Author : Ioane Tetiashvili
- ლევ ტროცკი ხომ თქვენი ფანი იყო. თქვენც თანაუგრძნობდით.
- სანახევროდ. ეგ ამბობდა, რომ რევოლუციას თავიდან სისხლი და გვემა მოჰყვება, ცოტა ხნის მერე კი ხალხი მიიღებს საყოველთაო ბედნიერებასო. ამაში სანახევროდ ვიყავი და ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ამ აზრის მხოლოდ პირველი ნაწილის მჯეროდა. - ირონიული ღიმილით უპასუხა ინტელიგენტური გარეგნობის ხმელმა მოხუცმა.
გაზაფხულის წვიმიან საღამოს, უკვე საკმაოდ ხანდაზმული ზიგმუნდ ფროიდი და მისი გამორჩეული პაციენტი, მდიდარი ოდესელი ემიგრანტი სერგეი პანკეევი (პანკეევის ბავშვობაში გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვის შესწავლით ფროიდმა საფუძველი ჩაუყარა კვლევას - Aus der Geschichte einer infantilen Neurose - Der “Wolfsmann”) ვენის კაფე “ცენტრალში” ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ.
● ექიმო, მე გამუდმებით ვფიქრობ რუსულ ჯოჯოხეთზე, ამდენ სისხლისღვრაზე, გადასახლებებზე.
● ხომ ხედავთ, ტროცკიც კი გაასახლეს, ხალხი დაადუმეს.
● მითხარით, რასთან გვაქვს საქმე? სიგიჟესთან? წყევლასთან?
ფროიდმა სათვალე მოიხსნა და ჯიქურად მიაშტერდა ყოფილ პაციენტს, თითქოს არა ადამიანს, არამედ მთელ ეპოქას უყურებდა.
● ფუჭად ელოდები ფსიქოანალიტიკოსისგან პოლიტიკური მოვლენების სწორად შეფასებას ან მათი შედეგის პროგნოზირებას. ეს ჩემთვის შეუძლებელია.
● მაშ, რა ხდება? შიზოფრენია?
● არა. შიზოფრენია ეგოს ანადგურებს, აქ პირიქით, ეგო ზედმეტად მოჭარბებულიც კია. ხელისუფლების ეგო იმდენად დიდია, რომ სამყაროს ცენტრად თვლის თავს. ჩვენ ძალაუფლებით ტკბობის საშინელ თამაშს ვაკვირდებით.
● და საკუთარი თანამზრახველების შთანთქმა? ეს ხომ კანიბალიზმია?
● არც ეგაა. კანიბალიზმი ვნების აქტია. აქ კი უფრო ანგარებასთან გვაქვს საქმე. მომხრეებს კი არ ჭამენ, არამედ აწრთობენ და წვრთნიან - მორჩილებასთან, შიშთან, დეპრესიასთან შეგუებას აჩვევენ და ბოლოს ისე ამცირებენ, რომ მსხვერპლი ამას ნორმადაც აღიქვამს.
● აბა, მაზოხიზმი მეტი კი არაფერია?! თვითგვემასა და ტანჯვაში ეძებენ სიამოვნებას.
● მაზოხისტი სიამოვნებას საკუთარი ტკივილებით იღებს. აქ კი სხვების მოთვინიერებით განიცდიან სიამოვნებას, რომელსაც ძალაუფლება აძლევს.
● მაშინ, იქნებ კარმაა? ძველი ცოდვების საზღაური?
● კარმა მოსახერხებელი სიტყვაა მათთვის, ვისაც ეშინია არაცნობიერის აღიარების. ადამიანებისთვის უფრო ადვილია თქვან - „ეს ჩემი კარმაა“, ვიდრე აღიარონ, რომ მათი ქმედებები და პრობლემები მათივე შინაგანი, გაუცნობიერებელი მოტივების შედეგია. კარმა “რელიგიური” დეკორაციაა არაცნობიერის შიშის დასაფარად. საზოგადოება ვერ იტანს იმის აღიარებას, რომ თვითონ ქმნის საკუთარ სატანჯველს - ამიტომაც ამბობს „ეს ჩვენი ბედიაო“, თითქოს იშორებს შინაგან პასუხისმგებლობას.
ფროიდმა სიგარა მოქაჩა, კვამლის სქელი ნაკადი გამოაბოლა. მერე ჩაი მოსვა, ჭიქა ფრთხილად დადგა ლამბაქზე და თავში ცხოვრებაში პირველად გაურბინა ასეთმა აზრმა:
● “მთელი ცხოვრება ადამიანების სიზმრებში ბნელ კუთხეებს ვეძებდი, მაგრამ ყველაზე ბნელი ზმანება გარეთ ყოფილა - ქუჩებში, სახელმწიფოებში, ხალხში, რომელიც ხანდახან საკუთარ მეფესაც კლავს, მაგრამ ისევ ახალ ტირანს შობს”.
● არა, ჩემო ძვირფასო სერგეი… ეს ყველაფერი უფრო ზოოფილიას ჰგავს. ერთგვარი სიყვარული ერთგული ძაღლებისა და საქონლის მიმართ - მათი გაუპატიურებით ორგაზმის განცდა, მოფერების და, იმავდროულად, დამცირების აქტი. ხალხი ერთდროულად სიძულვილით და სიყვარულით არის მიჯაჭვული ძალაუფლებას, რომელიც ანადგურებს თავად მათ. ტოტალიტარიზმი არ არის პოლიტიკური სისტემა - ეს უფრო საზოგადოების ფსიქოსექსუალური პათოლოგიაა. ხელისუფლება ხალხს აღიქვამს, როგორც შინაურ ცხოველებს - ერთდროულად მოსიყვარულე და დამცირებულ არსებებად.
პანკეევი კარგა ხანს დადუმდა. შემდეგ კი ჩუმად ჩაიცინა, ალბათ სიხარულისგანაც, მაგრამ უფრო მეტად ეს სიცილი გონების “განათებით” იყო ნაკარნახები.
ამასობაში გარეთ წვიმა შეწყვეტილიყო. თითქოს მშვიდი ცა უხმოდ იმეორებდა იმას, რაზეც ორნი საუბრობდნენ - არაფერი მთავრდება, მხოლოდ ფორმას იცვლის. ადამიანებს შეუძლიათ მეფის მოკვლა, მაგრამ ვერასდროს კლავენ მორჩილების სურვილს საკუთარ თავში.