Rubric: Art history

Journal Number 7




ანდროფაგები

Author : Mikheil Antadze 

იქ, სადაც ახლა მოსკოვია, ანტიკურ ხანაში კაციჭამიები ბინადრობდნენ. ამის შესახებ „ისტორიის მამად“ წოდებული ჰეროდოტე გვიამბობს ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში დაწერილ ენციკლოპედიურ ნაშრომში, რომელშიც თავმოყრილია მაშინდელი ცივილიზაციის ხელთ არსებული მთელი ცოდნა კაცობრიობის წარსულის, მითოლოგიის, მეცნიერული ნააზრევისა თუ გეოგრაფიის შესახებ და რომელიც „ისტორიების“ სახელითაა ცნობილი. იგი წერს, რომ სკვითების ქვეყნის გადაღმა - ჰეროდოტეს რუკების მიხედვით კი სკვითების ქვეყანა თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობდა - დაახლოებით დღევანდელი ჩერნიგოვიდან ჩრდილო აღმოსავლეთის მიმართულებით მდებარე უღრან ტყეებსა და ჭაობებში ცხოვრობდნენ ბარბაროსთა ტომები, რომლებსაც ჰეროდოტე ანდროფაგებს უწოდებს (Ανδροφαγος ძველ ბერძნულად კანიბალს ნიშნავს). მათი განსახლების ტერიტორია ჰეროდოტეს თავის რუკებზე აქვს დატანილი. ესაა ტერიტორია დაახლოებით თანამედროვე სმოლენსკიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოსკოვის გავლით კოსტრომამდე. ეს ბარბაროსები უღრან ტყეებსა და ტევრებში მკვიდრობდნენ და იმ დროს, როდესაც სამხრეთით მცხოვრები სკვითები უკვე მიწათმოქმედებას მისდევდნენ, შინაური ცხოველები ჰყავდათ, სახლებში ცხოვრობდნენ და სასოფლო თემებში მკვიდრად დაფუძნებულიყვნენ, ანდროფაგები ჯერაც შემგროვებლობითა და ნადირობით ირჩენდნენ თავს. ისინი იმ იშვიათ ჯილაგს ეკუთვნოდნენ, რომლებიც არა მხოლოდ ცხოველებზე, არამედ ადამიანებზეც ნადირობდნენ. ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ ანდროფაგები განსაკუთრებულად ველურ ჩვეულებებს მისდევდნენ. ეს ის ეპოქაა, როდესაც საბერძნეთში, სპარსეთში, ეგვიპტესა და ფინიკიაში ცივილიზაცია ყვავის. შექმნილია ალფაბეტური დამწერლობა, ლიტერატურული ნაწარმოებები, განვითარებულია ზღვაოსნობა და ვაჭრობა, აფრიკის ჩრდილოეთი და სამხრეთ ევროპა ბერძნებისა და ფინიკიელების პოლისებითაა დახუნძლული, ვითარდება ფილოსოფიური აზროვნება, ჩნდება სახმელეთი გზები, რომლებიც ყველა მიმართულებით მიიწევენ, მათ შორის ბარბაროსებით დასახლებულ სკვითებისა და მათ აღმოსავლეთით მცხოვრები სარმატების ტერიტორიებზე. ცივილიზაციების არსებობა (მესოპოტამია, ეგვიპტე, ჩინეთი, ინდოეთი) უკვე სამ ათეულ საუკუნეს ითვლის. სავაჭრო გზები ბარბაროსებისკენაც მიიწევდნენ, მაგრამ, ჰეროდოტეს თქმით, ყველა - ცივილიზებულიცა და ბარბაროსიც - ერიდებოდა იმ ტყიან მხარეში მოხვედრას, სადაც ანდროფაგები დაძრწოდნენ. მეზობელი ეთნოსები კარგად იცნობდნენ მათ სისხლისმოყვარე ბუნებას და ამიტომ მათ სიახლოვეს ერიდებოდნენ. ჰეროდოტე ხაზს უსვამს, რომ ანდროფაგების ხელში მოხვედრილ ნებისმიერ უცხოს ისინი, თავიანთი წეს-ჩვეულების თანახმად, ცოცხლად წვავდნენ, თუ უცხოელი არ ჰყავდათ, მათ შეეძლოთ, თავისიანებისგან თავისიანივე ეყიდათ და ამ უბედურებსაც იგივე ბედი ელოდათ. მათ დიდხანს ტანჯავდნენ, ანთებული ჩირაღდნებით ნელ-ნელა ბრაწავდნენ, ბოლოს კი მკვდრებს მადიანად ნთქავდნენ. მსხვერპლთა თავის ქალებს თმიანად იმაგრებდნენ მკერდზე და ამაყად ატარებდნენ, როგორც მედლებსა თუ ორდენებს. ცხადია, ამას მათი საკულტო წესები და პირველყოფილი მითოლოგია განაპირობებდა. თუმცა რუსეთის იმპერიასა თუ საბჭოთა კავშირში ჩინ-მენდლებითა და ეპოლეტებით გატაცება გვფიქრებინებს, რომ უძველესი მითოლოგიური არქეტიპები დღემდე მუშაობს. ჰეროდოტეს თქმით, მოკლულთა თავის ქალებს ასევე სასმისებად იყენებდნენ.

ბერძენთა მიერ ანდროფაგებად წოდებული მოსკოვისა და მისი ახლომდებარე მიწების მკვიდრი კანიბალები ყველაზე დიდხანს შერჩნენ ქვის ხანას, კაჟის ბუნიკიანი ისრებით ნადირობდნენ და იბრძოდნენ, მაშინ, როდესაც ანტიკურ სამყაროში ბრინჯაოსა და სპილენძის პერიოდები დავიწყებას ეძლეოდა, ხოლო ქართველების წინაპარი ხალიბების ნოუჰაუს - რკინასა და ფოლადს - უკვე მთელი ცივილიზებული სამყარო იყენებდა. ანდროფაგების ცხოვრების წესში დიდი ცვლილებები არც რომის იმპერიის ზეობის ხანაში მომხდარა. ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში მოღვაწე პლინიუს უფროსი თავის „ბუნების ისტორიაში“ ამბობს, რომ ადამიანთა შორის ყველაზე ველური წეს-ჩვეულებები სწორედ ანდროფაგებს აქვთო, მათ არ გააჩნიათ არანაირი კანონი და სამართალი, ისინი ტყეებში დაეხეტებიან, თუმცა ისევე აცვიათ, როგორც სკვითებს და საერთოდაც, ცდილობენ მათ მიჰბაძონო, მაგრამ ბუნებით უკლებლივ ყველა დაუნდობელი მძარცველი და მკვლელია, ამ მხრივ, სკვითებზე გაცილებით უარესნი არიანო.

 თანამედროვე დასავლურ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული შეხედულებით, ანდროფაგების მიგრაცია პრეისტორიულ ხანაში ჩრდილოეთიდან მოხდა, მაგრამ სკვითთა განსახლების ჩრდილოეთ საზღვართან შეჩერდა და ე.წ. „პოლესიე“, ანუ ახლანდელი მოსკოვეთის ტერიტორია, მოიცვა.

ანდროფაგებს რაიმე პროგრესული განვითარება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ განუცდიათ, თუ არ ჩავთვლით სკვითური სამოსის მიბაძვასა და იმას, რომ როგორც პლინიუს უფროსი ამბობს, სკვითებმა მათ ხელის დაბანა და უკანალის გამოწმენდა ასწავლეს. ამასობაში დასავლურ სამყაროში - მათ შორის ქართულ სამეფოებში, ქართლსა და ეგრისში - ქრისტიანობა გავრცელდა, რომელიც რამდენიმე საუკუნის შემდეგ რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის დაშლის შემდეგ თანამედროვე ევროპული ეთნოსების ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი დაიწყო. აღმოსავლეთში რომმა იმპერია კიდევ ათასი წლით შეინარჩუნა. მანამდე არაბეთის ნახევარკუნძულზე ახალი რელიგია, ისლამი, დაიბადა და სწრაფად გავრცელდა აზიასა თუ ჩრდილო აფრიკაში. მაღალი კულტურისა და ცივილიზაციების ქვეყნების დაპყრობამ (სირია, ეგვიპტე, ანტიოქია...) არაბული ხალიფატი მოწინავე კულტურის ქვეყნად აქცია და ევროპაში, მათ შორის საქართველოში, ანტიკური კულტურის აღორძინების პროცესებს შეუწყო ხელი, თუმცა არაბებმა ისლამს შუა აზიის მომთაბარე ხალხებიც აზიარეს, რასაც თურქული ექსპანსიის ხანგრძლივი ნაკადი მოჰყვა. სელჯუკებმა არაბეთის ხელიფატის დიდი ნაწილი დაიპყრეს და აღმოსავლეთ რომის იმპერიაც შეავიწროვეს. ამასობაში კი მოსკოვის პოლესიეში მცხოვრები ანდროფაგები კვლავაც ქვის ხანაში რჩებოდნენ. შუა საუკუნეების ბევრ რუკას თან ახლავს ნახატები, რომლებზეც გამოსახული ანდროფაგები ადამიანის ხორცს შეექცევიან. თუმცა ცხადია, ბიზანტიის მიმდებარე ჩრდილოურ ტერიტორიებზეც ხდებოდა იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი დიდი ცვლილებები, სკვითების სამფლობელოებისკენ სამხრეთ-დასავლეთიდან დიდი მიგრაციის შედეგად გაჩნდნენ სლავური წარმოშობის ხალხები, რომელთაც ჩრდილოეთიდან მოსული ვიკინგები (ვარიაგები, ქართულად - ვარანგები) შეერივნენ. მათგან ყველაზე ახლო ბიზანტიასთან ბულგარეთი იყო, საიდანაც ჩრდილოეთით ჯერ ქრისტიანობა გავრცელდა, მასთან ერთად კი - დამწერლობა. აღმოსავლეთ სლავებმა შექმნეს ცენტრალიზებული სახელმწიფო - კიევის რუსი, რომლის მთავარი ქალაქები იყო კიევი და ნოვგოროდი. ამავე დროს, სლავურმა ტომებმა - ელმინებმა, ვიატიჩებმა, კივიჩებმა პოლესიის სამხრეთ ტერიტორიებზე შეაღწიეს და იქ დამკვიდრდნენ, ხოლო მოგვიანებით ეს ტერიტორიები გაქრისტიანებული კიევის სახელმწიფოს შეუერთდა, მაგრამ იმ დროშიც მოსკოვიეს პოლესიეში ჯერაც კაციჭამია ანდროფაგები ბინადრობდნენ. თურქებმა, რომელთა ექსპანსია არა მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, არამედ კასპიის ზღვის ჩრდილოეთითაც გავრცელდა, ამ ხალხს კასაბები (ანუ ყასაბები) უწოდეს, რომელთაც ერიდებოდნენ მათი კანიბალიზმის გამო. სლავების მიერ ათვისებულ ტერიტორიაზე აბორიგენი ანდროფაგების ასიმილაცია ხდებოდა, მათ ისწავლეს მიწათქმოქმედება და მეცხოველეობა. წარმოიქმნენ ფინო-უგორული ეთნოსები - ჩუტები, მოკსები, მორეელები, მარიელები, მურომელები. ამ დასახელებათა უმრავლესობა თურქული წარმოშობისაა და მომდინარეობს სიტყვიდან „მორდვა“, რაც ისევ და ისევ ადამიანის ხორცის მჭამელებს, კანიბალებს ნიშნავს. ეთნოსი, სახელად მორდოველები, ახლაც სახლობს რუსეთის ფედერაციაში (სხვათა შორის, რუსეთის პატრიარქი კირილე სწორედ მორდოველია). ძალიან კი ცდილობდნენ ანდროფაგები, ცივილიზებულ ხალხებს დამსგავსებოდნენ, მაგრამ, ისევ თურქულ წყაროებს თუ დავეყრდნობით, შურიანობისა და უგუნურების გამო სლავებს და მათ სახელმწიფოებს ვერ იტანდნენ, ხშირად ესხმოდნენ თავს, ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ. იძულებითი გაქრისტიანების მიუხედავად, ისინი მაინც გარბოდნენ ჭაობებსა და უღრან ტყეებში, იქ თავის კერპებს ეთაყვანებოდნენ და გარდაცვლილთა კულტის რიტუალებს ასრულებდნენ.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მონღოლ-თათართა ჩინგისხანისეულმა შემოსევამ ამ ველურ ხალხებში გარკვეული სახელმწიფოებრივი წესრიგი და დისციპლინა დაამყარა. თუმცა თვითონ მონღოლები და თათრები, რომლებსაც თავის ეპოქისთვის ერთ-ერთი მოწინავე, ტოლერანტული და კულტურისკენ  მსწრაფველი იმპერია ჰქონდათ, ამ ხალხებს მეტად დაბალ შეფასებას აძლევდნენ, ნებისმიერ ადგილობრივ მთავარსა თუ ბოიარს ტიტულატურაში ყაენის ლეკვი, მისი ფეხის მტვრის მლოკველი და მსგავსი დამამცირებელი ეპთეტები ეწერა. ჩინგის ხანის უზარმაზარი, მსოფლიოში ყველა დროის უდიდესი კონტინენტური იმპერია მალე დაიშალა. მაგალითისთვის, საქართველოდან ისინი 70-80 წლის მერე წავიდნენ, ვენის ალყა სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა, თუმცა მანამდე მთლიანად დაიპყრეს აღმოსავლეთ ევროპა, კიევის სამეფოც, პოლონეთიც, უნგრეთიც. მაგრამ მონღოლ-თათართა ძლევამოსილი სახელმწიფო, „ოქროს ურდო“, ვოლგისპირეთისა და ანდროფაგების ყოფილ ტერიტორიებზე კიდევ 200 წლით შენარჩუნდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის ძლიერი ასიმილაცია გამოიწვია. კანიბალიზმს ახლა უკვე ჩინგისხანისეული მსოფლიოს დაპყრობის იდეაც დაემატა. XV საუკუნეში, როდესაც ბიზანტიის იმპერია ოსმალებმა გაანადგურეს, ადგილობრივი მთავრები ჯერ კიდევ მონღოლ-თათართა ვასალებად ითვლებოდნენ. მონღოლ-თათრებმა დააარსეს ულუსი მოსკოვი, რომელიც სხვა ულუსებს შორის იმით გამოირჩა, რომ მისმა ადგილობრივმა ელიტამ პირველმა შესთავაზა ყაენს, ადგილობრივებისგან ხარკის ასაკრეფად თქვენს ჯარს ნუ შეაწუხებთ, ჩვენ თვითონ ავკრეფთო. საკუთარი ხალხის სულის ამორთმევის ფასად მოსკოველმა მთავრებმა სუვერენული უფლებები გარკვეულწილად გაიფართოვეს, თუმცა მაინც ყაენთა ყურმოჭრილ მონებად ითვლებოდნენ. სწორედ ოქროს ურდოს მაშინდელი მმართველის, საიდ აჰმედ ხანის, ვასალი იყო მოსკოვის დიდი მთავარი, ყაენის ლანჩის ენით მლოკველი (ეს მის ოფიციალურ ტიტულატურაში შედიოდა) ივან ვასილიევიჩ III, რომელშიც ახალი ძალით იფეთქა სლავებისადმი ძველმა სიძულვილმა. მონღოლ-თათართა ჯარის დახმარებით მან გადაწვა ქალაქი ნოვგოროდი (კიევის რუსი, მონღოლთა შემოსევების შემდეგ დაიშალა, ხოლო ნოვგოროდი, როგორც რესპუბლიკური მართვის მქონე ქალაქ-სახელმწიფო, დიდხანს ასრულებდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას). სწორედ ივანე III-ის დროს ჩაისახა მოსკოვის სამთავროში ორი შიზოფრენიული იდეა - პირველი, რომ მოსკოვს საქრისტიანოში კონსტანტინეპოლი უნდა შეეცვალა და „მესამე რომად“ წოდებულიყო და მეორე, რომ მომხდარიყო ე.წ. „რუსული მიწების“ შემოკრება მოსკოვის ირგვლივ.

დაიწყო პერმანენტული ომი და დაპირისპირება ევროპის ქვეყნებთან. ჩაიწერეს რა სამთავრო ტიტულატურაში ძველი კიევის კუთვნილი სახელწოდება და „სრულიად რუსეთის მთავრები“ დაირქვეს, მოსკოვის მეფეებმა ამ იდეის განხორციელება ისევ ნოვგოროდით დაიწყეს. XVI საუკუნეში, მაშინ, როდესაც ევროპელებმა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა გახსნეს და საეკლესიო რეფორმაციით ახალ დროებას ჩაუყარეს საფუძველი, მოსკოვის მეფემ, ზემოხსენებული ივან III-ის შვილიშვილმა, აგრეთვე ივან ვასილიევიჩ IV-მ, მრისხანედ წოდებულმა, კიდევ ერთხელ დაანგრია, გადაწვა, გაანადგურა ნოვგოროდი და ამით დაასრულა ამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამჯერად ივანე მრისხანეს მონღოლთა ჯარის დახმარება აღარ დასჭირვებია, მან თვითონ შექმნა ე.წ.“ოპრიჩნიკთა“ არმია და სასტიკი დაუნდობლობით დაიწყო მეზობელი ეთნოსების დაპყრობა და მათი დამოუკიდებლობის განადგურება. ისტორიის მკვლევარი და ჟურნალისტი, საქართველოს დიდი მეგობარი, ოლეგ პანფილოვი, თავის წიგნში „ანტისაბჭოთა ისტორიები“ ავითარებს მოსაზრებას, რომ ივანე მრისხანეს მიერ დაწყებული „ოპრიჩნინა“ არასდროს დამთავრებულა და რომ თანამედროვე რუსეთი ჩვეულებრივი, ტიპური წარმოშობის, ეთნიკური და ფეოდალური სუვერენიტეტის ისტორიულ საფუძველზე შექმნილი ქვეყანა კი არა, არამედ გრანდიოზული დაპყრობითი პროექტია, რომელსაც საფუძვლად ჩინგისხანისეული „მსოფლიო ბატონობის იდეა“ უდევს. მართლაც, ურალს აქეთ მიწების დაპყრობის შემდეგ ურალსიქეთის ჯერიც დადგა, 200-წლიან სისხლისმღვრელ ომებში უამრავი ციმბირის მკვიდრი ეთნოსი განადგურდა, მოსკოვიას ხელი ციმბირს იქით, კამჩატკაზე, ჩუკოტკასა და შორეულ აღმოსავლეთზეც მიუწვდა. მერე თურქესტანის (შუა აზიის) ჯერი დადგა. ევროპულ მხარესაც არანაკლები „მიწების შემოკრება“ გაჩაღდა. კავკასიის ქვეყნები, კარპატები, ბესარაბია, პოლონეთი, ფინეთი და სხვა კიდევ მრავალი ჩინგიზ ხანის განახლებულმა იმპერიამ შთანთქა.

მშთანთქმელი რუსეთად, ანუ Россия-ად, ჯერ ერთხელაც არ მოგვიხსენიებია. იმიტომ, რომ ქვეყნისათვის ეს სახელი მხოლოდ XVIII საუკუნეშია მოგონილი. მანამდე კი, თვით XVI- XVII საუკუნეების ევროპულ რუკებზე, იმ რუკებზე, რომლებსაც, მაგალითად, მეფე ლუდოვიკო XIV ათვალიერებდა, ამ ქვეყანას „ტარტარია“ ერქვა, ანუ თათრების ქვეყანა, რაც, ამავ დროს, ძველი ბერძნული ტარტაროზის (ანუ ჯოჯოხეთის) ასოციაციასაც იწვევდა. თვითონ ადგილობრივები თავის სახელმწიფოს მოსკოვიას ეძახდნენ. აქვე ბარემ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ XVIII საუკუნემდე ტყეებსა და ჭაობებში უხვად შეხვდებოდით ქათმის ფეხების მსგავს წვრილ ჯირკებზე შეყენებულ ქოხებს, სადაც ღუმლებში გარდაცვლილთა კრემაცია ხდებოდა. მკვლევართა აზრით, ამ წარმართულ გადმონაშთებში შესაძლოა ჯერაც შენარჩუნებული ყოფილიყო ადამიანის ხორცის ჭამის უძველესი ჩვეულება. აქედანვე წარმოდგება ზღაპრული პერსონაჟი ბაბა იაგა, ან უფრო ზუსტი გამოთქმით, ბაბაიაღა („ბაბაი“ და „აღა“ თურქული წარმოშობის სიტყვებია და სავარაუდოდ მამა ბატონის აღმნიშვნელია). საერთოდაც, მონღოლ-თათართა უდიდეს გავლენაზე ისიც მიუთითებს, რომ სიტყვა батья  — მამა, მამიკო - უშუალოდ ბათო ყაენის სახელიდან მომდინარეობს.  

ბაბა იაგას პარპაშის შეჩერება ევროპამოვლილმა მოსკოვიის მეფემ პიოტრ პირველმა სცადა. იგი რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი იყო. მისი დიდი ბაბუა - მიხაილ ფიოდოროვიჩი მოსკოვიაში მრავალი ათეული წლის განმავლობაში ხელისუფლებისათვის ბრძოლით გამოწვეული „დიდი არეულობის“ შემდგომ თვითმარქვია მეფის, ცრუ დმიტრი II-ის დამხობის შედეგად ავიდა ტახტზე. რომანოვებმა იმით დაიწყეს, რომ დმიტრი მეორესთან ერთად მისი მეუღლე, პოლონელი პრინცესა მარია მნიშეკი, და მათი 3 წლის ვაჟი საჯაროდ ჩამოახრჩვეს კრემლის წინ. 3 წლის ბიჭუნას ასეთი უპრეცედენტო დასჯის გამოძახილად, 3 საუკუნის შემდეგ უკანასკნელი რომანოვი - მეფე ნიკოლოზ მეორე და მისი მცირეწლოვანი შვილები კომუნისტებმა დახვრიტეს.

ახლა ისევ პიოტრ I-ს, ჩვენში პეტრე დიდად წოდებულს, მივუბრუნდეთ. სწორედ მან დაარქვა XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში თავის ქვეყანას ოფიციალურად Россия. აქ ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ქვეყნის უძველეს დასახელებაში (Киевская Русь) და შემდეგდროინდელ ტერმინოლოგიაში ეს სიტყვა მუდამ ასო „უ“-თი წარმოითქმოდა და საკითხავია, საიდან გაჩნდა აქ „ო“. ცხადია, ბერძნულიდან, რადგან ბერძნულ ანბანში ასო „უ“ არ არსებობს და ბიზანტიურ დოკუმენტებში ეს სიტყვა ასო „ო“ გამოყენებით იწერებოდა (ახლაც ასე იწერება — Ρωσία). პეტრემ, რომელიც ველური ქვეყნის ევროპეიზაციას ცდილობდა, ერთი მხრივ, მიითვისა კიევის ძველი სამეფოს სახელწოდება და თან უცხოურ მანერაზე მოაცქია, რითაც თავისი ქვეყნის ვითომდა ბიზანტიურ კავშირებს გაუსვა ხაზი. ეს, რაღა თქმა უნდა, ტყუილი იყო, ევროპის თვალში პრესტიჟის ასამაღლებლად. ამავე მიზნით, მან ევროპასთან ახლოს, მოწვეულ ევროპელთა ხელით, ააშენა სრულიად დასავლური ქალაქი, დასავლურსავე ყაიდაზე პეტერბურგი დაარქვა და დედაქალაქი მოსკოვიდან აქ გადმოიტანა. ამავე მიზნის შესაბამისად, პეტრემ საფუძველი ჩაუყარა „რუსეთის“ ისტორიის გადაწერასა და მითოლოგიზება-გაფეიკებას. მან არისტოკრატიას (ბოიარებს) წვერი იძულებით გააპარსვინა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვა მოსთხოვა, თუმცა უბრალო ხალხის ყოფაში ამით არაფერი შეცვლილა (ბატონ-ყმობა რუსეთში მხო­ლოდ 1861 წელს გაუქმდა). პეტრემ ეკლესიასაც „მიხედა“, მოსკოვის საპატრიარქო გააუქმა და რელიგიის მართვა კოლეგიას დაავალა, რომელსაც ობერ-პროკურორი განაგებდა. XVIII საუკუნეში ქვეყნის იძულებით ევროპეიზაციასთან ერთად მიმდინარეობდა ენის დიდი რეფორმა, რადგან მოსკოვიის მკვიდრთა ენა ფინო-უგრული, თათრული, თურქული, მონღოლური და ქრისტიანობასთან ერთად მოსული ძველი სლავურის ნა­ზავს წამოადგენდა. იმიტომაა თუნდაც XVII საუკუნის იქაური ტექსტები დღევანდელი რუსი მკითხველისთვის სრულიად გაუგებარი. რეფორმა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისისთვის დასრულდა და რუსული ენა თანამედროვე პარამეტრებში მოექცა. აღიარებული მოსაზრების თანახმად, თანამედროვე რუსული ენის შექმნას ძირითადად ერთ კონკრეტულ პიროვნებას - ალექსანდრ პუშკინს უკავშირებენ. იმპერიის ევროპეიზაციამ XIX საუკუნეში კულტურის დიდი აღმავლობა გამოიწვია, თუმცა ამ ყოველივემ, რეალურად, საუკუნეზე ოდნავ მეტ ხანს გასტანა. ბოლშევიკებმა, რომლებმაც სისხლიანი გადატრიალებიდან მალევე დედაქალაქი პეტერბურგიდან კვლავ მოსკოვში გადაიტანეს, კულტურის სწრაფი დეგრადაცია გამოიწვიეს, ხოლო თანამედროვე რუსეთმა რუსული კულტურა ისევ ყოველივე დასავლურის საპირიპისოდ წარმოაჩინა. საბოლოოდ, პეტრე დიდის მიერ განხორციელებული ევროპეიზაციის პროექტმა კრახი განიცადა (თუ ევროპიდან იმპორტირებულ და უპრეცედენტო სისასტიკით დანერგილ კომუნიზმის იდეას არ ჩავთვლით). ამ სახელმწიფოს მთავარ არსად და საქმედ ისევ და ისევ „რუსული მიწების“ „შემოკრება“ და დაპყრობითი ომების წარმოება დარჩა.

ამჯერად „როსსია“ უკრაინის „დაბრუნებას“ ცდილობს. ყოველივე ზემო­თქმულიდან კარგად ჩანს, თუ რაოდენ უსაფუძვლოა მოსკოვიტების სლავური წარმოშობის იდეა და სლავურ სახელმწიფოთა გამაერთიანებლობაზე პრეტენზია. თუმცა ესეც მხოლოდ კანიბალური ტაქტიკის ერთი რგოლია. თანამედროვე რუსეთის ისტორიის ცრუ, პროპაგანდისტულმა ვერსიამ უკვე ღრმად გაიდგა ფესვი რუსეთის მოქალაქეთა ცნობიერებაში. შემზარავ შთაბეჭდილებას ტოვებს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მოსკოველი თინეიჯერის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ევროპა, არა მხოლოდ მსოფლიო, არამედ მთელი მზის სისტემა უნდა დაიპყროს. გაოცებული ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეგ როგორ, რუსეთის არმია, მაგალითად, პარიზში შევა და თქვენ იქაურ შადრევნებში იბანავებთო, თინეიჯერი გულწრფელად პასუხობს, ყველა ფრანგი და საერთოდ ყველა ადამიანი რუსი იქნება, მზის სისტემას დავიპყრობთ და ყველაფერი კარგად იქნებაო.

ეს შემზარავი პროპაგანდისტული საწამლავი კრემლში მზადდება. კრემლში, სადაც ჯერჯერობით კვლავაც ზის მთავარი ანდროფაგი.

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here