Rubric: Politics

Journal Number 6




დემოკრატიობანა მიტაცებულ სახელმწიფოში

Author : Nino Kalandadze 

გასული წელი მსუყე პოლიტიკური სიახლეებით დასრულდა. საზოგადოებამ კვლავ იხილა პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რაც მედიაში მის „მესამედ მოსვლად“ მოინათლა. ამას მოჰყვა კულუარული ინფორმაცია მოსალოდნელი სამთავრობო გადაადგილებების შესახებ, რაც მალევე დადასტურდა ორი ირაკლის როტაციით: ღარიბაშვილი პრემიერის სკა­მიდან პარტიის თავმჯდომარის სკამზე გადასვეს, ხოლო ოდესღაც გავრილოვის კრიზისის გამო ვითომ გვერდზე გაწეული კობახიძე პარტიის თავმჯდო­მარეობიდან პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადააბრძანეს.

„ოცნების“ მერვე ყრილობა, ტრადიციულად, გაჯერებული იყო ისტორი­ული რევიზი­ონიზმითა და გადმოქართულებული რუსული პროპაგან­დისტული გზავნილებით. ივანიშვილის მმართველობის მეთორმეტე წელს აწ უკვე გადამდგარი ღარიბაშვილი, ისევე, როგორც მისი შემცვლელი კობახიძე, მადლობას უხდიდა მათ მიერ მეცენატად წოდებულ ოლიგარქს და უხვად გვამარაგებდა წინამორბედი ხელისუფლების „ცოდვებით“ 20 წლის წინანდელი საქართველოდან. და ვინაიდან გამეორება პროპაგანდის დედაა, „ოცნების“ მამები თუ ოლიგარქის მარიონეტები ყრილობის შემდგომ განცხადებებშიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებდნენ, რომ ომი არა რუსეთის, არამედ თურმე წინა ხელისუფლების ბრალი ყოფილა. 

მიეცი საზოგადოებას გამოგონილი სანახაობა წინასაარჩევნოდ და მას რეალობის­გან თავშესაფარი მასალა არ გამოელევა მორიგ სპექტაკლამდე, ანუ შემდეგ არჩევნებამდე. პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოება მსწრაფლ დაკავდა შემოთავაზებული „სიახლეების“ ანალიზით. ზოგიერთმა ივარაუდა, რომ ბიძინას საარჩევნო ხმები გაუჭირდა, ზოგმაც ის, რომ ერთ ირაკლის მეორედ მოსვლამ აწყინა, „ორჯერ გამეორება“ დასჭირდა, უფროსი შემოუწყრა და სხვა ირაკლით ჩაანაცვლა; ზოგმა კი ბრძანა - ეგ თავის ბიჭს ასე არ გაწირავს, აგერ ნახავთ, პრეზიდენტად მოგვივლენს, ახლა, როცა ბი­ძინას პარლამენტს პრეზიდენტების დანიშვნაც შეუძლიაო.

მოდი, ერთად განვიხილოთ განვითარებული და სავარაუდო მოვლენები:

უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ვერ მობრუნდები, თუ არსად წას­უ­ლ­ხარ. ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს წასულა. ვერ ნა­ხავთ თავმოყვარე ადამიანს, რომელსაც შეიძლება მართლა სჯეროდეს, რომ „ოც­ნე­ბის“ რომელიმე არსებით პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ფინანსურ გადა­წყვეტილებას ივანიშვილის გარეშე იღებდნენ. კომიკური და აბსურდუ­ლია თავად ივანიშვილის მიერ დასახელებული მიზეზი, თითქოს  მისი „მესამედ მოსვლა“ გუნდზე ზედამხედველობას და „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვას“, ანუ სახელისუფლებო კორუფციას, უკავშირდება. სამთავრობო სტრუქტურებში თუ არსებობს კორუფცია - და ვიცით, რომ ის არსებობს არა მხოლოდ ელიტური, არამედ, ამასობაში, საკმაოდ ყოფითი სახით - არსებობს იმიტომ, რომ თავად ოლიგარქია მისივე შექმნილი კორუფციული პირამიდის სათავეში. კორუფცია არის ივანიშვილის მიერ ნებადართული და წახალისებული ინსტრუმენტი, ოლიგარქიულ-ავტორიტარული მართვის ფორმა, რომლითაც ის აკონტროლებს სამთავ­რობო და ხელისუფლებასთან აფილირებულ ბიზნესელიტებს.

არც წინასაარჩევნოდ ოლიგარქის საჯაროდ გამოჩენაა სიახლე. პირი­ქით, ეს მისი ჩვეული ხელწერაა. თითქმის ყველა არჩევნების წინ ის ირჩევს საჯარო მიმართვის ამა თუ იმ ფორმას და მოევლინება ხოლმე სა­ზო­გადოებას ხან ვრცელი ეპისტოლეთი, ხანაც - საარჩევნო ბანერებზე გამო­სახული. ხან მუქარით, ხან ხვეწნა-მუდარით (რომ კიდევ ერთხელ მისცენ შანსი), ხანაც - დადგმული ინტერვიუებით სამთავრობო ტელეეთერებში, სადაც მისი თითქოს უმისამართო ცნობიერების ნაკადი ზუსტად გვაუწყებს ხოლმე, როგორ და რა შედეგით აპირებს მორიგი „საარჩევნო გამარჯვების“ გაფორმებას.

და თუ ყურადღებით ვიქნებით, დავინახავთ, რომ ოლიგარქმა მიგვაჩვია, ვუსმინოთ მის გზავნილებს, რადგან სწორედ ამ გზავნილებს აღასრულებენ  მისი მოჯამაგირეები შემდგომ. გავიხსენოთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის პირველ ტურში მანამდე „დამოუკიდებელ კანდი­დატად“ მორთმეულმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიგარქისთვის მოულო­დნელი ფიასკო განიცადა. მაშინ ივანიშვილს ფრანგი ქალბატონის სას­წრა­ფო ელიმინაცია ურჩიეს ყველა შესაძლო საჯარო პლატფორმიდან. მეორე ტურის წინ ჩვენ ვიხილეთ ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე გამოჭიმული ოლიგარქი და „ოცნების“ ფორმალური ლიდერები, რომლებიც გვაუწყებდნენ, რომ ზურაბიშვილი მათი „პრინციპული არჩევანი“ იყო, რომ მისი გაპრეზიდენტება სწორედაც რომ ივანიშვილის არჩევას ნიშნავდა, ხოლო ზურაბიშვილი ოდენ პირობითი სახელი იყო საარჩევნო ბიულეტენზე. და ეს ყველაფერი - ხელოვნურად გამოწვეული პოლარიზების ფონზე (არ დაგვავიწყდეს, რომ „შუის გაკრეფა“, ანუ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია, 2012 წლიდან ივანიშვილის ღიად დეკლარირებული საარჩევნო ტაქტიკაა).

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიც გემახსოვრებათ, როცა ივანი­შვილმა, პრაქტიკულად, პირდაპირი ეთერით გასცა ინსტრუქცია, როცა თქვა, ვერც „ის ქალბატონი“ მოიგებს ზუგდიდშიო. იგულისხმებოდა ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, რულოვსს, რომელმაც მოიგო მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტური, ხელისუფლებამ ორკესტრირებულად დაურბია რამდენიმე საარჩევნო უბანი, რითაც შეჯიბრება ოპოზიციისთვის წინასწარ განწირულ მეორე ტურში გადაიყვანა.

დღეს მის, ვითომ, მესამედ მოსვლასაც კონკრეტული საფუძველი და მიზანი აქვს. შიდა მოხმარების ამოცანა ახლაც, ცხადია, საკუთარი ამომრჩე­ვლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მაქსიმალური კონსოლიდაცია და, ამასთან, ამომრჩევლის პოლარიზაციაა: როდესაც ხელისუფალი არაფერს აკეთებს და დაპირებებს არ ასრულებს, მაღალჩინოსნები დაუსჯელად კორუფციაში არიან ჩაბმულნი და ამ გზით ნაშოვნი დოლარებით საახალ­წლო ნაძვის ხეებს რთავენ; როცა ქვეყანაში ყვავის კრიმინალი, მოსა­მართლეებს კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს; როცა ქვეყანაში იზრდება მხოლოდ სიღარიბე, დოლარის კურსი და ოლი­გარქიული ქონების ინდექსი, ხოლო ეროვნული ბანკი ამერიკის მიერ სანქცირებული ფეესბეს მაღალჩინოსნისთვის კომფორტის შექმნითაა დაკავებული, მხოლოდ პოლარიზაციის პირობებშია შესაძლებელი, ხელოვ­ნურად შეთითხნილი მტრის ხატით  გახვიდე ფონს.

მორიგ ჯერზე იქმნება ამომრჩევლის დაქსაქსვისკენ მიმართული ვირ­ტუალური რეალობა, სადაც ერთ მხარეს „ქართული ოცნებაა“ თავისი „უნია­თობით“, „ხარვეზე­ბით“, „შეცდომებით“ თუ „გადაცდომებით“ - პოლიტი­კურად უწყინარი ეპითეტები, რომლებითაც მათ ოცნების ერთ დროს გულმხურვალე და ახლა იმედ­გაცრუებული გულშემატკივრები ტრადი­ციულად ამკობდნენ. ხოლო მეორე მხა­რეს - რუსული სპეცსამსა­ხურების მიერ ორი ათწლეულის განმავლობაში თანმიმ­დევრულად დისკრე­დიტებული და დემონიზებული პოლიტიკური ძალა. ძალაუფლების უმტკივნეულოდ შენარჩუნების რეცეპტიც მზადაა: თუ ოპოზიციას ერთ ქვაბში მოხარშავ, ივანიშვილის მაქსიმალურად კონსოლიდირებულ ამომრჩეველს მოიყვან საარჩევნო ურნასთან, ხოლო გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არჩევანს არ დაუტოვებ და დაბნეულს სახლში დატოვებ, საარჩევნო ხმებს კი მხოლოდ ორ-სამ მოთამაშეზე გადაანაწილებ, მარტივად უზრუნველყოფ „ოცნების“ უმრავლესობას „დემოკრატიულად“. დემოკრატიაში კი, თუ არ არსებობს ალტერნატივა, შესაძლოა უსასრულოდ შენარჩუნდეს სტატუს კვო.

ამით ბანალურ, მაგრამ ივანიშვილისა და მისი ჩრდილოელი მფარვე­ლების მთავარ მიზანთან - საქართველოზე კონტროლის შენარჩუნებასთან მივდივართ.  რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შექმნილი გეოპოლიტიკური სურათის გათვალისწინებით, როცა 2030 წლამდე ევროკავშირის აღმო­სავლეთ გაფართოების გეგმა უნდა შესრულდეს, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებში დასავლეთი ფორმალურადაც უნდა შემოვიდეს და ამ გზით რუსეთი რეგიონიდან განიდევნოს, ივანიშვილის პატრონების მოსკოვური გეგმა არა მხოლოდ თავისი მარიონეტული რეჟიმის შენარჩუნებაა თბი­ლისში, არამედ ივანიშვილის ძალაუფლების საარჩევნო ლეგიტიმაციაც, რათა მის მიერ მომავალში მიღებული საგარეო თუ საშინაო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ისტორიის გარდამტეხ მომენტში იყოს მაღალი „სახალხო“ ლეგიტიმაციით გამყარებული.

აკი მოგახსენებდით, ყურადღებით მოვუსმინოთ „ოცნების“ გზავნილებს და თავად გაგვიმხელენ გეგმებს და შესაძლოა საარჩევნო შედეგებსაც-მეთქი, შეგახსენებთ ღარიბაშვილის ჯერ კიდევ პრემიერის რანგში გავრცელებულ განცხადებას: „დღეს გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ყოველდღიურად... იცვლება საერთაშორისო წესრიგი, მსოფლიო წესრიგი... მომდევნო 10 წელი, შეიძლება ასე ითქვას, ძალიან რთული პერიოდი იქნება... ამიტომ, ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკაში“. შემდეგ კი დასძინა: „ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო გაამყარებს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც აქვს „პრეტენზია და მიზანი, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა“. ემპირიული ცოდნით აღჭურვილებს, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ მოსკოვისა და მისი მარიონეტისთვის ძალაუფლების კონსოლიდაცია და საარჩევნო შედეგის მაღალი ლეგიტიმაციით განმტკიცება მომდევნო არჩევნებზე და­მა­ტებით ამოცანას წარმოადგენს. ამით ისინი, პრაქტიკულად, წინასწარ დაწერილ სცენარს გვთავაზობენ, რომელშიც ივანიშვილის გამოჩენა და მისი აქტიური ჩართვა გუნდის საქმიანობაში უნდა შეფასდეს, როგორც არჩევნებში „ოცნების“ „დიდი გამარჯვების“ განმსაზღვრელი წინაპირობა და ოლიგარქის კაბინეტში წინასწარ განსაზღვრული საარჩევნო შედეგი უნდა გამართლდეს.

საგარეო მოხმარების ამოცანა მისი ჩრდილოელი პატრონებისა და დასავ­ლეთში, საქართველოს მეგობრებში, რწმენის განმტკიცებაა, რომ არ არსებობს არავითარი „ოცნება“, ღარიბაშვილი თუ კობახიძე, რომ არსე­ბობს მხოლოდ ივანიშვილი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება და რომ მოსკოვი მშვიდად უნდა იყოს.

სახელმწიფოში, სადაც პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, ძალო­ვანი უწყე­ბები, ცენტრალური საარჩევნო კომისია, აუდიტის სამსახური, მსხვილი ბიზნესები, პარტი­ების, პოლიტიკოსებისა და მედიის დიდი ნაწილი არა კონსტიტუციით, არამედ ოლიგარ­ქიული ვერტიკალის ძალით იმართება, დემოკრატიულ არჩევნებზე საუბარი ძნელიცაა და გულუბრ­­ყვილოც. განა არჩევნებს ალტერნატივა აქვს? არ აქვს. ამიტომ, საზო­გადოებას მოუწევს ამ უთანასწორო ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. თან იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი უძლეველი არაა. როგორც არ ყოფილა აქამდე არცერთი ავტორიტარი მმართველი თუ დიქტატორი.

იმისთვის, რომ რუსული სპეცსამსახურებისა და მათი ოლიგარქების მიერ წინასწარ გაწერილი სცენარი მორიგ ჯერზე რეალობად ვერ იქცეს, ამომრჩეველს, პოლიტიკურ მოთამაშეებსა და საქართველოში დემოკრა­ტიული ცვლილების მსურველებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე, როცა მიტაცებულ სახელმწიფოში „არჩევნებს“ ვატარებთ. სწორი დიაგნოზი და კონტექსტის ზუსტი აღქმა გაწმენდს იმ სათვალეს, რომელიც აგერ უკვე თორმეტი წელია ილუზიებში გვაცხოვრებს, რომ შემდეგი არჩევნები, ამჯერად, განსხვავებული იქნება. 

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here