვირად ღირებულია, ალტერნატიული დანახარჯების გათვალისწინებით. ჩვენი ენერგიის უდიდესი ნაწილი ხმარდება მხოლოდ და მხოლოდ წარსულის შესახებ კამათს, ხოლო ისედაც დეფიციტური ინტელექტუალური რესურსი იხარჯება არასაუკეთესო გზით.

 დეოკუპაციის თემაზე ჩვენ ძალიან ცოტას ვსაუბრობთ და უფრო ნაკლებს ვწერთ. ბოლოდროინდელი დისკუსიებიდან მინდა ორი სტატია გამოვყო, რომლებშიც ავტორებმა წამოჭრეს მომავლის საკითხი. პირველი - დავით საყვარელიძის სტატიაა. ამ სტატიის ავტორი ძირითად აქცენტს სვამს საკითხის გადაჭრის გეოპოლიტიკურ განზომილებაზე და სტატუსთან დაკავშირებული რიგი რეფერენდუმების ჩატარებაზე. Მეორე - მე მეკუთ­ვნის. სტატიაში ძირითად სცენარად განხილულია მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქციის სრული აღდგენა და დევნილების დაბრუნება. სტატიის მთავარი თემაა მომავალი საარჩევნო კანონმდებლობის პროექტის განხილვა, რომელიც უპასუხებს, თუ რა სისტემით შეიძლება უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესების სწორი წარმართვა აფხაზეთში დეოკუპაციის შემდგომ. ეს ის საკითხია, რომელიც თავისი მნიშვნელობის პირდაპირპროპორციულად უგულებელყოფილია.

ამ ეტაპზე, ასევე, არ შევჩერდები ამ სტატიების ძლიერი თუ სუსტი მხარეების ანალიზზე, რადგან განსახილველი თემების სია არ არის ამოწურული. მაგალითად, საკითხი, რომელიც არც წარსულის ისტორიული პრიზმიდან და არც მომავლის პერსპექტივიდან არ გაანალიზებულა - ქონებრივი უფლებების რესტიტუციაა. სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ქონება მიტაცებულ იქნა არა მხოლოდ დამტაცებლებისთვის ეკონომიკური სარგებლის შექმნის მიზნით, არამედ ომის ცხელი ფაზის შეწყვეტის შემდგომ აფხაზეთიდან დევნილებისთვის უკან დაბრუნების ყველა საშუალების მოსასპობად. შედე­გად, მივიღეთ კონფლიქტის ტრანსფორმაციის ფაქტობრივი შეუძლებლობა და მისი გაყინვა. ალტერნატიული სცენარის შემთხვევაში დევნილებს დააბრუნებდნენ საკუთარ სახლებში და კონფლიქტის ტრანსფორმაცია და, შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამონახვა ბევრად მარტივი იქნებოდა.

თუმცა ქონებრივი რესტიტუციის საკითხი საკვანძოა, როგორც ალტერნა­ტიული წარსულის, ისე მომავლის პერსპექტივიდანაც, რადგან კონფლიქტის მოგვარება პირდაპირ უკავშირდება უძრავი ქონების საკითხს. ძნელი სათქმელია, რა იქნება უფრო რთული - ამ საკითხის კონცეპტუალურ დონეზე გადაჭრა თუ შემდგომი შესაძლო განხორციელება. ვინ რას იბრუნებს? როგორ უნდა მოხდეს ქონების გაცვლა-გამოცვლა ქონების სამართლიან მესაკუთრესა და არსებულ მფლობელს შორის? რომელი პრიორიტეტული ჯგუფები უნდა გამოვყოთ? რა გავლენას მოახდენს ჩვენი გადაწყვეტილებები მომავალ შესაძლო უთანასწორობაზე? შერიგებაზე? როგორ სამუშაო ადგილებს შექმნის? რა თქმა უნდა, ამ საკითხებით ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ მსჯელობას. იმისდა მიუხედავად, რამდენად გვჯერა ახლო მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება უნდა განიხილებოდეს ერთადერთ საბაზისო სცენარად. სხვა შემთხვევაში საკამათოც არაფერია. 

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here