Rubric: Sport

Journal Number 5




21 მარტამდე დარჩენილია...

Author : Zurab Medzvelia 

არის ერთი ჰოლანდიური დოკუმენტური ფილმი 1978 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე. ფეხბურთზე არაა. იმაზეა, რომ ჰოლანდიელების ჩასვლა არგენტინაში ლამის ბოლო მომენტამდე საეჭვო იყო, რადგან ნიდერლანდების სამეფოში თვლიდნენ, რომ არგენტინაში უკანონო ხელისუფლება და დიქტატორული, სისხლიანი რეჟიმი იყო. ბოლო-ბოლო მაინც წავიდნენ ნეესკენსი, კროლი, ჰაანი, რეპი, რენსენბრინკი და ძმანი მისნი ჩემპიონატზე, ფინალში გააღწიეს და იქ წააგეს არგენტინასთან. პროტესტიც მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ ფინალისშემდგომ ოფიციალურ ბანკეტზე არ მივიდნენ, რადგან იქ არგენტინის პრეზიდენტი, ორი წლის წინ სამხედრო გადატრიალების გზით მოსული გენერალი ხორხე რაფაელ ვიდელა იქნებოდა. ვინ იყო, რა იყო, რა კარგი გააკეთა, რა მიჰქარა და დააშავა ამ ვიდელამ, ამაზე აქ არ გვინდა. მხოლოდ ერთს ვიტყვი - მისივე მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ვიდელას დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა 8960 ადამიანი (ოპოზიცია 30 ათასს ამბობდა)...

ამა წლის 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდში ესპანეთთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ მატჩში 1:3 დამარცხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სატურნირო ინტრიგის არმქონე ამ შეხვედრის მთავარი ამბავი 75-ე წუთზე მოხდა, როცა მსაჯმა ხვიჩა კვარაცხელიას ყვითელი ბარათი უჩვენა. ეს ქართველი ვარსკვლავის მე-3 გაფრთხილება იყო ამ შესარჩევ ტურნირზე. MISSES NEXT MATCH - ეგრევე დაიწერა ეკრანის მარცხენა ზედა კუთხეში... და აღმოხდა ქართველ გულშემატკივარს - რომელია ეს ოხერი ნექსტ მატჩი?! ნუთუ 21 მარტის?! ის ხომ სხვა ტურნირისაა?! (არასპორტულ ჟურნალში წვრილად გავარჩიოთ ევროპის ჩემპიონატისა და ერთა ლიგის რეგლამენტები და სადისციპლინო კოდექსები, მართებული არ იქნება, ამიტომ მოკლედ გეტყვით - საქართველოს ნაკრებს ევროპის ყველაზე დიდ სპორტულ ღონისძიებაზე, გერმანიაში გასამართ ევრო 2024-ზე, მოხვედრა სხვა გზით შეუძლია - ამისთვის 2 მატჩის მოგებაა საჭირო, აქედან პირველი სწორედაც რომ იმ 21 მარტის ჯახია თბილისში ლუქსემბურგთან).

რეპორტაჟის ქართველმა კომენტატორმა, გიგა გვენცაძემ, რამდენიმე წუთში დაამშვიდა ქომაგი - შეცდომით იყო ეს ტიტრი, კვარა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მატჩს არ გამოტოვებსო. ფედერაციის რომელიღაც მაღალჩინოსანს დაჰკავშირებია და იმას დაუიმედებია, ყველაფერი რიგზეაო. აღმოჩნდა, რომ არაა რიგზე არაფერი - ხვიჩა 21 მარტს არ ითამაშებს! აღმოჩნდა, რომ ფედერაციაში არ იცოდნენ... აღმოჩნდა, რომ ნაკრების მენეჯერმა არ გადაამოწმა... აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელებმა იკითხეს, ხომ არაფერი გვემუქრებაო და უპასუხეს, ეს ყვითელი ბარათები ანულირდებაო... მაგრამ ეს ყველაფერი აღმოჩნდა მატჩის დასრულებიდან 16 საათის შემდეგ. ამ 16 საათში მედია მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამდა, ფედერაცია კი დუმდა. მერე იყო ფედერაციის მაღალჩინოსანთა ჯერ სადღეგრძელოს დარი განცხადებები (წუხილს გამოვთქვამთ, მაგრამ მაინც მოვიგებთ), ბოლოს ბოდიში და ნაკრების მენეჯერის აღიარებაც. ცხადია, ამათ შუაში იყო დიპლომით ისტორიკოსის, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელისა და თბილისის მერის, კახა კალაძის, მორიგი უტიფრობა - ფეხბურთი იმითაა საინტერესო, ასეთი რამეები რომ ხდებაო.

და ამ ბოდიშებამდე და უტიფრობამდე და მერეც იყო ფედერაციის კრიტიკა და ლანძღვა არა მარტო ამ „კვარაგეიტის“ გამო. გაიხსენეს 2020 წლის ამბავიც, როცა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად სულ ერთი მატჩის მოგება გვჭირდებოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან. მაშინ, კორონას დროს, უეფამ დასაშვებად მიიჩნია ეროვნულ სტადიონზე 15 ათასი მაყურებლის ყოფნა, მაგრამ ფედერაციამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო (აქციები იკრძალებოდა ვირუსის გამო, თან საპარლამენტო არჩევნების ჟამი იდგა) და მატჩიც უმაყურებლოდ ჩატარდა (ნუ, ზემოთ ნახსენები კალაძე იყო შვილთან ერთად - ინერციით წავედიო, მაშინ ასე „ახსნა“ ეს საქციელი). საკუთარი ქომაგის მხარდაჭერას მოკლებულმა ნაკრებმა წააგო და დიდ საფეხბურთო ტურნირზე მოხვედრის ოცნება მორიგ ჯერზე გადაიდო... ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გლდანში მეორე ტური დასჭირდა, თუმცა მერე მაინც გახდა დეპუტატი და ახლა ორივე ამ საქმიანობას ეწევა კიდევ ბევრ სხვა, შედარებით წვრილ, საქმიანობებთან ერთად... არ ერიდება, ცხადია.

თანამედროვე სამყაროში კვარაცხელიას ყვითელი ბარათის კი არა, სრულიად თავზარდამცემი ამბებიც კი პეპლის ასაკშივე ასრულებენ ცხოვრებას - ხვალაც რაღაც მოხდება, ზეგაც, მაზეგაც. და გადაიფარება ეს შენი შოკისმომგვრელი, თითქოს დაუვიწყარი ამბავი და დავიწყებას მიეცემა. მაგრამ ამჯერად ეს ასე არაა. ამჯერად ეს შენელებული მოქმედების ნაღმია: რამდენჯერაც ხვიჩა იმ თავის და აწ უკვე ჩვენს „ნაპოლიში“ ითამაშებს, იმდენი გაგვახსენდება, რომ ის 21 მარტს საქართველოს ეროვნულ გუნდში ვერ ითამაშებს.

ასე იქნება 21 მარტამდე. და მერე იქნება...

წავაგებთ? - თითქოს პირი შეკრესო, ამ დღეებში ერთი ხუთმა კაცმა ერთი და იგივე რამ მითხრა - მაგ შემთხვევაში სტადიონიდან პირდაპირ ბაგებისკენ წავალ ფედერაციის შენობის სულ აგურ-აგურ დასაშლელადო. არა მგონია, საქმე მანდამდე მივიდეს, მაგრამ გინდ კობიაშვილს და გინდ მთელ მის საოცნებო პარტიას რომ სულ მცირე რეიტინგები დაუვარდებათ, ნაღდია.

მოვიგებთ? - აღარავინ გაიხსენებს ყვითელ ბარათებს. მოვიგებთ იმ მეორე მატჩსაც? იქნება საყოველთაო სიხარული, ყიჟინა და მსვლელობები. იქნება გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთებზე თავპირისმტვრევა და თავად მატჩების ბილეთებზე ისტერიული ჩალიჩი.

აღარავინ გაიხსენებს, რომ ევროზე გასვლა არა კობიაშვილის გამორჩეულობის, არამედ უეფას იმ გადაწყვეტილების დამსახურებაა, ერთა ლიგა რომ შექმნა და მას მერე მხოლოდ ჯუჯა საფეხბურთო ქვეყნების დამარცხებითაც შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა. ცოტა ვინმეღა თუ იტყვის, რომ მსგავსი ტურნირის არსებობის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები დიდი ალბათობით ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში და მერეც უკვე რამდენჯერმე იქნებოდა ევროს მონაწილე. ქოცნების რეიტინგი გაიზრდება...

უსამართლობაა? - კიბატონო. მაგრამ ასეთია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სპორტის სახეობის, ფეხბურთის, ფენომენი. აქ ახალი არაფერია. ამის დასტურად და სამაგალითოდ დასაწყისში ნახსენებ დოკუმენტურ ფილმს მივუბრუნდები. ის ასე მთავრდება:

ჟურნალისტი ბუენოს-აირესში, ერთი ხანშიშესული წყვილის სახლშია ფინალის დღეს. ამ ცოლ-ქმარს ერთი შვილი ჰყავდა და ის იმ 8960 დაკარგულთა შორისაა - ანუ, დიდი ალბათობით, ჯერ ნაწამები და მერე პირდაპირ ზღვაში გადაგდებული ან სადმე საიდუმლო სამარხში ზედ ცემენტდასხმული... და იწყება ფინალი. და ოჯახში ჩართეს ტელევიზორი. ვიდელა ლოჟაშია. და ამ ცოლ-ქმარმა იცის, რომ თუ არგენტინა მოიგებს, მათი შვილის მკვლელი გენერალი თასიან დანიელ პასარელას ჩაეხუტება - იმ თასიანს, მთელი არგენტინა რომ ნატრობს და რომლის მოგებაც ჭკუაზე გადაიყვანს მთელ ქვეყანას. და ამის ხარჯზე, როგორც ხდება ხოლმე და განსაკუთრებით ასეთ გიჟმაჟ საფეხბურთო ქვეყნებში, გენერლის პოპულარობა გაიზრდება, თან არა ერთი, ორი ან სამი პროცენტით... ვისკენ ხართო, ეკითხება ფილმის ავტორი მასპინძლებს და ორივე ცრემლიანი პასუხობს, მაინც არგენტინისკენო.

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here